შინაარსზე გადასვლა

პერუს ვიცე-სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პერუს ვიცე-სამეფო
ესპ. Virreinato del Perú

ესპანეთის კოლონია

15421824
 

 

 

დროშა გერბი

პერუს ვიცე-სამეფოს მდებარეობა: თავდაპირველი ტერიტორია 1542 - 1718 (ღია მწვანე) და საბოლოო ტერიტორია 1718 - 1824 (მუქი მწვანე)
დედაქალაქი ლიმა
ენა ესპანური, კეჩუა, აიმარა
რელიგია კათოლიციზმი
მმართველობის ფორმა მონარქია
მეფე
 - 1542 - 1566 კარლოს I
 - 1813-1821 ფერდინანდ VII
ვიცე-მეფე
 - 1544–1546 ბლასკო ნუნიეს ველა
 - 1821–1824 ხოსე დე ლა სერნა

პერუს ვიცე-სამეფო (ესპ. Virreinato del Perú) შეიქმნა 1542 წელს და წარმოადგენდა ესპანეთის კოლონიას სამხრეთ ამერიკაში, დედაქალაქი იყო ლიმა. პერუს ვიცე-სამეფო ერთ-ერთი იყო XVI-XVII საუკუნეებში ამერიკის კონტინენტზე არსებული ესპანეთის ორი ვიცე-სამეფოდან.

ესპანელები არ შეეწინააღმდეგნენ პორტუგალიელების ექსპანსიას ბრაზილიაში, როდესაც ისინი მერიდიანს გადასცდნენ. ამას კი კრძალავდა ტორდესილასის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო 1580 წელს ესპანეთსა და პორტუგალიას შორის და განსაზღვრავდა სამხრეთ ამერიკული კოლონიების განაწილებას. ახალი გრანადისა და რიო-დე-ლა პლატის ვიცე-სამეფოების შექმნამ, ლიმის გავლენა დააქვეითა და სარფიანი ანდური ვაჭრობის ცენტრი გადავიდა ბუენოს-აირესში. დაეცა ვაჭრობა საფეიქრო ნაწარმზე, რამაც საბოლოოდ პერუს ვიცე-სამეფოს დაკნინება გამოიწვია. საბოლოოდ, ვიცე-სამეფო, სხვა ესპანური კოლონიების მსგავსად აქტიურ ცხოვრებას შეუდგა XIX საუკუნის დასაწყისში, როდესაც დაიწყო კოლონიების მოსახლეობის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. ამ მოძრაობამ კი საბოლოოდ წარმოშვა თანამედროვე სახელმწიფოები: პერუ, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, ბოლივია, პარაგვაი, ურუგვაი და არგენტინა.

გამოკვლევა და კოლონიზაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანელების მიერ პერუს დაპყრობის შემდეგ, 1542 წელს შექმნეს ახალი კასტილიის ვიცე-სამეფო, რომელსაც სულ ცოტა ხნის შემდეგ პერუს ვიცე-სამეფო ეწოდა. 1544 წელს, საღვთო რომის იმპერატორმა კარლოს V-მ, ვიცე-სამეფოს პირველ ვიცე-მეფედ დაასახელა ბლასკო ნუნიეს ველა. მაგრამ ვიცე-სამეფოს არ ჰქონდა ორგანიზებული სახე, სანამ 1572 წელს ვიცე-მეფე არ გახდა ფრანსისკო დე ტოლედო. ამ უკანასკნელმა შემოიღო ფართო ინსპექცია მთელი კოლონიის ტერიტორიაზე.

ფრანსისკო დე ტოლედო

ფრანსისკო დე ტოლედომ, "კაცობრიობის ისტორიაში უდიდესმა მმართველმა" გამოსცა კანონები, რომელიც თანაბარ პირობებში აყენებდა ესპანელ ახალმოსახლეებს და ინდიელებს. მან გაზარდა უაფრთხოების სისტემა ვიცე-სამეფოში, უამრავი ახალი ხიდით, საფორტიფიკაციო ნაგებობითა და "სამხრეთის ფლოტით", რომელიც მეკობრეებს ებრძოდა. მან ასევე ბოლო მოუღო ინკების ბოლო სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს – ვილკაბამბას, სიკვდილით დასაჯა რა მათი იმპერატორი ტუპაკ ამარუ I. ხელი შეუწყო ეკონომიკის განვითარებას მინერალების საბადოების, განსაკუთრებით ვერცხლისა და პოტაშის, ამოქმედების საფუძველზე.

XVI საუკუნეში, ესპანელთა ხომალდებმა მოინახულეს წყნარი ოკეანის არაერთი კუნძული, მაგრამ არ უცდიათ არც მათი კოლონიზაცია, არც რაიმე სავაჭრო ურთიერთობების დამყარება. მათ შორის იყო ახალი გვინეა (1545), სოლომონის კუნძულები (1568), მარკიზის კუნძულები (1595), 1609 წელს დაარსდა პირველი კათოლიკური ორდენი, რომელსაც ევალებოდა სამხრეთ ამერიკის ადგილობრივი მოსახლეობის "გაცივილიზებულობა", რასაც დიდი წინააღმდეგობა შეხვდა პორტუგალიელების მხრიდან, რადგან ესპანელები მათ კუთვნილ ბრაზილიის კოლონიებშიც შედიოდნენ. პირველი სერიოზული შეტაკება ესპანურ მისიას 1628 წელს შეხვდა, რაც საბოლოოდ 60 000 ადგილობრივი ინდიელის დამონებით დამთავრდა.

1617 წელს ფრანსისკო დე ბორხა არაგონმა, რიო-დე-ლა პლატას მმართველობა ორად გაყო, ერთი ბუენოს-აირესში, მეორე პარაგვაიში და ორივე დაუქვემდებარა პერუს ვიცე-სამეფოს. ვიცე-მეფე ბორახ არაგონმა დააარსა სპეციალური ტრუბუნალი tribunal del conculado, რომელიც სავაჭრო საქმიანობებს განიხილავდა.

უკანასკნელი ესპანელი ჰაბსბურგები (1643-1713)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კოლონიზებული ტერიტორია 1650 წლისთვის (მუქი მწვანე) და ვიცე-სამეფო 1816 წლისთვის (მუქი ყავისფერი)

ვიცე-მეფეები იცავდნენ წყნარი ოკეანის სანაპიროს ფრანგული კონტრაბანდისა და ინგლისელი თუ ჰოლანდიელი მეკობრეებისაგან. მათ გააძლიერეს საზღვაო ძალები, გაამაგრეს და უფრო დაცული გახადეს ვალდივიას, ვალპარაისოს, არიკოს და კოლაოს პორტები. ვიცე-სამეფოს საზღვაო ძალებს შეიარაღებული დაპირისპირება მოუხდათ ინგლისელებთან, როდესაც მათ აიღეს ქალაქი პანამა.

ამასობაში დაიწყო აჯანყებებიც. 1656 წელს, პედრო ბორკესმა, რომელიც თავს ინკად მიიჩნევდა, ადგილობრივები აჯანყებისკენ წააქეზა. 1665-1668 წლებში, უმსხვილესი მაღაროების მფლობელები, ხოსე და გასპერ სალსედოები აჯანყდნენ კოლონიური მთავრობის წინააღმდეგ.

ბალთასარ დე ლა კუევა ენრიკესის ადმინისტრაციის დროს, შეადგინეს კანონები ინდიელთათვის. 1664 წელს, დიეგო დე ბენავიდეს დე ლა კუევამ გამოსცა "განკარგულება წარმოების შესახებ". 1683 წელს, მელჩორ დე ნავარა როკაფულმა ხელახლა დააფუძნა ლიმის ზარაფხანა, რომელიც 1572 წლის შემდეგ აღარ მოქმედებდა. დასრულდა ლოს დესამპარადოსისა და ლა ბუენა მუერტესის ტაძრებისა და მინიმოსისა და სან-ფრანსისკო დე პაულას მონასტრების მშენებლობა. დედაქალაქ ლიმაში ასევე აშენდა ესპირიტუ სანტოს და სან ბართლომეს საავადმყოფოები.

ბურბონთა რეფორმები (1713-1806)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1717 წელს, ბოგოტას, კიტოსა და პანამას გარემო შეიქმნა ახალი გრენადის ვიცე-სამეფო. 1776 წელს, დღევანდელი ბოლივიის, არგენტინის, ურუგვაისა და პარაგვაის ტერიტორიებზე შეიქმნა რიო-დე-ლა-პლატის ვიცე-სამეფო. 1750 წელს, ტორდესილასის ხელშეკრულება ჩაანაცვლა ახალმა – მადრიდის ხელშეკრულებამ, რომელმაც პორტუგალიას დაუკანონა დიდი აღმოჩენების დროს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ოკუპირებული ტერიტორიები.

თითოეულ ვიცე-სამეფოს, ჰქონდა მნიშვნელოვანი სამეცნიერო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ძვრები. მანუელ დე ამატ ჯუნიეტმა გაგზავნა ექსპედიცია კუნძულ ტაიტიზე. ფრანსისკო გილ დე ტაბოადამ ხელახლა შემოუერთა პუნოს რეგიონი პერუს ვიცე-სამეფოს.

1746 წლის მიწისძვრამ დაანგრია ლიმა და კოლაო. ვიცე-მეფე ამატ ჟუნიეტმა შემოიღო სახალხო სამუშაოები ქალაქის აღსადგენად.

ვიცე-სამეფოს დასასრული (1806-1824)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიცე-მეფე, ხოსე ფერნანდო დე აბასკალ სოუსამ გაატარა განათლებისა და სამხედრო რეფორმები, აღკვეთა ადგილობრივთა აჯანყებები. მისივე ადმინისტრაციისას, ესპანეთის სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმის შედეგად, ლიმას სასამართლო დროებით გაუქმებულ იქნა.

როდესაც 1810 წელს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა დაიწყო, პერუ წარმოადგენდა მეფის მომხრე რეაქციული ნაწილის ცენტრს. ვიცე-მეფე აბასკალმა პერუს ვიცე-სამეფოს ხელახლა შემოუერთა კორდობა, ჩილე, ლა-პასი, ჩარკასი და კიტო. 1812 წელს გუაკილში მომხდარმა დიდმა ცეცხლიანმა შეტაკებამ ნახევრად დაანგრია ქალაქი.

1820 წლის 8 სექტემბერს, ჩილეში ორგანიზებული expedicion libertadora el Peru, გადავიდა პერუში, პარაკასის სანაპიროზე, ქალაქ პისკოსთან ახლოს. ამ რაზმს ხელმძღვანელობდა ხოსე სან-მარტინი. ვიცე მეფესთან უნაყოფო მოლაპარაკების შემდეგ, 1821 წლის 21 ივლისს, სან მარტინმა მოახდინა ვიცე-სამეფოს დედაქალაქის, ლიმის ოკუპაცია. 1821 წლის 28 ივლისს, გამოცხადდა პერუს დამოუკიდებლობა. ვიცე-მეფე ხოსე დე ლა სერნამ, რომელიც ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი ძალის მქონე სამხედრო ძალების მთავარსარდლად რჩებოდა, უკან დაიხია ჯერ ხაუხაში, შემდეგ კუსკოში.

1822 წლის 26 ივლისს, სან-მარტინი და სიმონ ბოლივარი ერთმანეთს შეხვდნენ ქალაქ გუაიაკილში, რათა შეემუშავებინათ სტრატეგია დანარჩენი პერუს გასათავისუფლებლად. შეხვედრა აბსოლუტურად გასაიდუმლოებული იყო. ამის შემდეგ, სან-მარტინი დაბრუნდა არგენტინაში, ბოლივარმა კი პერუს ქალაქ ალტოში განახორციელა გამანადგურებელი შეტევა დარჩენილ ესპანელ მმართველებზე. 1823 წელს, ბოლივარი ანტონიო ხოსე სუკრესთან ერთად ჩადის ლიმაში შემდგომი შეტევების დასაგეგმად.

1824 წლის თებერვალში, მეფის მომხრეებმა დროებით დაიბრუნეს ლიმაზე კონტროლი. ივნისში, ბოლივარმა ქალაქ ტრუხილიოში შეკრიბა აჯანყებულები და დაძრა ესპანელთა წინააღმდეგ. 1824 წლის 6 აგვისტოს, პერუელებმა, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე იბრძოდნენ, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. ესპანელთა ძალებმა ლიმას შეაფარეს თავი.

დიდი კოლუმბიის კონგრესის დეკრეტის საფუძველზე, 1824 წლის 7 ოქტომბერს, აჯანყებულთა მთავარსარდლობა სუკრეს გადასცა.

აიაკუჩოს ბრძოლა

მეფის მომხრეები ამ დროისათვის მხოლოდ სამხრეთში მდებარე პატარა ქალაქ აიაკუჩოს შემოგარენსღა აკონტროლებდნენ. სწორედ ეს იყო ის ადგილი, სადაც პერუს საბოლოოდ გათავისუფლების უკანასკნელი შეტაკება მოხდა. 1824 წლის 9 დეკემბერს, აიაკუჩოს შეტაკება დაიწყო. ეს იყო ახლო მდებარე პატარა ქალაქ კუინუაში. ამ ბრძოლამ, ესპანელებსა და აჯანყებულებს შორის, საბოლოოდ დაუსვა ბეჭედი პერუს, და მთლიანად სამხრეთ ამერიკის დამოუკიდებლობას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამარჯვებულებს ხელმძღვანელობდა ბოლივარის ლეიტენანტი ანტონიო ხოსე სუკრე. ვიცე-მეფე სერნა დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. ესპანელებს ჰყავდათ 2 000 დაღუპული, უამრავი დაჭრილი და დაკარგული, 3 000 ტყვედ ჩავარდნილი, ხოლო დარჩენილი არმია მთლიანად გაფანტული. ბრძოლის შემდეგ, ტყვედ ჩავარდნილმა სერნამ დაუყოვნებლივ მოაწერა ხელი საბოლოო კაპიტულაციას და ითხოვა ევროპაში დაბრუნება, რაც აჯანყებულებმა შეუსრულეს.

ესპანეთი ამაოდ შეეცადა დაებრუნებინა დაკარგული კოლონიები, ამას მოწმობს კალაოს ბრძოლა, მაგრამ 1879 წელს, საბოლოოდ აღიარა პერუს დამოუკიდებლობა.

ქალაქი ლიმა, 1535 წელს დააარსა ფრანსისკო პისარომ და უწოდა სიუდად დე ლოს რეიესი. ხდება რა ახალი ვიცე-სამეფოს დედაქალაქი, ლიმა საგრძნობლად იზრდება და მშვენდება. XVI, XVII და ნაწილობრივ XVIII საუკუნის განმავლობაში, მთელი კოლონიური სამხრეთ ამერიკის კეთილდღეობა დამოკიდებული იყო ვერცხლის საბადოებზე. მოპოვებულ ვერცხლს აუცილებლად უნდა გაევლო ლიმაზე, საიდანაც შემდეგ პანამაში მიდიოდა და საბოლოოდ ესპანეთში. ლიმას როლი მთელს სამხრეთ ამერიკაში, დღესაც უზომოდ დიდია.

ვიცე-სამეფოს მართვაში განსაკუთრებით დიდი როლი ჰქონდათ ე.წ. აუდიენციებს, რომლებიც წარმოადგენდნენ უმაღლეს სააპელაციო სასამართლოებს ესპანეთსა და მის კოლონიებში, მაგრამ ვიცე-სამეფოში ამ ინსტიტუტს ადმინისტრაციული და საკანონმდებლო ფუნქციებიც ჰქონდა. თითოეული აუდიენცია ანგარიშვალდებული იყო ვიცე-მეფის წინაშე.

ერთ-ერთი, რაზეც პერუს ვიცე-სამეფო იყო დაფუძნებული, ეს იყო ანდების ოქრო-ვერცხლი, რომლითაც საოცრად გამდიდრნენ კონკისტადორები და რომელზეც ფაქტობრივად დამყარდა მთელი ესპანეთის კეთილდღეობა. ფაქტობრივად პერუ იქცა ესპანეთის ძალაუფლების დასაყრდენი მთელს სამხრეთ ამერიკაში. პერუსათვის მოჭრილი პირველი მონეტები გამოჩნდა 1568-1570 წლებში.

ლუის ხერონიმო ფერნანდეს დე კაბრერამ აკრძალა პერუს პირდაპირი ვაჭრობა ახალ ესპანეთთან (მექსიკა) და ქვეყნიდან განდევნა პორტუგალიელი ებრაელები, რომლებიც ლიმას უმსხვილეს ვაჭრებს წარმოადგენდნენ.

ვიცე-სამეფოს დაარსების პირველ წლებში ჩატარებული აღწერის მიხედვით, ცხოვრობდა 12 მილიონი ინკა, ხოლო 45 წლის შემდეგ, ვიცე-მეფე ტოლედოს დროს ჩატარებული აღწერისას მხოლოდ 1 100 000 ინდიელი იყო. ინკების ქალაქებს გადაერქვა ესპანური სახელები, მათ ბაზაზე ააშენეს ახალი ქალაქები. თითოეული მათგანი გაშენდა ცენტრალური მოედნისა და იქ მდებარე ეკლესიის გარშემო. ზოგიერთმა ქალაქმა, მაგალითად კუსკომ, შეინარჩუნა ადგილობრივი მოსახლეობა და დასახელება.

ვიცე-მეფე ფრანსისკო დე ბორხა არაგონმა გახსნა სან-მარკოსის უნივერსიტეტი, ხოლო ლუის ხერონომო ფერნანდეს დე კაბრერამ დააფუძნა მედიცინეს ორი კათედრა. 1710 წელს, ვიცე-მეფე დიეგო ლარგონ დე გუევარამ გახსნა ანატომიის კათედრა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]