შინაარსზე გადასვლა

ალტერნატიული სამხედრო სამსახური

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალტერნატიული სამხედრო სამსახური არსებობს ისეთ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოს მიერ არის აღიარებული ადამიანის უფლება, უარი ითქვას სამხედრო სამსახურზე მრწამსის გამო. სამხედრო სამსახურზე უარის თქმა მრწამსის გამო შეიძლება მოხდეს როგორც რელიგიური, ისე არარელიგიური (პაციფისტური მსოფლმხედველობა) მოტივით.

საქართველოს კანონმდებლობით, ნებისმიერ სამხედრო ვალდებულს, რომელიც მრწამსის გამო უარს აცხადებს იარაღის გამოყენებაზე, შეუძლია გათავისუფლდეს ასეთი სამსახურის გავლის ვალდებულებისაგან, თუმცა, ეს მას არ ანიჭებს იმის უფლებას, რომ გათავისუფლდეს სამოქალაქო სამსახურისაგან. შესაბამისად, მას შეიძლება დაეკისროს ალტერნატიული სამსახურის შესრულება.

საქართველოს კანონმდებლობა აღიარებს მრწამსის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის უფლებას. იმ პირთა სამართლებრივი მდგომარეობა, რომლებიც უარს აცხადებენ სამხედრო სამსახურზე მრწამსის გამო, წესრიგდება საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით სპეციალური კანონი "არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ" არეგულირებს სამხედრო ვალდებულების არასამთავრობო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

კანონი განსაზღვრავს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, როგორც საზოგადოებრივად სასარგებლო სამოქალაქო სამსახურს, რომელიც ცვლის სამხედრო სამსახურს და ემყარება სამხედრო ვალდებულებების სამხედრო სამსახურის ფორმით მოხდაზე უარის თქმის დასაბუთებას სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების საფუძველზე. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას აწარმოებს მოქალაქეთა სამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია.

სამხედრო ვალდებული საქართველოს მოქალაქე (ე.ი. პირი 18-დან 27 წლამდე), რომელიც აზრის, სინდისის ან რელიგიის გამო უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე, გაიწვევა არასამხედრო, ალტერნატიულ სამსახურში. პირები, რომლებიც გადიან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, დაკავებულნი არიან ისეთი საქმიანობით, რომელიც დაკავშირებულია საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებთან, ეკოლოგიასთან, მშენებლობასთან, სოფლის მეურნეობასთან, ჯანმრთელობასა და კომუნალურ მომსახურებასთან.

კანონის მიხედვით, არასამხედრო, ალტერნატიული შრომით სამსახურის ვადაა 18 თვე უმაღლესი განათლების მქონე პირებისათვის, ხოლო 24 თვე უმაღლესი განათლების არმქონე პირებისათვის. აღსანიშნავია, რომ "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონის მიხედვით. სამხედრო სამსახურის ვადაა 12 თვე უმაღლესი განათლების მქონე პირებისათვის და 24 თვე უმაღლესი განათლების არმქონე პირებისათვის.

კანონი დეტალურად განსაზღვრავს წესებს, პროცედურებსა და პირობებს, რომლებიც გამოიყენებიან არასამხედრო, ალტერნატიული სამსახურის მიმართ, მათ შორის სამხედრო სამსახურისგან განთავისუფლების შესახებ განაცხადთა განხილვასთან დაკავშირებით. პირს, რომელიც ითხოვს არასამხედრო, ალტერნატიული სამსახურის გავლას უფლება აქვს, დაესწროს იმ კომისიის სხდომას, რომელიც წყვეტს ამ საკითხს და დაასაბუთოს თავისი მოსაზრება. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის ან გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის ბრძანებას გამოსცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში 10 დღის განმავლობაში. სასამართლო ვალდებულია, 10 დღის განმავლობაში განიხილოს საკითხი და გამოიტანოს გადაწყვეტილება მინისტრის ბრძანების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას არასამხედრო, ალტერნატიული სამსახურის გაცდენის ან მისთვის თავის არიდებისათვის. "არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ" კანონი ადგენს, რომ არასამხედრო, ალტერნატიული სამსახურის გაცდენილი დღეები გაორმაგდება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ასევე ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ალტერნატიული შრომითი სამსახურისაგან თავის არიდებისათვის.

  • ზურაბიშვილი, დ., გობრონიძე გ., სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი, თბ., 2011. ISBN 978-9941-0-3354-4.