შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრა საქსენ-ალტენბურგელი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრა საქსენ-ალტენბურგელი
სრული სახელი
ალექსანდრა ფრედერიკა ჰენრიეტა პაულინა მარიანა ელიზაბეთი
წოდებები
რუსეთის დიდი მთავარი
დაიბადა 8 ივლისი, 1830
ალტენბურგი, გერმანია
გარდაიცვალა 6 ივლისი, 1911, (80 წლის)
სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
საგვარეულო საქსენ-ალტენბურგები
მეუღლე(ები) კონსტანტინე ნიკოლაევიჩი, რუსეთის დიდი მთავარი
(ქ. 1848 - გარდ. 1892)
შვილ(ებ)ი დიდი მთავარი ნიკოლოზი
ოლღა, საბერძნეთის დედოფალი
ვერა, ვიურტემბერგის ჰერცოგინია
დიდი მთავარი კონსტანტინე
დიდი მთავარი დიმიტრი
დიდი მთავარი ვიაჩესლავი
მამა იოზეფი, საქსენ-ალტენბურგის ჰერცოგი
დედა ამალია ვიურტემბერგელი
რელიგია ჯერ ლუთერანობა
შემდეგ მართლმადიდებლობა

ალექსანდრა საქსენ-ალტენბურგელი (გერმ. Alexandra von Sachsen-Altenburg), სრული სახელია ალექსანდრა ფრედერიკა ჰენრიეტა პაულინა მარიანა ელიზაბეთ ფონ საქსენ-ალტენბურგი (გერმ. Alexandra Frederike Henriette Pauline Marianne Elisabeth von Sachsen-Altenburg), აგრეთვე ცნობილია, როგორც ალექსანდრა იოსებოვნა (რუს. Александра Иосифовна; დ. 8 ივლისი, 1830, ალტენბურგი, გერმანია ― გ. 6 ივლისი, 1911, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი) ― გერმანელი პრინცესა, საქსენ-ალტენბურგის ჰერცოგ იოზეფის ქალიშვილი. რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ძის, დიდ მთავარ კონსტანტინეს მეუღლე 1848-1892 წლებში. საბერძნეთის დედოფალ ოლღა კონსტანტინოვნას დედა და მისი ხაზით ბრიტანეთის, ესპანეთის, საბერძნეთის, იუგოსლავიისა და რუმინეთის მონარქთა წინაპარი.

პრინცესა ალექსანდრა დაიბადა 1830 წლის 8 ივლისს ალტენბურგში. იგი იყო საქსენ-ალტენბურგის ჰერცოგ იოზეფისა და მისი მეუღლის, პრინცესა ამალია ვიურტემბერგელის ქალიშვილი. ალექსანდრას სულ ხუთი და ჰყავდა: მარია, პაულინა, ჰენრიეტა, ელიზაბეთი და ლუიზა. იგი მათთან ერთად იზრდებოდა ალტენბურგის სასახლეში და იღებდა განათლებას, რომელიც სამომავლოდ მას სარფიანად გათხოვებაში უნდა დახმარებოდა.

1846 წლის ზაფხულში, ალტენბურგში იგი შეხვდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ისა და იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდოროვნას (ქალიშვილობაში შარლოტა პრუსიელი) შუათანა ძეს, დიდ მთავარ კონსტანტინე ნიკოლაევიჩს. დიდი მთავარი მათ სასახლეში სულ რამდენიმე დღით დარჩა. მისი ეს ვიზიტი ალექსანდრას დეიდის, დიდ მთავარ ელენა პავლოვნას მოწყობილი იყო. ვინაიდან ელენა პავლოვნას დიდი გავლენა ჰქონდა კონსტანტინეზე, იგი მისი თხოვნით დაუახლოვდა პრინცესა ალექსანდრას და აღმოჩნდა, რომ საერთო მუსიკალური ინტერესები ჰქონდათ, რის შემდეგაც დიდმა მთავარმა პრინცესა თავისთან მიიწვია და სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორიაში ჩაბარება შესთავაზა.

ალექსანდრა თავის შვილებთან ერთად 1863 წელს

1847 წლის 12 ოქტომბერს ალექსანდრა რუსეთში ჩავიდა მუსიკალური განათლების მისაღებად. ამ პერიოდში დიდი მთავარი კონსტანტინე მისით მოიხიბლა. როგორც ამბობენ, იგი მას თავის დას, ჰესენ-კასელის პრინცესა ალექსანდრა ნიკოლაევნას ახსენებდა, რომელიც მშობიარობისას დაიღუპა. მალევე წყვილმა დაახლოვება დაიწყო და 1848 წლის თებერვალში იგი მართლმადიდებლადაც მოექცა ალექსანდრა იოსებოვნას სახელით. იმავე წლის 11 სექტემბერს ზამთრის სასახლეში ისინი დაქორწინდნენ, რის შემდეგაც პავლოვსკის სასახლეში გადავიდნენ საცხოვრებლად.

ალექსანდრასა და კონსტანტინეს სულ ექვსი შვილი შეეძინათ, აქედან ორი გოგონა და ოთხი ვაჟი. უკვე 1867 წელს მისი უფროსი ქალიშვილი, ოლღა კონსტანტინოვნა საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ზე დაქორწინდა. ცნობილია, რომ ოლღამ და გეორგიოსმა თავის უფროს შვილებს: დიადოქოს კონსტანტინოსსა და პრინცესა ალექსანდრას სახელები სწორედ ოლღას მშობლების პატივსაცემად დაარქვეს.

ცნობილია, რომ 1860-იანი წლების დამლევს დიდ მთავარ კონსტანტინეს საყვარლისაგან უკანონო შვილი გაუჩნდა, სახელად მარია კონდუსო, რომელიც ალექსანდრას ბრძანებით დაბადებისთანავე გააგზავნეს საბერძნეთში, დედოფალ ოლღასთან, რათა რუსეთის კარზე სკანდალი აეცილებინათ თავიდან. მიუხედავად ამისა, კონსტანტინემ განაგრძო ახალ-ახალ ქალებთან ურთიერთობა. მას რომანი ჰქონდა ანა ვასილიევნა კუზნეცოვასთან, რომელიც მასზე ოცი წლით უმცროსი იყო და რომელთანაც კონსტანტინეს ოთხი უკანონო შვილი ჰყავდა.

ალექსანდრა თავის ქალიშვილ ოლღასთან, მის შვილიშვილ მარიასთან და მის ვაჟ ლენარტთან ერთად, 1909 წელი.

დაქვრივება და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1889 წლის ივნისში პეტერბურგში ალექსანდრას შვილიშვილი, საბერძნეთისა და დანიის პრინცესა ალექსანდრა ჩადის და ქორწინდება დიდ მთავარ პავლე ალექსანდროვიჩზე, რომელიც იმპერატორ ალექსანდრე III-ის უმცროსი ძმა იყო. საქორწინო ზეიმის გადავლის შემდეგ დიდ მთავარ კონსტანტინე ნიკოლაევიჩს ინსულტმა დაარტყა, რასაც მალევე მეორე ინსულტი მოჰყვა, რის გამოც მან დაკარგა მეტყველებისა და სიარულის უნარი.

დარჩენილი ცხოვრება ჩალოგინებულმა კონსტანტინემ პავლოვსკის სასახლეში გაატარა, ალექსანდრას მზრუნველობის ქვეშ. ვინაიდან მას აღარაფრის კეთება აღარ შეეძლო, ალექსანდრამ ამით ისარგებლა და სამეფო კარიდან გააძევა მისი საყვარელიცა და უკანონო შვილებიც, რომელთაც მამასთან ამის შემდეგ კონტაქტი აეკრძალათ. მათი შვილიშვილი, საბერძნეთის პრინცი ქრისტოფერი იხსენებდა, რომ ამ ამბავმა კონსტანტინე იმდენად გაამწარა, რომ ერთხელ მან ალექსანდრა თმით მოქაჩა და ჯოხით სცემა. როდესაც პრინცი ქრისტოფერი ამ ამბავს შეესწრო მხოლოდ ოთხი წლის იყო, ამიტომ დანამდვილებით არაა ცნობილი ეს ფაქტი როგორ მოხდა, ან მართლა მოხდა თუ არა.

დიდი მთავარი კონსტანტინე საბოლოოდ 1892 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა, 64 წლის ასაკში. როგორც ცნობილია, ამ დროს ალექსანდრამ კონსტანტინეს საყვარელ ანა კუზნეცოვას ნება დართო, რომ მის დაკრძალვაზე მისულიყო და მისთვის ელოცა. თავად ალექსანდრა გარდაიცვალა 1911 წლის 6 ივლისს სანქტ-პეტერბურგში, 80 წლის ასაკში, თავის 81-ე დაბადების დღემდე სულ 2 დღით ადრე. დაკრძალულია დიდ მთავართა მავზოლეუმში, პეტერბურგში.

სახელი სურათი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
ნიკოლოზი 14 თებერვალი, 1850

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

26 იანვარი, 1918

ტაშკენტი, უზბეკეთი

(67 წლის)

რუსეთის დიდი მთავარი. ცოლად შეირთო ნადეჟდა ალექსანდროვნა ფონ დრეიერი,

რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი.

ოლღა 3 სექტემბერი, 1851

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

18 ივნისი, 1926

რომი, იტალია

(74 წლის)

ცოლად გაჰყვა საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ს, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი,

მათ შორის მომავალი მეფე კონსტანტინოს I. იგი არის ედინბურგის ჰერცოგ ფილიპეს

ბებია და ესპანეთის დედა-დედოფალ სოფიას დიდი ბებია.

ვერა 16 თებერვალი, 1854

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

11 აპრილი, 1912

შტუტგარტი, გერმანია

(58 წლის)

თავისი მამიდის, ვიურტემბერგის დედოფალ ოლღა ნიკოლაევნასა და მეფე კარლ I-ის

შვილობილი, ცოლად გაჰყვა ვიურტემბერგის ჰერცოგ ევგენის, რომელთანაც

შეეძინა სამი შვილი.

კონსტანტინე 22 აგვისტო, 1858

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

15 ივნისი, 1915

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

(56 წლის)

რუსეთის დიდი მთავარი. ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, პრინცესა ელიზაბეთ

საქსენ-ალტენბურგელი, რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი.

დიმიტრი 13 ივნისი, 1860

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

28 იანვარი, 1919

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

(58 წლის)

რუსეთის დიდი მთავარი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო.
ვიაჩესლავი 13 ივლისი, 1862

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

27 თებერვალი, 1879

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

(16 წლის)

რუსეთის დიდი მთავარი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო.
  • King, Greg, and Wilson, Penny. Gilded Prism. Eurohistory, 2006. ISBN 0-9771961-4-3
  • Zeepvat, Charlotte. Romanov Autumn. Sutton Publishing, 2000. ISBN 0-7509-2739-9
  • Kirill Vladimirovich, Grand Duke. My Life in Russia’s Service. London: Selwyn and Blount, 1939.