მიხეილ საბაშვილი
მიხეილ საბაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 7 აგვისტო, 1900 |
დაბ. ადგილი | ბათუმი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 9 ივლისი, 1979 (78 წლის) ან 19 თებერვალი, 1979 (78 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | ნიადაგთმცოდნე |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი |
მიხეილ ნიკოლოზის ძე საბაშვილი (დ. 7 აგვისტო 1900, ბათუმი — გ. 9 ივლისი 1979, თბილისი) — ქართველი ნიადაგთმცოდნე. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1944). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955). სკკპ წევრი 1953 წლიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი. 1930—1942 წლებში სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დოცენტი იყო; 1936 წლიდან სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგთმცოდნეობის, ხოლო შემდეგ ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის და ნიადაგთმცოდნეობის, ხოლო შემდეგ კათედრის გამგე და პროფესორი; 1945—1958 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნიადაგთმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორი; 1963—1976 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.
მიხეილ საბაშვილმა შეისწავლა საქართველოს ნიადაგების გენეზისი, შედგენილობა-თვისებები, გავრცელება, კლასიფიკაცია, აგროსაწარმოო მაჩვენებლების თეორიული და პრაქტიკული საკითხები. მის მიერ და მისი ხელმძღვანელობით შედგენილია სხვადასხვა მასშტაბიანი ნიადაგური რუკები და სხვა.
სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობასთან ერთად, მიხეილ საბაშვილი განუწყვეტლივ ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას. მისი შრომები ფართოდ იყო გამოყენებული საბჭოთა მეურნეობებისა და კოლმეურნეობების, საირიგაციო და სამელიორაციო მშენებლობების დაპროექტების, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის ახალი ფართობების ათვისებისა და გაუმჯობესების საქმეში. მიხეილ საბაშვილის ხელმძღვანელობით დიდი სამუშაოები იყო ჩატარებული სასუქებისა და ნიადაგთმცოდნეობის საკავშირო ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის მიერ 1932—1934 წლებში დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის ნიადაგების გამოსაკვლევად, სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით. 1937—1938 წლებში მისი ხელმძღვანელობით, ჩატარდა საქართველოს მარცვლეული კულტურების ჯიშთა გამოდცის ნიადაგების დაწვრილებითი შესწავლა-დახასიათება. 1940 წელს დეტალურად იქნა გამოკვლეული წალკის ქვაბულის ნიადაგები, რომლის შედეგები გაითვალისწინეს ამ წყალსაცავის მშენებლობის პროექტის შედგენისას. მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი მუშაობა გასწია სამხედრო რუკების შედგენაზე.
მისივე ხელმძღვანელობით იქნა შესწავლილი ყაზბეგის რაიონის ჩრდილო ნაწილის, სამგორის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის, შირაქისა და ტარიბანის ველებისა და კახეთის ნათელი ტყეების ნიადაგები. არაერთი ნაშრომი მიეძღვნა საქართველოს მევენახეობის რაიონებისა და ვენახისათვის გამოსადეგი ნიადაგების მიმოხილვას. 1957 წელს შეადგინა საქართველოს ნიადაგების რუკა საშუალო სკოლებისათვის. მიხეილ საბაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ნიადაგთმცოდნეთა საერთაშორისო კონგრესების, საკავშირო ყრილობების, სიმპოზიუმების, კონფერენციებისა და სხვათა საქმიანობაში.
დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.
თხზულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საბაშვილი მ., ნიადაგთმცოდნეობა, თბ., 1970;
- საბაშვილი მ., საქართველოს სსრ ნიადაგები, თბ., 1965.
- Сабашвили М. Н. Почвы влажной субтропической зоны ССР Грузии, Тифлис. 1936.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შევარდნაძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 547.
- მიხეილ საბაშვილი. ბიობიბლიოგრაფია. მეცნიერება, თბ., 1981.
- Pages with image sizes containing extra px
- დაბადებული 7 აგვისტო
- დაბადებული 1900
- ბათუმში დაბადებულები
- გარდაცვლილი 9 ივლისი
- გარდაცვლილი 1979
- გარდაცვლილი 19 თებერვალი
- თბილისში გარდაცვლილები
- ლენინის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- ქართველი ნიადაგთმცოდნეები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები
- საბაშვილები
- საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები