შინაარსზე გადასვლა

აწრისხევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
აწრისხევი

აწრისხევის ციხე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ერედვის მუნიციპალიტეტი
თემი ბელოთი
კოორდინატები 42°17′46″ ჩ. გ. 44°13′27″ ა. გ. / 42.29611° ჩ. გ. 44.22417° ა. გ. / 42.29611; 44.22417
ცენტრის სიმაღლე 1320
აწრისხევი — საქართველო
აწრისხევი
აწრისხევი — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
აწრისხევი
აწრისხევი — ერედვის მუნიციპალიტეტი
აწრისხევი

აწრისხევი,[1][2] აწერისხევისოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ბელოთის თემში.

ვახუშტი ბატონიშვილთან მოიხსენიება როგორც აწერის ხევი. სოფლის სახელწოდება სიტყვა „აღწერა-აწერა“-დან უნდა მოდიოდეს. უწინ მოსახლეობის აღწერის დროს, როგორც ხეობის ზედა სოფლების მთავარი საკვანძო ადგილი, აქ თავს იყრიდა ყველა მონაცემი, ანუ იგი აწერის ადგილი (აწერის ხევი) იყო.[3] სერგი მაკალათიას მიხედვით, სოფელს ეწოდება აწრევი, ძველ სახელად კი მოყვანილი ჰყავს აწერი. ქეთევან გოდერძიშვილს წინანდელ სახელად მოჰყავს აწრი.[4] ოსურად ეწოდება Ацъырсхеу (აწირსხევ).[5]

მდებარეობს მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, გუდისის ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1320 მეტრი, ცხინვალიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 18 კილომეტრი, გორიდან — 55 კილომეტრი.[6][7]

ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით, „აწერის ხევი“ ძველთაგანვე ლიახვის ზედა წელის ცენტრი და მთავარი სიმაგრე იყო; აქ სამასამდე მოსახლე და ათეულობით გვარი ცხოვრობდა. ბოლოს იგი ბელოთის შემდეგ ხეობის ზედაწელის ერთადერთი ქართული სოფელი იყო. მძიმე საცხოვრებელი პირობებისა და ოსური ეთნოსის ექსპანსიის გამო სოფელი თანდათან იცლებოდა ქართველებისგან. 2008 წლის ომამდე აქ სულ 14–15 ოჯახი ცხოვრობდა. ძირითადად — ასკილაშვილები, მარიამიძეები, ვაზაგაშვილები[4] და ინაურები. ეს უკანასკნელნი აქ ამავე ხეობის სოფელ ინაურიდან არიან ჩამოსულნი.[3]

XIV საუკუნეში აწრისხევი მეფე ვახტანგ III-მ უწყალობა ქსნის ერისთავს შალვა ქვენიფნეველს. XVIII საუკუნეში შანშე ქსნის ერისთავმა აქ ციხე ააგო, რომელიც ყიზილბაშთა წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი დასაყრდენი გახდა და ქართლის დაცვის საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. აწრისხევი, ისევე როგორც მთლიანად ხეობა, XVIII საუკუნის 80-იან წლებამდე ქსნის ერისთავებს ეკუთვნოდათ. 1777 წელს ერისთავთა ურჩობის გამო ხეობა იულონ ბატონიშვილის გამგებლობაში გადავიდა.[7]

1910 წლის „კავკასიის კალენდრის“ მიხედვით, შედიოდა რუსეთის იმპერიის თბილისის გუბერნიის გორის მაზრის მთიანი ოსეთის მონაკვეთში.[8] საქართველოს სსრ ადმინისტრაციული დაყოფით — სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონის ბელოთის სოფსაბჭოში.[6] 1991 წელს ცხინვალის რაიონი გაუქმდა და შეუერთდა გორის რაიონს. 2006 წლიდან ერედვის მუნიციპალიტეტშია.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის ვერტმფრენები პირველად 9 აგვისტოს გამოჩნდნენ, შემდეგ სოფელში შევიდნენ რუსი და ოსი სამხედროები. ამას მოჰყვა ადგილობრივთა დაშინება, სროლა, დევნა, მათი სახლების ძარცვა, საქონლისა და ფრინველის დატაცება და კარმიდამოს გადაწვა და, საბოლოოდ, მოსახლეობის დევნილად ქცევა.[9] ამავე წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ,[10] სოფელს დე ფაქტოდ აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა.

წელი მოსახლეობა კაცი ქალი ეთნოსი
1908[8] 101 ქართველები
1939[11] 217 119 98
1970[11] 51 23 28 ქართველი
1979[11] 45 20 25 ქართველი
1989[11] 43 19 24 ქართველი (58%)
ოსი (39%)
2002[12] 18 9 9 ოსი (61%)
ქართველი (39%)

საბჭოთა პერიოდში შედიოდან ერედვის მერძევეობა-მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობაში.[6] სოფლის მეურნეობის მეწინავე დარგია მეცხოველეობა.[7]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის განაპირას, დასავეთით, მაღალ გორაკზე, დგას IX-X საუკუნეების მარიამის ერთნავიანი ეკლესია. გადამხურავი კამარა ეყრდნობა პილასტრების ერთ წყვილზე ამოყვანილ საბჯენ თაღს, დასავლეთით — კრონშტეინებზე ამოყვანილ კედლის თაღს. ინტერიერი შელესიალია, საინტერესოდ არის გადაწყვეტილი სწორკუთხა საკურთხეველი. იგი ეკლესიის ისატაკის დონეზე ერთი საფეხურით მარალია, გადახურულია კონქით და ძირითადი მოცულობისაგან სამთაღიანი ქვის კანკელით არის გამოყოფილი. ინტერიერი ნათდებოდა 3 სარკმლით — აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ერთადერთი, არქიტრავით გადახურული კარი დასავლეთიდან აქვს. ეკლესია ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვის სწორი რიგებით, გადახურულია ქვის ფილებით. ფასადები სადაა. ამ ტიპის ეკლესიები ძირითადად გავრცელებული იყო შიდა ქართლის მთიან რაიონებში და ხევში. გვხვდება აგრეთვე ქვემო ქართლში, სვანეთსა და კახეთში.[7]

იქვე ახლოს დგას 1899 წელს აგებული ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია. იქ მარიამიძეები ლოცულობდნენ. გვიან შუა საუკუნეებს განეკუთვნება ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია. სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით ოთხ კილომეტრში მდებარეობს ჭრიის ციხე ეკლესიით და სამრეკლოს ნაშთით. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი ნამოსახლარია.[3]

მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა მხარეს, მაღალი ქედის ფერდობზე დგას აწრისხევის ციხე (XVII–XVIII სს.), რომლის შესადარი ციხე ამ ხეობაში არ შემონახულა. გალავანი ნაშენია ადგილობრივი ქვის თანაბარი ზომის კვადრებით.ციხის გალავანი, გარდა სამხრეთი კედლისა, მიწასთან არის გასწორებული. ციხის შიდა ტერიტორიაზე მრავალი ნაგებობის ნაშთია, რომელთა გეგმის დადგენა გათხრის გარეშე შეუძლებელია. გალავნის დასავლეთით, უკიდურეს ზედა ნაწილში, კედელზე მიშენებული სწორკუთხა შენობის ნაშთია, რომლის დასავლეთ კედელში ბუხარია შემორჩენილი.

სოფლის სიახლოვეს დგას ასევე აწრისხევის კოშკი.

რეკომენდებული ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ზაქარაია პ., ლარგვისის არქიტექტურული ანსამბლი // ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, 1956.
  • Шмерлинг Р. О., Закарая П. П., Три неизвестных памятника // „მაცნე“. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორია, 1971, № 2.
  1. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 19.
  2. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 25.
  3. 3.0 3.1 3.2 პატარა ლიახვის ხეობა // ლიახვის ხეობა : ჟურნ., თბ.: „კოლორი“, დეკემბერი, 2020, № 9, გვ. 29.
  4. 4.0 4.1 გოდერძიშვილი ქ., ცხინვალის რეგიონის გეოგრაფიული სახელები, თბ.: „უნივერსალი“, 2015. — გვ. 20.
  5. Цховребова 3. Д. Ойконимия Осетии. — Цхинвали, 2003. — стр. 6.
  6. 6.0 6.1 6.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 76.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 გვასალია ჯ., ზაქარაია პ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 271.
  8. 8.0 8.1 Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 192.
  9. ხიდაშელი თ., აგვისტოს ნანგრევებში, თბ., 2009. — გვ. 143–145.
  10. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. matsne.gov.ge (28 აგვისტო, 2008). ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი, 2019.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 მოსახლეობის სრულიად საკავშირო 1939, 1959, 1970, 1979 და 1989 წლების აღწერების შედეგები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (9 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2020.
  12. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.