დარიუშ მეჰრჯუი
დარიუშ მეჰრჯუი | |
---|---|
მეჰრჯუი 2018 წელს | |
დაბადების თარიღი |
8 დეკემბერი, 1939 თეირანი, ირანი |
გაუჩინარდა |
14 ოქტომბერი, 2023 (83 წლის) ქარაჯი, ირანი |
საქმიანობა | კინორეჟისორი, სცენარისტი |
აქტიური | 1966-დღემდე |
დარიუშ მეჰრჯუი (სპარს. داریوش مهرجویی; დ. 8 დეკემბერი, 1939 - 14 ოქტომბერს, 2023) — ირანელი რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მემონტაჟე და ირანის ხელოვნების აკადემიის წევრი.[1]
მეჰრჯუი ირანული ახალი ტალღის კინომიმდინარეობის ერთ-ერთი დამაარსებელია. მისი ფილმების ძირითად ნაწილს ლიტერატურული ადაპტაციები შეადგენს.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეჰრჯუი 1939 წელს თეირანში, საშუალო ფენის ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში იგი ხატვისა და მუსიკის მიმართ ამჟღავნებდა ინტერესს, კერძოდ ხატავდა მინიატურებს და უკრავდა სანთურსა და ფორტეპიანოზე. მეჰრჯუი დიდ დროს უთმობდა ფილმების ყურებას. მას განსაკუთრებით ამერიკული ფილმები ხიბლავდა და სწორედ კინოა ის მიზეზი, რის გამოც მეჰრჯუიმ ინგლისური ენის შესწავლა დაიწყო. ბავშვობაში ყველაზე დიდი ზეგავლენა მასზე ვიტორიო დე სიკას ფილმმა „ველოსიპედის ქურდები“ მოახდინა. თორმეტი წლის ასაკში მეჰრჯუიმ 35 მილიმეტრიანი პროექტორი ააწყო, ორი კინოფირი შეიძინა და სამეზობლოში ბილეთების გაყიდვა დაიწყო.[2] მიუხედავად იმისა, რომ მეჰრჯუი რელიგიურ ოჯახში აღიზარდა, 15 წლის ასაკში, როგორც თავადვე აღნიშნა, „ღმერთის სახე მისთვის ბურუსით მოცული გახდა და რწმენა დაკარგა.“[2]
1959 წელს მეჰრჯუი აშშ-ში გადავიდა, სადაც ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის კინოს დეპარტამენტში სწავლობდა. მისი ერთ-ერთი ლექტორი იყო ჟან რენუარი, რომლისგანაც, როგორც თავად აღნიშნავს, მსახიობებთან მუშაობა ისწავლა. მეჰრჯუი უკმაყოფილო იყო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამით, რომელიც ყურადღებას მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე ამახვილებდა. მასში უკმაყოფილებას ლექტორების არაპროფესიონალიზმიც ბადებდა, რომლებიც, როგორც თავად ამბობს „არაფერს მნიშვნელოვანს არ ასწავლიდნენ, რადგან თავადაც ვერ შეძლეს ჰოლივუდში მუშაობა და გამოცდილება არ ჰქონდათ.“[2] მეჰრჯუი ფილოსოფიის ფაკულტეტზე გადავიდა და უნივერსიტეტი 1964 წელს დაამთავრა.[3]
1964 წელს მეჰრჯუიმ საკუთარი ლიტერატურული ჟურნალი დააარსა. მისი მიზანს ამერიკელი მკითხველისთვის თანამედროვე სპარსული ლიტერატურის გაცნობა წარმოადგენდა. იგი თეირანში 1965 წელს დაბრუნდა.[2]
თეირანში დაბრუნებულმა მეჰრჯუიმ ჟურნალისტად და სცენარისტად დაიწყო მუშაობა. 1966-1968 წლებში იგი თეირანის უცხო ენების სასწავლო ცენტრში ლიტერატურასა და ინგლისურ ენას ასწავლიდა. აგრეთვე მეჰრჯუი თეირანის უნივერსიტეტის აუდიოვიზუალური ხელოვნების ცენტრში კინოსა და ლიტერატურის შესახებ ლექციებს კითხულობდა.[2]
კინოკარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეჰრჯუის სარეჟისორო დებიუტი 1966 წელს ფილმით „ბრილიანტი 33“ შედგა, რომელიც ჯეიმზ ბონდის ფილმების სერიის პაროდიას წარმოადგენს. რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარმა ვერ მოიპოვა კომერციული წარმატება.[2]
ბეჰრჯუის საერთაშორისო წარმატება მოუტანა მეორე ფილმმა „Gaav“ („ძროხა“),[3] რომელიც სიმბოლური დრამაა. ფილმი ეფუძნება გოლამ-ჰოსეინ საიდის მოთხრობას, რომელიც მეჰრჯუის მეგობარი იყო. სწორედ საიდმა შესთავაზა რეჟისორს მეორე ფილმი მისი მოთხრობის მიხედვით გადაეღო. ასევე მან გააცნო მეჰრჯუის მსახიობები: ეზათოლა ენთეზამი და ალი ნასირიანი, რომლებმაც ფილმში მთავარი როლები შეასრულეს. რეჟისორი ამ მსახიობებთან მთელი კარიერის მანძილზე თანამშრობლობდა. სცენარზე მეჰრჯუიმ და საიდმა ერთობლივად იმუშავეს. საბოლოოდ ფილმზე მუშაობა 1969 წელს დასრულდა.
„Gaav“ წელიწადზე მეტი დროის მანძილზე ირანში კულტურისა და ხელოვნების სამინისტროს მიერ იყო აკრძალული. ამის მიზეზი საიდის პოლიტიკური შეხედულებები იყო. იგი ღიად აკრიტიკებდა მოჰამედ რეზა ფეჰლევის მმართველობას, რის გამოც თექვსმეტჯერ იყო დაპატიმრებული.[2] საბოლოოდ, „Gaav“ 1970 წელს გამოვიდა და ირანის კულტურის სამინისტროს კინოფესტივალის ჯილდო მოიპოვა. 1971 წელს ფილმი ვენეციის კინოფესტივალზე წარდგა,[2][4] სადაც კრიტიკოსთა ჯილდო დაიმსახურა. ფილმი ჩიკაგოს საერთაშორისო ფესტივალზეც გავიდა, სადაც ენთეზამმა საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა.[2]
„Gaav“ ირანულ კინოში გარდამტეხ მომენტად და ახალი ტალღის მიმდინარეობის დასაწყისად მიიჩნევა.
1995 წელს მეჰრჯუიმ „პარი“ გადაიღო, რომელიც ჯერომ სელინჯერის ნაწარმოების „ფრენი და ზუი“ უკანონო და არაოფიციალური კინოადაპტაციაა. ირანში ფილმის დისტრიბუცია ლეგალურად ხორციელდებოდა, რადგან ირანსა და აშშ-ს შორის არ შემდგარა მოლაპარაკებები საავტორო უფლებების შესახებ.[5] 1998 წელს „პარის“ ჩვენება ლინკოლნის ცენტრში იგეგმებოდა, თუმცა დაგეგმილი ღონისძიება სელინჯერის ადვოკატებმა გააუქმეს.[6]
1997 წელს მეჰრჯუიმ მომდევნო ფილმი „ლეილა“ გადაიღო, რომელიც მელოდრამაა და ქალაქში მცხოვრები ზედა საშუალო ფენის წყვილის შესახებ მოგვითხრობს.[7]
1998 წელს რეჟისორმა ფილმისთვის „მსხლის ხე“ ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ჰიუგოს პრემია მიიღო.
კინემატოგრაფიული სტილი და მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დარიუშ მეჰრჯუის შემოქმედება თანამედროვე ირანული კინოს საწყის წერტილად მიიჩნევა. რეჟისორმა ირანულ კინოში რეალიზმი და სიმბოლიზმი შემოიტანა. მის ფილმებს როზელინის, ვიტორიო დე სიკას და სატიაჯიტ რაის ფილმებს ამსგავსენებ.
მეჰრჯუის ფილმებში მუდმივად იგრძნობა უკმაყოფილება თანამედრობე ურბანული ირანის მიმართ. 1998 წლის ფილმი „მსხლის ხე“ რეჟისორის მიერ ირანული ბურჟუაზიის შესწავლის აპოთეოზად ითვლება.[8]
მეჰრჯუის 1969 წლის ფილმით „Gaav“ დაიწყო ირანული კინოს რენესანსი, რომელიც ირანული ახალი ტალღის სახელწოდებითაა ცნობილი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Darius Mehrjui კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Firouzan Films Iranian Movie Hall of Fame Inductee Dariush Mehrjui დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ MIFF 1999 Schedule (MIFF 2) დაარქივებული 23 March 2007 საიტზე Wayback Machine.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 Wakeman, John. World Film Directors, Volume 2. The H. W. Wilson Company. 1988. 663-669.
- ↑ 3.0 3.1 Iran Chamber Society: Iranian Cinema: Dariush Mehrjui
- ↑ 'The Cow', Dariush Mehrjui | openDemocracy
- ↑ Circular 38a დაარქივებული 28 March 2007 საიტზე Wayback Machine. of the U.S. Copyright Office
- ↑ Mckinley, Jesse (1998-11-21). „Iranian Film Is Canceled After Protest By Salinger“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2007-04-05.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 August 2007. ციტირების თარიღი: 2007-02-26.
- ↑ „UCLA Film and Television Archive Presents Dariush Mehrjui: Trapeze Without a Net, July 15 to Aug. 1“. Business Wire. 1999-06-16. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2020-11-19.