შინაარსზე გადასვლა

ნუში

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნუში

ჩვეულებრივი ნუში ყვავილობისას
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  ვარდისებრნი
გვარი:  ქლიავი
ქვეგვარი:  ნუში
ლათინური სახელი
Prunus subgen. Amygdalus (L.) Focke, 1894
სინონიმები

ნუში (ლათ. Amygdalus) — მცენარეთა ქვეგვარი ვარდისებრთა ოჯახის ქლიავისებრთა ქვეოჯახისა. ცნობილია 40-მდე სახეობა, რომელიც გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ცენტრალურ აზიამდე. კავკასიაში იზრდება 7 სახეობამდე, საქართველოში კი მხოლოდ 2. მათგან ერთი — ჩვეულებრივი ნუში (ლათ. Prunus communis) კულტივირებულია. მისი სიმაღლე 10 აღწევს. აქვს თეთრი ან მოვარდისფრო ყვავილი. არჩევენ მის ტკბილ და მწარეთესლიან, თხელ და სქელნაჭუჭა ფორმებს. თესლი შეიცავს გლუკოზიდ ამიგდალინს, რომელიც ტკბილ ფორმებში ოდნავ შეიმჩნევა. გავრცელებულია მთის შუა სარტყლამდე. მისი გაველურებული ფორმები ქმნის რაყას. მეორე სახეობა, ენდემური ქართული ნუში (ლათ. Prunus georgica), ბუჩქია, რომლის სიმაღლე 1-1,5 მ აღწევს. გამოირჩევა კაშკაშა ვარდისფერი ყვავილებით. იზრდება აღმოსავლეთ საქართველოში, ქმნის რაყას, მისი დიდი მასივებია გარეკახეთში, სოფელ სათაფლესთან (წარსულში მალხაზიანი, კრასნოგორსკი, აზამბური) და ქოჩორას მთის დასავლეთ კალთებზე ხევებში. გვხვდება ქართლშიც — ქარელთან, ტირიფონის ველზე სოფელ ხურვალეთთან, სამთავისთან, კასპთან. მისი გამოყენება შეიძლება ფერდობების გასამაგრებლად, ატმის, ტკბილი ნუშის, ქლიავისა სხვა კურკოვანი მცენარეების საძირედ.

ნუში სინათლის მოყვარული, გვალვა- და შედარებით ყინვაგამძლეა. კარგად ხარობს ფხვიერ კირიან ნიადაგზე. იზრდება ქვიან და კლდოვან დამრეც ზედაპირზე ზღვის დონიდან 800-1600 მ (ბუხარის ნუში 2500 მ-მდე ადის), ამჯობინებს კალციუმით მდიდარ ნიადაგს. იზრდება მცირე ჯგუფებად (3-4 წამონაზარდიდან), რომლებიც ერთმანეთისგან 5-7 მეტრითაა დაშორებული. მზისმოყვარულია და ადვილად იტანს სიმშრალეს კარგად განვითარებული ფესვების სისტემის წყალობითა და ეკონომიური ტრანსპირაციით. ყვავილობს მარტ-აპრილში, ზოგან თებერვალშიც, ნაყოფი ივნის-ივლისში მწიფდება. მსხმოიარობას იწყებს 4-5 წლის ასაკიდან და 30-50 წლამდე აგრძელებს. ცოცხლობს 130 წლამდე. მრავლდება თესლებითა და ფესვების წამონაზარდებით. იტანს −25°с ყინვას, თუმცა ვეგეტაციის დაწყების შემდეგ ადვილად ზიანდება გაზაფხულის ყინვებისგან. იზრდება ბუჩქის ან მცირე ზომის ხის სახით მოწითალო ფერის ტოტებით. აღწევს 3-8 მეტრს, ლანცეტისმაგვარი ფოთლებით, რითაც ალუბალს ემსგავსება. მშრალი თესლი (ნუშის გული) შეიცავს 54% ცხიმს, 21% აზოტოვან ნივთიერებებს, 13% უაზოტო ნივთიერებებს, 4% უჯრედის, 6% წყალს და 2% ნაცარს.

ნუშის მწარმოებელი 10 უმსხვილესი ქვეყანა
2010-ში[1]
ქვეყანა წარმოება
(მილიონი ტონა)
მოსავალი
(ტონა/ჰექტარზე)
აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები 1.41 4.85
ესპანეთის დროშა ესპანეთი 0.22 4.08
ირანის დროშა ირანი 0.16 0.93
მაროკოს დროშა მაროკო 0.10 0.98
იტალიის დროშა იტალია 0.086 1.11
სირიის დროშა სირია 0.073 1.64
ტუნისის დროშა ტუნისი 0.063 0.32
თურქეთის დროშა თურქეთი 0.055 3.23
ალჟირის დროშა ალჟირი 0.044 1.47
ჩინეთის დროშა ჩინეთი 0.038 3.1
ჯამში მსოფლიოში 2.51 1.5


2010 წლის მონაცემებით მსოფლიოში იწარმოება 2.51 მილიონი ტონა, მათ შორის ყველაზე დიდი მწარმოებელია ამერიკის შეერთებული შტატები — 1.41 მილიონი ტონა წელიწადში.[2] ნაყოფი გამოიყენება საკონდიტრო მრეწველობაში ნუშის ზეთის გამოსახდელად — ღვინის შესაფერავად, კონიაკის წარმოებაში. ნუშის ზეთს ხმარობენ კულინარიაში, პარფიუმერიასა და მედიცინაში, ნუშის ქატოს - კოსმეტიკაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Top Almond with Shell Production, 2010. FAO (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-16. ციტირების თარიღი: 2012-09-17.
  2. Food and Agriculture Organization of the United Nations. Faostat.fao.org (2012-02-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-19. ციტირების თარიღი: 2012-08-14.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ნუში&oldid=4656962“-დან