შინაარსზე გადასვლა

ჰანან აშრაუი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰანან აშრაუი
დაბადების თარიღი 8 ოქტომბერი, 1946
ნაბლუსი, პალესტინა
ეროვნება არაბი
პროფესია ლიტერატურათმცოდნე
რელიგია ქრისტიანი
მეუღლე(ები) ემილ აშრაუი
შვილ(ებ)ი ორი ქალიშვილი - ამალი და ზეინა

ჰანან აშრაუი, სრულად - ჰანან დაოუდ მიხაილ აშრაუი, არაბ.حنان داوود مخايل عشراوي‎ ქალიშვილობისას ჰანან მიხაილი (დ.1946 წ.) - გამოჩენილი პალესტინელი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ყოფილი განათლების მინისტრი, პარლამენტის წევრი, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე პალესტინური დელეგაციის მრჩეველი, ფილოსოფიის დოქტორი.

ჰანანი დაიბადა 1946 წელს ქალაქ ნაბლუსში, რომელიც ბრიტანეთის სამანდატო პალესტინის ტერიტორიაში შედიოდა. აღიზარდა ქრისტიანულ-ანგლიკანურ ოჯახში. მამა დაუდ მიხაილი "პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის" (პგო) ერთ-ერთი დამაარსებელი იყო.

თავდაპირველი 27 წლის განმავლობაში ჰანანის ოჯახის ადგილსამყოფელს არაბ-ისრაელის ომების შედეგი განაპირობებდა:

  • 1967 წელს მორიგი არაბ-ისრაელის ომის შედეგად რამალაჰი ისრაელის ჯარებმა დაიკავეს, რის შედეგადაც მომდევნო ექვსი წლის მანძილზე ჰანანს აკრძალული ჰქონდა ქალაქში დაბრუნება.

ჰანანმა დაწყებითი განათლება რამალაჰში მდებარე გოგონათა კერძო ქრისტიანულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში განაგრძო ინგლისური ენის და ლიტერატურის ფაკულტეტზე. ამ პერიოდში იგი აქტიურად იცავდა ქალთა უფლებებს და სამოქალაქო თავისუფლებებს, რაც იორდანიის პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობას აწყდებოდა. იგი რამდენჯერმე იქნა დაკავებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობის გამო.[1]

1967 წლის ომის შემდეგ ჰანანმა ვინჯინიის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი დაიცვა. 1974 წელს მან პალესტინაში დაბრუნების ნებართვა მიიღო, რითაც ოჯახს შეუერთდა და საგანმანათლებლო მოღვაწეობა დაიწყო ბერზეის უნივერსიტეტში შუა საუკუნეების ლიტერატურის ლექტორად, აგრეთვე, ხელოვნების სასწავლებლის დეკანად. იგი წერდა სტატიებს პალესტინული კულტურის, პოეზიის და პოლიტიკის თემებზე.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1987 წელს პალესტინულ ტერიტორიებზე დაიწყო ინტაფადად წოდებული მასობრივი აჯანყება ისრაელის ოკუპაციის წინააღმდეგ. უნივერსიტეტი ისრაელის სამხედრო კომენდატურამ დახურა, ჰანან აშრაუი კი გახდა პალესტინელთა კომიტეტის წარმომადგენელი საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში. ის იძლეოდა ინტერვიუებს დაინტერესებული უცხოური მედიის წინაშე, მართავდა პრეს-კონფერენციებს, წერდა, აკადემიურად ასაბუთებდა პალესტინელთა თვითგამორკვევის უფლებების განხორციელების სამართლებრივ და ისტორიულ საფუძვლებს.

ამ საქმიანობის წყალობით ჰანანმა პგო-ს აღმასკომის ყურადღება მიიპყრო. 1991 წელს მადრიდში გაიმართა სამშვიდობო კონფერენცია პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე, სადაც იგი დელეგაციის ოფიციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.[2]

1996 წელს ჰანან აშრაუი არჩეული იქნა პალესტინის საკანონმდებლო საბჭოს დეპუტატად იერუსალიმიდან. იმავე წელს ის განათლების მინისტრად დაინიშნა იასირ არაფატის მიერ შექმნილ მინისტრთა კაბინეტში, მაგრამ ორი წლის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა კორუფციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მან ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობის, სამართლის და პალესტინელთა თვითგამორკვევის უფლებების საკითხებზე მუშაობს. [3]

2001 წელს ჰანან აშრაუი დაინიშნა კაიროში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაცია "არაბული ლიგის" შტაბ-ბინაში ინფორმაციის და საზოგადოებრივი პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარედ.[4]

ექს-ფინანსთა მინისტრ სალამ ფაიიადთან ერთად 2005 წელს მან შექმნა პოლიტიკური პარტია "მესამე გზა", რომელიც პალესტინელთა ელექტორატის წინაშე წარდგა, როგორც დომინანტი ორგანიზაციების "ჰამასის" და "ფათჰის" პოტენციური ალტერნატივა. არჩევნებზე მან უმნიშვნელო წარმატება მოიპოვა, თუმცა თავად აშრაუი კვლავ დეპუტატად იქნა არჩეული.

საკუთარი სურვილით მან 2020 წელს დატოვა პგო-ს აღმასრულებელი კომიტეტი, სადაც ის პირველი ქალი მოღვაწე იყო.[5]

ამჟამინდელი საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰანან აშრაუი მონაწილეობს სხვადასხვა ორგანიზაციების საქმიანობაში საბჭოს წევრის ან მრჩევლის რანგში:

  • მსოფლიო ბანკის ახლო აღმოსავლეთის და ჩრდ.აფრიკის ფილიალი;
  • გაეროს სოციალური განვითარების კვლევის ინსტიტუტი;
  • ადამიანთა უფლებების საერთაშორისო საბჭო;
  • დემოკრატიისა და საარჩევნო უფლებების მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტი;
  • ატლანტიკური საბჭოს რაფიკ ჰარირის სახელობის ახლო აღმოსავლეთის ცენტრი;
  • დიპლომატიის პალესტინური ინსტიტუტი;
  • წმინდა მიწის ქრისტიან-ეკუმენისტური ფონდი.

სხვადასხვა ქვეყნებში სასწავლო დაწესებულებებმა ჰანან აშრაუის მიანიჭეს საპატიო დოქტორის წოდება:

  • ვირჯინიის თეოლოგიური სემინარია, აშშ;
  • ბათის უნივერსიტეტი, ბრიტანეთი;
  • ბრიუსელის უნივერსიტეტი, ბელგია;
  • ირლჰემის კოლეჯი, აშშ;
  • სმითის კოლეჯი, აშშ;
  • ჰალიფაქსის წმ.მარიამის სახელობის უნივერსიტეტი, კანადა;
  • კაიროს ამერიკული უნივერსიტეტი, ეგვიპტე;
  • ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი, ლიბანი.
  • მარისა ბელისარიოს მშვიდობის საერთაშორისო პრიზი;
  • პიერ ბაკის ფონდის ქალთა პრიზი;
  • ჯეინ ადამსის სახელობის ქალთა საერთაშირისო პრემია;
  • ულოფ პალმეს სახელობის პრიზი;
  • სიდნეის მშვიდობის პრიზი;
  • მაჰათმა განდის სახელობის საერთაშორისო პრემია მშვიდობისა და შერიგების სფეროში;

ჰანან აშრაუიმ 1995 წელს დიდი წარმატებით გამოსცა წიგნი This Side of Peace: A Personal Account, რომელშიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე საკუთარ გამოცდილებას ის მკითხველს უზიარებს.

1975 წელს ჰანანი დაქორწინდა იერუსალიმში მცხოვრებ ემილ აშრაუიზე. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვერდი ტვიტერში

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰანან_აშრაუი“-დან