შინაარსზე გადასვლა

ვაჩნაძიანის გომართის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაჩნაძიანის გომართის ეკლესია — კომპლექსი, არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის დასავლეთით ერთ კილომეტრზე, სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კომპლექსში შედის ეკლესია, გალავანი და სატრაპეზო.

ეკლესია დარბაზულია, დგას გალავნით შემოზღუდული პატარა ეზოს შუაში. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და დუღაბით. წყობა ირეგულარულია, ტლანქი. ეკლესია დაზიანებულია:სახურავზე აყრილია კრამიტი და ხეებია ამოსული, ჩამოშლილია ლავგარდანი და კედლების ზედა ნაწილებში ალაგ-ალაგ საპირე ქვები, დაბზარულია კამარა. შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი გარედან ნახევარწრიული თაღითაა გადახურული, შიგნით თარაზულად. კარის გასწვრივ პატარა ოთხკუთხა სარკმელია. ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა საკურთხევლით რომელსაც კუთხეების ქვედა ნახევარი ოდნავ აქვს მომრგვალებული. საკურთხეველი დარბაზისგან გამიჯნული ყოფილა რიყის ქვითა და აგურით ნაგები კანკელით (შემორჩენილია 0,5 მ-ზე). კანკელს მხოლოდ აღსავლის კარი აქვს. აღმოსავლეთ კედლის შუაში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომლის ქვემოთ კედელზე, სწორკუთხა ტრაპეზია მიდგმული. საკურთხევლის ორივე კუთხესთან თითო სწორი ორკუთხა ნიშაა. დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შესასვლელის წინ არის სამარხი. შიგნით ეკლესია გადახურულია ქარგილზე სხმული ერთიანი ცილინდრული კამარით.

გალავანი არაწესიერი ფორმისაა ნაგებია რიყის ქვით და კირის ხსნარით. გალავნის სამხრეთ კედელში ჩართულია კამაროვანი კარიბჭე, ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლების შეერთების ადგილზე კი დგას ოთხკუთხა ნაგებობა. შესასვლელი მას აღმოსავლეთის მხრიდან აქვს. შიგნით კარის სამხრეთით მცირე სწორკუთხა ნიშაა, ერთი მსგავსი ნიშა ჩრდილოეთ კედელშიცაა. გალავნის ჩრდილოეთ კედლის შუაში მოწყობილია ვიწრო შესასვლელი.