კირილე ბაგრატიონი
კირილე ბაგრატიონი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1750[1] |
გარდაცვალების თარიღი | 19 აპრილი (1 მაისი), 1828[1] |
წოდება | გენერალი |
კირილე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი (დ. 1750 — გ. 19 აპრილი, 1828) — რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1797), საიდუმლო მრჩეველი და სენატორი (1805-იდან), მეფე იესეს შვილიშვილი, პ. ი. ბაგრატიონის ბიძა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კირილე ბაგრატიონი დაიბადა 1750 წელს. იგი მამის კვალს გაჰყვა და 17 წლის ასაკში, 1767 წელს, ფსკოვის კარაბინერთა პოლკში შევიდა ვახმისტრად. ამ პოლკთან ერთად, იგი მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1768-1774 წლების ომში. 1771 წელს ადიუტანტობა მიიღო და თურქი ტყვეები გადაიყვანა პერეკოპიდან კოზლოვში. მალე იგი კვლავ საომარ მოქმედებაში ჩაება და მონაწილეობა მიიღო ყარსთან ბრძოლებსა და ბაზარჯიკის აღებაში,[2] 1774 წელს განსაკუთრებულ რაზმთან ერთად იცავდა სტრატეგიული მნიშვნელობის გზას სამხედრო შენაერთების ადგილსამყოფელ შუმლსა და არმიის ძირითადი ძალების ადგილსამყოფელ სილისტრს შორის. საომარ მოქმედებაში თავდადებული და აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გამოეცხადა. ომის დამთავრებისთანავე კაპიტნის ჩინი ებოძა.[3] 1776-1777 წლებში ყირიმში იყო სამხედრო ნაწილთან ერთად და მონაწილეობას იღებდა აჯანყებული თათრების დამშვიდებაში. ყირიმში თავისი ერთგული და ზომიერი მოქმედებებით ადგილობრივი ხალხის პატივისცემა და ნდობა დაიმსახურა, რითაც მეფის მთავრობის წარმომადგენლები კმაყოფილნი დარჩნენ. ამიტომ იყო, რომ ყირიმის თათრების დამშვიდების შემდეგ, მურზების თხოვნით, იგი იმპერატრიცა ეკატერინე მეორის კარზე გაგზავნეს, როგორც დამორჩილებულ თათართა სანდო წარმომადგენელი. 1786 წელს კირილე ბაგრატიონი უკვე პოდ-პოლკოვნიკი იყო. ამ ჩინით შეხვდა იგი 1789 წელს კვლავ დაწყებულ რუსეთ-თურქეთის საომარ მოქმედებას. იგი მონაწილეობდა ადიოჟიბენის ციხე-სიმაგრისა და ქალაქ ბენდერის აღებაში. 1792 წელს, პოლონეთში რუსეთის ჯარის შესვლამდე, იგი გენერალ დერფელდენის მოწინავე რაზმს ხელმძღვანელობდა. 1793 წელს მიანიჭეს პოლკოვნიკის ჩინი. მომდევნო წელს გადაიყვანეს ჩუგუევის კაზაკთა რეგულარულ პოლკში და ამ პოლკთან ერთად მონაწილეობდა ირანის წინააღმდეგ ლაშქრობაში. როგორც ჩანს, აქ, მან თავისი ერთგული და გაბედული მოქმედებით ხელმძღვანელობის ყურადღება მიიპყრო. მალე 1797 წელს გენერალ-მაიორობა მიიღო და მარიუპოლის პოლკის უფროსად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში კირილე ბაგრატიონი ხშირად უჩიოდა ჯანმრთელობას. 1800 წელს, 50 წლის ასაკში, ავადმყოფობის მიზეზით სამსახურიდან გადადგა. კირილე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონმა რუსეთის არმიაში 37 წელი გაატარა და გენერალ-მაიორის ჩინით დაანება თავი სამხედრო სამსახურს. რუსეთის იმპერიისადმი თავდადებითა და ერთგულებით კარგი სახელი მოიპოვა ხელმძღვანელობაში, ამიტომაც იყო, რომ სამხედრო სამსახურიდან გასვლისთანავე საიდუმლო მრჩეველის წოდება მიიღო და ესწრებოდა სენატის სხდომებს მოსკოვის დეპარტამენტში. მალევე მეექვსე დეპარტამენტში გადაიყვანეს და ბელორუსიის გუბერნიის შემოწმება დაევალა. ამ თანამდებობაზე რამდენიმე წელი დაჰყო. 1805 წელს გადაიყვანეს სენატის მეშვიდე დეპარტამენტში, სადაც, მცირეოდენი შესვენებებით, ესწრებოდა სენატის სხდომებს სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე. გარდაიცვალა მოსკოვში, 78 წლის ასაკში, 1828 წელს, დაკრძალულია მოსკოვშივე, დონის მონასტერში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 131.
- გონიკიშვილი მიხეილი, ბაგრატიონთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში, გვ. 288-289, თბ., 1986
- სიხარულიძე ფ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 320.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Багратіонъ // Русский биографический словарь — СПб: 1900. — Т. 2. — С. 393–394.
- ↑ Справочный энциклопедический словарь, изд. K. Крайя, ტომი II, СПБ 1849, გვ.79.
- ↑ Русский биографический словарь, ტომი II, СПБ, 1900, გვ.393.