ზემო ალვანის სამების ეკლესია
ზემო ალვანის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს საქართველოში, კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ალვანის სამხრეთით განაპირას სასაფლაოზე. განეკუთვნება XVI საუკუნეს.
სამების ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია (13.8X13 მ); მისი ქვედა ნაწილი აგურითა და უსწორო ფორმის ქვის ფილებითაა ნაშენი. საბჯენი თაღები, კამარები, გარეთა კუთხეები, შესასვლელები, სარკმლები, დეკორატიული ჯვრები ფასადზე და გუმბათის ყელი — აგურისაა. მოგვიანებით შეკეთების დროს, ეკლესიის შიგნით და გარედან შეულესავთ და შეუერთებიათ. შესასვლელები ორია: დასავლეთით და სამხრეთით. ორივე კარი სწორკუთხაა. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე გუმბათია აღმართული, რომელიც ისრული ფორმის აფრების მეშვეობით ოთხ ისრულ თაღს ეყრდნობოდა. ისრული ფორმა აქვთ დანარჩენ თაღებსაც და კამარებსაც. გუმბათქვეშა დასავლეთის ორივე ბოძი იატაკიდან 3 მ სიმაღლეზე გეგმით წრიულია. ბოძებიდან დასავლეთ მიმართულებით გადაყვანილი საბჯენი თაღების საყრდენ პილასტრებსაც ქვედა ნაწილი მომრგვალებული აქვთ. აღმოსავლეთი მკლავი ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული. აფისიდის წინ ბემაა. დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა. აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია, რომლის მარჯნივ პატარა კვადრატული ნიშია. აფსიდში აგურის ტრაპეზი დგას. საკურთხევლის იატაკი ორი საფეხურით შემაღლებულია, რამდენიმე წინააწამოწეული და ნახევარწრიული ამბიონი აქვს. საკურთხევლის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვანეა.
სამკვეთლო გეგმით კვადრატულია, განათებულია აღმოსავლეთ თაღოვანი სარკმლით. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში, მიგრით განლაგებული, ორი სწორკუთხა ნიშია, ხოლო ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში — ერთი. სამკვეთლოს ორი შესასვლელი აქვს: საკურთხევლიდან (გვიანდელია) და ჩრდილოეთ მკლავიდან.
სადიაკვანე, რომელიც თავდაპირველად ეგვტერი ყოფილა, აღმოსავლეთით ღრმა აფსიდითაა დასრულებული. აფსიდის ღერძზე ფართო თაღოვანი სარკმელია, ხოლო ჩრდილოეთ კედელში — საკურთხეველში გასასვლელი კარი (გვიანდელია). შესასვლელი ეგტერს დასავლეთიდან ჰქონდა, რომელიც მოგვიანებით ამოაშენეს.
ეკლესიის დასავლეთ ნაწილში მდებარე კუთხის სივრცეები ჯვრის შესაბამისი მკლავებისაკენ თითო მაღალი, შეისრული თაღითაა გახსნილი. ამ სივრცეების ზემოთ თითო მცირე ზომის სარკმელია კუთხის სივრცეების დასავლეთ კედელში. აღმოსავლეთ ფასადზე საკურთხევლის სარკმლის ზემოთ, ერთ დონეზე, განლაგებულია ისრული თაღით დასრულებული ოთხი ბრტყელი ნიში.
სამხრეთ ფასადზე სარკმლის ზემოთ ფრონტონის ღერძზე, წყობის შეღრმავებით გამოყვანილია საფეხუროვან პოსტამენტზე დადგმული წვრილი ჯვარი, რომლის მარჯნივ, ოდნავ ზემოთ, ერთი ბრტყელი ნიშია. თითო შეღრმავებული ჯვარია დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავების ფასადების ღერძებზეც.
გუმბათის ყელი სიმაღლეში ლილვით გამიჯნულ ორ არათანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. ქვედა უფრო მაღალი ნაწილი რვაწახნაგაა, ხოლო ზედა — ცილინდრული. წახნაგოვანი ნაწილს წიბოებს, მთელ სიმაღლეზე, ლეკალური აგურით ნაწყობი განიერი ლილვი აუყვება. თითოეული წახნაგის გვერდზე გაჭრილია ვიწრო და მაღალი თაღოვანი სარკმელი, რომელთა გადახურვის დონეზე ერთმანეთზე ბოლოებით გადაბმული სამ-სამი ისრული თაღი და მათ თავზე ვიწრო ხერხულა ზოლია გამოყვანილი. ყელი დასრულებულია აგურით ნაწყობი მარტივი პროფილის (ბატიყელა და ლილვი) დაბალი ლავგარდანით. მსგავსი პროფილისაა მკლავებს შორის მოქცეული ნაწილების ლავგარდანიც. გუმბათი დასრულებულია აგურისავე კონუსური სახურავით.
ეკლესიის დასავლეთ ფრონტონზე დაშენებულია გეგმით კვადრატული, ოთხივე მხარეს ვიწრო თაღებით გახსნილი და თუნუქის პირამიდული სახურავით გადახურული პატარა სამრეკლო (გვიანდელია).
ეკლესიის ფასადები დასრულებულია შირიმის მაღალი ლავგარდნით, რომლის პროფილს თარო, ოდნავ შეზნექილი მრუდი ზედაპირი და ლილვი შეადგენს. მოგვიანებით ლავგარდნის ჩამოშლილი ნაწილები აგურის წყობით შეუვსიათ. ეკლესია გადახურულია ღარიანი კრამიტით.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 83-84.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ზემო ალვანის სამების ეკლესია“ ვიკისაწყობში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12855