შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე მანთაშევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე მანთაშევი

ალექსანდრე მანთაშევი (სომხ. Ալեքսանդր Մանթաշյան; დ. 1842, თბილისი — გ. 19 აპრილი 1911, სანქტ-პეტერბურგი) — უმსხვილესი ნავთობის მაგნატი და ფილანტროპი, თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი.

მანთაშევი დაიბადა თბილისში სომხურ ოჯახში. ბავშვობის დიდი ნაწილი გაატარა თავრიზში, სადაც მისი ოჯახი დაკავებული იყო ბამბისა და ტექსილის გაყიდვებით. იგი იყო ერთადერთი შვილი ოჯახში და აქტიურად ერთვებოდა მამის კომერციულ საქმეებში.

დაამთავრა ჰალუსტ პაპაზიანის კერძო სკოლა და გაემგზავრა სპარსეთში.1869 წელს გადავიდა მანჩესტერში. სამი წელი მანჩესტერში გაატარა, სადაც კომერციის ევროპულ პრაქტიკასთან ერთად ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენებიც შეისწავლა. 1872 წელს დაბრუნდა მამასთან თბილისში, მალევე სასტუმრო „კავკასიის“ პირველ სართულზე მათ გახსნეს ბამბის მაღაზია. 1887 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, მან მიიღო თბილისის ცენტრალური კომერციული ბანკის აქციების უმრავლესობა — 200 ათასი მანეთი. ამ ფულით მან თბილისში კომერციული ბანკის საკონტროლო პაკეტი შეიძინა, ჯერ მთავარი აქციონერი, მალე კი ბანკის ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარე გახდა. საცალოს ნაცვლად, საბითუმო ვაჭრობაზე გადავიდა. ცოტა მოგვიანებით მანთაშევმა დღევანდელი კოტე აფხაზის ქუჩაზე ქარვასლა ააგო და შარდენის ქუჩაზე სავაჭრო რიგი დააფუძნა. 1890 წელს არჩეული იყო თბილისის სათათბიროს ხმოსნად. 1899 წელს ალექსანდრე მანთაშევმა მიქაელ არამიანცთან ერთად დააფუძნა ნავთობმომპოვებელი და სავაჭრო საზოგადოება „ა. ი. მანთაშევი და კომპანია“, რომლის საწყისი კაპიტალი 22 მილიონ მანეთს შეადგენდა.

ალექსანდრე მანთაშევი 1911 წელს სანქტ-პეტერბურგში გარდაიცვალა. თბილისური სომხური გაზეთი „მშაკი“ ასე გამოეხმაურა მის გარდაცვალებას: „სომხური ქველმოქმედების სფეროდან წავიდა უდიდესი პიროვნება, რომლის მსგავს ადამიანს დიდხანს ვეღარ იხილავს სომხური სავაჭრო კლასი“. ანდერძის თანახმად, მანთაშევის ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს და ვანქის ტაძარში დაკრძალეს. როცა საბჭოთა ხელისუფლების წლებში ტაძარი დაანგრიეს, მისი საფლავიც დაიკარგა.

  • ჯანელიძე ო., „ზუბალაშვილები, დავით სარაჯიშვილი, აკაკი ხოშტარი, მიტროფონე ლაღიძე და სხვანი...“ თბ., 2020

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]