შინაარსზე გადასვლა

ირაკლი წერეთელი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ირაკლი წერეთელი (მრავალმნიშვნელოვანი).
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წერეთელი.
ირაკლი გიორგის ძე წერეთელი
დაბადების თარიღი 20 ნოემბერი 1881
გორისა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 20 მაისი, 1959 (77 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა პოლიტიკოსი
პარტია რსდმპ, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
მშობლები მამა: გიორგი წერეთელი
დედა: ოლიმპიადა ნიკოლაძე

ირაკლი (კაკი) გიორგის ძე წერეთელი (დ. 20 ნოემბერი, 1881, გორისა — გ. 20 მაისი, 1959, ნიუ-იორკი) — ქართველი პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ორატორი, სოციალ-დემოკრატი, მენშევიკების ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.

ირაკლი (კაკი) წერეთელი დაიბადა 1868 წლის 14 იანვარს ქუთაისში, ცნობილი ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, გიორგი წერეთლისა და ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის დის, ოლიმპიადა ნიკოლაძის ოჯახში. ჰყავდა უფროსი და-ძმა ელენე (1877-1950) და ლევანი (1879-1918). ორი წლის ასაკში დაკარგა დედა და გაიზარდა მამისა და ბიძის – ნიკო ნიკოლაძის, ასევე დედინაცვლის, ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელის მეურვეობის ქვეშ. მათ დიდი გავლენა მოახდინეს ირაკლი წერეთლის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე. მშობლიური ქართულის გარდა, იცოდა რუსული, ფრანგული, გერმანული და ინგლისური ენები. ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის №2 გიმნაზია და სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც გახდა სტუდენტური მოძრაობის ლიდერი, რის გამოც 1901-1903 წლებში დაპატიმრებული და გადასახლებული იყო ციმბირში.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გახდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ტფილისის კომიტეტის თავმჯდომარე და ათი წლის წინ მამამისის მიერ დაფუძნებული გაზეთ „კვალის“ ფაქტობრივი რედაქტორი. ამ დროს „კვალი“ ქართველი მარქსისტების ლეგალური ორგანო იყო. „ყვირილელის“ ფსევდონიმით გამოაქვეყნა სტატიები „მამულიშვილობა, ეროვნება თუ ხალხის სამსახური“, „აკაკანებული მამულიშვილები“, „თქვა და გაიქცა“ „ბ. ფ. გოგიჩაიშვილი და საზოგადო მოღვაწეობა“, „თეატრს რას ვუწუნებთ“. მისმა რამდენიმე წერილმა გამოიწვია „ივერიის“ და „ცნობის ფურცლის“ მხრიდან ცხარე კამათი. 1904 წელს მთავრობამ „კვალი“ აკრძალა. დაპატიმრების შიშის გამო წერეთელი 1904 წლის გაზაფხულზე წავიდა ემიგრაციაში, დასახლდა ბერლინში და შევიდა ბერლინის უნივერსიტეტში. 1905 წლის მაისში ჟენევაში მონაწილეობა მიიღო მენშევიკთა კონფერენციაში. 1905 წელს ბერლინში მძიმედ დაავადდა ტუბერკულოზით და მისმა დამ, ელენემ მატარებლით, საკაცეზე მწოლიარე ჩაიყვან სამშობლოში, ქუთაისში.

პოლიტიკური კარიერა რუსეთში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1906 წლის შემოდგომაზე აირჩიეს რუსეთის იმპერიის II მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან[1]. დუმა მოწვეულ იქნა 1907 წლის მარტში. წერეთელი გაწევრიანდა სოციალურ-დემოკრატიულ ფრაქციაში და აგრარულ კომიტეტში. 6 მარტის სხდომაზე ის სიტყვით გამოვიდა პეტრე სტოლიპინის წინააღმდეგ. ამ გამოსვლამ ახალგაზრდა წერეთელი აქცია ოპოზიციის აღიარებული ლიდერი დუმაში. წერეთელი არჩეულ იქნა სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარედ. 1907 წლის 3 ივნისს იმპერატორმა დუმა დაითხოვა, წერეთელს კი ჯერ 5 წლით კატორღა, შემდეგ კი 12 წლიანი გადასახლება მიუსაჯეს ირკუტსკის გუბერნიაში, სოფელ უსოლიეში. გადასახლებაში ყოფნისას აქტიურობდა პოლიტიკურად. თეოდორ დანთან ერთად გააერთიანა გადასახლებული სოციალ-დემოკრატები, მის ჯგუფს „ციმბირელი ციმერვალდისტების“ სახელით იცნობდნენ. თებერვლის რევოლუციას ციმბირში შეხვდა. 19 მარტს ჩავიდა პეტროგრადში და შევიდა პეტროგრადის საბჭოს აღმასკომის შემადგენლობაში, რომლის თავმჯდომარე იყო კარლო ჩხეიძე. აკრიტიკებდა ლენინის „აპრილის თეზისებს“. მაისში გახდა რუსეთის დროებითი კოალიციური მთავრობის წევრი და დაიკავა ფოსტა–ტელეგრაფის მინისტრის პოსტი. იბრძოდა რუსეთის ერთიანობისათვის – ყველა გზით ცდილობდა, არ დაეშვა ქვეყნის რღვევა და სამოქალაქო ომი.

1917 წლის 4 ივნისს, სრულიად რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოების პირველი ყრილობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ხმამაღლა განაცხადა: „ამჟამად რუსეთში არ არის ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ამბობდეს: „მოგვეცით ძალაუფლება, წადით თქვენ და ჩვენ დავიჭერთ თქვენს ადგილს!“. წერეთელს უპასუხა ლენინმა რეპლიკით „არის ასეთი პარტია! ეს არის ბოლშევიკების პარტია!“. დარბაზიდან წამოსროლილი ლენინის რეპლიკა ისტორიულ ფრაზად იქცა.

წერეთელმა კორნილოვის ამბოხი შეაფასა, როგორც დემოკრატიულ ძალთა გამარჯვება. 8–24 ივლისს ასრულებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველის მოვალეობას. პეტროგრადის საბჭოს მიერ 31 აგვისტოს ბოლშევიკური რეზოლუციის მიღების გამო აღმასკომის პრეზიდიუმის სხვა წევრებთან ერთად გადადგა 14 სექტემბერს. რსდმპ-ის მენშევიკური ფრაქციის სიით არჩეულ იქნა რუსეთის დამფუძნებელ კრებაში. 1917 წლის 5 ოქტომბერს ჩავიდა საქართველოში, სადაც წაიკითხა ლექცია „ომი და რევოლუცია“. იქ გაიგო ოქტომბრის გადატრიალების შესახებ და დაბრუნდა პეტროგრადში. 1918 წლის 5 იანვარს გამოვიდა სიტყვით დამფუძნებელი კრების ბოლო სხდომაზე, დაგმო მომხდარი და გააფრთხილა მოძალადენი: „დამპყრობთა პოლიტიკა განუხრელად მიიყვანს მათ ძალაუფლების დაკარგვასთან“. 6 იანვარს დამფუძნებელი კრების გარეკვის შემდეგ იძულებული გახდა საქართველოში ჩასულიყო.

მოღვაწეობა საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში დაბრუნებული წერეთელი სათავეში ჩაუდგა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას ჯერ ამიერკავკასიის სეიმში, ხოლო შემდეგ საქართველოს ეროვნულ საბჭოში. 1918 წლის 26 მაისს გამოვიდა სიტყვით ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელ სხდომაზე. 1919 წელს გახდა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, სადაც ასევე სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას ჩაუდგა სათავეში. 1919 წელს იყო ქართული დელეგაციის ერთ–ერთი ხელმძღვანელი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე. 1923 წელს იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო და თავი პარიზს შეაფარა. ემიგრაციაში მყოფი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გამოდიოდა საერთაშორისო კონფერენციებზე და იცავდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მისი სტატიები იბეჭდებოდა ქართულ, ფრანგულ, რუსულ, სკანდინავიურ და გერმანულ გამოცემებში. იყო მეორე ინტერნაციონალის აღმასკომის წევრი. 1924 წლის სექტემბერში აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[2] 1926 წელს შევიდა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარმტებით დაასრულა და ადვოკატობით ირჩენდა თავს. 1940 წელს საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. იქ კოლუმბიისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების თხოვნით მუშაობდა ორტომიან თხზულებაზე „მოგონებანი თებერვლის რევოლუციაზე“, რომლის დასრულება არ დასცალდა. ნაშრომი გამოქვეყნდა პარიზში 1963 წელს ორ ტომად, რუსულ ენაზე. გარდაიცვალა ნაწლავების კიბოთი 1959 წელს. 1973 წლის 17 ნოემბერს მისი ფერფლი გადასვენებული იქნა პარიზში, ლევილის სასაფლაოზე.

  • სარალიძე ლ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 519-520.
  • ხვადაგიანი ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2016. — გვ. 460-463, ISBN 978-9941-0-9318-0.
  • სიდამონიძე უ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 307-308.
  • დაუშვილი რ., კალანდაძე გ., კობახიძე რ., ჯაფარიძე გ., ტარტარაშვილი თ., „ქართველები უცხოეთში“ წ. 1 გვ.209-210 - თბილისი, 2012
  • დაუშვილი რ., „ქართული ემიგრაცია 1921-1939 წლებში“, თბილისი, 2007
  • საითიძე გ., „ქართული პოლიტიკური აზრი და რუსეთის სახელმწიფო სათათბირო (1905-1907), თბილისი, 2005
  • შარაძე გ., „ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია“. ტ. 7. გვ. 313–336. – თბ.ილისი, 2005
  • შარაძე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. II, თბილისი: „მერანი“, 1993. — გვ. 4-46.
  • ნიკოლაევსკი ბ., „ირაკლი წერეთელი და მისი მოგონებები“, პარიზი, 1963

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Боиович М. М., «Члены Государственной Думы» (портреты и биографии) второй созыв, М., 1907, ст. 468
  2. ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012. — გვ. 261.