შინაარსზე გადასვლა

ქართული დამწერლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ქართული ანბანი)
ქართული დამწერლობა
ტიპი: ანბანი
ენები: ქართული, მეგრული, სვანური, ლაზური (ლათინურთან ერთად), ასევე ბაცბური, აფხაზური და ოსური (1930-იანებში)
დროის პერიოდი: 1. ძვ. წ. III ს.[1]
2. ახ. წ. III - IV სს. არქეოლოგიური მასალის საფუძველზე.
ქართული დამწერლობა
იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
დოკუმენტი 01205
რეგიონი ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა
ჩანაწერის ისტორია
მიიღეს 2016 (11 სესია)
ქართული მხედრული ასოები

ქართული დამწერლობაანბანური დამწერლობა, რომელსაც იყენებს ქართული ენა და მისი მონათესავე ქართველური ენები, ასევე დროგამოშვებით სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აფხაზური ენები 1940-იან წლებში). თანამედროვე ქართულ ანბანს 33 ასო აქვს, ძველ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება.

ქართლის ცხოვრების თანახმად, ქართლის პირველმა მეფე ფარნავაზმა „განავრცო ენაჲ ქართული“ და „შექმნა მწიგნობრობაჲ ქართული“.[2]

და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენაჲ ქართული და არღარა იზრახებოდა სხუაჲ ენაჲ ქართლსა შინა თჳნიერ ქართულისა, და ამან შექმნა მწიგნობრობაჲ ქართული.[3]

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქართული ანბანის სამ სახეობას – ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს, 2015 წლის მარტში არამატერიალური ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა სახელწოდებით „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“,[4][5] 2016 წლის 30 ნოემბერს კი იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.[6][7][8]

ბირ ელ ყუტის უძველესი ქართული წარწერა, თარიღდება 430 წლით.
ქართული ასომთავრული წარწერა წმ. დავითის ლავრაში შესასვლელი კარის თაღზე.

ქართული დამწერლობის შემოღების თარიღზე მიმანიშნებელი ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი წყარო არ არსებობს. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი მას ფარნავაზ I-ს მიაწერს, ძვ. წ. III საუკუნეში, თუმცა ამის დამადასტურებელი უფრო ადრინდელი საბუთი არ არის.[9] ქართული ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლი „შუშანიკის წამება“[10] (V საუკუნე) მიანიშნებს, რომ მის დაწერამდე უნდა არსებულიყო განვითარებული წერილობითი კულტურა. ამასთან, პროფესორ რევაზ ბარამიძის მიერ 1990-იანი წლების დამდეგს დადასტურებულია, რომ „ქართლის ცხოვრებაში“ ჩართული „ცხოვრება ფარნავაზისი“ არის ფარნავაზის თანამედროვე ჟამთააღმწერლის მიერ შექმნილი თხზულება, თუმცა ეს ფაქტი ამ პერიოდში ქართული დამწერლობის არსებობას ვერ ადასტურებს.

ბოლო დრომდე, არქეოლოგიური მონაცემებით ქართული ანბანის შექმნას ახ. წ. IV—V საუკუნეებს უკავშირებდნენ (დავათის სტელის ასომთავრული წარწერა (ახ. წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასომთავრული წარწერა (492—493 წწ)). აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი) 1990-იან და 2000—2003 წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალები იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ქართული ანბანი უფრო ადრე უნდა ყოფილიყო შექმნილი.[11]

1940 წელს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მცხეთა-არმაზში ნაპოვნია დამწერლობის რამდენიმე ანტიკური ძეგლი. წარწერები შესრულებულია ბერძნულ ენაზე. იქვეა უცნობ ალფავიტზე შესრულებული რამდენიმე ნიშანი, რომლებიც პავლე ინგოროყვას მოსაზრებით ქართული ასომთავრული დამწერლობის უძველესი ნიმუშები უნდა იყოს[12].

მარცხნივ: ბოლორგირი; მარჯვნივ: ნუსხური. სომხური ბოლორგირისა და ქართული ნუსხურის სტილისტურ–გრაფიკული მსგავსება.

არსებობს ქართული დამწერლობის შექმნის სომხური ისტორიული წყაროების გადმოცემაც, რომელიც სომხურ და ალბანურ ანბანებთან ერთად, ქართულის შექმნასაც V საუკუნის სომეხ ისტორიკოს მესროპ მაშტოცს მიაწერს. ეს ცნობა დაცულია V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის თხზულებაში „მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა“. ივანე ჯავახიშვილმა შეისწავლა კორიუნის ეს თხზულება, და დაასკვნა, რომ მესროპის მიერ ქართული ანბანის შექმნის ვერსია VI საუკუნის ჩანართია. ამასთან, V საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ლაზარ ფარპეცი მაშტოცს მხოლოდ სომხური ანბანის შემქმნელად მიიჩნევს.

სომხურსა და ქართულ ანბანებს შორის მსგავსებებთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი სხვაობა არსებობს: ქართული და სომხური დამწერლობები შედგენილია ასოთა მიმდევრობის სხვადასხვა სისტემით — ქართული ანბანის პირველი ნაწილი ემთხვევა ბერძნული ანბანის ასოთა განლაგებას, ხოლო ქართულისთვის დამახასიათებელი ასოები ანბანის ბოლოშია თავმოყრილი (, , , , , , , , , , ), სომხურ ანბანში კი, სომხური ენისთვის დამახასიათებელი ასოები ძირითად ანბანურ ასოებს შორის არის გაფანტული.[13] ამდენად, სომხური და ქართული ანბანების ასოთა რიგი ერთმანეთს არ ემთხვევა; განსხვავდება ასოთა სახელები და მათი რიცხვითი მნიშვნელობები, რომლებიც, რ. პატარიძის და ივ. ჯავახიშვილის აზრით, ქართული ანბანის სომხურიდან წარმოშობის შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვეოდა.[14][15] მიუხედავად ამისა, ქართულ ასომთავრულსა და სომხურ ერკათაგირს შორის მართლაც არის დიდი მსგავსება გრაფიკაში. ერკათაგირიც ასომთავრულის მსგავსად ორ ხაზოვან სისტემაში იწერება და მისი ასო–ნიშნები ხაზებისა და წრეების (რკალების) კომბინაციითაა მიღებული. გარდა ერკათაგირისა, ქართულ ნუსხურს სტილისტურად და გრაფიკულად ჰგავს ერკათაგირის შემდგომი სახე — ბოლორგირი. ბოლორგირში, ისევე როგორც ქართულ ნუსხურში, ასოებს კუთხოვანი ფორმა აქვს, მარცხნიდან მარჯვნივაა დახრილი და ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურთან შედარებით სქელია. თუმცა, გრაფიკული და სტილისტური მსგავსებით მტკიცება მათ საერთო შემქმნელზე მხოლოდ ვარაუდია. ამ თეორიას ასუსტებს ბოლო დროს არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი ასომთავრულის უძველესი ნიმუშები, რომლებიც სავარაუდოდ გაცილებით ადრეულ ხანას განეკუთვნება (ნეკრესისა (ახ. წ. I ს) და დავათის (IV ს) წარწერები), ვიდრე თავად მესროპ მაშტოცის მოღვაწეობის ხანა (V ს).

ქართული დამწერლობის ისტორიული სახეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული დამწერლობა შედგება სამი ისტორიული სახისაგან, სისტემისაგან: ასომთავრული (ხუცური ასომთავრული, მრგვლოვანი, ასომთავრული), ნუსხური (ხუცური, ნუსხა-ხუცური, კუთხოვანი) და მხედრული. თითოეულ მათგანს თავისი გრაფიკული დამახასიათებელი სტილი აქვს, მაგრამ ასოთა მოხაზულობათა ცვალებადობის თვალსაზრისით ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლო მხედრული — ნუსხურისა. ეს ცვლილებები თავის მხრივ განსაზღვრა სწრაფი, გამარტივებული წერისაკენ მისწრაფებამ, რასაც წიგნზე მზარდი მოთხოვნილება განაპირობებდა. ქართული დამწერლობის ტიპიზაცია იყენებს სამი ქართული დამწერლობის ცნებას.

საზედაო ასო აბზაცის თავში. სურათზე: ასომთავრული „მ“ გელათის სახარებიდან (XII ს)

ასომთავრული — უძველესია აღმოჩენილ ქართულ დამწერლობებს შორის. ხელნაწერები მოიპოვება ძვ. წ. I საუკუნიდან[16] და ითვლება, რომ ამ დრომდე ეს ერთადერთი ქართული დამწერლობა იყო. ასომთავრულით შესრულებული ადრეული ნიმუშებია დავათის სტელა (367), პალესტინის 433 წლის ბაკურისა და გრი-ორმიზიდის წარწერა, ბოლნისის სიონის 493—494 წლების სამშენებლო წარწერა, V—VI საუკუნეების ფალიმფესტური ხელნაწერები, მცხეთის ჯვრის VI—VII საუკუნის წარწერები და სხვა. XI საუკუნემდე გვხვდება ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ასომთავრულითაა შესრულებული; შემდგომ საუკუნეებში კი ასომთავრულს იყენებდნენ ეპიგრაფული წარწერებისთვის, ასევე ხელნაწერებში სათაურებისა და საზედაო, ასომთავრული ასოების შესასრულებლად, რის გამოც დამწერლობის ამ სახეს უმკვიდრდება სახელწოდება „ასომთავრული“. მოხაზულობათა ფორმების მიხედვით მას „მრგლოვანიც“ ეწოდება. ითვლება, რომ თავიდან ასომთავრული ვითარდებოდა ბერძნულისა (ახალი აღთქმა) და არამეულის (ძველი აღთქმა) ზეგავლენით უპირატესად როგორც ქრისტიანული სარწმუნოების დამწერლობა — ტიპობრივად იგი უახლოვდება იმავე პერიოდში ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ სხვა დამწერლობებს — სომხურს, კოპტურს და სხვ.

ასომთავრულის გრაფიკული სისტემა მარტივი გეომეტრიული ელემენტების — წრისა და სწორი ხაზისგან არის ნაწარმოები. ყველა ასო-ნიშანი ერთი სიმაღლისაა და მათი დაწერილობა რთული მოხაზულობისაა: ისინი ხელის რამდენიმე აღებით სრულდება. შემადგენელ ელემენტთა (ხაზები, წრეები) ერთმანეთთან დაკავშირება ყოველთვის მართი კუთხით ხდება. ერთადერთი გამონაკლისია ჯვარედინი ფორმის მქონე -ის აღმნიშვნელი ასო ნიშანი , რომელსაც ელენე მაჭავარიანი იესო ქრისტეს მონოგრამად მიიჩნევს და რომელიც ქართულ ანბანში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ დამკვიდრდა. ელენე მაჭავარიანის აზრით, ასო იესო ქრისტეს ინიციალების გადაკვეთის შედეგადაა მიღებული:

[17]

რ. პატარიძის აზრით კი, „“ ასოს ჯვარედინი ფორმა ანბანის დასასრულის მაუწყებელი ნიშანია. ანბანის ბოლოში ჯვარედინი ფორმის ნიშნები ცნობილია სხვა სემიტური და ბერძნული წარმოშობის დამწერლობებში (შეადარეთ: ფინიკიური თავ – , ბერძნული ხი და ლათინური იქსი – ).[18]

ნუსხური დამწერლობის მაგალითი. ეპიგრაფი შესრულებულია ასომთავრულით, ხოლო ძირითადი ტექსტი — ნუსხურით (გრიგოლ ღვთისმეტყველი)

ასოთა მოხაზულობის აგების ერთიანი წესი მხოლოდ ასომთავრულში დასტურდება. განსაზღვრული გეომეტრიული ელემენტების საფუძველზე პირობითობის პრინციპით აგებული გრაფიკული სისტემა მიგვითითებს, რომ ჯერ ასოთა მოხაზულობები შეიქმნა, ხოლო შემდეგ მოხდა ანბანურ რიგზე გაწყობა შესაბამისი სახელწოდებებისა და რიცხვითი მნიშვნელობების მინიჭებით.

ნუსხური დამწერლობის მაგალითები IX საუკუნიდან გვხვდება. XI საუკუნემდე იგი უპირატესად „სასტრიქონოდ“ გამოიყენებოდა მთავრულთან ერთად. XII საუკუნიდან არსებობს ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ნუსხურითაა შესრულებული. ფართოდ გამოიყენებოდა XVIII საუკუნის ჩათვლით. ითვლება, რომ ნუსხური განვითარდა ბერძნული „სასტრიქონო“ დამწერლობის გავლენით (მისი სახეობა და არა ფორმა). ასომთავრულსა და ნუსხურს ერთად „ხუცურსაც“ უწოდებენ, რადგან ამ სახეობებით ძირითადად სასულიერო პირები, „ხუცები“ სარგებლობდნენ საეკლესიო საჭიროებისათვის.

ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის უკვე განვითარებული ფორმებიდან წარმოიშვა. VIII საუკუნეში დასრულდა მრგლოვანი მოხაზულობების რკალურ ფორმებზე გადასვლა და ზოგიერთ ასოში ორხაზოვანი სისტემის დარღვევა (, ). ნუსხურში ასოები ოთხ ხაზშია განაწილებული და ამდენად უკვე სხვადასხვა სიმაღლისაა. ნუსხური კუთხოვანი, სწრაფი, მარჯვნივ გადახრილი დამწერლობაა. ამასთანავე ასოები გაბმით იწერება. დამწერლობის ამ სახეს კურსივიც ეწოდება. ასოთა მოხაზულობაში უკვე თავს იჩენს ერთიანი კონტურის შექმნის ტენდენცია, რაც საბოლოოდ მხედრულ დამწერლობაში ჩამოყალიბდა. ბგერა „უ“, რომელიც ასომთავრულში ორი ასო-ნიშნით იწერებოდა, ნუსხურში გაერთიანებულია:

ბაგრატ IV-ის სიგელი — მხედრულით შესრულებული უძველესი დოკუმენტი (XI საუკუნე)

მხედრული — თანამედროვე ქართულ ანბანს ეწოდება. მაგალითები არსებობს XI საუკუნიდან და ითვლება, რომ იგი განვითარდა ხუცურიდან არაბული დამწერლობის სტილისა და კალიგრაფიის ძლიერი ზეგავლენით.[19] მხედრული დამწერლობის ფორმები მარტივია. ასოთა მოხაზულობანი ისევ ვერტიკალზეა აგებული, მხოლოდ მათი კონტურები მომრგვალებულია და ერთიან მონახაზს ქმნის. ასოთა დაწერილობაში რამდენიმე ასო ნიშანს (, , ) შერჩა ასომთავრულის მოხაზულობა, უმრავლესობამ კი რთული გრაფიკული სახესხვაობა განიცადა. მხედრულის ოთხხაზოვან სისტემაში ასოთა მოხაზულობანი ასევე სხვადასხვა სიმაღლისაა.


თანამედროვე მხედრული ხელნაწერი


მხედრულისათვის 1728 წელს ნიკოლოზ თბილელმა შექმნა „მთავრული“ ასოები, რომლებიც უშუალოდ მხედრულისგანაა წარმოებული და ზედა რეგისტრის ასოებად გამოიყენება. ისინი არ წარმოადგენს, მხოლოდ ერთ ხაზზე განლაგებულ მხედრულ სიმბოლოებს. მთავრულ ასონიშნებს, შედარებით განიერი თვალის ფორმა და შტრიხის სისქე გამოარჩევს. თანამედროვე ქართულში „მხედრულის მთავრული“ ასოები გამოიყენება მხედრული დამწერლობით შედგენილი ტექსტების სათაურებში და აგრეთვე, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოსაყოფად. აღსანიშნავია, რომ სხვა ბიკამერული დამწერლობებისგან განსხვავებით, მთავრული და მხედრული ასოების კომბინაცია ერთი სიტყვის ფარგლებში, თანამედროვე ქართულში მიღებული არ არის.[20]


1876 წელს გამოცემული დედა ენა — მხედრულის მთავრულის გამოყენების ადრეული მცდელობები სათაურებში, საკუთარ სახელებსა და წინადადების დასაწყისში.

ქართული დამწერლობის ილიასეული რეფორმა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა თანამედროვე, ლიტერატურული ქართული ენის შექმნის ჩარჩოებში ჩაატარეს ქართული დამწერლობის უმნიშვნელოვანესი რეფორმა — როდესაც ანბანიდან ამოაგდეს მოძველებული 5 ასო, რომელიც ცოცხალ ქართულ ენაში აღარ გამოიყენებოდა:

  • ჱ — ჰე
  • ჲ — იოტა
  • ჳ — ვიე
  • ჴ — ხარი
  • ჵ — ჰოე

თუმცა ამ ასოებით აღნიშნული ბგერები დღესაც გვხვდება ქართველურ ენებსა თუ დიალექტებში (ხევსურული, ფშაური, სვანური, ტაოური, იმერხეული, ფერეიდნული...).

თანამედროვე ქართული დამწერლობის გასავრცელებლად ი. ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა 1879 წელს დააარსეს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“.

ასო „ვ“, ვიკიპედიის ლოგოს მარცხენა ქვედა მხარეზე

ქართულ ანბანში ასოთა თანმიმდევრობა ბერძნული ანბანის მსგავსადაა დალაგებული. პირველი 25 ასო ზუსტად ემთხვევა ბერძნული ანბანის ასოთა თანმიმდევრობას, მეორე ნაწილში კი თავმოყრილია ქართული ენისთვის დამახასიათებელი ის ასოები, რომელთა შესაფერისი ბგერები ბერძნულ ენაში არ მოიპოვება. (ღ, ყ, შ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ, ჴ, ჯ, ჰ, ჵ). ერთ–ერთი ძირითადი ფაქტორი, რაც მკვლევარებს ქართული ანბანის შექმნას ბერძნულისაგან აფიქრებინებს, სწორედ ანბანური რიგის საერთო წყობაა. ქვემოთ მოცემულია ცხრილი, რომელშიც არქაული ასოები ნაცრისფრადაა აღნიშნული.

ასომთავრული
ႠႱႭႫႧႠႥႰႳႪႨ
ნუსხური
ⴌⴓⴑⴞⴓⴐⴈ
მხედრული მთავრული
ᲛᲗᲐᲕᲠᲣᲚᲘ
სახელწოდება რიცხვითი
მნიშვნელობა
IPA ISO 9984 რომანიზაცია NGR
ან 1 ɑ A a A a A a
ბან 2 b B b B b B b
გან 3 g G g G g G g
დონ 4 d D d D d D d
ენ 5 ɛ E e E e E e
ვინ 6 w V v V v V v
ზენ 7 z Z z Z z Z z
ეჲ 8 ɛj (Eʼ eʼ)
თან 9 Tʼ tʼ T t T t
ინ 10 ɪ I i I i I i
კან 20 K k Kʼ kʼ K· k·
ლას 30 l L l L l L l
მან 40 m M m M m M m
ნარ 50 n N n N n N n
ჲე 60 j (Iʼ iʼ)
ონ 70 ɔ O o O o O o
პარ 80 P p Pʼ pʼ P· p·
ჟან 90 ʒ Ž ž Zh zh Gʼ gʼ
რაე 100 r R r R r R r
სან 200 s S s S s S s
ტარ 300 T t Tʼ tʼ T· t·
ჳე 400 wi (Fʼ fʼ)
უნ u U u U u U u
ფარ 500 Pʼ pʼ P p P p
ქან 600 Kʼ kʼ K k K k
ღან 700 ʁ Ḡ ḡ Gh gh Q· q·
ყარ 800 Q q Qʼ qʼ Q q
შინ 900 ʃ Š š Sh sh X x
ჩინ 1000 t͡ʃ Čʼ čʼ Ch ch Cʼ cʼ
ცან 2000 t͡s Cʼ cʼ Ts ts C c
ძილ 3000 d͡z J j Dz dz Zʼ zʼ
წილ 4000 t͡sʼ C c Tsʼ tsʼ C· c·
ჭარ 5000 t͡ʃʼ Č č Chʼ chʼ J· j·
ხან 6000 χ X x Kh kh Kʼ kʼ
ჴარ 7000 q (Qʼ qʼ)
ჯან 8000 d͡ʒ J̌ ǰ J j J j
ჰაე 9000 h H h H h H h
ჰოე 10000 hɔɛ (Hʼ hʼ)

რიცხვითი მნიშვნელობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბული ციფრებით რიცხვების გამოხატვა საქართველოში უკვე X საუკუნეში გვხვდება, მაგრამ მაინც ციფრების საყოველთაოდ ხმარებამ გვიან მოიკიდა ფეხი. XVIII საუკუნემდე რიცხვების ჩასაწერად ანბანის ასოებს ხმარობნდენ (ისევე როგორც სხვა ევროპულ ანბანებში: ბერძნულში, სომხურში, კირილიცაში). ჩვეულებრივ გამოყენებული იყო მთელი ანბანი (უნის გამოკლებით): 37 ასოთაგან თითოეულს საკუთარი რიცხვითი მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული (რიცხვითი მნიშვნელობები იხილეთ ცხრილში). პირველი ცხრა ასო ერთეულებს აღნიშნავდა, მეორე ცხრა — ათეულებს, მესამე ცხრა — ასეულებს, მეოთხე — ათასეულებს, უკანასკნელი ასო კი — ათი ათასს. მაგალითისთვის, ქართული ასოებით 1852 ამგვარად ჩაიწერება: ჩყნბ — ჩ=1000, ყ=800, ნ=50, ბ=2; 1000+800+50+2=1852.

დამატებითი ასო-ნიშნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართულ ანბანში, გარდა ისტორიული 38 ასოსი, არსებობს დამატებითი ნიშნებიც. ზოგიერთი მათგანი გამოიყენებოდა უცხოური ენებიდან შემოსული და დამკვიდრებული სიტყვების ჩასაწერად (მაგალითად: ჶილოსოჶია), თუმცა ახალი ასო-ნიშნები ანბანში ვერ დამკვიდრდა და დღეს მათ ნაცვლად კვლავ ტრადიციული ასოები გამოიყენება. ზოგიერთი დამატებითი ნიშანი კი დღესაც იხმარება ქართველურ ენებსა და დიალექტებში არსებული ისეთი ბგერების ჩასაწერად, რომლებიც ლიტერატურულ ქართულში არ მოიპოვება. დამატებითი ასო ნიშნებია:

  • — ჷნ, სვანურში, მეგრულსა და ლაზურში, აფხაზურსა და ოსურში, წარმოადგენს შუა რიგის ხმოვანს [ə].
  • ჸ — ჸინ, მეგრულ ენაში — ყრუ ბგერაა, დაახლოებით ქართული ყ. ხორხისმიერ ყრუ ხშულ თანხმოვანს [ʔ] წარმოადგენს.
  • ჶ — ჶი, ლაზურსა და ოსურში — ლათინური „f“
  • უ̂ — უ-ბრჯგუ, სვანურში, მეგრულსა და ლაზურში — უმარცვლო უ. ხშირად შეიძლება ჩაენაცვლოს ვ ან უ. იშვიათად ხმარობენ ძველი ქართული სიტყვების ჩასაწერადაც, მაგალითად — ჩუ̂ენ.
ჯრუჭის სახარება — ასომთავრული კალიგრაფიის მაგალითი. X ს

ხელნაწერეში ნიშნების მოყვანილობებს შორის განსხვავება შორს მიდის და დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ წერს და წერის რომელ საფეხურზე წერს. ამ სტატიის თითოეული მკითხველი დღეს თავისებურად გამოიყვანს ქართულ ასოებს, თუმცა ერთი დროის ხელნაწერებს საერთო კალიგრაფიული დამახასიათებელი ნიშნებიც ახასიათებთ.

წინა- და ადრექრისტიანული ასომთავრული წარწერები ძირითადად შესრულებულია ქვებზე, კედლებზე. ამ პერიოდის ნიმუშებში ასოებს ახასიათებთ თავშეკრულობა, არ გვხდება მარცხნივ გადაზიდული ხაზი და ქარაგმები[21]. IX—X საუკუნეებიდან არსებობს ეტრატზე მთლიანად ასომთავრულით შესრულებული წარწერები, რომლებში უკვე განვითარებულია დაქარაგმება. ზოგიერთ თავშეკრულ ასოს, რომელიც ხაზისა და წრის კომბინაციას წარმოადგენდა, თავი ეხსნება და წრის ადგილს გახსნილი რკალი იკავებს:

IX—X საუკუნეებისა და უფრო ახალ ხელნაწერებში ასოების ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურთან შედარებით სქელია (შეადარეთ წინაქრისტიანობამდელი და X საუკუნის „ნ“: ). თავდაპირველად ასომთავრულად წერისას სიტყვებს ერთმანეთისგან არ გამოყოფდნენ და ტექსტი გაბმულად იწერებოდა. წარმართობის პერიოდში ძირითადად სტელებზე, საფლავის ქვებზე კეთდებოდა მცირე წარწერები და ორი ან რამდენიმე გადაბმული სიტყვის წაკითხვა რთული არ იყო. ქრისტიანობისა და სასულიერო მწერლობის შემოსვლასთან ერთად გაჩნდა სიტყვებს შორის მცირე დაშორებები, რადგან დიდი მოცულობის გაბმულად ნაწერი ტექსტის კითხვა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ზოგჯერ სიტყვებს შორის ცარიელ ადგილს სამი ან ორი წერტილით ავსებდნენ.

სვეტიცხოვლის გულანი — 1681წ

ნუსხურში ასოები მაჯვნივაა გადახრილი და კუთხოვანი ფორმა აქვს. ისევე როგორც ასომთავრულში, ნუსხურშიც ასოთა ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურზე სქელია. ხშირია საერო და სასულიერო პირთა სახელების, ასევე რელიგიური მნიშვნელობის სიტყვების დაქარაგმება. ნუსხურში იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება ორი და სამი წერტილით გამოყოფილი სიტყვები (მაგალითად სვეტიცხოვლის გულანი 1681 წ.), უმეტეს ხელნაწერში კი სიტყვებს შორის ცარიელი დაშორებებია. ზოგიერთი ხელნაწერი შესრულებულია ორგვარი, შავი და წითელი მელნით.

მხედრული სპეციალურად საერო პირებისთვის, სწრაფად წერისათვის იყო განკუთვნილი, რის გამოც დროთა განმავლობაში განვითარდა ასოთა გადაბმის რთული სისტემა (მაგ. — „ეს“, — „ელ“, — „ყო“). ამ სისტემის შექმნა გარკვეულწილად განაპირობა იმანაც, რომ მხედრული კალიგრაფია არაბულის ზეგავლენით შეიქმნა, რომელშიც თითქმის ყველა ნიშნის ერთმანეთზე გადაბმაა შესაძლებელი. ასოთა გადაბმის ზოგიერთი ხერხი დღევანდელ თანამედროვე მხედრულშიც შემორჩა. XI—XVII საუკუნეების მხედრულ ნაწერებში სიტყვები კვლავ ორი ან სამი წერტილითაა გამოყოფილი და ზოგიერთი სიტყვა წითელი კალმითაა დაწერილი. შემდგომი ხანის ხელნაწერებში კი სიტყვებს შორის უბრალოდ ცარიელი დაშორებებია.

წითელ მელანს ქართულ ხელნაწერებში გარდა დეკორატიულისა, ფუნქციური დატვირთვაც ჰქონდა. გადამწერები წითლად გამოყოფდნენ ტექსტის ძირითად სათქმელს, უმნიშვნელოვანეს ფრაზებს. ზოგიერთ ხელნაწერში (ძირითადად მხედრულში) წითელი მელანი, ერთგვარად, სასვენი ნიშნების როლსაც ითავსებს. მაგალითად, ახალი აბზაცის ან წინადადების პირველი სიტყვა წითელი მელნით იწერებოდა. ვეფხისტყაოსნის ხელნაწერ გამოცემებში ყოველი სტოფის პირველი სიტყვა და ყოველი ტაეპის პირველი ასო წითელი მელნითაა შესრულებული.

ანასეული ქართლის ცხოვრება. ძველი მხედრული კალიგრაფიის მაგალითი

ლიგატურიან დამწერლობას ქართულში როგორც ირკვევა ადრინდელი ტრადიცია აქვს. იგი წარმოდგენილია ერთ-ერთ უძველეს ჩვენს დრომდე მოღწეულ წარწერაში — ვახტანგ გორგასლის დროის „ანაგ-კახაჲს“ ძეგლში (V ს.), აგრეთვე სასანური ხანის ფულზე (VI ს), რომელში ერთ სიმბოლოდა გაერთიანებული ასომთავრული „გ“ და „ნ“:

წერია შერწყმულად — იხსნება [12]

ლიგატურები გვხვდება შუა საუკუნეების ასომთავრულ წარწერებშიც. ამ პერიოდში გავრცელებული ლიგატურები იყო: დ+ა, დ+ი, ო+ა, ო+ი, ასევე ხდებოდა ორნიშნიანი -ს (ოჳ) ერთი ლიგატურით გამოსახვა. იყო ორი, სამი და მეტი ასოს შემცველი ლიგატურები:


[22]

XI—XVII საუკუნეების მხედრულ ხელნაწერებში არსებობდა ასოთა გადაბმის რთული სისტემა. მხედრულის ლიგატურად შეიძლება ჩაითვალოს „დონისა“ და „ანის“ გადაბმა — (ანალოგიურად დონისა და ინის, დონისა და ონის გადაბმა), ვინისა და ენის გადაბმა — (ანალოგიურად +, +, +, +), განისა და ანის გადაბმა — (ამგვარადვე +). მხედრულის ზოგიერთი ამგვარი ასოთა კომბინაცა ნაბეჭდ წიგნებშიც გვხვდება, თუმცა უმეტესობა საბეჭდი შრიფტების განვითარების შემდეგ აღარ გამოიყენება.

ქართულ დამწერლობაში ადრევე შემუშავდა სიტყვების შემოკლების თავისებური ხერხი — დაქარაგმება. სიტყვების შემოკლებით წერის ძირითადი მიზეზი საწერი მასალის სიძვირე იყო. საწერ მასალას, უმთავრესად, საგანგებოდ დამზადებული ტყავი — ეტრატი წარმოადგენდა (ხბოსი, ცხვრისა და სხვა). ერთი წიგნისათვის ზოგჯერ 100-ზე მეტი ცხვრისა თუ ხბოს ტყავი იყო საჭირო.[23]). ქაღალდი საქართველოში პირველად XI საუკუნეში გვხვდება და შემდეგ თანდათან იჭერს ეტრატის ადგილს, თუმცა ეტრატზე ნაწერი წიგნები XVIII საუკუნემდეც არსებობს. დაქარაგმებით წერისას გამოტოვებდნენ ცალკეულ ასოებს, მთელ მარცვლებს. ზოგჯერ მხოლოდ სიტყვის დასაწყისი ასო იწერებოდა, ან პირველი და უკანასკნელი. შემოკლებულ სიტყვას შემოკლების ნიშანს — ქარაგმას (~) უკეთებდნენ: — ყ~ი = ყოველი, — რ~ი = რომელი, — თქ~ნ = თქუენ, — ი~ჳ ქ~ე = იესოჳ ქრისტე.

ქარაგმის გრაფიკული ნიშანი სხვადასხვაგვარი იყო: სწორი ჰორიზონტალური ხაზი (უფრო ეპიგრაფიკაში), კლაკნილი ჰორიზონტალური ხაზი (უფრო ხელნაწერებში), სწორი ან დახრილი ხაზი, რომლის კიდურები მრგვალი თუ ოთხკუთხა წერტილებითაა შესქელებული და სხვ.

ვახტანგ VI-ის სტამბის შრიფტები — ქართული (ნუსხური და მხედრული) და ბერძნული

პირველი ქართული ნაბეჭდი ქართული წიგნი, „ქართული ანბანი ლოცვებითურთ“ 1629 წელს ქალაქ რომში გამოიცა. წიგნში წარმოდგენილია ქართული მხედრული ანბანი, ლოცვები, მრწამსი, ათი მცნება და ღვთისმშობლის საგალობლები ქართულად და ასევე ლათინურ ენაზე ქართული ტრანსკრიფციით. ამ წიგნისათვის ქართული შრიფტი შექმნა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა (ნიკოფორე ირბახი), რომელიც თეიმურაზ I-ის ელჩი იყო იტალიაში.

თბილისში პირველი სტამბა 1708—1709 წლებში დაარსდა ვახტანგ VI-ის დროს, რის გამოც ამ სტამბას ვახტანგ VI-ის სტამბა ეწოდება. ვახტანგ VI-ის სტამბაში პირველად დაიბეჭდა „სახარება“. სტამბას ჰქონდა რამდენიმე ფორმის შრიფტი: ქართული ხუცური (ასომთავრული, ნუსხური), მხედრული, ბერძნული და ლათინური; ერთსა და იმავე დროს იყენებდნენ როგორც შავს, ისე წითელ საღებავს. წიგნებში ჩართულია სურათები (გრავიურით). სტამბაში მოღვაწეობდნენ ცნობილი ოსტატები: ნ. ორბელიანი, იგივე ნ. თბილელი (ს. ორბელიანის ძმა), გერმანე მღვდელმონაზონი, კვიპრიანე სამთავნელი და სხვანი. ვახტანგის სტამბის ქართული შრიფტი, ერთ-ერთი გადმოცემით ანთიმოზ ივერიელს ეკუთვნის.

1749-1802 წლებში თბილისში ფუნქციონირებდა ერეკლე II-ის სტამბა. ძველი ქართული ნაბეჭდი ორიგინალური ლიტერატურის უმეტესი ნაწილი გამოცემულია ერეკლეს სტამბაში (ანტონ I კათოლიკოსის „ქადაგება“, „შესხმა პირველი ახლისა ამის წიგნი-საბეჭდისა“ და სხვა).

დღეს უკვე თითქმის ყველა გამოცემა ბეჭდურია. თანამედროვე ბეჭდურ წიგნებსა და გამოცემებში ძირითადად მხედრულის საფუძველზე შექმნილი შრიფტებია გამოყენებული.

ქართული დამწერლობის ასახვა კომპიუტერულ სისტემებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად ქართული დამწერლობა აისახა უნიკოდის სტანდარტში 1991 წლის ოქტომბერში, 1.0 ვერსიაში. ქართული ასონიშნების ჯგუფის შექმნაში, დიდი წვლილი მიუძღვით ქართველოლოგიის მიმართულების გერმანელ ენათმეცნიერს იოსტ გიპერტს და ამერიკელ-ირლანდიელ ლინგვისტს, შრიფტების შემმუშავებელსა და ექსპერტს დამწერლობებისთვის კოდირების განსაზღვრის საკითხებში მაიკლ ევერსონს, რომელმაც ქართული უნიკოდი შექმნა Macintosh-ის სისტემისთვისაც.

აგრეთვე, განსაკუთრებული წვლილი მიუძვით საქართველოს დამსახურებულ მხატვარს, გრაფიკოსს, ქართული შრიფტის ლაბორატორიის ხელმძღვანელს ანტონ დუმბაძესა და სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, ირაკლი ღარიბაშვილს[24][25] (არ აგერიოთ საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრში).

ამასთან აღსანიშნავია, რომ 2016 წლის იანვარში, ქართულის მხედრულ ანბანს ოფიციალურად მიენიჭა შესაძლებლობა, გამოყენებული იყოს საქართველოს „საერთაშორისო საინტერნეტო მისამართებისთვის“ დაბოლოებით (.გე)[26].

ასონიშნების ჯგუფები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული ასონიშნები უნიკოდში წარმოდგენილია სამ ჯგუფად. ეს გამოწვეულია იმით, რომ 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც უნიკოდის კონსორციუმში მიმდინარეობდა ინფორმაციის შეგროვება ჩასამატებელი ასონიშნების შესახებ, ვერ მოხდა სათანადო მასალების მიწოდება ქართული მხრიდან, გამომდინარე იმ დროს არსებული მძიმე ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ვითარებიდან.

შედეგად, უნიკოდის ქართულ ჯგუფში (U+10A0–U+10FF), აისახა მხოლოდ ასომთავრული და მხედრული ანბანები, რადგან უნიკოდის წარმომადგენლებმა, არსებული მონაცემების საფუძველზე მიიჩნიეს, რომ ქართულში, მსგავსად ლათინურისა, ბერძნულისა და ა.შ. არსებობდა მხოლოდ ორი სახის დამწერლობა, ერთი იყო მონუმენტური, რომელსაც იყენებდნენ ქვებზე და ძეგლებზე წარწერის ამოსატვიფრად და რომელიც მომავალში განისაზღვრა დიდ ასოებად, საუბარია ასომთავრულზე, ხოლო მეორე იყო მისგან წარმოქმნილი შესაბამისი პატარა ასოები, ხელით წერის განვითარების შედეგად. ნუსხური კი უბრალოდ ჩაითვალა მხედრულის სტილისტურ ნაირსახეობად, მის დახრილ ვარიანტად, ისევე როგორც ლათინურშია „Regular“ და „Italic“ სტილები. შესაბამისად, ნუსხური უნიკოდში აღარ ასახულა, ასომთავრული და მხედრული კი პირობითად დაწყვილდა დიდ და პატარა ასოებად, თუმცა თითოეული უნიკამერულ დამწერლობად განისაზღვრა.[27]

საქართველოში პოლიტიკური ვითარების დასტაბილურებისა და კომპიუტერული სისტემების გავრცელების კვალდაკვალ, ქართული ასონიშნების უნიკოდში სათანადოდ წარმოდგენის საკითხი კვლავ წამოიჭრა 90-იანების ბოლოს. უნიკოდის კონსორციუმს, ნუსხური ანბანის დამატების თაობაზე, წერილი მისწერა „საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა“, შემდეგ კი საქართველოს საპატრიარქომაც, რომელშიც განმარტებული და დასაბუთებული იყო, რომ ნუსხური არ წარმოადგენდა მხედრულის დახრილ ვარიანტს, ისინი მეტად განსხვავდებოდა ერთიმეორისგან და შეუძლებელი იყო მათი ერთმანეთის ალტერნატივად გამოყენება, რადგან ნუსხურს გააჩნდა ისეთი სახის ქარაგმები და ლიგატურები, როგორიც მხედრულში, არც არასდროს ყოფილა და ამასთან, არსებობდა ტექსტები, სადაც სამივე სახის დამწერლობა ერთდროულად გამოიყენებოდა, მათი გაციფრულება კი არსებული უნიკოდ-სტანდარტის პირობებში, შეუძლებელი იყო.[28]

ამ მასალებისა და სხვა კვლევების საფუძველზე, მაიკლ ემერსონმა წარადგინა განაცხადი ნუსხურის უნიკოდში ასახვის თაობაზე, რომელიც გულისხმობდა მის გამოცალკევებას მხედრულისგან. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ლათინურისა და სხვა დამწერლობების მსგავსი განვითარების ეტაპები გაიარა სწორედ ასომთავრულმა და ნუსხურმა, ამიტომ მათი წყვილი უნდა განსაზღვრულიყო ბიკამერულად, ხოლო მხედრული ჩათვლილიყო ცალკე მდგომ, უნიკამერულ დამწერლობად, ვინაიდან ასომთავრულისა და ნუსხურის კომბინაცია, ხშირად გამოიყენებოდა ძველ ხელნაწერებში საერთო დასახელებით ხუცური, ხოლო ასომთავრულის მხედრულთან გამოყენება, ცალკეულ ექსპერიმენტებს თუ არ ჩავთვლით, მიღებული პრაქტიკა არ ყოფილა. რაც შეეხება სათაურებსა და მნიშვნელოვან ტექსტებში გამოყენებულ მთავრულ ასონიშნებს, მისი აზრით, ისინი უბრალოდ, მხედრულის სტილისტურ ვარიაციას წარმოადგენდა, ანუ ე.წ. „Small Caps“. ამასთან, მთავრული არასდროს გამოიყენებოდა დიდი ასოების დანიშნულებით წინადადებების დასაწყებად ან საკუთარ სახელებისთვის და ამიტომ, მათი უნიკოდში დამატების საფუძველი არ არსებობდა. შედეგად, უნიკოდში 2005 წელს, გამოჩნდა ნუსხური ასონიშნები ცალკე ჯგუფში ქართული დამატება (U+2D00–U+2D2F).

2016 წელს კი შრიფტის ქართველმა დიზაინრებმა და შემმუშავებლებმა, მაიკლ ევერსონთან თანამშრომლობით წარადგინეს განაცხადი, ქართული ასონიშნების კიდევ ერთი ჯგუფის დასამატებლად უნიკოდში, სახელწოდებით ქართული გაფართოებული (U+1C90–U+1CBF), რომელშიც განთავსდებოდა მხედრულის მთავრული ასოები, ხოლო ქართული მხედრული განისაზღვრებოდა ბიკამერულ დამწერლობად.

მოცემულ განაცხადში, დასაბუთებულია 2003 წელს მთავრულის შესახებ გამოთქმული მოსაზრების სიმცდარე და მოყვანილია მაგალითები, რომ 1865-1924 წლების შუალედში დაბეჭდილ წიგნებში, მთავრული სწორედ წინადადების დასაწყებად და საკუთარი სახელების გამოსაკვეთად გამოიყენებოდა, სხვა ენების მსგავსად, თუმცა საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, მის დამკვიდრებაზე უარი ითქვა, დამატებითი ძალისხმევისა და ხარჯების გაწევის საჭიროების გამო. მთავრული შემორჩა მხოლოდ „All Caps“ სახით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი გამოსახვა სტილის შეცვლით იყო შესაძლებელი. იგი არ წარმოადგენს მხედრულის პირდაპირ გადიდებულ ვარიანტს, არამედ მისგან განსხვავდება ხაზზე ურთიერთგანლაგებით, პროპორციებითა და შტრიხის სისქით. ამასთან ნათელია, რომ ქართველ მომხმარებლებს ხშირად ესაჭიროებათ მთავრულისა და მხედრულის ერთად გამოყენება, რადგან ისინი უამრავ არასტანდარტულ ხერხს მიმართავდნენ ამისთვის, დაწყებული წყვილ-წყვილი ლათინური შრიფტების შექმნით, დამთავრებული უნიკოდში ასომთავრულის ადგილას მთავრულის განთავსებით, რაც ერთი მხრივ ართულებდა ქართული ენის კომპიუტერულ სივრცეში სრულყოფილად ასახვას და მეორე მხრივ, ხელს უშლიდა ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებასა და უნიკოდის შრიფტების ფართო მოხმარებას.[29]

ყველა არგუმენტის გაცნობის შემდეგ, ტექნიკური კომიტეტი დათანხმდა აღნიშნულ მოთხოვნას და 2018 წლის ივნისში, ქართული ასონიშნების კიდევ ერთი ჯგუფი გამოჩნდა უნიკოდში. შედეგად, ქართული გახდა ერთადერთი ენა, რომელსაც ოფიციალურად გააჩნია ორი ბიკამერული დამწერლობა.[30]

ქართული[1][2]
უნიკოდის კონსორციუმის კოდების ოფიციალური ცხრილი (PDF)
  0 1 2 3 4 5 6 7 8 9 A B C D E F
U+10Ax
U+10Bx
U+10Cx
U+10Dx
U+10Ex
U+10Fx
შენიშვნები
1.^ უნიკოდის 11.0 ვერსიის მიხედვით
2.^ ნაცრისფერი უჯრები მიანიშნებს გამოუყენებელ, სათადარიგო ადგილებს
ქართული დამატება[1][2]
უნიკოდის კონსორციუმის კოდების ოფიციალური ცხრილი (PDF)
  0 1 2 3 4 5 6 7 8 9 A B C D E F
U+2D0x
U+2D1x
U+2D2x
შენიშვნები
1.^ უნიკოდის 11.0 ვერსიის მიხედვით
2.^ ნაცრისფერი უჯრები მიანიშნებს გამოუყენებელ, სათადარიგო ადგილებს
ქართული გაფართოებული[1][2]
უნიკოდის კონსორციუმის კოდების ოფიციალური ცხრილი (PDF)
  0 1 2 3 4 5 6 7 8 9 A B C D E F
U+1C9x
U+1CAx
U+1CBx Ჿ
შენიშვნები
1.^  უნიკოდის 11.0 ვერსიის მიხედვით
2.^ ნაცრისფერი უჯრები მიანიშნებს გამოუყენებელ, სათადარიგო ადგილებს

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ივ. ჯავახიშვილი, ქართული პალეოგრაფია, თბ., 1949
  • მ. თარხნიშვილი, ახლად აღმოცენებული ქართველთა მონასტერი ბეთლემში, ”ბედი ქართლისა”, 1954, #16
  • რ. პატარიძე, ერკათაგირის გრაფიკული საფუძვლები, საბჭოთა ხელოვნება, 1969, #6
  • გ. აბრამიშვილი, ატენის სიონის უცნობი წარწერები ”მაცნე” (ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1976, #1.
  • თ. ბარნაველი, ატენის სიონის წარწერები, თბ., 1977.
  • პ. ინგოროყვა, თხზ. კრ. IV, თბ., 1978
  • რ. პატარიძე, ქართული ასომთავრული, თბ., 1980.
  • ე. მაჭავარიანი, ქართული ანბანის გრაფიკული საფუძვლები, თბ., 1982.
  • ზ. გამსახურდია, ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ. ”ცისკარი”, 1987, #3
  • გ. ნარსიძე, დავათის ქვაჯვარი, ”მნათობი”, 1987, #4.
  • რ. პატარიძე, ქართული მწიგნობრობა, თბ., 1989.
  • ე. მაჭავარიანი, მწიგნობრობაჲ ქართული, თბ., 1989.
  • თ. გამყრელიძე, წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა, თბ., 1989.
  • ბ. კილანავა, ქართული დამწერლობისა და მწერლობის სათავეებთან, თბ., 1990.
ქართული დამწერლობის ნიმუში საგზაო ნიშნებზე
  1. ქართლის ცხოვრება, ცხოვრება ქართუელთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა.
  2. თამაზ ჩხენკელი «ქართული ანბანი და „მეფეთა ცხოვრება“». საიტი: საქართველოს სამეფო.
  3. ლეონტი მროველი „ქართლის ცხოვრება“. ცხოვრებაჲ ფარნავაზისი, რომელი იყო პირველი მეფე ქართლისაჲ. გვ. 46.
  4. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტისათვის – „ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
  5. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის – „ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ
  6. Living culture of three writing systems of the Georgian alphabet
  7. ქართული ანბანი UNESCO-ს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია
  8. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო – არამატერიალური ძეგლების ნუსხა
  9. „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერი Q-207, 12 გვ.
  10. „შუშანიკის წამება“ არის უძველესი ქართული ლიტერატურული ნაწარმოები და არა უძველესი წერილობითი ძეგლი.
  11. ლევან ჭილაშვილი:„წინაქრისტიანული ხანის წარწერა ნეკრესიდან“
  12. 12.0 12.1 პავლე ინგოროყვა, „ქართული დამწერლობის ძეგლები ანტიკური ხანისა“
  13. ივ. ჯავახიშვილი, ქართული პალეოგრაფია, გვ. 267
  14. რ. პატარიძე, ერკათაგირის გრაფიკული საფუძვლები
  15. ივ. ჯავახიშვილი, ქართული პალეოგრაფია, გვ. 194-203, 236-238, 266-272
  16. ნეკრესის წარწერები.
  17. ელენე მაჭავარიანი, „მწიგნობრობაჲ ქართული“ თბ., 1989
  18. რ. პატარიძე, ერკათაგირის გრაფიკული საფუძვლები
  19. 3 SCRIPTURES AND 33 LETTERS OF GEORGIAN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02.12.2001. ციტატა: „Mkhedruli was developed under the strong influence of Arabic scripture style, which becomes Lingua Franco in the Near East for this period. Genetically Mkhedruli is coming from Khutsuri - this is evident in earliest manuscripts.“ ციტირების თარიღი: 10.05.2014.
  20. ქართული მთავრულების შესახებ
  21. ლევან ჭელიშვილი, წინაქრისტიანული ხანის წარწერები.
  22. ფრაგმენტები დავით გარეჯის მონასტრის კარზე არსებული ასომთავრული წარწერიდან.
  23. აკაკი შანიძე, ქართული ენა, თბ., 2003
  24. https://www.unicode.org/charts/fonts.html
  25. http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001366/
  26. ქართული დამწერლობის გამოყენება ინტერნეტის მისამართებისთვის
  27. კოდირების მოდელი ქართული ენისთვის
  28. წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან (ნუსხური ასონიშნების უნიკოდში დამატების მოთხოვნა)
  29. https://www.unicode.org/L2/L2016/16081-n4712-georgian.pdf
  30. https://ka-ge.facebook.com/BPGfonts/posts/1435259546538224?__tn__=H-R