ამფორა
ამფორა (ძვ. ბერძნ. ἀμφορεύς) — ანტიკური ხანის თიხის, იშვიათად ლითონის, ვიწროყელიანი ორყურა ჭურჯელი. იხმარებოდა ღვინის, ზეთის, მარცვლეულის და სხვათა შესანახად და გადასატანად. არსებობდა სანადიმო ამფორებიც, რომლებიც არქაულ და კლასიკურ ხანაში, ჩვეულებრივ, მოხატული იყო. ცნობილია ანდოკიდეს, ექსეკიას, ამასისისა და სხვათა მოხატული ამფორები. პანათენურ თამაშებში გამარჯვებულებს აჯილდოებდნენ ზეთით სავსე ე. წ. პანათენური ამფორებით.
სოხუმში, ვანში, ქობულეთში, დაბლა-გომში, ბიჭვინთასა და სხვ. აღმოჩენილია ანტიკური სამყაროს სხვადასხვა ცენტრებში (სინოპი, როდოსი, ქიოსი, თასოსი და სხვა) ძვ. წ. VI და შემდგომ საუკუნეებში დამზადებული ამფორები. საქართველოში მზადდებოდა ე. წ. კოლხური ამფორები, რომლებიც აღმოჩენილია საქართველოს ფარგლებს გარეთაც (ყირიმი). ცნობილია ქ. დიოსკურიის დამღიანი ამფორა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაგოშიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 415.