მანუელ პორტუგალიელი
მანუელ პორტუგალიელი | |
---|---|
წოდებები
ურემის გრაფი | |
დაიბადა | 3 აგვისტო, 1697 |
გარდაიცვალა | 3 აგვისტო, 1766, (69 წლის) |
საგვარეულო | ბრაგანსები |
მამა | პედრუ II, პორტუგალიის მეფე |
დედა | მარია სოფია ნოიბურგელი |
რელიგია | კათოლიციზმი |
მანუელ პორტუგალიელი (პორტ. Manuel de Portugal; დ. 3 აგვისტო, 1697 — გ. 3 აგვისტო, 1766) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე პედრუ II-ისა და დედოფალ მარია სოფია ნოიბურგელის უმცროსი ვაჟი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მანუელი დაიბადა 1697 წლის 3 აგვისტოს, ლისაბონში. იგი იყო პორტუგალიის მეფე პედრუ II-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია სოფია ნოიბურგელის მეექვსე შვილი და მეხუთე ვაჟი.
მანუელს თავგადასავლები უყვარდა. 18 წლის ასაკში მან საიდუმლოდ გემი ააგო, რომელსაც ინგლისის დროშა გაუკეთა და ჰოლანდიის გემებს დაესხა თავს, რითაც კინაღამ ინგლის-ჰოლანდიის დიპლომატიური სკანდალი დაიწყო. მისმა ძმამ, მეფე ჟუან V-მ მას დაუყოვნებლივ მოსთხოვა პორტუგალიაში დაბრუნება, მაგრამ მანუელი გემით პარიზში ჩავიდა, იქიდან კი გერმანიაში გადავიდა.
1716 წლის 1 აგვისტოს იგი ევროპაში სახელგანთქმულ მებრძოლს, ევგენი სავოიელს შეუერთდა, რომელთან ერთადაც უნგრეთში იბრძოდა თურქების წინააღმდეგ. ოთხი დღის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო პეტროვარადინის ბრძოლაში, სადაც იგი თურქებმა მსუბუქად დაჭრეს. მიუხედავად ამისა, იგი დიდების მოპოვების სურვილით იყო შეპყრობილი და გაჩერებას არ აპირებდა. მან მონაწილეობა მიიღო ბრძოლიდან გაქცეული თურქების დევნასა და ტიმიშოარას ალყაში.
1717 წელს, მანუელი ოფიციალურად ჩაირიცხა ავსტრიის არმიაში, რა დროსაც იგი პრინც ევგენისთან ერთად კვლავ იბრძოდა და მონაწილეობა მიიღო ბელგრადის ალყაში.
თურქებთან ომის დამთავრების შემდეგ, მანუელმა მიატოვა სამხედრო ცხოვრება და ერთი სამეფო კარიდან მეორეზე მოგზაურობდა, სადაც განცხრომას მიეცა. მან თავისი ქმედებებით არაერთი ევროპელი მწერალი შთააგონა. 1721 წელს იგი დააჯილდოვეს ოქროს საწმისის ორდენით.
1728 წელს, მისი საყვარლის, მარია სოფია სიენიავსკას წყალობით პოლონეთის მეფის არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი გახდა. პოლონეთში პოზიციების გასამყარებლად მას მხარს ავსტრიელი ჰაბსბურგებიც უჭერდნენ, მაგრამ არჩევნებში დამარცხდა. ამის შემდეგ იგი ჯერ ავსტრიის, შემდეგ კი რუსეთის სამეფო კარზე იმყოფებოდა. 1733 წელს მონაწილეობდა პოლონეთის მემკვიდრეობის ომში, სადაც პოლონელთა გარკვეულმა ნაწილმა მეფობა შესთავაზა, მაგრამ აქაც დამარცხდა.
1734 წელს მანუელი სამუდამოდ დაუბრუნდა მშობლიურ პორტუგალიას, სადაც იგი კინტა-დე-ბელას სასახლეში ცხოვრობდა. დარჩენილი ცხოვრება მან სოციალურად აქტიურად გაატარა მწერლებისა და მხატვრების გარემოცვაში. იგი გარდაიცვალა 1766 წლის 3 აგვისტოს, საკუთარ 69-ე დაბადების დღეზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "Czartoryska z Sieniawskich Maria Zofia". Polski Słownik Biograficzny (in Polish). Retrieved 2010-09-01.
- Paweł Sieradzki (2006). Obecność rodziny książąt Czartoryskich na ziemi jarosławskiej (The presence of the Czartoryski dukes in the land of Jarosław). Teka Komisji Historycznej OL PAN (99–123). p. 106.