გერიატრია
გერიატრია (ძვ. ბერძნ. geron მოხუცი, iatreia მკურნალობა) — გერონტოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ხანდაზმულობის პერიოდში დაავადებების თავისებურებებს, მათ გამომწვევ მიზეზებს და მკურნალობის მეთოდებს.[1]
ხანდაზმული პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ განსხვავდება ახალგაზრდა ასაკის პაციენტის პრობლემებისგან. ხანდაზმულებს უფრო მეტად ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, დაავადების დასაწყისი წაშლილია, ხოლო კლინიკური ნიშნები ნაკლებად არის გამოხატული. სიბერის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია დაბალი რეაქტიულობა ნებისმიერი სტრესის, მათ შორის დაავადების მიმართ.
ზოგიერთი ავადმყოფობა უფრო ხშირად სწორედ ხანდაზმულ ასაკში ვლინდება. მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადება, როგორც წესი, 65 წლის ზემოთ ადამიანებში ვლინდება. სტატისტიკის მონაცემებით, ამჟამად 65 წლის და მეტი ასაკის პირები ამბულატორიული მიმართვიანობის ერთ მესამედზე მეტს შეადგენენ.
გერიატრიის ძირითადი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ავადმყოფისადმი მიდგომა გულისხმობს არა მხოლოდ კონკრეტული დაავადების დიაგნოსტიკას, არამედ შეძლებისდაგვარად ფუნქციური მდგომარეობის აღდგენასაც. ამასთან, ძირითადი აქცენტი სწორედ ამ უკანასკნელზე უნდა იქნეს გადატანილი. ცხადია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფუნქციური სტატუსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაავადების დიაგნოსტიკა — ორივე ეს ასპექტი განუყოფელია და ერთმანეთს ავსებს.
ცნობილია, რომ ძველთაგანვე გამოჩენილი ფილოსოფოსები, ექიმები მიიჩნევდნენ, რომ შესწევდათ უნარი, უკვდავებისთვის მიეღწიათ და არასასურველი სიბერე თავიდან აეცილებინათ. ძველ საბერძნეთში გავრცელებული იყო იდეა, რომ სიბერისგან თავის დასაღწევად ადამიანს ასკეტური წესით უნდა ეცხოვრა და მიწიერ სიამოვნებებზე უარი ეთქვა. პითაგორა თანამედროვეებს მოუწოდებდა ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად საკვებად არ მიეღოთ ხორცი, ღვინო და მკაცრად დაეცვათ ვეგეტარიანული დიეტა. ამ იდეას დღესაც ბევრი მიმდევარი ჰყავს. XVII საუკუნის ცნობილი ფილოსოფოსი ფრენსის ბეკონი აცხადებდა, რომ უახლოეს დროში მიაგნებდა სიკვდილის საიდუმლოს და ადამიანებს უკვდავებასთან აზიარებდა. მარადიული სიცოცხლის იდეით იყო, აგრეთვე, შეპყრობილი ფრანგი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი რენე დეკარტი. ის დარწმუნებული იყო, რომ უკვდავების საიდუმლოს მიაგნო, მაგრამ ბედის ირონიით 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
უკვდავებისა და მარადიული ახალგაზრდობის იდეა სრულიად განსხვავებულად ფრანგმა ფილოსოფოსმა მიშელ დე მონტენმა გაიაზრა. მისი მოსაზრებები დღესაც არ არის ინტერესმოკლებული.
ქართული ფოლკლორი მდიდარია თქმულებებითა და ლეგენდებით უკვდავებისა და მარადიული ახალგაზრდობის თემაზე. ყველაზე ადრინდელია XVII საუკუნის ქართული ზღაპრების კრებულში მოთხრობილი „უკვდავების მაძიებელი ჭაბუკის“ ზღაპარი. უკვდავების მოტივები გვხვდება, აგრეთვე, „ამირანიანში“, „ეთერიანში“. ამ უკანასკნელში უკვდავების იდეა სიუჟეტის ერთ-ერთ საკვანძო მომენტად არის ქცეული. ამრიგად, ჩვენი წინაპრები, მათი აზროვნება, ოცნება, ინტელექტი ეძიებდა უკვდავებას, გაახალგაზრდავებას და ებძოდა სიბერეს
როგორც ჩანს, უკვდავება და მარადიული ახალგაზრდობა, ჯერ-ჯერობით მაინც ლამაზი მითია. მეორე მხრივ, XXI საუკუნეში სავსებით რეალური ხდება მრავალი, დღესდღეობით ფატალური დაავადებების (ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, შიდსის, შაქრიანი დიაბეტის, გენეტიკურად დეტერმინირებული პათოლოგიების) თავიდან აცილება, ანუ ადამიანს ხანგრძლივი, ნაყოფიერი სიცოცხლის რეალური შანსი მიეცემა. თანამედროვე ფილოსოფოსი ჯორჯ შოუ თავის წიგნში „ექიმის დილემა“ თითოეულ ადამიანს მოუწოდებს: „ბოლომდე გამოიყენეთ თქვენი ჯანმრთელობა, იცოცხლეთ სრულფასოვნად და ნუ ეცდებით შემოინახოთ სასიცოცხლო ძალები მარადიული მიწიერი ცხოვრებისთვის — თქვენ წააგებთ.“
მიუხედავად სიცოცხლის გახანგრძლივებისკენ ესოდენ დიდი სწრაფვისა, მისი რეალური გაზრდა მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან გახდა შესაძლებელი (ისიც ძირითადად, განვითარებულ ქვეყნებში). შედარებისთვის გამოდგება ასეთი მაგალითები: ორასი წლის წინ ახალშობილთა მხოლოდ 20% აღწევდა 60 წლის ასაკს. ამჟამად კი განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის 80% ამ ასაკს გადაცილებულია; XX საუკუნის 20-იან წლებში ათი წლის ბავშვების მხოლოდ 40%-ს ჰყავდა ცოცხალი ბებიები და ბაბუები. სადღეისოდ ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და 75%-ს გადააჭარბა.
სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად არამარტო შეიცვალა გამოცდილება, არამედ შეიცვალა საზოგადოებაც. ეს ფაქტი არა მხოლოდ მეტი წლის განმავლობაში ცხოვრების შესაძლებლობით გამოიხატება, არამედ მოსახერხებელია სიბერის რეალობაში ჩაწვდომა.
სიბერე: მითები და რეალობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძველთაგანვე სიბერეს უძლურებას, სხვაზე დამოკიდებულებას, მეხსიერების და აზროვნების დაქვეითებას უკავშირებდნენ, რამაც ცხოვრების ამ პერიოდის შესახებ საზოგადოებას საკმაოდ მცდარი სტერეოტიპები ჩამოუყალიბა. ამ სტერეოტიპებმა სიბერის პროცესის შესახებ მცდარი შეხედულებები (მითები) განაპირობა და ფრიად რეაქციული მიმართულება — ეიჯიზმი შექმნა (ინგლ. aging — დაბერება). ეიჯიზმის მიმდევრები სიბერეს სტიგმად აღიქვამენ და ხანდაზმული ადამიანების შემოქმედებით პოტენციალს და შრომისუნარიანობას სკეპტიკურად უყურებენ. ეიჯიზმის გავლენით, არცთუ იშვიათად, ხდება დისკრიმინაცია ხანდაზმულთა დასაქმების, ხელფასის ოდენობის განსაზღვრის, ასევე მათი აზრის გათვალისწინების დროს.
სიბერესთან ასოცირებული ცვლილებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზოგადად ის ცვლილებები, რომლებიც ხანდაზმულობის პერიოდში ვლინდება, არის: სიმაღლეში და წონაში კლება, ცხიმის და კუნთოვანი მასის შეფარდების კოეფიციენტის შემცირება, ორგანიზმში წყლის მოცულობის შემცირება, არტერიების კედლების გამკვრივება და კალციფიკაცია, კუჭის მჟავიანობის დაქვეითება, ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი და სხვა.
საერთაშორისო ორგანიზაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1945 წელს აშშ-ში შეიქმნა გერენტოლოგიური საზოგადოება. მის კვალდაკვალ ანალოგიური ორგანიზაციები შეიქმნა ამერიკის სხვა ქვეყნებსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ეროვნული გერონტოლოგების საზოგადოებების ძირითადი ამოცანა იყო ცალკეულ რეგიონებში არსებული გერონტოლოგებისა და გერიატრების გაერთიანების ორგანიზება, გერონტოლოგიისა და გერიატრიის სფეროში სამეცნიერო კვლევების კოორდინაცია, თანამშრომლობა და სხვა.
1950 წელს ლიეჟში ჩატარდა პირველი გერონტოლოგიური საერთაშორისო კონგრესი, სადაც შეიქმნა გერონტოლოგიური საზოგადოებების საერთაშორისო ასოციაცია. იმავე წელს შეიცვალა სახელი და გახდა „გერონტოლოგიის საერთაშორისო ასოციაცია“.[2]
ეთიკური და სამედიცინო-სამართლებრივი საკითხები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხანდაზმულ ადამიანებს ზოგჯერ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება. შესაძლოა მათ წინასწარ ჰქონდეთ მომზადებული მინდობილობა და დირექტივები, რადგან იმ შემთხვევისთვის, თუ ისინი რაიმე მიზეზის გამო ვერ გააცნობიერებენ, რა ხდება მათ თავს (მაგალითად, ხანგრძლივი დემენციის დროს), გამზადებული იყოს მათი რეკომენდაციები.
გერიატრებმა პატივი უნდა სცენ პაციენტების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და თვალყური ადევნონ, რომ პაციენტებმა მიიღონ შესაბამისი და აუცილებელი მომსახურება. სხვა სპეციალისტებზე მეტად სწორედ მათ უნდა გაითვალისწინონ, აქვს თუ არა პაციენტს იურიდიული პასუხისმგებლობა და ფაქტების გაგებისა და გადაწყვეტილებების მიღების კომპეტენცია. მათ გაფორმებული უნდა ჰქონდეთ საინფორმაციო შეთანხმება და არ უნდა მანიპულირებდნენ პაციენტით (მაგ. ისეთი ინფორმაციების დაფარვა, როგორიცაა პაციენტის მძიმე დიაგნოზი, მისი მდგომარეობის პროგნოზი, ოპერაციის შემდგომი გამოჯანმრთელების შესაძლებლობა და სხვა).
ხანდაზმულ ადამიანთა სასტიკი მოპყრობა — ეს არის მათ მიმართ ფიზიკური, ფინანსური, ემოციური, სექსუალური ან სხვა სახის ძალადობა. ადეკვატურ სწავლებას, მომსახურებას და მხარდაჭერას შეუძლია ხანდაზმულ ადამიანებზე სასტიკი მოპყრობის ალბათობა. სათანადო ყურადღებას ხშირად მისი გამოვლენა შეუძლია. ისეთი მოხუცებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად თავის მოვლა, გერიატრებს შეუძლიათ რეკომენდაციების გაწევა კანონიერი მეურვეების ან მოხუცებულის და/ან მისი ქონების მოსავლელად მზრუნველის ასაყვანად.
ხანდაზმულ ადამიანებზე ძალადობას, უფრო ხშირად, ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მომვლელს თავად აქვს ფსიქიკური დაავადებები. ასეთი შემთხვევების აცილების მიზნით, მომვლელს მკურნალობა უნდა აიძულონ. ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის სპეციალისტების მიერ ჩატარებული ოჯახური განათლებისა და მხარდაჭერის პროგრამაც ასევე სასარგებლო იქნება ხანდაზმულებისთვის, რადგან ისინი ისწავლიან დააწესონ შეზღუდვები ისეთ ნათესავებთან, რომელთაც ფსიქიკური დარღვევები აქვთ და არ გამოიწვიონ კონფლიქტი, რომელიც შესაძლოა გადაიზარდოს დანაშაულში.
გერიატრია საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლინიკური გერიატრიის მიმართულება ჩამოყალიბდა 2009 წელს თერაპიის დეპარტამენტში სინდრომული დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ფარგლებში. 2015 წლიდან თერაპიის დეპარტამენტის სინდრომული დიაგნოსტიკის მიმართულებას ეწოდა შინაგან დაავადებებათა დეპარტამენტი, ხოლო გერიატრიის მიმართულება გამოეყო დამოუკიდებელ დეპარტამენტად. აღსანიშნავია, რომ გერიატრიის სწავლება საქართველოში პირველად დაიწყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რასაც ხელი შეუწყო ევროკომისიის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა „დიპლომამდელი სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროკავშირის აღმოსავლეთ მოსაზღვრე ქვეყნებში“.
გერიატრიის დეპატამენტი წარმოდგენილია ორი თანამშრომლით: მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი გაიანე სიმონია და ასოცირებული პროფესორი — ირინა ანდრონიკაშვილი. ისინი აქტიურად არიან დაკავებული კლინიკური, პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობით. მათი მონაწილეობით შეიქმნა მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები, რომლებიც დღესაც ინარჩუნებენ აქტუალობას. გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოცემებში. დეპარტამენტების თანამშრომლები მონაწილეობენ საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში. მათი ხელმძღვანელობით შესრულებულია და სრულდება სადოქტორო პროგრამები.
2017 წელს გ. სიმონიამ და ი. ანდრონიკაშვილმა დააფუძნეს საქართველოს გერონტოლოგიის და გერიატრიის საზოგადოება.[3]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი გოგიჩაძე, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები, თბ.: მერიდიანი, 2011. ISBN 978-9941-10-427-5.
- გაიანე სიმონია, ირინა ანდრონიკაშვილი. კლინიკური გერიატრია, თბ., 2001
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გერონტოლოგიისა და გერიატრიის საერთაშორისო სკოლა გაიხსნა დაარქივებული 2023-12-24 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გერიატრია — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
- ↑ International Psychogeriatric Association. ციტირების თარიღი: 2020-04-28
- ↑ გერიატრიის დეპარტამენტი