განძანის ეკვდერიანი ეკლესია
განძანის ეკვდერიანი ეკლესია — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძანში. აგებულია XII-XIV საუკუნეებში.
ეკლესია ნაგებია დამუშავებული ყვითელი და წითელი ქვის კვადრებით. გადახურულია თუნუქით. დარბაზული ნაგებობაა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი არქიტრავითაა დასრულებული, რომელზეც წნული ლილვებით ტიმპანის იმიტაციაა შექმნილი. აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია. აბსიდა ნახევარწრიულია. კონქი მხრებიდან გადასულ თაღს ებჯინება. გრძივი კედლების შუაში თითო წყვილი პილასტრია. ამ პილასტრებიდან და დასავლეთ კედლის კუთხეებში შეკიდულ იმპოსტებიდან გადასულ თაღებს კამარა ყრდნობა. პილასტრებს შორის დეკორატიული თაღებია მოცემული.
ეკლესიას ჩრდილოეთიდან ეკვდერი აქვს მიშენებული, რომელიც ეკლესიას კარით უკავშირდებოდა (ამჟამად კარი ამოქოლილია. წარსულში აქ მონოფიზიტური წესისამებრ ემბაზი იყო ჩადგმული). ეკვდერს შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია, ამჟამად ამოქოლილია. ტაძარს დასავლეთ და სამხრეთ კედელზე ასომთავრული წარწერები აქვს. დასავლეთ ფასადზე: „ქრისტე ღმერთო, ადიდე ორთავე შინა ცხორებათა მეჭურჭლეთუხუცესი შალვა, ძითა, ძმითა. მათითა ცოცხალთა ვაშენეთ წმიდაი ესე საყდარი ჩუენ, ქებასა და ნიკოლას ძეთა“. სამხრეთის ფასადზე: „ქრისტე ღმერთო, ადიდე ორთავე შინა ცხორებათა, ძლიერი და უძლეველი ყოველთა მტერთაგან, მეჭურჭლეთუხუცესი შალვა, რომელმან ძალითა ღმრთისაითა და მკლავითა თავისითა შეაძრწუნვა ყოველი სოფელი სპარსეთისაი“.
განძანის ეკვდერიანი ეკლესია 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განძანის ეკლესიები //ჟღერს ქვის ჰარმონია; ნაკვეთი პირველი, ა-დ, საკითხავნი ყმაწვილთათვის, "ციცინათელა", თბილისი 2006 წ., გვ. 232-234
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16467
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-04. ციტირების თარიღი: 2019-07-30.