შინაარსზე გადასვლა

ფერდინანდ VI

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფერდინანდ VI
ესპანეთის მეფე
მმართ. წლები: 9 ივლისი, 1746 - 10 აგვისტო, 1759
წინამორბედი: ფილიპე V
მემკვიდრე: კარლოს III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 სექტემბერი, 1713
დაბ. ადგილი: მადრიდი, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 10 აგვისტო, 1759 (45 წლის)
გარდ. ადგილი: მადრიდი, ესპანეთი
მეუღლე: ბარბარა პორტუგალიელი
(ქ. 1729 - გარდ. 1758)
დინასტია: ბურბონები
მამა: ფილიპე V, ესპანეთის მეფე
დედა: მარია ლუიზა სავოიელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ფერდინანდ VI (ესპ. Fernando VI), მეტსახელად განათლებული (ესპ. el Prudente), ან უბრალო (ესპ. el Justo; დ. 23 სექტემბერი, 1713, მადრიდი, ესპანეთი — გ. 10 აგვისტო, 1759, მადრიდი, ესპანეთი) ― ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე 1746-1759 წლებში. მეფე ფილიპე V-ისა და დედოფალ მარია ლუიზა სავოიელის ვაჟი.

ფერდინანდი 10 წლის ასაკში

ფერდინანდი დაიბადა 1713 წლის 23 სექტემბერს მადრიდის ალკასარის სამეფო სასახლეში, ესპანეთში. იგი იყო ესპანეთის მეფე ფილიპე V-ისა და მისი პირველი მეუღლის, დედოფალ მარია ლუიზა სავოიელის ნაბოლარა საერთო ვაჟი. მისი გაჩენიდან სულ რამდენიმე თვეში, 1714 წელს დედამისი გარდაიცვალა და იმავე წელს მამამისმა მეორედ იქორწინა პარმის ჰერცოგის ძმისწულ ისაბელ ფარნეზეზე, რომელთანაც კიდევ ექვსი შვილი შეეძინა. ამის მიუხედავად, ბავშვობაში პრინცი ფერდინანდი ერთობ მარტოსული იყო. მის დედინაცვალს, ერთობ დიდი ძალაუფლების მქონე დედოფალ ისაბელს მხოლოდ თავისი შვილები უყვარდა და ფერდინანდსა და მის ძმებს მხოლოდ დაბრკოლებებად აღიქვამდა. მეფე ფილიპეს ჰიპოქონდრიამ ისაბელი, ფაქტობრივად მბრძანებლად აქცია.

პრინცი ფერდინანდი ძალიან დაბალტემპერამენტიანი და მორცხვი ბავშვი იყო, დაბალი თვითშეფასებით. როდესაც მას კარგი მსროლელობისათვის აქებდნენ, იგი პასუხობდა: „რთული იქნებოდა, ერთი რამის კარგად კეთება მაინც რომ არ შემეძლოს“. სროლა და მუსიკა მისი ერთადერთი სასიამოვნო საქმიანობები იყო. იგი გამოჩენილი მომღერლის, ფარინელის დიდი მფარველი იყო, რომლის ხმაც მის მელანქოლიურ განწყობას შველოდა ხოლმე.

პრინცესა ბარბარა პორტუგალიელი, ფერდინანდის მეუღლე

1724 წელს, როდესაც ფერდინანდის უფროსი ძმა, მეფე ლუის I უშვილოდ გარდაიცვალა და ტახტი ისევ მათმა მამამ, მეფე ფილიპემ დაიკავა, სიტუაცია სერიოზულად შეიცვალა. ფილიპე შიშობდა, რომ უმემკვიდრეოდ არ დარჩენილიყო, ამიტომაც სასწრაფოდ ფერდინანდის ქორწინებაზე დაიწყო ფიქრი და არჩევანი მეზობელი პორტუგალიის ერთადერთ პრინცესაზე შეაჩერა. იგი თავად მეფე ჟუან V-ისა და დედოფალ მარია ანა ავსტრიელის ასული, ბარბარა პორტუგალიელი იყო.

1729 წელს 18 წლის ბარბარა 16 წლის ფერდინანდზე დააქორწინეს. აღსანიშნავია, რომ მათ ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ, რამაც დადებითად იმოქმედა ფერდინანდის მელანქოლიურ ხასიათზე, მაგრამ მათი თანაცხოვრება უნაყოფო იყო და მას მემკვიდრე არასოდეს ჰყოლია.

ფერდინანდის გამოსახულებიანი ესპანური ოქროს მონეტები

1746 წლის 9 ივლისს ფილიპე V გარდაიცვალა და ტახტი ფერდინანდ VI-მ დაიკავა. ამ დროს ქვეყანა საფრანგეთის გავლენით ავსტრიული მემკვიდრეობის ომში იყო ჩაბმული, რომელშიც ესპანეთს ინტერესები თითქმის საერთოდ არ ჰქონდა. ამის მიუხედავად, მან მეფობა თავისი იტალიელი დედინაცვლის გავლენის შემცირებით დაიწყო, რაც მისი ერთგული მსახურების დათხოვნაში გამოიხატა. როგორც ესპანეთის მეფე, იგი მუდმივ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის მიმდინარე კონფლიქტში, მიუხედავად იმ მაცდუნებელი წინადადებებისა, რომელთაც მათი მეფეები სთავაზობნდნენ მას, ომში მათ მხარეს ჩაბმის სანაცვლოდ.

მისი ადრეული მეფობა ხასიათდება სამეფო კარზე საფრანგეთის მომხრე მარკიზ დე ენსენადასა და ბრიტანეთის მომხრე ხოსე დე კარვახალის დაპირისპირებით, რომელიც 1754 წელს კარვახალის სიკვდილითა და ენსანადას დაცემით, მათ ადგილას კი რიკარდო ვალის მოსვლით დასრულდა.

მეფე ფერდინანდი 1745-1752 წლებში

ფერდინანდის გამეფებისას ესპანეთი ჯერ კიდევ ჰაბსბურგთა დანატოვარ ეკონომიკურ კრიზისში იყო, ამიტომაც ენსანადამ 1749 წელს მეფეს ხაზინის ახალი მოდელი წარუდგინა. მან შესთავაზა ტრადიციული საგადასახადო სისტემის ახალი მოდელით — კადასტრით ჩანაცვლება, რომელიც ყველას თანაბარ გადასახადს კი არ უწესებდა, არამედ გადამხდელის ქონებისა და შესაძლებლობის მიხედვით დაუწესდებოდათ, რაც მდიდრებისაგან მეტი ფულის მიღების შანსს იძლეოდა. მან ასევე შესთავაზა კორტესებისა და ჯარისკაცებისათვის ხელფასების შემცირება. ფერდინანდს იდეა მოეწონა, თუმცა თავად-აზნაურობის მხრიდან წამოსული დიდი პროტესტის გამო, უარის თქმა მოუხდა.

1752 წელს ფერდინანდმა ფინანსური რეფორმა გაატარა, რომელიც საშუალებას იძლეოდა სამეფო ხაზინაში შესულიყო არაეროვნული ვალუტებიც, რამაც სახელმწიფოს გამდიდრება გამოიწვია. მანვე დააარსა სამეფო ბანკი, რომელიც ითვლება სან-კარლოსის ბანკის წინამორბედად, რომელიც მისი ძმის, კარლოს III-ის დროს იქნა შემოღებული. ინდური საქონლის მონოპოლიის დასასრულებლად ფერდინანდმა გააძლიერა ამერიკული პროდუქციით ვაჭრობა, რაც ესპანეთს დიდ ხეირს აძლევდა. მანვე გააუქმა ფლოტილიის სისტემა და შემოიღო კერძო პირებსა და ვაჭრებზე გაფორმებული გემების სისტემა, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევდა, დამოუკიდებლადაც ჩაბმულიყვნენ სავაჭრო სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეფორმებმა შეავსო ხაზინა და ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანა, მაინც დიდ პროტესტს იწვევდა კერძო სექტორის ვაჭრების მხრიდან.

ენსანადას აზრით, ძლიერი საზღვაო ფლოტი ფუნდამენტი იყო კოლონიური იმპერიის შესანარჩუნებლად და საფრანგეთისა და ბრიტანეთის მხრიდან პატივისცემის აღდგენისათვის. ამის გამო მეფემ გაზარდა ფლოტის დაფინანსება და ოთხი ახალი გემთმშენებელი პუნქტიც შექმნა.

რაც შეეხება ურთიერთობას ეკლესიასთან, იგი ჯერ კიდევ მეფე ფილიპეს დროიდან იყო დაძაბული პაპის მხრიდან კარლ ავსტრიელის ესპანეთის მეფედ ცნობის გამო. მიუხედავად ამისა, 1753 წელს ფერდინანდმა მოახერხა რომის პაპ ბენედიქტე XIV-სთან კონკორდატის გაფორმება და მისგან საყოველთაო მფარველობის მიღება. კონკორდატი დიდ სარგებელს აძლევდა მეფეს და მას სასულიერო პირების კონტროლსაც უადვილებდა.

1752 წელს ფერდინანდმა ასევე დააარსა სან-ფერნანდოს სახვითი ხელოვნების აკადემია. ცნობილმა კომპოზიტორმა დომენიკო სკარლატიმ, დედოფალ ბარბარას მუსიკის მასწავლებელმა, მათი ხელშეწყობით 555 ახალი არია დაწერა.

მეფე ფერდინანდი

ავსტრიული მემკვიდრეობისა და შვიდწლიანი ომის პერიოდში, ესპანეთმა ევროპაში თავისი გაძლიერებული სამხედრო ძალების დემონსტრირება მოახდინა.

მისი მეფობისას მთავარი კონფლიქტი იყო მეზობელ პორტუგალიასთან წარმოშობილი უთანხმოება საკრამენტოს კოლონიასთან დაკავშირებით, საიდანაც ბრიტანელ კოლონისტებს კონტრაბანდა შეჰქონდათ ესპანეთის კუთვნილ რიო-დე-ლა-პლატაში. 1750 წელს ხოსე დე კარვახალი დაეხმარა ესპანეთსა და პორტუგალიას დაზავებაში. პორტუგალია დათანხმდა უარი ეთქვა კოლონიაზე და მის პრეტენზიაზე თავისუფალი ნავიგაციის შესახებ რიო-დე-ლა-პლატას ზღვებში. ამის სანაცვლოდ, ესპანეთმა პორტუგალიას დაუთმო ბრაზილიის მოსაზღვრე ორი რეგიონი, ერთი ამაზონში, მეორე კი სამხრეთით, რომელშიც მოჰყვა სამხრეთ ამერიკის ოცდაათი იეზუიტური ქალაქიდან შვიდი. ესპანელებს ასევე მოუწიათ მისიონერთა დათხოვნა, რამაც გუარანის ხალხთან კონფლიქტი გამოიწვია, რომელიც თერთმეტ წელს გაგრძელდა.

ქალაქების გამო კონფლიქტმა კრიზისი გამოიწვია ესპანეთის სამეფო კარზეც. ამის გამო ფერდინანდმა პორტუგალიასთან შეთანხმების დადებაში შემაფერხებელი როლის გამო სამეფო კარიდან დაითხოვა იეზუიტთა მაგისტრი.

მეფობის ბოლო წლებში მეფე ფერდინანდს გონების ხშირი დაკარგვა დასჩემდა. ამის გამო უკანასკნელი პერიოდი ვილავიკოსას ციხესიმაგრეში გაატარა, მეთვალყურეობაში. პერიოდი 1758 წლის აგვისტოდან 1759 წლის აგვისტომდე, ცნობილია, როგორც „წელი მეფის გარეშე“, რამეთუ, მართალია ქვეყანას ჰყავდა მეფე, მაგრამ იგი ვერ ახერხებდა მეფობას. დაავადების გამომწვევი მიზეზი დღემდე საკამათოა. მთავარი და ყველაზე გავრცელებული აზრით, მეფეზე დამღუპველი გავლენა მისი საყვარელი მეუღლის, დედოფალ ბარბარას გარდაცვალებამ იქონია, რომელიც სწორედ 1758 წლის აგვისტოში აღესრულა. ცოლის გარდაცვალებამ ფერდინანდი პროსტრაციის მდგომარეობაში ჩააგდო, რომლიდანაც ვეღარც გამოვიდა. ღრმა დეპრესიისაგან იგი სამოსსაც აღარ იცვამდა და ციხესიმაგრის დერეფნებში დაეხეტებოდა გაუპარსავი, დაუბანელი და საღამურში გამოწყობილი. იმის გამო, რომ ფერდინანდსა და ბარბარას შვილი არ ჰყავდათ, როდესაც იგი გარდაიცვალა, 1759 წლის 10 აგვისტოს, ესპანეთის ტახტი მისმა ძმამ, მეფე კარლოს III-მ დაიკავა.

  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Ferdinand VI. of Spain". Encyclopædia Britannica. 10 (11th ed.). Cambridge University Press. p. 267.
  • Santiago, Fernández Menéndez. "Estudio de la enfermedad del rey Fernando VI" (PDF). Tesis doctoral. Universidad de Oviedo.
  • Menéndez-Pidal De Navascués, Faustino; (1999)El escudo; Menéndez Pidal y Navascués, Faustino; O´Donnell, Hugo; Lolo, Begoña. Símbolos de España. Madrid: Centro de Estudios Políticos y Constitucionales. ISBN 84-259-1074-9
  • Rodríguez de Maribona, Manuel Las armas del Príncipe de Asturias - ABC. (in Spanish) Accessed 2009-05-28.
  • "Fernando VI, Rey de España (1713-1759)". Ex-Libris Database (in Spanish). Royal Library of Spain. Retrieved 18 March 2013