შინაარსზე გადასვლა

ფაიუმის პორტრეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.

ფაიუმის პორტრეტი — მიცვალებულის ფერწერული პორტრეტი ძვ. ეგვიპტეში. ატანდნენ საფლავში. პირველად აღმოაჩინეს 1887 წელს ფაიუმის ოაზისში (აქედან სახელწოდება). ფაიუმის პორტრეტის აყვავების ხანად მიჩნეულია ახ. წ. I საუკუნის შუა წლები - III საუკუნე. სრულდებოდა ხის ფირფიტაზე, ცვილის ფერწერის ტექნიკით, ადრინდელი ნიმუშები კი - ტილოზე. ტრადიციული ძვ. ეგვიპტური ცხედრის ნიღბის შეცვლა ფაიუმის პორტრეტით მოხდა ბერძნულ-ეგვიპტურ გარემოში რომაელთა გავლენით. არსებობს ფაიუმის პორტრეტის 2 სახეობა: პირველი მომდინარეობს ანტიკური, მეორე - ეგვიპტური ხელოვნების ტრადიციებიდან. დღევანდელ დღეს ცნობილია ფაიუმის 900-მდე პორტრეტი, რომელიც გამოფენილია მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან არქეოლოგიურ მუზეუმში, მათ შორის ბრიტანეთის, შოტლანდიის, ნიუ-იორკის, ლუვრის, მიუნხენის, ვარშავის, მოსკოვის, ბერლინისა და სხვა მრავალ მუზეუმში.

აღმოჩენის ისტორია

პირველად მიცვალებულის პორტრეტები აღწერა იტალიელმა მკვლევარმა პიეტრო დელა ვალემ 1615 წელს, როდესაც ის იმყოფებოდა საჰარა-მემფისის ოაზისში. მან თან წამოიღო ორი პორტრეტი, რომლებიც ახლა დრეზდენის სახელმწიფო სამხატვრო კოლექციაშია დაცული. ამის შემდეგ მხოლოდ XIX საუკუნეში განახლდა პორტრეტების ძებნა და ის სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობდა.

შესრულების ტექნიკა

ადრეული პორტრეტები შესრულებულია ენკაუსტიკის ტექნიკით, რომელიც იმ დროს ძალიან პოპულარული იყო. ეს არის ტექნიკა, რომლის მიხედვითაც საღებავების შემაკავშირებლად გამოიყენება ცვილი. ენკაუსტიკით შესრულებული ნამუშევარი გამოირჩევა ფუნჯის მონასმის მოცულობითობით. ასევე ფერების არაჩვეულებრივი სიხასხასითა და სიმდიდრით. ენკაუსტიკით შესრულებული ნახატი საუკუნეებს უძლებს. რა თქმა უნდა, ეგვიპტის გვალვიანმა კლიმატმაც დიდი როლი ითამაშა და პორტრეტები ამდენ ხანს პირავანდელი სახით შემოგვინახა.

III ს-ში ენკაუსტიკა ჩაანაცვლა ტემპერამ - ესა არის ტექნიკა, რომლის მიხედვითაც საღებავის პიგმენტები ირევა წყალში გასახსნელ შემაკავშირებელში, რისთვისაც ხშირად იყენებდნენ ცხოველურ წებოს ან ქათმის კვერცხის გულს. ტემპერით შესრულებული ნახატები გამოირჩევა ტონთა უკეთესი გრადაციით და პასტელის ფერებით. ზოგიერთი პორტრეტი შესრულებულია ორივე, ენკაუსტიკისა და ტემპერის ტექნიკის შერევით.

პორტრეტები ძირითადად შესრულებულია ადგილობრივი და იმპორტირებული ხისგან დამზადებულ ფირფიტებზე. ხეს ჭრიდნენ თხელ მართკუთხა პანელებად და ამუშავებდნენ ისე, რომ გამხდარიყო გლუვი. დასრულებულ პორტრეტს ამაგრებდნენ იმ ტილოს ფენებზე, რომლითაც შეხვეული იყო მუმია. ეს ქმნიდა გამოღებული ფანჯრის ეფექტს, საიდანაც თითქოს მიცვალებულის სახის დანახვა შეიძლებოდა. ზოგჯერ პორტრეტები იმ ტილოზეც იხატებოდა, რომლითაც შეხვეული იყო მუმია. გარდა ამისა, გვხვდება შემთხვევები, როდესაც პორტრეტი ჩასმულია თავად სარკოფაგში.

ფაიუმის პორტრეტების მნიშვნელოვანი თავისებურება ისაა, რომ მათში გამოყენებულია ოქრო. რიგ შემთხვევაში ოქროთი იფარებოდა მთელი ფონი, გარდა ამისა, მას იყენებდნენ თავის მოსართავად, სამკაულებისა და სამოსისათვის. ბავშვების უმრავლესობას ყელზე მობმული აქვს კრიალოსანი, რომელიც ეგვიპტელთა რწმენით მათ განსაცდელისაგან იცავდა.

გამოსახულებების ანალიზი

პორტრეტებზე ადამიანები გამოსახულნი არიან სხვადასხვა ვარცხნილობით. ეს ფასდაუდებელ დახმარებას უწევს მკვლევარებს დათარიღებისას, რადგანაც გამოსახული ვარცხნილობები შეესაბამებიან იმდროინდელ რომაულ მოდას და ანალოგს პოულობენ სკულპტურულ პორტრეტებში.

ფაიუმის პორტრეტები საოცარი ოსტატობით გადმოგვცემენ ადამიანის გარეგნობას. ისინი უდიდეს შთაბეჭრდილებას ახდენენ თავიანთი რეალიზმის ენერგიით. ძნელი მოსაძებნია ნიმუშები ძველი ფერწერიდან, რომლებიც გამოიყურებიან ასე ცოცხლად და თანამედროვედ. ბევრმა ადამინმა შეიძლება ამოიცნოს მათში თავისი რომელიმე ნაცნობი.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ პორტრეტების უმრავლესობაზე გამოსახულნი არიან ახალგაზრდები. მეცნიერებმა შეადარეს პორტრეტზე გამოსახული ადამიანის ასაკი მუმიის ასაკს გარდაცვალების მომენტში და ისინი იდენტური აღმოჩნდა. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ პერიოდისათვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საკმაოდ დაბალი იყო.

როგორც ჩანს, პორტრეტები ეკუთვნოდა სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო მოხელეთა და სასულიერო პირთა მაღალ სოციალურ ფენას. ყველას ნამდვილად ვერ ექნებოდა გარდაცვლილის პორტრეტის შექმნის მატერიალური შესაძლებლობა. ბევრი ამ პერიოდის მუმია არის აღმოჩენილი პორტრეტების გარეშე. ზოგჯერ გამოყენებულია სამგანზომილებიანი მოპირკთებული ნიღაბი, რაც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იყო ხელმისაწვდომი. ზოგ შემთხვევაში ერთ სამარხში ვხვდებით ორივე ფორმას. მაგალითად ერთ-ერთ ოჯახურ აკლდამაში მამაკაცს ჰქონდა ჩატანებული პორტრეტი, ცოლ-შვილს კი მხოლოდ ნიღბები. სავარაუდოდ მათ არ ჰქონდათ იმის მატერიალური შესაძლებლობა, რომ ყველასათვის პორტრეტი გაეკეთებინათ.

ფაიუმის პორტრეტები და ადრექრისტიანული ხატები

ფაიუმის პორტრეტებმა დიდი გავლენა იქონიეს ადრექრისტიანულ ხატებზე, რომელთა უძველესი ნიმუშებიც ნაპოვნია ეგვიპტეში, სინას მთაზე, წმ. ეკატერინეს მონასტერში და ისინი განეკუთვნებიან V-VI საუკუნეებს. ხატები შესრულებულია ენკაუსტიკის ტექნიკით და სტილისტურად ძლიერ ჰგვანან მიცვალებულთა ეგვიპტურ პორტრეტებს. ზოგიერთი მკვლევარი ფაიუმის პორტრეტებს თვლის ხატწერის თავისებურ წინამორბედებად.

რომაული პერიოდის ეგვიპტეში მცხოვრები ძველი ქრისტიანებისათვის ალბათ შედარებით ადვილი უნდა ყოფილიყო ღმერთებისა და იმპერატორების პორტრეტების თაყვანისცემიდან უფლის, ღვთისმშობლისა და წმინდა მოწამეების პორტრეტების თაყვანისცემაზე გადასვლა. ახალი ხატები იმის საშუალებას იძლეოდა, რომ რელიგია სახლებში შეეტანათ, ანუ ყველას შესძლებოდა ინდივიდუალურად, თავის სახლში ხატის წინ ლოცვა. ეს განსაკუთრებით იმ დროს იყო მნიშვნელოვანი, როდესაც ქრისტეს საჯარო თაყვანისცემა იკრძალებოდა.

დამაჯერებელი არგუმენტი, რომელიც გვიხსნის ბუნებრივ გადასვლას ფაიუმის პორტრეტიდან ადრექრისტიანულ ხატებზე არის ის, რომ ეგვიპტეში ქრისტიანთა დევნის პერიოდში მოწამეთა ცხედრებს ბალზამირებას უკეთებდნენ და ათავსებდნენ აკლდამებში, სადაც მათს ცხოვრებასა და წამებას მუდმივად იხსენებდნენ. თუ ხელისუფლება შეიტყობდა თავშესაფრის ადგილს, ქრისტიანები გარბოდნენ და თან მიჰქონდათ ის, რისი გადატანაც ყველაზე ადვილი იყო, ანუ პორტრეტი. ეს პორტრეტი ხდებოდა შემცვლელი წმინდანის მუმიფიცირებული სხეულისა, რომლის დატოვებაც მათ უხდებოდათ.

ფაიუმის პორტრეტებსა და ადრეულ ხატებს აქვთ განსაკუთრებული საერთო მახასიათებლები, მაგალითად, მათი შესრულების საერთო მხატვრული ტექნიკა: ენკაუსტიკა და ტემპერა. ბერძენმა მხატვარმა იანის ცარუჩისმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი უძველესი ნახატების შექმნის ტექნიკის შესწავლას მიუძღვნა. ფაიუმის პორტრეტების კვლევისა და რამდენიმე ასლის შესრულებისას იგი მიხვდა, რომ უძველესი მხატვრობის ტექნიკის ბევრი საიდუმლოს გასაღები ბიზანტიურ ხატწერაში იყო ჩადებული.

ბიზანტიელმა ხატმწერებმა თავიანთი წარმართი წინამორბედებისაგან მემკვიდრეობით მიიღეს უფრო მეტი, ვიდრე მხატვრობის ტექნიკის საიდუმლოებებია. მათი ტრადიცია, რომ შემოქმედების პროცესში ემარხულათ, პლინიუსის ცნობით ჯერ კიდევ პროტოგენესს გამოუყენებია ძვ.წ. მე-4 ს-ში: "ამბობენ, რომ "იალისუს" ხატვის დროს ის მხოლოდ დამბალი ლუპინით იკვებებოდა, რადგანაც ამით ასატანი ხდებოდა შიმშილიცა და წყურვილიც. იგი ამ საუცხოო დიეტით თავიდან იცილებდა გონების გაფანტვას."

პორტრეტებისა და ხატების კიდევ ერთი საერთო მახასიათებელია ძალიან ექსპრესიული, მოზრდილი თვალები. ბევრ მხატვარს, რომელთაც შეჯიბრი უწევდათ, და ასევე ბევრ მათ პატრონს თვალების რეალისტური გამოხატვა უსიცოცხლო და არადამაჯერებელი ეჩვენებოდათ. ბერძენმა მხატვრებმა შემოიტანეს ფრონტალური პოზა ქვეყანაში, სადაც ადამიანის ყველა ფიგურა აქამდე პროფილში სრულდებოდა. ამან ფაიუმის მხატვრებს მთელი რიგი შესაძლებლობები მისცა: უზარმაზარი თვალებიდან დაწყებული, დამთავრებული ისეთი თვალებით, რომლებიც უფრო ნატურალისტურია, თუმცა მეტად ექსპრესიული.

ხალხი ხშირად აღნიშნავს, რომ პორტრეტებს არაპროპორციულად დიდი თვალები აქვთ. ეს სიმართლეს შეესაბამება რამდენიმე მათგანთან მიმართებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ყველასთან. ბევრი პორტრეტი, რომელსაც მართლაც აქვს გამორჩეულად მოზრდილი თვალები, ძირითადად დასავლური გავლენითაა სტილიზებული. ისინი ხასიათდებიან არა მხოლოდ არაბუნებრივად დიდი თავლებით, არამედ სრული ფრონტალურობითა და ბრტყელი ხელწერით. ეგვიპტურმა ტრადიციამ ასწავლა ფაიუმის მხატვრებს თვალების მნიშვნელობა და საშუალება მისცა მათ მიეღწიათ მაქსიმალური ექსპრესიისათვის მინიმალურ მოცულობაში. როგორც ქრონოლოგიურად, ისე გეოგრაფიულად ფაიუმის პორტრეტების მზერის ძალა ანდერძად იქცა ადრექრისტიანული ხატებისათვის. ქრისტიანული რწმენით მთავარი სულია და სხეული უბრალოდ დროებითი სამყოფელია მისთვის. თვალები "სულის სარკეები", გამოხატავენ ადამიანის სულიერ მდგომარეობას, რაც მნიშვნელობას ანიჭებს მათ ოსტატურ გამოსახვას.

თუმცა, გარეგნული მსგავსების მიუხედავად, თვალსაჩინოა ხატებსა და პორტრეტებს შორის არსებული განსხვავებაც. ეს ეხება ორივე მოვლენის შინაგან არსს. ფაიუმის პორტრეტი დახატულია გარდაცვლილის გარეგნობის სამუდამოდ დასაფიქსირებლად და ეს ადამიანისათვის ყოველთვის სიკვდილის ყოვლისშემძლეობის შეხსენებაა, ამიტომაც ფაიუმის პორტრეტი ყოველთვის ტრაგიკულია. ხატი კი პირიქით, ის სიცოცხლის დამმოწმებელია, მისი გამარჯვებისა სიკვდილზე. ხატი თავისი განვითარებისას პორტრეტიდან გადაიქცა სახებად. რეალური და დროებითიდან იდეალურისა და მარადიულის გამომსახველად და სწორედ ეს განასხვავებს მას თავისი ეგვიპტელი წინამორბედისაგან.

პორტრეტების წარმოების შეწყვეტა

III საუკუნის მეორე ნახევარში ფაიუმის პორტრეტების შექმნა შეწყდა. ამის მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს. პირველი ის, რომ III ს-ში რომის იმპერიაში დაიწყო ეკონომიკური კრიზისი, რამაც საგრძნობლად შეამცირა იმპერიის ფინანსური შესაძლებლობები. ეს, რა თქმა უნდა, მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც მნიშვნელოვნად აისახა.

ამასთანავე, ამ პერიოდში იმპერიაში აღინიშნება რელიგიური კრიზისი, რაც ეგვიპტური ტაძრების ნელ-ნელა უგულვებელყოფასა და ზოგადად ყველა ძველი რელიგიის მიმართ ხალხის ინტერესის დაკარგვაში გამოვლინდა. პორტრეტების შექმნის შეწყვეტა არ შეიძლება დავუკავშიროთ ქრისტიანობის გავრცელებას, რადგანაც ქრისტიანული რელიგია არ კრძალავდა მუმიფიცირებას.

მესამე ფაქტორი იყო იმპერიის მიერ დაპყრობილი ყველა ქვეყნის თავისუფალი მოსახლეობისათვის რომის მოქალაქეობის მინიჭება იმპერატორ კარაკალას ედიქტით, რამაც შეცვალა ეგვიპტის სოციალური სტრუქტურა. პირველად ისტორიაში ინდივიდუალურმა ქალაქებმა მოიპოვეს დამოუკიდებელი მართვის უფლება.

ამგვარად, მოდისა და რიტუალების ცვლილება რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობას უნდა განეპირობებინა და ძნელია ერთი რომელიმე მიზეზის გამოყოფა. ფაიუმის პორტრეტების შესახებ ინფორმაციის სიმცირის გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ მომავალმა კვლევამ არსებითად შეცვალოს წარმოდგენილი სურათი. მაგალითად, ზოგიერთი მეცნიერი ეჭვობს, რომ პორტრეტების წარმოებისა და ამგვარად, დაკრძალვის განსხვავებული რიტუალის ცენტრი შეიძლებოდა ყოფილიყო ალექსანდრია. მარინა ელ-ალამეინში გაკეთებული ახალი აღმოჩენები მნიშვნელოვნად ამყარებენ ამ მოსაზრებას.

ფაიუმის პორტრეტი თავისი დროის უნიკალური მხატვრული ფორმაა. ის სტილისტურად დაკავშირებულია ბერძნულ-რომაულ ტრადიციებთან, მაგრამ შექმნილია ტიპური ეგვიპტური საჭიროებისათვის. პორტრეტმა შეცვალა მუმიის დასამარხი ნიღაბი.

ფაიუმის პორტრეტების მნიშვნელობა უდიდესია. ისინი ანტიკური ფერწერის საუკეთესოდ შემონახული სახეებია, რომლებიც გამოხატავენ ძველი ეგვიპტელების გარეგნობას რომაულ პერიოდში ახ.წ. I-III საუკუნეებში. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბერძნული და რომაული ნახატები დაკარგულია, ფაიუმის პორტრეტები უნდა განვიხილოთ უძველესი ხელოვნების იმ უიშვიათეს მაგალითებს შორის, რომლებიც საკუთარ თავში რომაული პორტრეტული მხატვრობის ანარეკლს ატარებენ.

გალერეა

ლიტერატურა

  • Euphrosyne Doxiadis - "The Mysterious Fayum Portraits", 1995