დიმიტრი ბენაშვილი
დიმიტრი გიორგის ძე ბენაშვილი (დ. 28 ნოემბერი, 1910, სოფ. ზემო მაჩხაანი, ახლანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) — გ. 28 ივნისი, 1982, თბილისი) — ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1960), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1933 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალ "ჩვენი თაობის" რედაქტორი (1939-1942), რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის უახლესი ქართული ლიტერატურის განყოფილების გამგე (1947-1962), 1962 წლიდან – ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. სოციალისტური რეალიზმისა და მარქსისტული ესთეტიკის პრობლემებს მიეძღვნა ბენაშვილის ნაშრომები "მარქსიზმი და ლიტერატურა" (1931), "ხელოვნების საკითხები" (1941) და სხვა. ავტორია ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიებისა, მონოგრაფიებისა: "ალექსანდრე ყაზბეგი" (1939), "მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება და შემოქმედება" (1959), "ვაჟა–ფშაველა. შემოქმედი და მოაზროვნე" (1961), აგრეთვე გამოკვლევებისა: "კრიტიკული ნარკვევები XX საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე" (1967), "სახისა და ხასიათის პრობლემა «ვეფხისტყაოსანში»" (1954), "გალაკტიონ ტაბიძე. კოლაუ ნადირაძე" (1961) და სხვა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად პანთეონში დაკრძალულია მისი მეუღლე — ვერა აბრამის ასული ჩოფიკაშვილი (დ. 25 დეკემბერი, 1912, სოფელი სტეფანწმინდა, ახლანდელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი — გ. 12 ნოემბერი, 1988, თბილისი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 302.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 396.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 82, თბ., 1994