ჟეტულიუ ვარგასი
ჟეტულიუ ვარგასი | |
ბრაზილიის 14-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 ნოემბერი, 1930 – 29 ოქტომბერი, 1945 | |
წინამორბედი | სამხედრო ხუნტა |
მემკვიდრე | ჟოზე ლინარესი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
31 იანვარი, 1951 – 24 აგვისტო, 1954 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ჟუან კაფე ფილიუ |
წინამორბედი | ეურიკუ გასპარ დუტრა |
მემკვიდრე | ჟუან კაფე ფილიუ |
დაბადებული | 19 აპრილი, 1882 სან-ბორჟა, რიუ-გრანდი-დუ-სული |
გარდაცვლილი | 24 აგვისტო, 1954 რიო-დე-ჟანეირო, რიო-დე-ჟანეირო |
ხელმოწერა |
ჟეტულიუ დორნელის ვარგასი (პორტ. Getúlio Dornelles Vargas; დ. 19 აპრილი, 1882, სან-ბორჟა, რიუ-გრანდი-დუ-სული — გ. 24 აგვისტო, 1954, რიო-დე-ჟანეირო, რიო-დე-ჟანეირო) — ბრაზილიელი პოლიტიკოსი, ბრაზილიის პრეზიდენტი 1930–1945 და 1951–1954 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟეტულიო ვარგასი დაიბადა არგენტინის საზღვართან მდებარე პატარა ქალაქ სან-ბორჟაში, 1882 წლის 19 აპრილს, მანუელ ვარგასისა და კანდიდ დორნელისის ოჯახში. მამამისი წარმოშობით სან-პაულუდან იყო, ხოლო დედა დაიბადა აზორის კუნძულებზე.
ჟეტულიუმ მალევე მიატოვა სკოლა და სამხედრო აკადემიაში შევიდა. აკადემიიდანაც სულ მალე დაითხოვეს და გადაწყვიტა ესწავლა ჟურნალისტიკა და სამართალი. დაამთავრა პორტუ-ალეგრის სამართლის სკოლა და იურისპრუდენციის დოქტორის ხარისხი მიიღო. 1922 წელს აირჩიეს რიუ-გრანდუი-დუ-სულის შტატის საკანონმდებლო ორგანოში. პრეზიდენტ ვაშინგტონ ლუისის დროს ეკავა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა, მაგრამ მალევე გადადგა თანამდებობიდან, მშობლიური შტატის გუბერნატორის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. გუბერნატორად არეცის შემდეგ, 1928 წლიდან გახდა ოპოზიციის წამყვანი ფიგურა. 1930 წელს, მსხვილ მიწათმფლობელებსა და ქალაქის ბურჟუაზიაზე დაყრდნობით შექმნა ლიბერალური ალიანსი, რომლის რიგებიდანაც გახდა საპრეზიდენტო კანდიდატი.
1930 წლის რევოლუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1930 წლის დასაწყისში პრეზიდენტმა ვაშინგტონ ლუისმა თავის მემკვიდრედ სან-პაულუს შტატის გუბერნატორი ჟულიუ პრესტესი დაასახელა, რაც ეწინააღმდეგებოდა ე.წ. პოლიტიკას ყავა რძით, რომლის თანახმადაც ქვეყნის პრეზიდენტი უნდა გამხდარიყო მინას-ჟერაისის შტატის გუბერნატორი ანტონიუ კარლოს რიბეირა-დი-ანდრადა. ბრაზილიაში ხელისუფლების კრიზისი დაიწყო.
ანტონიუ კარლოსს, რომელიც რევოლუციის არქიტექტორად ითვლება, შეუერთდა ოპოზიციური ლიბერალური ალიანსი ჟეტულიუ ვარგასის მეთაურობით. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა 1930 წლის 1 მარტს, ხელისუფლების კანდიდატმა ჟულიუ პრესტესმა მიიღო 1 091 ათ. ხმა, ხოლო ვარგასმა 742 ათასი.
ვარგასმა არ აღიარა არჩევნების შედეგები და ხელისუფლება მის გაყალბებაში დაადანაშაულა. უფრო მეტიც მან თავი გამარჯვებულად გამოაცხადა და დაიწყო მზადება ხელისუფლებასთან შეიარაღებული დაპირისპირებისათვის.
ვაშინგტონ ლუისის ვადის ამოწურვამდე 2 თვით ადრე დაიწყო ანტისამთავრობო გამოსვლები. 10 ოქტომბერს ჟეტულიუ ვარგასი თავის თანამოაზრეებთან ერთად მატარებლით ჩავიდა ქვეყნის დედაქალაქ რიო-დე-ჟანეიროში. სამთავრობო ჯარის ნაწილები შეეცადნენ ვარგასის მომხრეებისათვის გზა გადაეკეტათ, რამაც 12-13 ოქტომბერს მათ შორის შეიარაღებული დაპირისპირება გამოიწვია. მიუხედავად ამისა ვარგასმა შეძლო დედაქალაქში ჩასვლა და 3 ნოემბერს, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჩაიბარა ხელისუფლება.
დროებითი მმართველობა (1930–1934)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1930 წლის 3 ნოემბრის დღის 3 საათზე ჟეტულიუ ვარგასს ხუნტამ ხელისუფლება ოფიციალურად გადასცა, ასე დამთავრდა ძველი რესპუბლიკის ისტორია. საინაუგურაციო სიტყვაში ვარგასმა დაასახელა 17 მიზანი, რომელიც უნდა შეასრულოს დროებითმა მთავრობამ. 3 ნოემბრიდან ვარგასი ქვეყანას მართავდა დროებითი პრეზიდენტის რანგში.
იგი მიისწრაფოდა ბრაზილიის დიდი დეპრესიიდან გამოყვანისათვის. მან პოპულიზმისა და ნაციონალიზმის დახმარებით სიმპათიები დაიმსახურა ახალ საქალაქო ბურჟუაზიის ფენებში.
1934 წლის კონსტიტუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვარგასის საპრეზიდენტო ვადა 1934 წელს იწურებოდა, ბრაზილიის კონსტიტუცია კი პრეზიდენტის ხელახლა არჩევას არ ითვალისწინებდა. საკუთარი მმართველობის გაგრძელების მიზნით ვარგასი დასთანხმდა ახალი კონსტიტუციის მიღებაზე. კონსტიტუცია მიიღეს 1934 წლის 16 ივლისს საერთო სახალხო კენჭისყრის საფუძველზე.
1934 წლის შემდეგ ხელისუფლება გახდა ძალზედ რეაქციული და ხასიათდებოდა ოპოზიციის მკვეთრი დევნით, რაც კონსტიტუციის მოთხოვნებს არ პასუხობდა.
ესტადო-ნოვო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1935 წლიდან დაწყებული ვარგასის ფაშისტური დიქტატურა, საბოლოოდ 1937 წლისათვის ახალ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. 10 ნოემბერს ვარგასმა ხალხისადმი რადიო-მიმართვაში განაცხადა რომ საკუთარ თავზე იღებდა დიქტატორის ფუნქციებს. შეაჩერა საპრეზიდენტო არჩევნები, დაითხოვა კონგრესი, გააუქმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, დააწესამკაცრი ცენზურა, ჩამოაყალიბა ცენტრალიზებული პოლიცია და ციხეებში გამოკეტა დისიდენტები, პროპაგანდას უწევდა ნაციონალიზმს და დამყარა სრული სახელმწიფო კონტროლი სახელმწიფო პოლიტიკაზე.
მიუხედავად ესტადო-ნოვოს ფაშისტური ბუნებისა, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბრაზილია მოკავშირეების მხარეზე გამოდიოდა. ეს ფაქტი საწინდარი გახდა ვარგასის რეჟიმის ლიბერალიზაციისა: მან „ახალი ომისშემდეგომი თავისუფლების ერა“ გამოაცხადა, რომელიც პოლიტიკური პატიმრების ამნისტიას გულისხმობდა. გარდა ამისა დაუშვა საპრეზიდენტო არჩევნები და ოპოზიციური პარტიების ლეგალიზაციაც მოახდინა.
ამან ახალი სახელმწიფო გადატრიალებისაკენ უბიძგა საზოგადოების გარკვეულ ფენებს. 1945 წლის 29 ოქტომბერს, მისმა ყოფილმა მომხრეებმა პედრუ მონტეირომ და ეურიკუ გასპარ დუტრამ დაამხეს ვარგასის ხელისუფლება. პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჟ. ლინარესმა.
1945-1950 წწ. პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟეტულიუ ვარგასი მხარს უჭერდა ესტადო-ნოვოს სამხედრო მინისტრის, ეურიკუ გასპარ დუტრას პოლიტიკას. ამან განაპირობა ის, რომ ვარგასი ქვეყნიდან არ გაქცეულა. პირიქით 1946 წელს იგი აირჩიეს სენატორად რიუ-გრანდი-დუ-სულის შტატიდან, თუმცა სენატის სხდომებში აქტიურ მონაწილეობას არ იღებდა და გახდა ერთადერთი პარლამენტარი, რომელსაც ხელი არ მოუწერია ბრაზილიის 1946 წლის კონსტიტუციისათვის.
მეორე საპრეზიდენტო ვადა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟეტულიუ ვარგასი დიდ პოლიტიკას დაუბრუნდა 1951 წელს და მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში. დააგროვა ხმების უმრავლესობა და მეორედ დაიკავა ბრაზილიის პრეზიდენტის თანამდებობა. მაგრამ მას ამ ვადის დასრულება არ ეწერა. 1954 წლის 24 აგვისტოს[1] მკერდის არეში გასროლით თავი მოიკლა. მისი ტყვიით გახვრეტილი მაისური ექსპონანტად ინახება პრეზიდენტის სასახლის საგამოფენო დარბაზში.
ვარგასი დაკრძალულია მშობლიურ ქალაქ სან-ბორჟაში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინამორბედი: ვაშინგტონ ლუისი |
ბრაზილიის პრეზიდენტი 1930 – 1945 |
შემდეგი: ჟოზე ლინარესი |
წინამორბედი: ეურიკუ გასპარ დუტრა |
ბრაზილიის პრეზიდენტი 1951 – 1954 |
შემდეგი: ჟუან კაფე ფილიუ |
|