დენდროლოგია
დენდროლოგია (ძვ. ბერძნ. δένδρον, დენდრონ — „ხე“ და ძვ. ბერძნ. -λογία, ლოგია — „მოძღვრება“) — მეცნიერება და სწავლება მერქნიანი მცენარეების შესახებ, მათ მორფოლოგიას, ფიზიოლოგიას, გეოგრაფიას და ა. შ.[1] მკვეთრი ზღვარი მცენარეთა ტაქსონომიასა და დენდროლოგიას შორის არ იკვეთება. ამასთან, მერქნიან მცენარეებს მიეკუთვნებიან არა მხოლოდ მცენარეთა სხვადასხვა ოჯახები, არამედ ეს ოჯახები შეიძლება შედგებოდნენ როგორც მერქნიანი, ასევე არამერქნიანი წევრებისგან. ზოგიერთი ოჯახი მოიცავს ხე-მცენარეთა მხოლოდ რამდენიმე სახეობას. ეს მნიშვნელოვნად ზღუდავს დენდროლოგიური მიდგომის სარგებლიანობას. დენდროლოგია ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკურად სასარგებლო ხე-მცენარეებზე, მათ იდენტიფიკაციაზე, სამებაღეო და სამეტყევეო თვისებებზე.
დენდროლოგია და ბოტანიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დენდროლოგიას ხშირად ბოტანიკასთან აიგივებენ, თუმცა ბოტანიკა შეისწავლის ძირითად მცენარეთა ყველა სახეობას, დენდროლოგია კი, მხოლოდ მერქნიან მცენარეებს. ამგვარად, დენდროლოგია არის ბოტანიკის ერთ-ერთი კარი, რომლის კვლევის საგანია მერქნიანი მცენარეები.
ცნობილი დენდროლოგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰემფრი მარშალი, „ამერიკული დენდროლოგიის მამა“
- ალან მიტჩელი
- ლუდვიგ ბაისნერი
დენდროლოგია საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოში მერქნიან მცენარეთა მეცნიერულ შესწავლას საფუძველი XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა (ა. გამრეკელი, სოლომონ ქურდიანი). 1921 წელს ს. ქურდიანის თაოსნობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტთან შეიქმნა სატყეო განყოფილება, სადაც პირველად იქნა შემოღებული დენდროლოგიის ქართულ ენაზე სწავლება, ხოლო 1922 წელს ქურდიანის ავტორობით გამოიცა დენდროლოგიის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე. სატყეო განყოფილების ბაზაზე დაარსდა სასოფლო-სამეურნეო და სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტები, სადაც დენდროლოგიის კათედრებს 1937 წლამდე განაგებდა ს. ქურდიანი (დახვრიტეს სტალინური რეპრესიების დროს).
დენდროლოგიის განვითარებას დიდად შეუწყო ხელი საქართველოში დენდროლოგიური პარკების გაშენებამ. 1930-იან წლებში ქურდიანმა თბილისში, ვ. ბარნოვის ქუჩაზე, საფუძველი ჩაუყარა დენდრარიუმს, სადაც მიმდინარეობდა კვლევითი მუშაობა მერქნიან მცენარეთა აკლიმატიზაციასა და სელექციაში. თბილისის სამთო-მეტყევეობის ინსტიტუტის თაოსნობით დენდროლოგიური პარკები გაშენდა ოჩამჩირის სატყეო-საცდელ სადგურში და თბილისის ზღვასთან. დენდროლოგიური კვლევა საქართველოში განსაკუთრებით ფართოდ გაიშალა თბილისის სატყეო ინსტიტუტის დაარსების (1945) შემდეგ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სარაჯიშვილი დ., ლორია მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.