დაკრძალვა
დაკრძალვა — სამგლოვიარო ცერემონიის სახით ადამიანის ან საგნის მიწაში მოთავსება. დაკრძალვა უკანასკნელი პატივის მიგებაა — ცერემონია, რომელიც ასახავს ადამიანების დამოკიდებულებას გარდაცვალებულისა და სიკვდილისადმი.
დაკრძალვის ტრადიციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიცვალებულის დაკრძალვა ორმოებსა და გამოქვაბულებში, რაც გარდაცვლილზე ზრუნვის გარკვეულ გამოხატულებად და რელიგიურ წარმოდგენების საწყისადაა მიჩნეული, ჯერ კიდევ შუა პალეოლითიდან არის ცნობილი. მსოფლიოში სიკვდილსა და დაკრძალვასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტრადიცია არსებობს. ინდუისტები, ბუდისტები და სიქები მიცვალებულს წვავენ (კრემაციას უკეთებენ). ინდუისტები თუკი შესაძლებლობა მიეცათ, მიცვალებულის ფერფლს მდინარე განგზე მოაბნევენ. მათი აზრით, ყველაფერი ცოცხალი ერთია და ამიტომ ადამიანის ფერფლის წმინდა მდინარეში ჩაბნევა კეთილი ბოლოა.
ებრაელები და მუსლიმანები მიცვალებულს მარხავენ. ებრაელთა აზრით, კუბო ძალზე უბრალო უნდა იყოს, რადგან ღვთის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია. ამავე მიზეზით მუსლიმანები მიცვალებულს უბრალო თეთრ სუდარაში გახვეულს მარხავენ. ებრაელები მიცვალებულს პირით იერუსალიმისკენ ასაფლავებენ, მუსლიმანები კი — მექისკენ.
დღეს ქრისტიანებს შეიძლიათ ან დასაფლავება აირჩიონ, ან კრემაცია. დაკრძალვის ცერემონია ეკლესიაში ან სასაფლაოზე, ან კრემატორიუმთან მდებარე სამლოცველოში ტარდება. თუ გარდაცვლილი მორწმუნე არ იყო, საერო დაკრძალვას უწყობენ და მის ცხოვრებას ქებით მოიხსენიებენ. ტრადიციული ირლანდიური დაკრძალვა, რომელზეც ნათესავ–მეგობრები იკრიბებიან, მიცვალებულის ნეშტისათვის ღამისთევის ჩვეულებას წააგავს.
საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დადასტურებულია მიცვალებულთა მიწაში დაკრძალვის სხვადასხვა წესი: ორმოსამარხებში, ქვაყუთებში, კრამიტსამარხებში. განსაკუთრებით საყურადღებოა მიცვალებულის ეტლზე, კევრზე და ქვევრში დაკრძალვის წესები (მიწაში ჩადგმული სამარხის ერთ-ერთი უძველესი სახეობა — ქვაყუთი — აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ეთნოგრაფიულმა ყოფამ ბოლო დრომდე შემოინახა). ანტიკური ხანიდან გვხვდება მთლიანკვეთილი სარკოფაგები, მავზოლეუმის ტიპის აკლდამები (ბაგინეთი, არმაზისხევი და სხვ.), სადაც სამეფო დიდკაცობასა და მათი ოჯახის წევრებს მარხავდნენ. აკლდამებში დაკრძალვის წესი აღმოსავლეთ საქართველოს მთამ (ხევსურეთი, ფშავი, თუშეთი, ხევი) გვიანობამდე შემოინახა. დასავლეთ საქართველოში, კოლხეთში გავრცელებული ყოფილა ჰაერზე დაკრძალვა (ხეზე, ფიცარნაგზე დ.). გვხვდება აგრეთვე მეორეული დაკრძალვის წესიც (დაკრძალულის გადასვენება სხვა ადგილას). თანამედროვე ხალხებში გავრცელებულია დაკრძალვის ორი წესი — მიცვალებულის მიწაში დამარხვა და კრემაცია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 348.
- გიორგაძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.