შინაარსზე გადასვლა

ლაშარის ჯვარი (ახმეტა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
04:09, 24 სექტემბერი 2019-ის ვერსია, Jaba1977 (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლაშარის ჯვარი (მრავალმნიშვნელოვანი).

ლაშარის ჯვარი — სალოცავი ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ ჩიღოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, 2 კილომეტრზე, მაღალ გორაზე. იგი თუშეთის ყველა თემის საერთო სალოცავია. დღეობა იმართება აღდგომიდან მე-100 დღეს. ხატს აქვს თავისი საყანე მიწა და ტყე.

კომპლექსში შედის: ჯვარის კარი, სასანთლე კოშკი (მილიონა), საკურთხეველი, სამსხვერპლო, დარბაზი, სადროშე, საზარე, და კოშკებიანი გალავანი. ყველა ნაგებობა უსაძირკვლოა, ნაშენია ფიქლით, მშრალად. სასანთლე კოშკი დგას ჯვარის კარის მისასვლელთან. გეგმით სწორკუთხაა, ზემოთკენ ოდნავ შევიწროვებული. აქვს ორი პატარა ნიში. ერთი სამხრეთ კედლის ზედა ნაწილშია, მეორე – დასავლეთ კედლის ქვედა ნაწილში. სასანთლეს პირამიდული ხუთსაფეხურიანი სახურავი აქვს, რომლის ზედა საფეხურზე მთის ბროლი (ხინჭრიკვა) დევს. საკურთხეველი სასანთლე კოშკის დასავლეთ კედლის წინაა. ლაშარობას აქ სანთლებს ანთებდნენ, აქვე აწყობდნენ რიტუალურ კვერებს. საკურთხევლის გვერდით სამსხვერპლოა (სასაკლაო) – ხელოვნურად დავაკებული და სიპით მოგებული პატარა ადგილი, საიდანაც იწყება მთის მკვეთრი დაქანება, რომელზედაც აგორებდნენ ლაშარის სახელზე შეწირულ ზვარაკებს. ტაფობში ზვარაკს ატყავებდნენ. ტყავები ლაშარობას ჯირითში გამარჯვებულთ ჯილდოდ ურიგდებოდათ. დარბაზი სასანთლეს სამხრეთიდან აქვს მიდგმული. გეგმით სწორკუთხაა. გარედან კედლები ალაგ-ალაგ ლამით არის შელესილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. შიგნით, დასავლეთ კედელში პატარა სამკუთხა ნიშია. ჩრდილოეთ კედელზე სამი საფეხურია მოწყობილი. მათგან ზედა სასანთლეა, ხოლო ქვედა - სკამი. ლაშარობას სასანთლეზე სანთლებს ანთებდნენ და ხმიადებს აწყობდნენ. დარბაზის სამხრეთ კედელთან ხის მერხი დგას, ხოლო შუაში – ხის მოჩუქურთმებული სავარძელი (ხელოსნის „საბძანი“). აღმოსავლეთ კედელთან სიპით ნაგები სკამია. დარბაზის იატაკზე ფიქალია მოგებული. სახურავი ორფერდაა, დაბურულია ფიქლით. დარბაზის მთავარი, სამხრეთ ფასადის წინ დარბაზის კარია – ყორედ ამოყვანილი კედლით შექმნილი მოგრძო ბაქანი, რომელიც დარბაზის სახურავის წინ წამოწეული ნაწილითაა გადახურული.