Ferrari 812 Superfast Softkit: Mansory-ის მორიდებული ტიუნინგი
სიტყვა „მორიდებული“ და Mansory-ის სახელი ერთ წინადადებაში აქამდე არავის გაუგონია. გერმანულმა ტიუნინგ ატელიემ სახელი ძვირადღირებული ავტომობილების ექსტრავაგანტული, ზოგიერთ შემთხვევაში კი ნამეტანი ცვლილებებით მოიხვეჭა. კომპანიის მიერ გადამუშავებულ ავტომობილებს ავტომოყვარულებისგან საკმაოდ ბევრი ნეგატიური შეფასება მოყვებოდა. სხვადასხვა გემოვნების მქონე ადამიანებთან შედავება უაზრობაა.
ამჟამად Mansory-იმ Ferrari 812 Superfast გადააკეთა, მაგრამ ძალიან უმნიშვნელოდ და თავშეკავებულად.
თუ Softkit-ს Mansory-ის სხვა „ფერარისთან“ შევადარებთ, კერძოდ Stallone 812 Superfast-თან, რომელიც გაუქმებულ ჟენევას ავტო შოუზე უნდა წარდგენილიყო, შეამჩნევთ, რომ ამ ვერსიას ფაქტობრივად ქარხნული გარეგნობა აქვს. Mansory-იმ რამდენიმე ადგილას კარბონის ნაწილები დაამატა და შედეგად საკმაოდ სასიამოვნო, უფრო ლამაზი „ფერარი“ გამოუვიდათ, რაც გერმანული ტიუნინგ ატელიესთვის არადამახასიათებელია.
მექანიკური ცვლილებების შესახებ Mansory-ის არაფერი უთქვამს, მაგრამ ეჭვი გვეპარება, რომ 812 Superfast-ის ქარხნული 800-ცხენისძალიანი, 718 ნმ მაბრუნი მომენტის მქონე V12 ვინმესთვის არასაკმარისი იყოს.
მაგრამ, ჩვენ დღეს Mansory-ზე ვსაუბრობთ, ამიტომ მოსალოდნელია, რომ Softkit-ს Stallone 812 Superfast-ის მექანიკური განახლებების არჩევანიც დაემატოს, რაც 830 ც.ძ. და 740 ნმ-ში აისახება. ყველამ კი იცით, რომ რაც მეტია, მით უკეთესი.
თუ 812 Superfast გყავთ და მისი „ოდნავ გაუმჯობესება“ გსურთ, უბრალოდ გერმანულ ტიუნინგ ატელიეს დაუკავშირდით.