შინაარსზე გადასვლა

ხრუშჩოვკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ხრუშოვკა)
პანელებიანი ხრუშჩოვკა ტომსკში.
აგურის ხრუშჩოვკა.

ხრუშჩოვკა (რუს. хрущёвка) — ნიკიტა ხრუშჩოვის პერიოდის 3-5-სართულიანი პანელებიანი ან აგურის საყოფაცხოვრებო ბინების კომპლექსები, შექმნილი ვიტალი ლაგუტენკოს პროექტით, რომლებიც მასიურად შენდებოდა საბჭოთა კავშირში 1960-80-იან წლებში.

ტრადიციული აგურით მშენებლობა შრომატევადია, შესაბამისად, ინდივიდუალურ პროექტებს დიდი დრო მიჰქონდა და გადატვრთული ქალაქების მოთხოვნებს ვერ პასუხობდა. საბინაო კრიზისის გადასაჭრელად 1947-51 წლებში საბჭოთა არქიტექტორები რამდენიმე ტექნოლოგიას ამუშავებდნენ დანახარჯებისა და დროის შემცირების მიზნით. 1950 წლის არქიტექტორთა ყრილობაზე, რომელსაც იმხანაც მოსკოვის საქალაქო პარტკომის თავმჯდომარე ხრუშჩოვი უძღვებოდა, დაბალფასიანი, სწრაფი ტექნოლოგიები საბჭოთა არქიტექტორთა მთავარ ამოცანად გამოცხადდა. ამას მოჰყვა მოსკოვში ორი ბეტონის ფილების ჩამომსხმელი ქარხნის გახსნა (პრესნენსკის, 1953; ხოროშევსკის, 1954). ამ დროისთვის რამდენიმე განსხვავებული ექსპერიმენტული პროექტი უკვე ხორციელდებოდა და მზა ბეტონის პანელები უდავო გამარჯვებული გამოდგა. სხვა საშუალებები, მათ შორის ბეტონის ადგილზე ყალიბებში ჩამოსხმა ან ინდივიდუალური სახლების მშენებლობა უკუგდებულ იქნა, როგორც გაუმართლებელი.

1954-61 წლებში ინჟინერი ვიტალი ლაგუტენკო, მოსკოვის ქალაქმშენპროექტის უფროსი 1956 წლიდან, აპროექტებს და ცდის სერიულ ინდუსტრიალიზებულ მშენებლობის პროცესს, რომელიც ეყრდნობა ბეტონის პანელების ქარხნებსა და დაჩქარებული აწყობის სისტემას. 1961 წელს ლუგატენკოს ინსტიტუტმა შეიმუშავა მზა ხუთსართულიანი შენობის პროექტი კ-7, რომელიც ხრუშჩოვკის პროტოტიპი გახდა. 1961-68 წლებში ამ ტიპის 64.000 შენობა (3.000.000 მ2) აიგო, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მოსკოვში ადგილის უკმარისობის გამო ამ პროექტით 9-12-სართულიანი შენობების აგება გახდა საჭირო, ხოლო ბოლო ხუთსართულიანი ხრუშჩოვკა აქ 1971 წელს აიგო.

პროცესი იმდენად სწრაფი და ეკონომიური გამოდგა (ხარისხს არავინ ჩიოდა), რომ ამ ტიპის ბინების მშენებლობა მთელ საბჭოთა კავშირში დაიწყეს, რაც თითქმის 1980-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა.

ამ ტიპის სახლებში ჭერი ძირითადად 2,5 მ-ს არ აღემატებოდა, იყო ერთი- ან ოროთახიანი ბინები, გაერთიანებული სანკვანძი, შიდა კედლებს ცუდი ხმის იზოლაცია ჰქონდა. ამ სახლებში არ იყო ლიფტები. ადვილად დანგრევადი ხრუშჩოვკების სერია საბინაო პრობლემის დროებით გადასაწყვეტად იყო განკუთვნილი და 25 წელზე იყო გათვლილი, თუმცა ბევრი მათგანი დღემდე ფუნქციონირებს, რაც საფრთხეს უქმნის მის მცხოვრებლებს. "მყარი" ხრუშჩოვკების სერია 50 წელზე იყო გათვლილი, თუმცა გვიანდელი გამოკვლევით დადგინდა, რომ მათი რესურსის გახანგრძლივება 150 წლამდე იყო შესაძლებელი, დროული კაპიტალური რემონტის შემთხვევაში.

ხრუშჩოვკების ადრეულ პროექტებს კრამიტის ან შიფერის გადახურვები ჰქონდა. არქიტექტურულ ხორცმეტებთან ბრძოლის კამპანიის შედეგად, გვიანდელ პროექტებში ამ შენობებს უფრო იაფი ბრყელი ბიტუმის სახურავები აქვს დაბალი სხვენით, რომელსაც ზედ საიზოლაციო მასალა ჰქონდა მოყრილი, სხვენს კი მცირე ზომის სავენტილაციო ნახვრეტები გაუკეთდა. სხვენში კატები ვერ აღწევდნენ და აქ ბინა მტრედებმა და ბეღურებმა დაიდეს.

ფასადის გაფორმებებში არ არის ბათქაში და სხვა დეკორატიული ელემენტები, დამახასიათებელი წინამორბედი, სტალინის პერიოდის, შენობებისთვის.

ხრუშჩოვის მაცივარი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგურის ხრუშჩოვკის სამზარეულო მინიმალური ზომისაა, რის გამოც მისი ფანჯრის ქვეშ გაკეთდა ერთგვარი ჩაშენებული "ჩულანი" პროდუქტების შესანახად. ამ კარადის გარე კედლის სისქე, როგორც წესი, ნახევარი აგურია, ზოგიერთ ვარიანტში კი ამ კედელში არის გარე მუდმივად ღია ნახვრეტი. წელიწადის ცივ პერიოდში ეს კარადა მაცივრის დანიშნულებას ასრულებდა.

"ხრუშჩოვის მაცივარი" მოგვიანებით ამგვარი პანალების ტიპის მთელ შენობას დაერქვა მეტსახელად, დაბალი თბოიზოლაციის გამო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: