ჭიათურის მანგანუმის საბადო
ჭიათურის მანგანუმის საბადო | |
---|---|
ნივთიერება მანგანუმი, რომელსაც საბადოში მოიპოვებენ. | |
მდებარეობა | |
მდებარეობა | ჭიათურა-საჩხერის ტერიტორია |
მუნიციპალიტეტი |
ჭიათურა საჩხერე |
ქვეყანა | საქართველო |
პროდუქცია | მანგანუმი |
ტიპი | მიწისქვეშა |
გაიხსნა | 1879 წელს[1] |
მფლობელი | G.M. Georgian Manganese Holding Limited (იგივე „ჯორჯიან მანგანეზი“) |
შესყიდვის წელი | 2006 წლის 11 ნოემბერი |
ჭიათურის მანგანუმის საბადო — ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე მანგანუმის (Mn) საბადო. გეოტექნიკური თვალსაზრისით განლაგებულია საქართველოს ბელტის აზვებული ტექტონიკური ბლოკის — ძირულის მასივის ჩრდ.-აღმ. პერიფერიაზე. საბადოს ტერიტორიაზე თითქმის ჰორიზონტალურ ცარცულ კირქვებზე განლაგებულია მანგანუმის მადნის შემცველი ოლიგოცენური ნალექები. კირქვები მდინარე ყვირილისა და მისი შენაკადების მიერ ჩაჭრილია ღრმა კანიონისებრი ხეობებით, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფენ ცალკეულ ზეგნებს. ეროზიას გადარჩენილი მანგანუმის დიდი ნაწილი ამ ზეგნებზეა განლაგებული, მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირზეა რგანის, ქვედა და ზედ რგანის, ბუნიკაურის, თაბაგრების, მღვიმევის, დარკვეთისა და სარეკის ზეგნები; მარცხენაზე — პერევესის, შუქრუთის, ითხვისის, მერევისა და ფასიეთის.
მანგანუმის შემცველ ოლიგოცენურ ნალექებს წარმოადგენს მადნისქვეშა ქვიშაქვები, საკუთრივ მადნიანი ჰორიზონტი და მასზე მდებარე ბენტონიტ-ცეოლითიანი ოპოკები, სპონგოლითები და ე.წ. მაიკოპის ტიპის იაროზიტიანი თიხები. მადნიან ჰორიზონტს რთული აგებულება აქვს — შედგება სხვადასხვა ზომისა და სხვადასხვა რაოდენობის (3-25) ლინზისებრი სხეულებისგან; მათ შორის განლაგებულია თიხის, ქვიშაქვისა და სილიციტების სხვადასხვა სისქისა და რაოდენობის შუაშრეები. საბადოს დასავლეთ ნაწილში (პერევსის, რგანისა და ქვედა რგანის ზეგნები) მადნიანი ჰორიზონტი უშუალოდ ადევს ცარცულ კირქვებს ან გამოყოფილია მათგან ფოსფორიტის მცირე სისქის შრით. მადნიანი ჰორიზონტი საბადოს ამ ნაწილში კომპაქტურია და წარმოადგენს ძირითადად ფსილომელან-პიროლუზიტურ ფაციესს (ე.წ. პეროქსიდული მადნები). აღმოსავლეთი მიმართულებით ეს ფაციესი იცვლება ფსილომელან-პიროლუზიტ-მანგანიტური, მანგანიტ-როდოქროზიტული და როდოქროზიტ-მანგანოკალციტური ფაციესებით. ჭიათურის მანგანუმის საბადოზე გამოყოფენ მადანთა შემდეგ ძირითად ტიპებს:
მადნის ტიპი | Mn-ის შემცველობა (%) |
---|---|
ოოლითური ან მასიური ჟანგეული | 20-25-იდან 50-55-მდე |
ოოლითური ან წვრილკრისტალური კარბონატული | 10-15-იდან 25-28-მდე |
დაჟანგული | 15-20-იდან 30-40-მდე |
ცხრილში ჩამოთვლილნი გვხვდება მადნიანი შრეების ზედაპირზე გამოსვლის ადგილას, თითქმის ყველა ზეგანზე.
2006 წლის 11 ნოემბრამდე საბადოს კომპანია „ჭიათურმანგანუმი“ ამუშავებდა, ხოლო ამ დღეს მისი აქციები აუქციონზე გაიყიდა. აუქციონში ვაჭრობის ერთადერთმა მონაწილემ — „Georgian Manganese Holding Limited“-მა გაიმარჯვა.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შავი ოქროს საბადო დაარქივებული 2016-09-11 საიტზე Wayback Machine. chiatura.ge