შინაარსზე გადასვლა

მირეია მოსკოსო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მირეია მოსკოსო
მირეია მოსკოსო
პანამის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 სექტემბერი, 1999 – 30 აგვისტო, 2004
წინამორბედიერნესტო პერეს ბალადარესი
მემკვიდრემარტინ ტორიხოსი

დაბადებული1 ივლისი, 1946
პედასი, პანამა
პოლიტიკური პარტიაარნულფისტური პარტია
მეუღლეარნულფო არიასის ქვრივი
გაშორებულია რიკარდო გრუბერთან

მირეია ელისა მოსკოსო როდრიგეს დე არიასი (დ. 1 ივლისი, 1946, პედასი, პანამა) — პანამელი სახელმწიფო მოღვაწე, პანამის პირველი ქალი პრეზიდენტი 1999-2004 წწ. პანამის ყოფილი პრეზიდენტის არნულფო არიასის ქვრივი.

მირეია მოსკოსო დაიბადა 1946 წლის 1 ივლისს პანამაში ლოს-სანტოსის პროვინციაში მოსკოსოების საშუალო კლასის წარმომადგენელთა ოჯახში. მირეიას მამა სკოლის დირექტორი იყო და 1955 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა.

მირეიამ პირველდაწყებითი განათლება ქალაქ პანამაში მიიღო. 17 წლისა კი უკვე ვაჭრობის ბაკალავრის ტიტულს ფლობდა, რამაც უფლება მისცა ემუშავა მდივნად სოციალური დაზღვევის საერთაშორისო სააგენტოში. 1974 წელს აშშ-ში დევნილმა მირეიამ დაამთავრა მაიამის კოლეჯი დიზაინერის სპეციალობით.

მირეიამ აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას მიჰყო ხელი. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო პანამაში ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი ა. არიასი და 1964 წელს მონაწილეობა მიიღო არიასის წარუმატებელ საარჩევნო კამპანიაში. 1968 წელს, 12 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში არნულფო არიასი უკვე დამაჯერებლად იმარჯვებს თუმცა სახელმწიფო გადატრიალების გამო ემიგრაციაში მიდის. მთელი ამ ხნის მანძილზე მირეია გვერდიდან არ მოშორებია არნულფოს და 1969 წელს ცოლად გაჰყვა კიდეც.

1990-იანი წლების დასაწყისში მეორედ იქორწინა ბიზნესმენ რიკარდო გრუბერზე რომელსაც გაშორდა 1997 წელს (მათ გაშორებამდე იშვილეს ბიჭი რიკარდო რომელიც 1992 წელსაა დაბადებული).

1978 წლის 10 ივნისს არიასების წყვილი პანამაში დაბრუნდა, დააარსეს პანამის ნდობის პარტია , პარალელურად კი ხელი მოჰკიდეს კერძო მეწარმეობას და ჩირიკის პროვინციაში გააშენეს ყავის პლანტაცია. 1988 წლის 10 აგვისტოს არნულფო არიასი გარდაიცვალა მირეიამ კი მთლიანად იტვირთა გარდაცვლილი მეუღლის პოლიტიკური ხვედრი ისევე როგორც კორი აკინომ ფილიპინებში და ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორომ ნიკარაგუაში.

არნულფო არიასის გარდაცვალების შემდეგ ნდობის პარტიაზე ზეწოლას ახორციელებდნენ, რის შედეგადაც იგი აღმოჩნდა უმცირესობაში. თუმცა ადვოკატმა გილერმო ენდარამ, რომელიც ნდობის პარტიის გენერალური მდივანი იყო არიასის გარდაცვალების შემდეგ 1989 წლის მარტში შექმნა არნულფისტური პარტია, რომელსაც ბუნებრივია შეუერთდა მირეია მოსკოზო და მისი გუნდი. სულ მალე არნულფისტურმა პარტიამ ჩამოაყალიბა ოთხპარტიული კოალიცია "სამოქალაქო დემოკრატიული ალიანსი" და 1989 წლის 7 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დაასახელეს გილერმო ენდარა, რომელმაც გაიმარჯვა კიდეც. მირეია მოსკოსო კი 1991 წლის 29 სექტემბერს გახდა არნულფისტური პარტიის ლიდერი. მიუხედავად თავისი პოლიტიკური გუნდის ასეთი წარმატებისა მოსკოსო ენდარას მთავრობაში არ შესულა.

1994 წლის 8 მაისს საპრეზიდენტო არჩევნებში კონსერვატიულმა ძალებმა პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს მირეია მოსკოსო რომელიც ე. წ. „დემოკრატიული ალიანსის“ მხარდაჭერით სარგებლობდა, 1994 წლის საპრეზიდენტო კამპანია წარუმატებელი აღმოჩნდა მირეიასათვის: ერნესტო პერეს ბალადარესმა მიიღო ხმების 33,3 % მირეია მოსკოსომ კი 29,1 % .

საპრეზიდენტო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წლის 29 მარტს მირეია მოსკოსო საპრეზიდენტო არჩევნებში ამჟამად არნულფისტურმა პარტიამ წარადგინა. არჩევნების წინ მირეიამ ქმრის საფლავზე დაიფიცა რომ გამარჯვების შემთხვევაში პრეზიდენტის ლენტს აქ მოიტანდა რომელიც წესით მას არნულფოს ეკუთვნოდა. ეს იყო პირველ მაისს, 2 მაისს კი იგი თავისი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ქალი გახდა მან აიღო ხმების 44,9 % და 7,3 %-ით დაამარცხა მარტინ ტორიხოსი, რომელიც იყო შვილი იმ კაცისა ვინც მისი მეუღლე სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაამხო 1968 წელს.

მისი პრეზიდენტობა უმნიშვნელოვანესი ფაქტით აღინიშნა: პანამის პრეზიდენტებს შორის მას წილად ხვდა პატივი ყოფილიყო ერთიანი სუვერენული პანამის პირველი ლიდერი. 1999 წლის განმავლობაში მან ჩაიბარა ჰოვარდის, კობეს, ფარფანისა და კლეიტონის სამხედრო ბაზები. წლის ბოლო დღეს კი ხელმძღვანელობდა ისტორიულ ცერემონიალს რომლის შედეგადაც აღსდგა პანამის სუვერენიტეტი ტერიტორიაზე, რომელიც 1903 წლიდან ამერიკელების კონტროლის ქვეშ იყო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინამორბედი:
ერნესტო პერეს ბალადარესი
პანამის პრეზიდენტი

19992004
შემდეგი:
მარტინ ტორიხოსი