პროკოფი ჯაფარიძე
პროკოფი ჯაფარიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 იანვარი, 1880 |
დაბადების ადგილი | შარდომეთი, რაჭის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 20 სექტემბერი, 1918 (38 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | კრასნოვოდსკი, საბჭოთა რუსეთი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
პარტია | რსდმპ |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, რევოლუციონერი |
პროკოფი ჯაფარიძე (პარტიული ფსევდონიმი ალიოშა; დ. 15 იანვარი [ძვ. სტ. 3 იანვარი], 1880, სოფ. შარდომეთი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი — გ. 20 სექტემბერი, 1918, კრასნოვოდსკი) — ქართველი ბოლშევიკი, რევოლუციონერი, ბაქოს კომუნის მოღვაწე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროკოფი ჯაფარიძე დაიბადა იმერელი მემამულის ოჯახში. 1900 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში. იყო თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის სტუდენტი. ხელმძღვანელობდა თბილისის მუშათა საპირველმაისო გაფიცვას, რის გამოც დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ გაასახლეს ქუთაისის გუბერნიაში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ. 1910 წლიდან მოღვაწეობდა დონის როსტოვსა და ყუბანში. 1914 წლის ივნისში სათავეში ჩაუდგა თბილისის ბოლშევიკურ ორგანიზაციას. რევოლუციური მოღვაწეობის გამო არაერთხელ იყო პატიმრობასა და გადასახლებაში, იქიდან მალე გაიქცა და დაბრუნდა პეტროგრადში, შემდეგ თბილისში, საიდანაც გაემგზავრა ტრაპიზონში ბარათოვის გვარით, 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ჩავიდა ბაქოში. სტეფანე შაუმიანთან, ნარიმან ნარიმანოვთან, მეშადი აზიზბეკოვთან, ს. ეფენდიევთან, ი. ფიოლეტოვთან და სხვებთან ერთად სათავეში ჩაუდგა ბაქოს ბოლშევიკურ ორგანიზაციას. მონაწილეობდა რსდმპ (ბ) VI ყრილობის მუშაობაში, სადაც აირჩიეს რსდმპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატად. 1918 წლის 20 მარტს გახდა შინაგან საქმეთა კომისარი. ივლისის დამლევს ბაქოს კომუნის დაცემის შემდეგ, დააპატიმრეს და 20 სექტემბერს სხვა კომისრებთან ერთად დახვრიტეს. 1980 წელს დაუდგეს ძეგლი ბაქოში.
თხზულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რჩეული ნაწერები, თბ., 1983.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დოღონაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 545.
- ალიევი ჰ., ბაქოს კომუნის მგზნებარე გული, თბ., 1982;
- სილაგაძე მ., ალიოშა ჯაფარიძე (ბიოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1980;
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „პროკოფი ჯაფარიძე“ ვიკისაწყობში.
- პროკოფი ჯაფარიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი