ხლათის სასულთნო
ხლათის სასულთნო | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
ანატოლია 1200 წელს | ||||
დედაქალაქი | ხლათი | |||
რელიგია | ისლამი | |||
მმართველობის ფორმა | სასულთნო | |||
დინასტია | სოქმენიდები აიუბიდები | |||
- 1100–1111 | სოქმენ I (პირველი) | |||
- 1245–1254 | თამთა მხარგრძელი (უკანასკნელი) | |||
ხლათის სასულთნო — დიდ სელჩუკთა იმპერიის დაშლის შემდეგ სამხრეთ სომხეთის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ფეოდალური სახელმწიფო (XIII საუკუნის დამდეგი). დედაქალაქი - ცნობილი სავაჭრო ქალაქი ხლათი, ვანის ტბის დასავლეთ სანაპიროზე. თავდაპირველად ხლათის მიდამოებს თურქმანული დინასტია სოქმენიდები მმართავდა, რომელებმაც „შაჰ-არმენთა“ (სომხეთა მეფე) ტიტული მიიღეს,[1] რის გამოც მას შაჰ-არმენების სახელმწიფოსაც უწოდებენ.
ეს იყო XI-XII საუკუნეების თურქმანული დინასტია, რომელიც 1071 წელს, მანასკერტის ბრძლის შემდეგ, ანატოლიის ერთ-ერთ ბეილიქს განაგებდა. ტერიტორია ვანის ტბის ჩრდილოეთ სანაპიროს, ბითლისისა და ვანის პროვინციებს, ასევე, ბათმანის, მუშის, სიირთისა და დიარბაქირის პროვინციის ნაწილებსაც მოიცავდა.
ბეილიქი 1100 წელს თურქ-სელჩუკების ერთ-ერთმა მხედართმთავარმა დააარსა. ახლათშაჰები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული სელჩუკების ინსტიტუციებზე, თუმცა ისინი, თავიანთ მოკავშირე სალთუკიდებთან ერთად, ასევე ახორციელებდნენ დამოუკიდებელ სამხედრო კამპანიებს საქართველოს სამეფოს წინააღმდეგ. ახლათშაჰების ბეილიქმა აღზევების პერიოდი, სოქმენ II-ის მართველობის პერიოდში მიაღწია. 1207 წელს, ბეილიქი აიუბიდებმა დაიპყრეს.
ხლათის სასულთნო აზერბაიჯანის ილდეღიზიდების სახელმწიფოს ვასალი იყო. შაჰ-არმენებს მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოსთან, თუმცა დროდადრო ხარკს უხდიდნენ ძლიერ მეზობელს. 1207 წლიდან ხლათის სასულთნოში აიუბიდების დინასტიის წარმომადგენლები გაბატონდნენ. 1208 წელს ქართველებმა ხლათის სასულთნოზე გაილაშქრეს, აიღეს ქალაქი არჭეში და დიდი ნადავლი წამოიღეს. ორი წლის შემდეგ ქართველთა ლაშქარმა ზაქარია და ივანე მხარგრძელების სარდლობით ალყა შემოარტყეს ხლათს. ქალაქის გალავნის დასათვალიერებლად მცირე ამალით გამოსული ივანე ხლათელებმა ეშმაკობით ჩაიგდეს ხელში. ივანე იძულებული გახდა თავის დასახსნელად დიდი გამოსასყიდი გადაეხადა და თავისი ქალიშვილი თამთა ხლათის გამგებლის მალიქ აუჰადისათვის მიეთხოვებინა. ამის შემდეგ საქართველოსა და ხლათის სასულთნოს შორის დიდი ხნით მშვიდობიანი ურთიერთობა დამყარდა. 1230 წლის 14 აპრილს ხვარაზმშაჰმა ჯალალედინმა ხანგრძლივი მძიმე ბრძოლების შემდეგ ხლათი დაიპყრო და სასტიკად ააოხრა. XIII საუკუნის 40-იანი წლების დამდეგს ხლათი მონღოლებმა აიღეს. მონღოლთა მიერ დიდი ყაენის კარზე გაგზავნილ ადგილობრივ გამგებელთა შორის XIV საუკუნის ქართველი ჟამთააღმწერელი ხლათის სულთანსაც იხსენიებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კიკნაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 487.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Encyclopædia Iranica, article: ARMENIA AND IRAN vi. Armeno-Iranian relations in the Islamic period:
This condition became more accentuated specially during the period of the disintegration of the Saljuq empire, when the atabegs who had assumed great power in border districts, became autonomous. The Danishmandids ruled in Lesser Armenia and Cappadocia 1005-06. Further in the west, in 1077, the Saljuq sultanate of Rum was established. From 1100, in the center of Xlaṭʿ (Aḵlaṭ) in the western part of Greater Armenia, the Sukmanids ruled, calling themselves “Šāh-e Arman”.
|