შინაარსზე გადასვლა

მარია დაშ ნევეში

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია დაშ ნევეში
პორტ. Maria das Neves
მარია დაშ ნევეში პორტ. Maria das Neves
სან-ტომე და პრინსიპის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 ოქტომბერი 2002 – 18 სექტემბერი 2004
წინამორბედიგაბრიელ კოშტა
მემკვიდრედამიანო ვაშ დ'ალმეიდა.

დაბადებული1958
სან-ტომე და პრინსიპი
მოქალაქეობასან-ტომე და პრინსიპის დროშა სან-ტომე და პრინსიპი
პოლიტიკური პარტიასან-ტომე და პრინსიპის განთავისუფლების მოძრაობის/სოციალ-დემოკრატიული პარტია
შვილები2

მარია დაშ ნევეშ კეიტა ბაპტისტა დი სოუზა (პორტ. Maria das Neves Ceita Baptista de Sousa, დ. 1958 წელს) —  სან-ტომე და პრინსიპის მე-11 პრემიერ მინისტრი 2002 წლის 7 ოქტომბრიდან 2004 წლის 18 სექტემბრამდე. იგი გახლდათ  სან-ტომე და პრინსიპის განთავისუფლების მოძრაობის/სოციალ-დემოკრატიული პარტიის (MLSTP-PSD) ერთ-ერთი მთავარი ფიგურა  და   მთავრობის პირველი ქალი ხელმძღვანელი. [1]

მარია დაშ ნევეშმა  ეკონომიკური განათლება კუბაზე მიიღო. ვიდრე მთავრობის მეთაური გახდებოდა,  მუშაობდა საჯარო მოხელედ ფინანსთა სამინისტროში, მსოფლიო ბანკში და გაეროს ბავშვთა ფონდში (UNICEF). ეკავა მნიშვნელოვანი სამთავრობო პოსტები:  გახლდათ ეკონომიკის მინისტრი (1999-2001), ფინანსთა მინისტრი (2001-2002) , ვაჭრობის, მრეწველობისა და ტურიზმის მინისტრი (2002).

2001 წელს ფრადიკე დე მენეზეში აირჩიეს სან-ტომე და პრინსიპის პრეზიდენტად ცენტრისტული პარტიის მხარდაჭერით, მაგრამ პარლამენტში არ იყო მკაფიო უმრავლესობა. სოციალისტი გაბრიელ კოშტას ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სამი პარტიის კოალიცია და მარია დაშ ნევეში  ახლად შექმნილი  მთავრობის წევრი გახდა.[2][3]

პრემიერ-მინისტრის პოსტზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია დაშ ნევეში სან-ტომესა და პრინსიპის პრემიერ მინისტრის პოსტს  2002 წლის 7 ოქტომბრიდან 2004 წლის 18 სექტემბრამდე იკავებდა. იგი ქვეყანაში გახდა პირველი ქალი აღნიშნულ თანამდებობაზე. პრეზიდენტმა ფრადიკე დე მენეზეშმა  ამ თანამდებობაზე მას შემდეგ დანიშნა, რაც ეროვნული ერთიანობის სამპარტიული მთავრობა გაბრიელ კოშტას ხელმძღვანელობით  არმიის პროტესტის შედეგად გადადგა. ვალებში ჩაფლული და საგარეო დახმარებაზე დამოკიდებული ქვეყანა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ქვეყის პოლიტიკურ ველზე  იყო მნიშვნელოვანი განხეთქილება და ძალაუფლების ბრძოლა. როდესაც ნიგერიასთან ნავთობის შეთანხმებას მოეწერა ხელი, 2003 წლის 16 ივლისს სამხედრო გადატრიალება მოხდა.  პრეზიდენტი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. დაქირავებულმა არმიამ დააკავა მარია დაშ ნევეში და მთავრობის სხვა წარმომადგენლები. გადატრიალების ლიდერები გამოხატავდნენ შეშფოთებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მომავალი ნავთობის შემოსავალი სამართლიანად არ გადანაწილდებოდა. საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ მიღწეული იქნა შეთანხმება და მენეზეში ერთი კვირის შემდეგ აღადგინეს. მარია დაშ ნევეში საავადმყოფოში გადაიყვანეს მსუბუქი გულის შეტევით. იგი გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან, მაგრამ, როდესაც პრეზიდენტმა ფრადიკე დე მენეზეშმა მისდამი ნდობა დაადასტურა,  მუშაობა გააგრძელა.

2004 წლის 15 სექტემბერს პრეზიდენტმა ფრადიკე დე მენეზეშმა  მარია დაშ ნევეში გაათავისუფლა პრემიერ მინისტრის პოსტიდან და მის პარტიას ახალი პრემიერ მინისტრის კანდიდატურის დაყენება შესთავაზა მას შემდეგ რაც გავრცელდა ხმები მარია დაშ ნევეშის და მისი მთავრობის წევრების კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, თუმცა მარიამ უარყო მონაწილეობა ნებისმიერ კორუფციულ გარიგებებში. მარია დაშ ნევეშის  გადადგომიდან სამი დღის შემდეგ, მინისტრთა ახალი კაბინეტი შეიქმნა, რომელსაც ხელმძღვანელობდა დამიან ვაშ დ'ალმეიდა. მარია დაშ ნევეში აირჩიეს პარლამენტის დამატებით წევრად. იგი  დეპუტატი გახდა.[1]

შემდგომი ბიოგრაფიული მონაცემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია დაშ ნევეში გახლავთ მსოფლიო ლიდერ ქალთა საბჭოს წევრი—საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის შემადგენლობაში შედიან მსოფლიოს ქვეყნების ამჟამინდელი და ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ქალები. მისი მისიაა  უმაღლესი დონის ლიდერი ქალების მობილიზება მთელი მსოფლიოდან კოლექტიური მოქმედებისთვის იმ საკითხებზე, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქალებისა და მათი სამართლიანი განვითარებისთვის.[2][4]

მარია დაშ ნევეში გათხოვილია. ჰყავს ორი ქალიშვილი. [1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Skard, Torild (2014) «Maria das Neves» in Women of power — half a century of female presidents and prime ministers worldwide, Bristol: Policy Press, ISBN 978-1-44731-578-0, pp. 299—300
  2. 2.0 2.1 Jensen, Jane S. (2008) «Maria das Neves» in Women Political Leaders — breaking the highest glass ceiling, New York, NY: Palgrave Macmillan, ISBN 978-0-312-22338-0, p. 58; Skard (2014), pp. 299—300
  3. Jane S. Jensen (2008). Women Political Leaders. Palgrave Macmillan. pp. 58–59. ISBN 9780230616851.
  4. "At-a-glance: Women Prime Ministers"[მკვდარი ბმული]. SBS News. 23 Aug 2013. Retrieved 2014-08-04.