შინაარსზე გადასვლა

ნატალია უნაფქოშვილი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნატალია უნაფქოშვილი უშვერიძისა[1] (დ. 1892, სოფ. ვანათი (ახლანდელი ერედვის მუნიციპალიტეტი) — გ. 1975, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, თბილისის N 1 საბავშვო ბაღის დამაარსებელი და ამავე ბაღის პირველი გამგე. საბავშვო ბაღი დაარსდა 1921 წელს.

წარმომავლობა და ოჯახი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გორის მაზრის სოფელ ვანათში. მამა - ფილიპე უნაფქოშვილი მღვდელი იყო, დედა იყო მარიამ ივანეს ასული დოჩანაშვილი (მწერალ გურამ დოჩანაშვილის პაპიდა). ნატალია უნაფქოშვილი იზრდებოდა მრავალშვილიან ოჯახში. მეუღლე - იოაკიმე უშვერიძე ასევე ცნობილი პედაგოგი იყო.

1900 წ. შევიდა საეპარქიო სასწავლებელში, დაამთავრა 1908 წ.; 1916 წ. ჩაირიცხა მსმენელად მოსკოვში ქალთა უმაღლესი კურსების საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე.

პროფესიული საქმიანობა და მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საეპარქიო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 16 წლისამ დაიწყო მუშაობა მასწავლებლად გორის რაიონის სოფელ ქვემო ხვითის სამრევლო სკოლაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი[2]. 1919-21 წწ. მუშაობდა თბილისის მე-16 სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლად.
1921 წ. თავი დაანება სკოლაში მუშაობას და სათავეში ჩაუდგა N 1 საბავშვო ბაღს. ნატალია უნაფქოშვილის ხელმძღვანელობით პირველი საბავშვო ბაღი იქცა სკოლამდელი აღზრდის უმნიშვნელოვანეს კერად საქართველოში. ამ ბაღის მუშაობა, აქ შემუშავებული მეთოდები და გამოცდილება მრავალი პედაგოგიური მეთოდური ნაშრომის შექმნის საფუძველი გახდა.

არის ავტორი მეთოდური სახელმძღვანელოსი „ბუნება საბავშვო ბაღში“[3] და სხვა მეთოდური ნაშრომებისა[4]. მას ეკუთვნის საბავშვო თამაშების კრებულები: „ვინ უფრო ადრე“, „კურდღელი პირს იბანს“,[5], „თამაშობები საბავშვო ბაღში“[6] და გამოცანების კრებული. ასევე, არის ნაშრომების: „საბავშვო ბაღი“ #1, 2, 3; და მონოგრაფიის „თბილისის 1-ლი საბავშვო ბაღი“ ავტორი და თანაავტორი. იყო ჟურნალ „ოქტომბრელისა“ და შემდგომში „დილის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.

მოღვაწეობა საბავშვო ბაღში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნატალია უნაფქოშვილი თბილისის N 1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან ერთად.

ნატალია უნაფქოშვილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პედაგოგიური კადრების შერჩევას. მან თავის გარშემო შემოიკრიბა საქმისადმი ერთგული, ენთუზიასტი ადამიანები. ბაღის პირველი აღმზრდელები იყვნენ ელენე კარგარეთელი და ნინო ლორთქიფანიძე. ამ ბაღში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ აღმზრდელები: პ. ქუჩუკაშვილი, ლ. ქობულაშვილი, ა. ქობულაშვილი, ნ. ფარცხალაძე, ნ. მთვარელიშვილი, ნ. გურგენიძე, ნ. ქაშიაშვილი და სხვ. ბავშვთა მუსიკალურ აღზრდას უძღვებოდნენ: ნინო ბარნოვა, ელენე ტერიშვილი, ნათელა ჯავახიშვილი, რ. ლორთქიფანიძე. აქ მოღვაწეობდნენ ექიმები: ა. კანდელაკი, ა. კორინთელი; მხატვრები თ. კეჩხუაშვილი და ბ. ავალიშვილი; ოსტატი მ. გუდიაშვილი; ფსიქოლოგი ბ. ხაჭაპურიძე.

ნატალია უნაფქოშვილის ხელმძღვანელობით საქართველოში პირველად შემუშავდა სკოლამდელი აღზრდის უმნიშვნელოვანესი პრინციპები და მეთოდები. დიდი ყურადღება დაეთმო საბავშვო ლიტერატურას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბავშვის აღზრდაში ზღაპრის როლის შეფასება, რასაც იმდროინდელ პედაგოგიკაში ეჭვით ეკიდებოდნენ, როგორც რეალობისაგან ბავშვის დაშორების მიზეზს. ბაღში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ქართულ ხალხურ ზღაპრებზე მუშაობას და დადასტურდა მათი კეთილისმყოფელი გავლენა ბავშვის სულიერ აღზრდაზე. მუშაობაში ფართოდ იყენებდნენ ასევე ქართველი კლასიკოსი მწერლებისა და იმდროისათვის თანამედროვე მწერლების ნაწარმოებებს. ბაღმა შემოქმედებითი თანამშრომლობა გააბა მაშინდელ მწერლებთან: ანა ხახუტაშვილთან, იოსებ გრიშაშვილთან, ილია სიხარულიძესთან და სხვ., რომლებიც ხშირად ამ ბაღის აღსაზრდელებისთვის ქმნიდნენ თავის ნაწარმოებებს და ამასთანავე, პირველად აქ ამოწმებდნენ მათგან მინიჭებულ შთაბეჭდილებებს. ასეთივე თანამშრომლობა ჰქონდა ქ-ნ ნატალიას კომპოზიტორ თამარ შავერზაშვილთანაც.

ნატალია უნაფქოშვილის ხელმძღვანელობით შემუშავდა ბაღის გაფორმებისა და კეთილმოწყობის უმთავრესი პრინციპები. ოთახების კედლები შეიღება სხვადასხვა ფრად მათი დანიშნულებისა და ბაშვების ასაკის მიხედვით. არშიებად გამოყენებული იყო ქართული ხალხური ორნამენტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ავეჯის დამზადებას. ამ საქმეში აქტიურად ჩაება ივანე ჯავახიშვილი. მისი რეკომენდაციითა და კონსულტაციით ავეჯი დამზადდა მეტეხის მუზეუმში დაცული ექსპონატების შესწავლის საფუძველზე, ქართული ეროვნული ტრადიციების მიხედვით. გამოყენებული იყო ქართული ჩუქურთმა. მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ხისთვის ნატურალური სახის შენარჩუნება. უარი თქვეს მის შეღებვაზე და მხოლოდ გასანთლეს.

დიდი მნიშვნელობა დაეთმო ეზოს გამწვანებას. ბავშვებს უმასპინძლდებოდნენ საკუთარ ბაღში მოწეული ყურძნითა და ხილით.

ეზოში გაკეთდა ბავშვთა სათამაშო მოედნები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის ქვიშის ყუთებით, სპორტული იარაღებით, მსხვილი საშენი მასალებით. მოეწყო საბავშვო რკინიგზა, მოძრავი ელექტრო ტრამვაი, ფუნიკულიორი, დამზადდა დიდი ზომის ავტომანქანები, სხვადასხვა სახის მსხვილი და წვრილი სათამაშო მასალა ჯგუფში მუშაობისათვის.

სათამაშოები ბაღშივე მზადდებოდა არა მარტო ამ ბაღის საჭიროებისათვის, არამედ მთელი საქართველოს საბავშვო ბაღებისათვის. ამ საქმეს თავდაპირველად ბაღთან ჩამოყალიბებული ჯგუფი უძღვებოდა, 1932 წელს კი ნატალია უნაფქოშვილის ინიციატივითა და ხელისუფლების მხარდაჭერით საბავშვო ბაღში დაარსდა სათამაშოების სახელოსნო, რომლის მოწყობასა და მუშაობაში დიდი წვლილი მიუძღვის თ. კეჩხუაშვილს. შემდეგ ამ სახელოსნოს ბაზაზე სათამაშოებისა და დიდაქტიკური მასალების სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია შეიქმნა.

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბავშვთა აღზრდის საკითხების მეცნიერულ დამუშავებაში სპეციალისტის ჩართვას. 1923 წ. ბაღი საცდელ-საჩვენებელ ბაღად გადაკეთდა. 1927 წელს ნატალია უნაფქოშვილმა ბაღში მოიწვია ფსიქოლოგი ბ. ხაჭაპურიძე. მისი ავტორობითა და ხელმძღვანელობით შეიქმნა ორიგინალურ პრინციპებზე დაფუძნებული შემეცნებითი მასალების სერიები. აქვე ხდებოდა ამ მასალების ექსპერიმენტული შემოწმებაც. დიდაქტიკური მასალებისადმი დადებითი დამოკიდებულება საქართველოს საბავშვო ბაღებს განასხვავებდა იმდროინდელი სხვა საბჭოთა ბაღებისაგან და მათ ინდივიდუალურ სახეს განაპირობებდა. საბჭოთა ლიტერატურაში აქ შექმნილ მეთოდებს დიდაქტიკური მასალების სისტემა ეწოდა.

მნიშვნელოვანი იყო ბავშვებთან მუშაობაში ხალხური თამაშობების შემოტანა და დანერგვა. 1932 წელს ბაღმა მოაწყო სათამაშოების პირველი რესპუბლიკური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც იმ დროს ბაზარზე არსებული, ასევე ხალხური თვითნაკეთი და საბავშვო ბაღში დამზადებული სათამაშოები.

ბაღმა შეიმუშავა ბავშვების ფიზიკური აღზრდის საკუთარი გზა. თამარ ნიკოლაძის მონაწილეობითა და უშუალო ხელმძღვანელობით ფიზკულტურულმა მუშაობამ მიიღო ორიგინალური ხასიათი. ფიზიკური აღზრდის მაღალ დონეს განაპირობებდა ამ საქმეში საუკეთესო სპეციალისტების გიორგი ეგნატაშვილისა და გიორგი მერკვილაძის მონაწილეობა.

ნატალია უნაფქოშვილმა სკოლამდელი აღზრდის საქმეს თავისი ცხოვრების 42 წელი მიუძღვნა.

1932 წ. დაჯილდოვდა „საპატიო დამკვრელის სიგელით“, 1941 წ. - სსრკ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით, 1946 წ. მედლით „დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“ და „სახალხო განათლების წარჩინებულის“ სამკერდე ნიშნით, 1962 წ. სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ვერცხლის მედლით, 1971 წ. თბილისის განათლების განყოფილების დიპლომითა და უმაღლესი სკოლისა და სამეცნიერო დაწესებულებების მუშაკთა პროფკავშირის საპატიო სიგელით, 1971 წ. იაკობ გოგებაშვილის მედლით. 1956 წ. მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება.[7][8]

ნატალია უნაფქოშვილი დაკრძალულია ზემო ვერის სასაფლაოზე.

  • დ. გურგენიძე, ერთ-ერთი პირველთაგანი (თბილისის 1-ლი საბავშვო ბაღის დამაარსებელი ნატალია უნაფქოშვილი), დაწყებითი სკოლა, სკოლამდელი აღზრდა, 1972, N1, გვ. 68-72
  • ნეკროლოგი. ნატალია უნაფქოშვილი (პედაგოგი 1892-1975) // დაწყებითი სკოლა, სკოლამდელი აღზრდა, 1976, N1, გვ.78-80
  • თბილისის №1 ბაგა-ბაღი, გამომცემლობა „ნეკერი“, 1996
  • ნელი კალანდარიშვილი, პორტრეტები შტრიხებში, თბ., 1988, გვ.4-6.
  • ნ. უნაფქოშვილი, თამაშობები საბავშვო ბაღში, „განათლება“, თბ., 1975
  • თბილისის #1 საბავშვო ბაღი, თბ., 1951

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. იმედაშვილი, ი. ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი / ხელნაწერი. [დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.]
  2. საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული ბაზა
  3. ნ. უნაფქოშვილი-უშვერიძე, ბუნება საბავშვო ბაღში, ს.ს.ს.რ. სახ. გამომცემლობა, ტფ., 1926
  4. ნ. უნაფქოშვილი, მხატვრული მასალის გამოყენება საბავშვო ბაღში, სახალხო განათლება, თბ., 1946, #25; ნ. უნაფქოშვილი, კვება საბავშვო ბაღში, დაწყებითი სკოლა, სკოლამდელი აღზრდა („სკოლა და ცხოვრების“ ყოველკვირეული დამატება), თბ., 1968, #3
  5. ნ. უნაფქოშვილი, კურდღელი პირს იბანს. საბავშვო თამაშობანი, ნაკადული, თბ., 1966
  6. ნ. უნაფქოშვილი, თამაშობები საბავშვო ბაღში, „განათლება“, თბ., 1975
  7. დ. გურგენიძე, ერთ-ერთი პირველთაგანი (თბილისის 1-ლი საბავშვო ბაღის დამაარსებელი ნატალია უნაფქოშვილი), დაწყებითი სკოლა, სკოლამდელი აღზრდა, 1972, N1, გვ. 71-72
  8. ნატალია უნაფქოშვილი (ნეკროლოგი) // დაწყებითი სკოლა, სკოლამდელი აღზრდა, 1976, N1, გვ. 80