ამიენის საზავო ხელშეკრულება
ამიენის საზავო ხელშეკრულება — ინგლისის ზავი საფრანგეთთან და მის მოკავშირეებთან — ესპანეთსა და ბატავიის რესპუბლიკასთან. დაიდო 1802 წლის 27 მარტს და ლუნევილის ზავთან (1801) ერთად ბოლო მოუღო მეორე ანტიფრანგულ კოალიციას.
ამიენის საზავო ხელშეკრულებით ინგლისს საფრანგეთისა და მისი მოკავშირეებისათვის უნდა დაებრუნებინა წართმეული კოლონიები, გარდა კუნძულ ცეილონისა და კუნძულ ტრინიდადისა. გაეყვანა ჯარი კუნძულ მალტიდან და დაებრუნებინა მალტა იოანიტების ორდენისთვის. საფრანგეთი ვალდებული იყო გამოეყვანა ჯარი რომიდან, ნეაპოლიდან და კუნძულ ელბიდან. ორივე მხარე იძლეოდა ოსმალეთის ომამდელი საზღვრების გარანტიას. ამიტომ ეგვიპტე, საიდანაც საფრანგეთის არმია გაიყვანეს 1801 წლის სექტემბერში, უბრუნდებოდა ოსმალეთს. ამიენის საზავო ხელშეკრულება რატიფიცირებულ იქნა 1802 წლის აპრილში. 13 მაისს მას შეუერთდა ოსმალეთი. ეს ხელშეკრულება იყო დროებითი შესვენება ორივე მხარისთვის, 1803 წლის 22 მაისს საომარი მოქმედება ინგლისსა და საფრანგეთს შორის კვლავ განახლდა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 382.