ნუში
ნუში | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩვეულებრივი ნუში ყვავილობისას | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Prunus subgen. Amygdalus (L.) Focke, 1894 | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
|
ნუში (ლათ. Amygdalus) — მცენარეთა ქვეგვარი ვარდისებრთა ოჯახის ქლიავისებრთა ქვეოჯახისა. ცნობილია 40-მდე სახეობა, რომელიც გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ცენტრალურ აზიამდე. კავკასიაში იზრდება 7 სახეობამდე, საქართველოში კი მხოლოდ 2. მათგან ერთი — ჩვეულებრივი ნუში (ლათ. Prunus communis) კულტივირებულია. მისი სიმაღლე 10 მ აღწევს. აქვს თეთრი ან მოვარდისფრო ყვავილი. არჩევენ მის ტკბილ და მწარეთესლიან, თხელ და სქელნაჭუჭა ფორმებს. თესლი შეიცავს გლუკოზიდ ამიგდალინს, რომელიც ტკბილ ფორმებში ოდნავ შეიმჩნევა. გავრცელებულია მთის შუა სარტყლამდე. მისი გაველურებული ფორმები ქმნის რაყას. მეორე სახეობა, ენდემური ქართული ნუში (ლათ. Prunus georgica), ბუჩქია, რომლის სიმაღლე 1-1,5 მ აღწევს. გამოირჩევა კაშკაშა ვარდისფერი ყვავილებით. იზრდება აღმოსავლეთ საქართველოში, ქმნის რაყას, მისი დიდი მასივებია გარეკახეთში, სოფელ სათაფლესთან (წარსულში მალხაზიანი, კრასნოგორსკი, აზამბური) და ქოჩორას მთის დასავლეთ კალთებზე ხევებში. გვხვდება ქართლშიც — ქარელთან, ტირიფონის ველზე სოფელ ხურვალეთთან, სამთავისთან, კასპთან. მისი გამოყენება შეიძლება ფერდობების გასამაგრებლად, ატმის, ტკბილი ნუშის, ქლიავისა სხვა კურკოვანი მცენარეების საძირედ.
ნუში სინათლის მოყვარული, გვალვა- და შედარებით ყინვაგამძლეა. კარგად ხარობს ფხვიერ კირიან ნიადაგზე. იზრდება ქვიან და კლდოვან დამრეც ზედაპირზე ზღვის დონიდან 800-1600 მ (ბუხარის ნუში 2500 მ-მდე ადის), ამჯობინებს კალციუმით მდიდარ ნიადაგს. იზრდება მცირე ჯგუფებად (3-4 წამონაზარდიდან), რომლებიც ერთმანეთისგან 5-7 მეტრითაა დაშორებული. მზისმოყვარულია და ადვილად იტანს სიმშრალეს კარგად განვითარებული ფესვების სისტემის წყალობითა და ეკონომიური ტრანსპირაციით. ყვავილობს მარტ-აპრილში, ზოგან თებერვალშიც, ნაყოფი ივნის-ივლისში მწიფდება. მსხმოიარობას იწყებს 4-5 წლის ასაკიდან და 30-50 წლამდე აგრძელებს. ცოცხლობს 130 წლამდე. მრავლდება თესლებითა და ფესვების წამონაზარდებით. იტანს −25°с ყინვას, თუმცა ვეგეტაციის დაწყების შემდეგ ადვილად ზიანდება გაზაფხულის ყინვებისგან. იზრდება ბუჩქის ან მცირე ზომის ხის სახით მოწითალო ფერის ტოტებით. აღწევს 3-8 მეტრს, ლანცეტისმაგვარი ფოთლებით, რითაც ალუბალს ემსგავსება. მშრალი თესლი (ნუშის გული) შეიცავს 54% ცხიმს, 21% აზოტოვან ნივთიერებებს, 13% უაზოტო ნივთიერებებს, 4% უჯრედის, 6% წყალს და 2% ნაცარს.
ნუშის მწარმოებელი 10 უმსხვილესი ქვეყანა 2010-ში[1] | ||
---|---|---|
ქვეყანა | წარმოება (მილიონი ტონა) |
მოსავალი (ტონა/ჰექტარზე) |
ამერიკის შეერთებული შტატები | 1.41 | 4.85 |
ესპანეთი | 0.22 | 4.08 |
ირანი | 0.16 | 0.93 |
მაროკო | 0.10 | 0.98 |
იტალია | 0.086 | 1.11 |
სირია | 0.073 | 1.64 |
ტუნისი | 0.063 | 0.32 |
თურქეთი | 0.055 | 3.23 |
ალჟირი | 0.044 | 1.47 |
ჩინეთი | 0.038 | 3.1 |
ჯამში მსოფლიოში | 2.51 | 1.5 |
2010 წლის მონაცემებით მსოფლიოში იწარმოება 2.51 მილიონი ტონა, მათ შორის ყველაზე დიდი მწარმოებელია ამერიკის შეერთებული შტატები — 1.41 მილიონი ტონა წელიწადში.[2] ნაყოფი გამოიყენება საკონდიტრო მრეწველობაში ნუშის ზეთის გამოსახდელად — ღვინის შესაფერავად, კონიაკის წარმოებაში. ნუშის ზეთს ხმარობენ კულინარიაში, პარფიუმერიასა და მედიცინაში, ნუშის ქატოს - კოსმეტიკაში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- INC, International Nut and Dried Fruit Council Foundation
- Almond Board of California
- University of California Fruit and Nut Research and Information Center დაარქივებული 2012-12-06 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Top Almond with Shell Production, 2010. FAO (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-16. ციტირების თარიღი: 2012-09-17.
- ↑ Food and Agriculture Organization of the United Nations. Faostat.fao.org (2012-02-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-19. ციტირების თარიღი: 2012-08-14.