შინაარსზე გადასვლა

თოლია (პიესა)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თოლია
ჟანრი კომედია
ავტორი ანტონ ჩეხოვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1895—1896
გამოცემულია 1896, ჟურნალი „Русская мысль“

თოლია (რუს. Чайка) — ანტონ ჩეხოვის ოთხმოქმედებიანი პიესა. დაწერილია 1895—1896 წლებში და პირველად 1896 წელს ჟურნალ „Русская мысль“-ის მე-12 ნომერში გამოქვეყნდა. პრემიერა 1986 წლის 17 ოქტომბერს პეტერბურგის ალექსანდრინსკის თეატრის სცენაზე შედგა.

მოქმედება ვითარდება პეტრე სორინის მამულში. მისი და, მსახიობი ირინა ნიკოლაევნა არკადინა, თავის ვაჟიშვილ კონსტანტინე გავრილოვიჩ ტრეპლიოვთან და საკმაოდ ცნობილ ორმოციოდე წლის ბელეტრისტ ბორის ალექსეევიჩ ტრიგორინთან ერთად სტუმრადაა ჩამოსული ძმასთან. ტრიგორინი საზოგადოებაში სარგებლობს ჭკვიანი, თავმდაბალი, რამდენადმე მელანქოლიური და უაღრესად წესიერი ადამიანის რეპუტაციით. რაც შეეხება მის ლიტერატურულ მოღვაწეობას, ტრეპლიოვის თქმით, ტრიგორინის ნაწარმოებები უდავოდ ნიჭიერებითა და სასიამოვნო სტილით გამოირჩეოდა, მაგრამ „ტოლსტოისა და ზოლას შემდეგ“ მათი წაკითხვა არ მოგინდებოდათ.

თვით კონსტანტინე ტრეპლიოვიც ცდის ბედს მწერლობაში. თანამედროვე თეატრი მას დრომოჭმულ ანაქრონიზმად მიაჩნია. ტრეპლიოვი ახალი ფორმების ძიებაშია. სორინის მამულში თავშეყრილი საზოგადოება ემზადება ტრეპლიოვის პიესის სანახავად, რომელშიც ავტორს ბუნებრივი დეკორაციები აქვს გამოყენებული. მასში ერთადერთი როლია, რომელსაც ასრულებს ტრეპლიოვის სიყვარული, მდიდარი მემამულეების ქალიშვილი ნინა მიხაილოვნა ზარეჩნაია. ნინას მშობლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან შვილის თეატრით გატაცებას, ამიტომ ქალიშვილი ჩუმად უნდა გამოიპაროს სახლიდან და საიდუმლოდ ჩავიდეს სორინთან.

კონსტანტინე დარწმუნებულია, რომ დედამისი, რომელსაც მისი პიესა წაკითხულიც კი არ აქვს, საშინელი წინააღმდეგია ვაჟის ნაწარმოების დადგმისა, წინასწარაა ზიზღით განმსჭვალული მის მიმართ. ამის მიზეზია ის, რომ არკადინა შიშობს ტრიგორინს არ მოეწონოს ზარეჩნაია, ვინაიდან თვითონაა შეყვარებული ბელეტრისტზე. ტრეპლიოვს ეჩვენება, რომ დედას იგი არ უყვრს, რადგან თავისი ასაკით (იგი ოცდახუთი წლისაა) ძალაუნებურად ახსენებს ქალს თავის ხნოვანებას. ამასთან, კონსტანტინეს მოსვენებას არ აძლევს ის ფაქტი, რომ დედამისი ცნობილი მსახიობია. იგი ეჭვობს, რომ მას, ისევე როგორც მის განსვენებულ მამას 一 ჩვეულებრივ კიეველ ობივატელს, ცნობილი მსახიობებისა და მწერლების ელიტური წრე მხოლოდ და მხოლოდ დედამისის გამო ღებულობს თავის საზოგადოებაში. ტრეპლიოვი ეწამება იმის გამოც, რომ დედამისი ღიად ცხოვრობს ტრიგორინთან, რომ მას ხშირად მოიხსენიებენ სკანდალური პრესის ფურცლებზე, რომ არკადინა ძუნწი, ცრუმორწმუნე ადამიანია, რომელსაც სხვისი წარმატება ეკალივით ერჭობა გულში.

ყველაფერ ამას, ზარეჩნაიას მოლოდინში, ტრეპლიოვი შესჩივის თავის ბიძას. სორინს ძალიან უყვარს თეატრი და მწერლები. იგი გამოუტყდება დისშვილს, რომ თვითონაც ჰქონდა ოდესღაც სურვილი ლიტერატორი გამხდარიყო, მაგრამ ეს ოცნება წარსულს ჩაბარდა. ამის მაგივრად იგი ოცდარვა წლის განმავლობაში სასამართლო უწყებაში ეწეოდა ჭაპანს.

სპექტაკლის დაწყებას საკმაოდ დიდი საზოგადოება ელოდა, მათ შორის სორინის მამულის მმართველი, თადარიგის პორუჩიკი ილია ათანასევიჩ შამრაევი; მისი ცოლ-შვილი 一 პოლინა ანდრეევნა და მაშა; ექიმი ევგენი სერგეევიჩ დორნი; მასწავლებელი სემიონ სემიონოვიჩი მედვედენკო. მნედვედენკო უიმედოდაა შეყვარებული მაშაზე. მაშა არ პასუხობს მის გრძნობას არა მარტო იმიტომ, რომ ისინი სხვადასხვა ბუნების ადამიანები არიან და ერთმანეთის არ ესმით, არამედ იმიტომაც, რომ მაშა ტრეპლიოვზეა შეყვარებული.

ბოლოს და ბოლოს ჩამოდის ზარეჩნაია. ნახევარი საათით მოახერხა სახლიდან თავის დაღწევა, ამიტომ ყველა სასწრაფოდ იკრიბება ბაღში. ესტრადაზე არავითარი დეკორაცია არ არის, მხოლოდ ფარდაა გაჭიმული და კულისებია გამოყოფილი. სამაგიეროდ, ესტრადის იქით შესანიშნავი ხედია ტბაზე. ჰორიზონტზე სავსე მთვარეა, ტბაზე მისი მოლივლივე ანარეკლი. ნინა ზარეჩნაია, თეთრებში გამოწყობილი, ზის დიდ ლოდზე და კითხულობს დეკადანსის სულისკვეთებით განმსჭვალულ ტექსტს, რასაც იმწამს შენიშნავს არკადინა. მაყურებლები თითქმის არ უსმენენ, რას კითხულობს ზარეჩნაია, ერთმანეთში ლაპარაკობენ, ტრეპლიოვის გულისწყრომის მიუხედავად. ეს გამოიყვანს ტრეპლიოვს წონასწორობიდან. იგი მოთმინებას კარგავს, გაცეცხლდება, სპექტაკლს შეწყვეტს და იქაურობას მიატოვებს. მაშა მას გაჰყვება, რათა დაამშვიდოს. არკადინა ამასობაში ნინა ზარეჩნაიას წარუდგენს ტრიგორინს და მცირე საუბრის შემდეგ ნინა შინ გაემგზავრება.

პიესა, მაშასა და დორნის გარდა, არავის მოეწონა. დორნი ცდილობს გაამხნევოს ტრეპლიოვი, ბევრ სასიამოვნო ქათინაურს ეუბნება მას. მაშა გამოუტყდება დორნს, რომ უყვარს ტრეპლიოვი, და რჩევას სთხოვს, მაგრამ დორნს არ ძალუძს, რაიმე ურჩიოს მას.

რამდენიმე დრე გავიდა. მოქმედება გრძელდება კროკეტის სათამაშო მოედანზე. ნინა ზარეცნაიას მამა და დედინაცვალი სამი დღით ტვერში გაემგზავრნენ, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, სორინთან ჩამოვიდეს. არკადინა და პოლინა ქალაქში წასასვლელად ემზადებიან, მაგრამ შამრაევი უარზეა, მისცეს მათ ცხენები იმ მოტივით, რომ ყველა ცხენი გაყვანილია მინდორში, სადაც მოსავალს იღებენ. იწყება დავა, არკადინა იმუქრება, რომ მოსკოვში წავა. პოლინა ანდრეევნა და დორნი სახლისკენ მიდიან. გზაში პოლინა თითქმის გამოუტყდება დორნს, რომ იგი უყვარს, მაგრამ მოულოდნელი შეხვედრა ნინასთან მას თვალნათლივ დაანახვებს, რომ დორნს ზარეჩნაია უყვარს.

ნინა ბაღში სეირნობს. იგი გაკვირვებულია იმით, რომ ცნობილ მსახიობთა და მწერალთა ცხოვრება არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივ მოკვდავთა ცხოვრებისგან. ისინიც ისევე ჩხუბობენ რაღაც წვრილმანების გამო, ბუტიაობენ, ცრემლებს ღვრიან, ბავშვებივით ლაღობენ, ფაციფუცობენ, როგორც დანარჩენი ადამიანები. ტრპლიოვს მიაქვს ნინასთან მის მიერ მოკლული თოლია და ამ ჩიტის ბედს საკუთარ ბედისწერასთან აიგივებს. ნინა პასუხობს, რომ სულ უფრო და უფრო უჭირს მისი გაგება, ვინაიდან ტრეპლიოვი გადაეჩვია თავისი აზრებისა და გრძნობების მკაფიოდ გამოხატვას, ის სულ რაღაც სიმბოლოებით ლაპარაკობს. კონსტანტინე ცდილობს, აუხსნას მას თავისი სათქმელი, მაგრამ მიახლოებულ ტრიგორინს შენიშნავს და სასწრაფოდ ტოვებს იქაურობას.

ნინა და ტრიგორინი მარტო რჩებიან. ტრიგორინი რაღაცას იწერს უბის წიგნაკში. ნინა აღფრთოვანებულია იმ იდუმალი სამყაროთი, რომელშიც, მისი აზრით, ტრიგორინი და არკადინა ცხოვრობენ. მას ჰგონია, რომ ეს სამყარო ბედნიერებითა და სასწაულებითაა სავსე. ტრიგორინი კი, პირიქით, თავის ცხოვრებას მწარე სატანჯველს უწოდებს. ტრეპლიოვის მიერ მოკლული თოლიას დანახვაზე ტრიგორინი ბლოკნოტში იწერს პატარა მოთხრობის ახალ სიუჟეტს ქალიშვილზე, რომელიც ამ თოლიას ჩამოჰგავს: „მოვიდა ვიღაც, დაინახა იგი და უსაქმურობისგან გასართობად დაღუპა“.

გავიდა ერთი კვირა. სორინის სასადილო ოთახში მაშა გაუმჟღავნებს ტრიგორინს, რომ ტრეპლიოვი უყვარს და რომ ამ სიყვარულის გულიდან ამოსაგლეჯად ცოლად მიჰყვება მედვედენკოს, რომლის მიმართ არავითარი გრძნობა არ გააჩნია. ტრიგორინი არკადინასთან ერთად მოსკოვში გასამგზავრებლად ემზადება. არკადინა შვილის გამო ტოვებს ძმის მამულს: ტრეპლიოვმა ჯერ თავის მოკვლა სცადა, ახლა კი ტრიგორინი უნდა გამოიწვიოს დუელში. ნინა ზარეჩნაიაც გასამგზავრებლად ემზადება, იგი მსახიობობაზე ოცნებობს. ზარეჩნაია დასამშვიდობებლად მოდის სორინის სახლში. მას განსაკუთრებით სწადია ტრიგორინთან გამოთხოვება. ნინა აჩუქებს ტრიგორინს მედალიონს, რომელშიც მისი ერთ-ერთი ნაწარმოების გვერდებია მითითებული. ტრიგორინი გადახსნის წიგნს მინიშნებულ გვერდებზე და კითხულობს: „თუ შენ ოდესმე ჩემი სიცოცხლე დაგჭირდება, მოდი და დაეუფლე მას“. ტრიგორინს სურს ზარეჩნაიასთან ყოფნა, ვინაიდან ჰგონია, რომ ამ გოგონას მიმართ სწორედ ის გრძნობები ამოძრავებს, რომელთაც მთელი თავისი ცხოვრება ეძებდა. ირინა არკადინა მუხლმოდრეკით ევედრება ტრიგორინს, არ მიატოვოს იგი. ტრიგორინი თითქოს დაუთმობს მას, თვითონ კი ნინას საიდუმლო შეხვედრას დაუნიშნავს მოსკოვის გზის ერთ-ერთ სადგურზე.

გავიდა ორი წელი. სორინი უკვე სამოცდაორი წლისაა და მძიმედ ავადმყოფობს, მაგრამ მას არ ტოვებს სიცოცხლის მძაფრი წყურვილი. მედვედენკო და მაშა დაქორწინდნენ, მათ შვილიც შეეძინათ, მაგრამ მათი ქორწინება არ არის ბედნიერი. მაშას შესჯავრდა ქმარიც და შვილიც კი. მედვედენკო საშინლად იტანჯება.

ტრეპლიოვი, რომელსაც დორნი ნინა ზარეჩნაიას ბედ-იღბლის შესახებ ეკითხება, ექიმს უყვება, რომ ნინა სახლიდან გაქცევის შემდეგ ტრიგორინთან ცხოვრობდა. მათი პირმშო ჩქარა გარდაიცვალა. ტრიგორინმა დაკარგა სიყვარული ნინას მიმართ, მიატოვა იგი და არკადინას დაუბრუნდა. ნინა მსახიობადაც ვერ გამოდგა. იგი ბევრ როლზე იყო მიწვეული, მაგრამ თამაშობდა „ძალზე უხეშად, უგემოვნოდ, ყალბი პათოსით“. იგი ტრეპლიოვს სწერდა წერილებს, მაგრამ არც ერთხელ დაუჩივლია თავის ბედზე. წერილებს ხელს აწერდა თოლიას სახელით. მშობლებმა იგი გულიდან ამოიგლიჯეს და სახლში არ უშვებენ. ამჟამად ნინა ქალაქშია ჩამოსული და ტრეპლიოვს შეჰპირდა, რომ მოინახულებდა, თუმცა ეს უკანასკნელი დარწმუნებულია, რომ ნინა არ შეასრულებს დანაპირებს.

როგორც აღმოჩნდა, იგი ცდებოდა. ნინა სრულიად მოულოდნელად გამოჩნდება. კონსტანტინე კიდევ ერთხელ გამოუტყდება მას, რომ მისი სიყვარული ნინისადმი მარადიულია და რომ ის სამუდამოდ მისი ერთგული დარჩება. ნინას არ სურს, ტრეპლიოვმა თავისი სიცოცხლე მას მსხვერპლად შესწიროს. იგი არ მალავს, რომ ჯერ კიდევ უყვარს ტრიგორინი. ამჟამად იგი პროვინციულ თეატრშია მიწვეული სათამაშოდ და დარწმუნებულია, რომ დიდი მსახიობი გახდება. მხოლოდ მაშინ გაუხარდება ნინას, ტრეპლიოვი თუ იხილავს მას სცენაზე.

ნინას გამგზავრების შემდეგ ტრეპლიოვი ნაკუწ-ნაკუწებად აქცევს თავის ხელნაწერებს, მაგიდაზე ყრის და გვერდით ოთახში გადის. იმ ოთახში, საიდანაც ტრეპლიოვი გავიდა, თავს იყრიან არკადინა, დორნი და სხვანი. შეკრებილები გართობისა და სიმღერისთვის ემზადებიან. ისმის გასროლის ხმა. დორნს ჰგონია, რომ მისი რომელიღაც სინჯარა გასკდა და გადის შესამოწმებლად. იგი ჩქარა ბრუნდება, ტრიგორინს გვერდზე გაიხმობს და სთხოვს, სადმე გაიყვანოს ირინა ნიკოლაევნა, ვინაიდან მისმა ვაჟმა, კონსტანტინე გავრილოვიჩმა, თავი მოიკლა.

  • ირინა ნიკოლაევნა არკადინა, მეუღლის გვარი ტრეპლევა — მსახიობი
  • კონსტანტინ გავრილოვიჩ ტრეპლევი — მისი შვილი, ახალგაზრდა კაცი
  • პიოტრ ნიკოლაევიჩ სორინი — მისი ძმა
  • ნინა მიხაილოვნა ზარეჩნაია — ახალგაზრდა გოგონა, მდიდარი მემამულის ქალიშვილი
  • ილია აფანასიევიჩ შამრაევი — გადამდგარი პორუჩიკი, სორინის მმართველი
  • პოლინა ანდრეევნა — მისი ცოლი
  • მაშა — მისი ქალიშვილი
  • ბორის ალექსეევიჩ ტრიგორინი — ბელეტრისტი
  • ევგენი სერგეევიჩ დორნი — ექიმი
  • სემიონ სემიონოვიჩ მედვედენკო — მასწავლებელი
  • იაკობი — მუშაკი
  • მზარეული
  • მოახლე
რუსეთის 2010 წლის საფოსტო მარკა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Фоминых Н. Д. Чехов и Таганрогский театр // Вехи Таганрога. — 2004. — № 20.