შინაარსზე გადასვლა

პარიზის სამშვიდობო კონფერენცია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პარიზის მშვიდობის კონფერენცია)
დიდი ოთხეული
მსოფლიოს რუკა პირველი მსოფლიო ომის მონაწილეებით. მოკავშირეები აღნიშნულია მწვანედ, ცენტრალური ძალები — ნარინჯისფრად, ნეიტრალურები — ნაცრისფრად.

პარიზის სამშვიდობო კონფერენცია1919-1920 წლებში გამართული კონფერენცია, რომელიც პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულმა მოკავშირე სახელმწიფოებმა მოიწვიეს დამარცხებული ცენტრალური ძალებისთვის სამშვიდობო პირობების დასადგენად. კონფერენცია ვერსალის სასახლეში გაიხსნა 1919 წლის 18 იანვარს, 1871 წელს ამ ადგილას გერმანიის იმპერიის გამოცხადების წლისთავზე, და გაგრძელდა 1920 წლის 21 იანვრამდე რამდენიმე ინტერვალით.

კონფერენციაში მონაწილეობდა 32 გამარჯვებული სახელმწიფო. გერმანია და მისი მოკავშირეები პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე დაუშვეს მხოლოდ 1919 წლის 7 მაისს, როდესაც უკვე შემუშავებული იყო ხელშეკრულებების პროექტები, რუსეთი საერთოდ არ მიუწვევიათ. პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე წამყვან როლს ასრულებდა „ოთხთა საბჭო“ აშშ-ის (პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი), დიდი ბრიტანეთის (პრემიერ-მინისტრი დეივიდ ლოიდ ჯორჯი), საფრანგეთისა (პრემიერ-მინისტრი ჟორჟ კლემანსო) და იტალიის (პრემიერ-მინისტრი ვიტორიო ორლანდო) დელეგაციების მეთაურების სახით.

კონფერენციის მთავარი შედეგი იყო ვერსალის საზავო ხელშეკრულება გერმანიასთან, რომლის 231-ე მუხლით გერმანია და მისი მოკავშირეები მთავარ დამნაშავეებად ცნეს. გარდა ამისა ხელშეკრულებები დაიდო ავსტრიასთან (სენ-ჟერმენის ხელშეკრულება 1919), ბულგარეთთან (ნეიის ხელშეკრულება 1919), უნგრეთთან (ტრიანონის საზავო ხელშეკრულება 1920) და ოსმალეთთან (სევრის ხელშეკრულება 1920).

კონფერენციაზე მიიღეს ერთ ლიგის წესდება.

პარიზის სამშვიდობო კონფერენცია გაიხსნა 1919 წლის 18 იანვარს ვერსალის სასახლეში, 1871 წელს გერმანიის იმპერატორის ვილჰელმ პირველის კორონაციის წლისთავზე[1] . აღნიშნული მოვლენა წარმოადგენდა საფრანგეთ-პრუსიის ომის დასასრულს, რომელიც გერმანიის გაერთიანებითა და საფრანგეთის პროვინციების ელზასისა და ლოტარინგიის დაპყრობით დასრულდა[2]. კონფერენციის ფორმალური პროცესი დასრულდა 1923 წელს ლოზანის საზავო ხელშეკრულების ხელმოწერით.

პარიზის სამშვიდობო კონფერენციას ესწრებოდნენ 27 სახელმწიფოსა და 5 დომინიონის წარმომადგნლები. კონფერენციაზე არ იყნენ მიწვეულნი ომში დამარცხებული ქვეყნები — გერმანია, ავსტრია, უნგრეთი, ბულგარეთი და ოსმალეთის იმპერია. გერმანიის წარმომადგნელები მხოლოდ მაისში ეწვივნენ პარიზს, მაშინ როდესაც წარუდგინეს ვერსალის ხელშეკრულება და მისი პირობები. კონფერენციაზე ასევე არ იყო მიწვეული რუსეთი, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ძირითადი მოკავშირე 1914-1917 წლებში, რადგან ბრიტანეთი და საფრანგეთი აქტიურად უჭერდნენ მხარს ვალდიმერ ლენინის ბოლშევიკური მთავრობის დამხობას.

პარიზის სამშვიდობო კონფერენციის მიმდინარეობას აკონტროლებდა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებში მონაწილდეობდა ხუთი დიდი ძალა - საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, იაპონია და ამერიკის შეერთებული შტატები[3]. თუმცა აღსანიშნავია, რომ მარტიდან, მას შემდეგ რაც იაპონიის პრინცმა საიონძი კიმოტიმ თავი შეიკავა აქტიური ჩართულობისგან იაპონიის ნაკლები ინტერესიდან გამომდინარე, ხუთეულის საბჭო შემცირდა და გარდაიქმნა ოთხთა საბჭოდ, რომელშიც მხოლოდ დასავლეთის მთავრობების ხელმძღვანელები იყვნენ წარმოდგენილნი. მიუხედავად ამისა, ხუთეულის საგარეო საქმეთა მინისტრები განაგრძობდნენ შეხვედრებს მეორეხარისხოვან საკითხებთან დაკავშირებით.

კონფერენციის მიმდინარეობის დროს შეიქმნა სპეციალიზებული კომისიები, რომლებიც მუშაობდნენ განსაკუთრებულ პრობლემებსა და საკითხზე: ერთა ლიგის ფორმირება და ხელშეკრულების ჩარჩო ვერსიის მიღება; ომზე პასუხისმგებლობის განსაზღვრა და გარანტიების მიღება ომის არგამეორების შესახებ; რეპარაციის საკითხები; საერთაშორისო შრომითი კანონმდებლობა; საერთაშორისო პორტების, სანაოსნო გზებისა და რკინიგზის საკითხები; ფინანსური საკითხები; ეკონომიკის საკითხები; ავიაციის საკითხები; საზღვაო ფლოტისა და შეიარაღებული ძალების საკითხები; ტერიტორიული საკითხები.

პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე მომზადდა საზავო ხელშეკრულებები:

ასევე მიიღეს გადაწყვეტილება ერთა ლიგის შექმნის შესახებ და მოიწონეს მისი წესდება[4][5].

დიდი ოთხეული, ასევე ცნობილი როგორც „ოთხთა საბჭო“, ცენტრალურ როლს თამაშობდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე. დიდი ოთხეულს წარმოადგენდნენ:

დიდი ოთხეული დომინირებდა იმ პროცედურებში, რაც წინ უძღვოდა ვერსალის საზავო ხელშეკრულების ფორმულირებას. ხელშეკრულებისა, რომელმაც დაასრულა პირველი მსოფლიო ომი. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ მონაწილეებს, აღსანიშნავია, რომ ისინი კონფერენციის მიმდინარეობის დროს მხოლოდ და მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლით შემოიფარგლებოდნენ.

გერმანიის საკითხი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ცენტრალურ ადგილს იკავებდა. გერმანიის საკითხზე მოლაპარაკებებში დომინირებდნენ ბრიტანელი, ფრანგი და ამერიკელი ლიდერები. თითოეულ მათგანს საკუთარი მოსაზრება გააჩნდა გერმანიასთან დაკავშირებით.

საფრანგეთისა და მისი წარმომადგენელი ჟორჟ კლემანსოსათვის მთავარ მიზანს უსაფრთხოება და გერმანიისაგან სამომავლო შეტევის თავიდან აცილება წარმოადგენდა. საფრანგეთს ასევე სურდა შექმნილიყო ტერიტირორიული ბუფერი, რომელსაც უნდა ეთამაშა უსაფრთხოების კორდონის როლი გერმანიის წინააღმდეგ.[6][7].

დიდ ბრიტანეთს სურდა აღდგენილიყო ძალთა ბალანსი დასავლეთ ევროპაში. ბრიტანეთი სწორედ ძალთა ბალანსს მიიჩნევდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად ნებისმიერი ძლიერი ევროპული სახელმწიფოსგან მომავალი საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოა მის უსაფრთხოებას დაემუქრებოდა[8].

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვუდრო ვილსონის სურვილს წარმოადგენდა ნებისმიერი გადაწყვეტილება დაფუძნებოდა მის მიერ წარდგენილი „თოთხმეტი პუნქტის“ პრინციპებს, რომელსაც სამომავლო ომები უნდა აერიდებინა მსოფლიოსთვის[9].

რაც შეეხება მეოთხე ძირითად სახელმწიფოს იტალიას, აღსანიშნავია, რომ ვიტორიო ორლანდო არ იყო ჩართული გერმანიის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, რადგან იტალიას არ ჰქონდა საზღვარი გერმანიასთან და არასდროს უბრძოლია მასთან პირისპირ. იტალიის პრემიერი ასევე პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა იმ სესიებს, სადაც გერმანიის საკითხი განიხილებოდა, რადგან მის მოთხოვნებს ტერიტორიებთან დაკავშირებით წამყვანი სახელმწიფოების მხარდაჭერა არ გააჩნდა[10] .

პარიზის სამშვიდობო კონფერენციის შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარიზის სამშვიდობო კონფერენციის მთავარ გადაწყვეტილებებს წარმოადგენდა ერთა ლიგის შექმნა და პირველ მსოფლიო ომში დამარცხებულ სახელმწიფოებთან გაფორმებული ხუთი საზავო ხელშეკრულება.

ერთა ლიგის სულისჩამდმელი და აქტიური მხადრამჭერი იყო ვუდრო ვილსონი, რომელსაც სწამდა, რომ ორგანიზაცია იქნებოდა როგორც საერთაშორისო ფორუმი, ისე საერთაშორისო კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმება. ვილსონს სჯეროდა, რომ ერთა ლიგა მსოფლიოს თავიდან ააცილებდა სამომავლო ომებს. აღსანიშნავია, რომ ამერიკის მოსახლეობაშიც არსებობდა ოპტომისტური განწყობა, რომ ახალი ორგანიზაცია შეძლებდა მოეგვარებინა ისეთი საერთაშორისო დავები, რომელმაც 1914 წლის ომი გამოიწვია. თუმცა, მიუხედავად პრეზიდენტისა და მოსახლეობის დიდი მხარდაჭერისა, აშშ-ის სენატმა უარი განაცხადა ერთა ლიგის წევრობაზე.

საზავო ხელშეკრულებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე მიღებული საზავო ხელშეკრულებებიდან ვერსალის ხელშეკრულება წარმოადგენდა მოდელს დანარჩენი ხელშეკრულებებისათვის. აღსანიშნავია, რომ ყოველი ხელშეკრულება ეფუძნებოდა შემდეგ პრინციპებს:

  • დამარცხებული სახელმწიფოების განიარაღება;
  • დამარცხებული სახელმწიფოების მიერ რეპარაციების გადახდა;
  • დამარცხებული სახელმწიფოების ტერიტორიების გადაცემა სხვა ქვეყნებისათვის.

ვერსალის საზავო ხელშეკრულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვერსალის საზავო ხელშეკრულებით გერმანია გამოცხადდა „ომის დამნაშავედ“. ასევე, გერმანიას დაეკისრა საკმაოდ მძიმე რეპარაციების გადახდა მოკავშირე სახელმწიფოებისათვის, რათა მათთვის აენაზღაურებინა ის ზარალი და დანაკარგები, რაც მათ ომში განიცადეს. დიდი ოთხეულისათვის, განსაკუთრებით კი კლემანსოსთვის, მნიშვნელოვანი იყო შექმნილი გარანტია იმისა, რომ გერმანია აღარასოდეს შეუქმნიდა საფთხეს დანარჩენ ევროპას. შესაბამისად, აღნიშნული მიზნის მისაღწევად ვერსალის ხელშეკრულებაში შევიდა მთელი რიგი პირობები. გერმანიას შეეზღუდა არმია 100 000 ჯარისკაცამდე, განადგურდა გენერალური შტაბი, აიკრძალა ჯავშანიანი მანქანების, ტანკების, თვითმფრინავების, წყალქვეშა გემებისა და მომწამლავი გაზის წარმოება. მხოლოდ მცირე რაოდენობის განსაზღვრულ ქარხნებს მიეცა უფლება ეწარმოებინათ იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა. მოხდა რაინის ზონის სრული დემილიტარიზაცია. აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე იმედოვნებდნენ, რომ გერმანიის ძალით განიარაღებას მოჰყვებოდა სხვა ქვეყნების მოხალისეობრივი განიარაღების პროცესი.

ხელშეკრულების საფუძველზე გერმანიის მოსახლეობა და ტერიტორია შემცირდა 10 %-ით. ელზასი და ლოტარინგია დაუბრუნდა საფრანგეთს. საარის მხარე 1935 წლამდე გადავიდა ერთა ლიგის მეთვალყურეობის ქვეშ, შემდგომ კი აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო პლებისციტის გზით. ბელგიას გადაეცა მალმედიისა და ეიპენის ოლქები. ჩრდილოეთ შლეზვიგი პლებისციტის შემდგომ დაუბრუნდა დანიას. პოლონეთი აღდგა და მას გადაეცა დასავლეთ პრუსიის დიდი ნაწილი და პოზნანი, ასევე მიიღო „კორიდორი“ ბალტიის ზღვაზე, რომელიც გადიოდა პომერანიისა და აღმოსავლეთ პრუსიას შორის და გამოყოფდა აღმოსავლეთ პრუსიას დანარჩენი გერმანიისგან. ასევე პოლონეთს პლებისციტის შედეეგად გადაეცა ზემო სილეზიის ნაწილი. გდანსკი (დანციგი) გამოცხადდა „თავისუფალ ქალაქად“. გერმანიამ ასევე დაკარგა მის მფლობელობაში არსებული ყველა კოლონია, რომლებიც გადაეცათ ომში გამარჯვებულ სახელმწიფოებს.

ვერსალის ხელშეკრულება ასევე მოიცავდა ერთა ლიგის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები აღიარებდნენ და იცავდნენ ერთმანეთის დამოუკიდბელობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ნებისმიერი წევრის მიმართ განსაზღვრული იყო ეკონომიკური სანქციები, თუკი იგი მიმართავდა ომს. ერთა ლიგა ასევე ზედამხედველობას უწევდა სამანდატო ტერიტორიებს და იმუშავებდა გეგმებს იარაღის შემცირების თაობაზე.

ვერსალის ხელშეკრულება მკაცრად იყო გაკრიტიკებული გერმანებლების მიერ, რომლებიც აცხადებენ რომ ხელშეკრულებამ მათ „უკარნახა“ პირობები, რომ იგი არღვევდა თოთხმეტი პუნქტის სულს და რომ გერმანიისგან ითხოვნენ ისეთ მსხვერპლს, რომელიც კატასტროფას მოუტანდა ქვეყნის ეკონომიკას. გერმანიისათვის განსაკუთრებით მძიმე იყო ხელშეკრულების 231-ე მუხლი, რომელიც ომის გაჩაღებაში დამნაშავედ გერმანიას სცნობდა[11].

საქართველო და პარიზის სამშვიდობო კონფერენცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარიზის სამშვიდობო კონფერენცია ახლად ჩამოყალიბებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის წარმოადგენდა საუკეთესო საშუალებას მისი სუვერენიტეტის საერთაშორისოდ აღიარების თვალსაზრისით. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საკმაოდ მრავალრიცხვოვანი დელეგაცია შეარჩია, რომლის რიგებშიც იყვნენ პოლიტიკოსები, დიპლომატები, მეცნიერები და ექსპერტები. თუმცა აღსანიშნავია, რომ ვიზებზე უარის გამო დელეგაციის წევრების დიდი ნაწილი იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე. პარიზში კონფერენციაზე ასევე იმყოფებოდნენ ირაკლი წერეთელი და ზურაბ ავალიშვილი.

ქართულ დელეგაციას პარიზში გამარჯვებული, დიდი სახელმწიფოების წინაშე შემდეგი საკითხები უნდა წარედგინათ: საქართველოს საკითხი უნდა განხილულიყო რუსეთისა და მისი პრობლემებისაგან იზოლირებულად და ჩართულიყო პარიზის კონფერენციის დღის წესრიგში. ასევე, მოკავშირეებს პირველ რიგში უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი საზღვრების რეგულირების შესახებ. შესაბამისად, უნდა გადაწყვეტილიყო საქართველოს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობის საკითხი. ქართული დელეგაციის აზრით, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა შექმნილიყო სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლიდა საქართველოს საკითხს. ქართველი დელეგატების დახმარებით კომისია მოამზადებდა ანგარიშს, რომელსაც შემდგომ წარადგენდა კონფერენციაზე გამარჯვებული სახელმწიფოების წინაშე.

1919 წლის 14 მარტს საქართველოს დელეგაციამ წარადგინა ოფიციალური მემორანდუმი, სადაც დამტკიცებული იყო საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აუცილებლობა. კონფერენციაზე ასევე წარადგინეს ფრანგულ ენაზე შესრულებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუკა, რომელზეც მონიშნული იყო საქართველოს ტერიტორია და მისი საზღვები. საქართველო როგორც ცალკე სახელმწიფო, დასავლეთისათვის საინტერესო უნდა ყოფილიყო როგორც ეკონომიკური რესურსების, ისე ბათუმისა და ფოთის პორტებისა და მისი საკმაოდ მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქციის გამო.

პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე მოკავშირე სახელმწიფოები საქართველოს პრობლემას განიხილავდნენ საერთაშორისო პოლიტიკის დონეზე, კერძოდ კი ისინი მხედველობაში იღებდნენ რუსეთის რეალურ ინტერესებს რეგიონში და ძალთა ბალანსს. ისინი წუხდნენ კავკასიის ქვეყნებში არსებული არასტაბილური სიტუაციით, რომელიც გამოწვეული იყო საზღვრების შეუთანხმებლობით და ა. შ. მათი თვალსაზრისით რუსეთი წარმოადგენდა ძალას, რომელიც განსაზღვრავდა კავკასიაში სიტუაციას. მოკავშირეები მხარს უჭერდნენ თეთრი მოძრაობას, მის ლიდერ ალექსანდრე კოლჩაკსა და არმიის მოხალისეებს, აქედან გამომდინარე საქართველოს დამოუკიდელობის ცნობის საკითხი აქტუალური არც ყოფილა მანან, სანამ არ გამოიკვეთა თეთრგვარდეილთა არმიის დაცემის ნიშნები.

აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში თუ პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე უარს იტყოდნენ საქართველოს სუვერენიტეტის ცნობაზე, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძეს ჰქონდა მთავრობის მეთაურის ნოე ჟორდანიას ინსტრუქცია მოეპოვებინა დიდი ბრიტანეთის ან საფრანგეთის მფარველობა იმ პირობით, რომ ისინი არ ჩაერეოდნენ საქართველოს საშინაო საქმეებში. იმის გათვალისწინებით, რომ ბრიტანეთს უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება კავაკსიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, ლოიდ ჯორჯმა იტალიას შესთავაზა აეღო მანდატი საქართველოზე. იტალიის მთავრობამ დაიწყო საქართველოში გასაგზავნი ექსპედიციის მომზადება, მაგრამ მას შემდეგ რაც ქვეყანაში შეიცვალა მთავრობა, საქართველოში ექსპედიციის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. შესაბამისად იტალიას არ გადაეცა მანდატი საქართველოზე.

1919 წელს საქართველომ სურვილი გამოთქვა გაწევრიანებულიყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვუდრო ვილსონის ინიციატივით შექმნილ ერთა ლიგაში. საქართველო სწორედ ერთა ლიგას მიიჩნევდა რეალურ გარანტორად მისი დამოუკიდელობის დაცვლისა და გაძლიერებისათვის. აღნიშნული შეხედელულებისა და მოლოდინების საფუძველს კი წარმოადგენდა ერთა ლიგის მე-10 მუხლი, რომელის თანახმადაც ორგანიზაცია წევრ სახელმწიფოს იცავდა სხვა ქვეყნისგან მომდინარე აგრესიისგან. თუმცა, სწორედ ამ მუხლმა, რომელიც იმედის წყარო იყო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ფაქტობრივად ხელი შეუშალა საქართველოს გაერთიანებას ორგანიზაციაში. ერთა ლიგის წევრთა უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ ორგანიზაცია ვერ შეძლებდა საქართველოს დაცვას თავდასხმისგან იმის გათვალსიწინებით, რომ იგი იმყოფებოდა შორეულ და საკმაოდ რთულ რეგიონში. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ერთა ლიგაში მხოლოდ 10 მხარდრამჭერი გამოუჩნდა, რაც არ იყო საკმარისი საერთაშორისო თანამეგობრობის სრუფლასოვანი წევრობისათვის.

1921 წლის 10 იანვარს, პარიზის სამშვიდობო კონფერენციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დე იურედ ეცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. იმ სახელმწიფოებს შორის ვინც სცნეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სუვერენიტეტი იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, იაპონია, ბელგია, პოლონეთი, ავსტრია, რუმინეთი, ლუქსემბურგი, ჰაიტი, ლიბია, მექსიკა და სხვ.

  • სარალიძე ლ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 372-373.
  • Albrecht-Carrie, Rene. Italy at the Paris Peace Conference (1938) online edition დაარქივებული 2011-06-04 საიტზე Wayback Machine.
  • Ambrosius, Lloyd E. Woodrow Wilson and the American Diplomatic Tradition: The Treaty Fight in Perspective (1990)
  • Andelman, David A. A Shattered Peace: Versailles 1919 and the Price We Pay Today (2007) popular history that stresses multiple long-term disasters caused by Treaty.
  • Bailey; Thomas A. Wilson and the Peacemakers: Combining Woodrow Wilson and the Lost Peace and Woodrow Wilson and the Great Betrayal (1947) online edition დაარქივებული 2011-06-04 საიტზე Wayback Machine.
  • Birdsall, Paul. Versailles twenty years after (1941) well balanced older account
  • Boemeke, Manfred F., et al., eds. The Treaty of Versailles: A Reassessment after 75 Years (1998). A major collection of important papers by scholars
  • Bruce, Scot David, Woodrow Wilson's Colonial Emissary: Edward M. House and the Origins of the Mandate System, 1917–1919 (University of Nebraska Press, 2013).
  • Newton, Douglas. British Policy and the Weimar Republic, 1918-1919 (1997). 484 pgs.
  • Schwabe, Klaus. Woodrow Wilson, Revolutionary Germany, and Peacemaking, 1918-1919: Missionary Diplomacy and the Realities of Power (1985) online edition
  • Sharp, Alan. The Versailles Settlement: Peacemaking after the First World War, 1919-1923 (2nd ed. 2008)
  • Sharp, Alan. "The Enforcement Of The Treaty Of Versailles, 1919-1923," Diplomacy and Statecraft 2005 16(3): 423-438

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Nelsson, compiled by Richard (2019-01-09). „The Paris peace conference begins - archive, January 1919“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2019-04-27.
  2. Goldstein, Erik (2013-10-11). The First World War Peace Settlements, 1919-1925 (en). Routledge. ISBN 9781317883678. 
  3. Meehan, John David „4: Failure at Geneva“, The Dominion and the Rising Sun: Canada Encounters Japan, 1929-41. Vancouver: UBC Press, გვ. 76–77. ISBN 9780774811217. ციტირების თარიღი: 2017-02-19. „As the first non-European nation to achieve great-power status, Japan took its place alongside the other Big Five at Versailles, even if it was often a silent partner.“ 
  4. Antony Lentin, "Germany: a New Carthage?" History Today (2012) 62#1 pp. 22–27 online
  5. Paul Birdsall, Versailles Twenty Years After (1941) is a convenient history and analysis of the conference. Longer and more recent is Margaret Macmillan, Peacemakers: The Paris Peace Conference of 1919 and Its Attempt to End War (2002), also published as Paris 1919: Six Months That Changed the World (2003); a good short overview is Alan Sharp, The Versailles Settlement: Peacemaking after the First World War, 1919–1923 (2nd ed. 2008)
  6. Ambrosius, Lloyd E. (1972). „Wilson, the Republicans, and French Security after World War I“. Journal of American History. 59 (2): 341–352. doi:10.2307/1890194. JSTOR 1890194.
  7. David Robin Watson, Georges Clemenceau (1974) pp 338–65
  8. Zara S. Steiner (2007). The Lights that Failed: European International History, 1919–1933. Oxford UP, გვ. 481–82. 
  9. *Heckscher, August (1991). Woodrow Wilson. Easton Press. ISBN 0-6841-9312-4. 
  10. H. James Burgwyn, Legend of the Mutilated Victory: Italy, the Great War and the Paris Peace Conference, 1915–1919 (1993)
  11. Rene Albrecht-Carrie, Diplomatic History of Europe Since the Congress of Vienna (1958) p. 363