შინაარსზე გადასვლა

სამტრედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სამტრედია (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
სამტრედია

სამტრედიის თეატრი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°09′45″ ჩ. გ. 42°20′30″ ა. გ. / 42.16250° ჩ. გ. 42.34167° ა. გ. / 42.16250; 42.34167
დაარსდა 1880
პირველი ხსენება XVIII საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1921
ცენტრის სიმაღლე 25±1 მეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 25 318[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,3 %
სომხები 1,5 %
რუსები 0,7 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995 411[2]
საფოსტო ინდექსი 3900[3]
ოფიციალური საიტი https://samtredia.gov.ge/
სამტრედია — საქართველო
სამტრედია
სამტრედია — იმერეთის მხარე
სამტრედია
სამტრედია — სამტრედიის მუნიციპალიტეტი
სამტრედია

სამტრედიაქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარეში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 25 მ., ქუთაისიდან დასავლეთით 27 კილომეტრში, თბილისიდან 244 კმ (რკინიგზით). ქალაქი 40,76 კვადრატულ კილომეტრზეა გაშენებული. სამტრედიაში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,4°C, იანვრისა 4,7°C, ივლისის 23,2°C. ნალექები 1530 მმ წელიწადში. სამტრედიაში მოდის გოგირდოვანი წყლები.

ისტორიული ორთქლმავალი სამტრედიის რკინიგზის სადგურთან
ზვიად ავალიანის ფოტო

სამტრედია ისტორიულ წყაროებში იხსენიება XVIII საუკუნის II ნახევრიდან, როგორც სოფელი სამტრედია. ის ეკუთვნოდა თავად მიქელაძეებს. 1871-1872 წლებში თბილისიფოთის რკინიგზის მშენებლობამ გაზარდა სამტრედიის მნიშვნელობა. რკინიგზის სადგურისა და მიმდებარე დასახლების მშენებლობა თავდაპირველად იგეგმებოდა მდინარე ცხენისწყლის მეორე მხარეს, სოფლების საჭილაოსა და ქვიშანჭალის მხარეს, მაგრამ იქ მცხოვრებლების წინააღმდეგობის შემდეგ გადაწყდა სადგურის მშენებლობა სოფელ სამტრედიის მიმდებარედ.[4] ამ პერიოდიდან სამტრედია მოხსენიებულია როგორც დაბა. 1873 წელს სამტრედიაში 81 კომლი ცხოვრობდა, უკვე 1893 წელს კი - 370 კომლი.

1919 წლის ბოლოსთვის მოსახლეობამ 12 000 კაცი შეადგინა. 1921 წელს მიიღო ქალაქის სტატუსი 1926 წლისთვის სამტრედიის მოსახლეობა შეადგენდა 13 913 ადამიანს, ხოლო ფართობი 33,2 კმ²-ს.[5]

საბჭოთა პერიოდში სამტრედიაში მოქმედებდა მეფრინველეობის, ფუტკრის საჯიშე და სანერგე მეურნეობები, მებოსტნეობის, მემინდვრეობის და მეცხოველეობის კოლმეურნეობები, ჩაის კომბინატი, საშენ მასალათა კომბინატი, წვენების და საკონსერვო ქარხნები, აბრეშუმის ფაბრიკა, პურის, რძის, ხორცის და ხის დამამუშავებელი კომბინატები.

საქართველოს სამოქალაქო ომის დროს სამტრედია ბრძოლების ერთ-ერთ ეპიცენტრად იქცა. 1993 წლის 17 ოქტომბერს ზვიად გამსახურდიას მომხრე მებრძოლებმა ტანკებისა და არტილერიის დახმარებით აიღეს სამტრედია.[6][7] 22 ოქტომბერს შევარდნაძის სამთავრობო ჯარებმა იერიში მიიტანეს სამტრედიაზე. ქუჩის ბრძოლების შემდეგ, სამთავრობო ჯარებმა მოახერხეს ქალაქის აღება.[8]

ქალაქ სამტრედიაში არის შვიდი საჯარო სკოლა და 11 საბავშვო ბაღი, მათგან N1 საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. N2 სკოლა დაარსდა 1971 წლის 15 თებერვალს. N3 სკოლა დაარსდა 1964 წელს N1 საშუალო სკოლის გაყოფის შედეგად. N6 სკოლა დაარსდა 1968 წელს. 1974 წლამდე იყო დაწყებითი, 1983 წლამდე საბაზო, ხოლო 1983 წლიდან გადაკეთდა საშუალო სკოლად.

სამტრედიის კულტურის სახლი
ზვიად ავალიანის ფოტო

სამტრედიაში მოქმედებს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი. ის დაარსდა 1942 წელს, როგორც პიონერთა სახლი და დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებობს შემოქმედებითი ჯგუფი „ორუდილა“, ქორეოგრაფიული ჯგუფი „ფანტაზია“ და ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „იმედი“.

ქალაქ სამტრედიის №12 საჯარო სკოლა

სამტრედიაში მოქმედებს კულტურის სახლი და მასთან არსებული ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ათინათი“, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „სამტრედია“, ბავშვთა ხალხურ საკრავ ინსტრუმენთა წრე. კულტურის სახლში ფუნქციონირებს დრამატული თეატრი. მოქმედებს სამხატვრო სკოლა-გალერეა, დომენტი შანიძის სახელობის სამუსიკო სკოლა, ქორეოგრაფიული ანსამბლები „მტრედები“ და „იმერი“.

მოქმედებს 1892 წელს დაარსებული ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია 42 813 წიგნი.

სამტრედია 1964 წელს.

დღეისთვის სამტრედიის რაიონში 49 სკოლაა: მათ შორის 24 ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო, 2 სკოლა-ლიცეუმი, 7 დაწყებითი, 10 არასრული საშუალო, 1 გიმნაზია, 2 კერძო სკოლა-ლიცეუმი, სპეც-სკოლა, 1 სკოლა-ბაღი. რაიონის რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში, სამტრედიის ეკონომიკის და ჰუმანიტარული ინსტიტუტებია. ქალაქ სამტრედიის ცენტრში 1934 წლის 24 აპრილიდან ფუნქციონირებს აგრეთვე ლუკა კოხრეიძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა. სამტრედიაში ჩამოყალიბდა თეატრი, რომელიც ფუნქციონირებს ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის სახლში. ამ თეატრთან არის ჩამოყალიბებული ბავშვთა თვითშემოქმედებითი დრამატული წრე. ქალაქს გააჩნია მუსიკალური სკოლა, რომელიც დომენტი შანიძის სახელობისაა. ამ ქალაქში ჩამოყალიბდა ეთნოგრაფიული ანსამბლი „სანავარდო“, რომელიც 1978 წელს შექმნა ბიძინა მიქაძემ, უხუცესთა ფოლკლორული ეთნოგრაფიული ანსამბლი. ქალაქში არის ცეკვის ანსამბლები. სამტრედიაში და მის სოფლებში არსებობს ბევრი ეკლესია და მრავალი შენდება. სამტრედიის რაიონში მოგზაურობის შემდეგ ალექსანდრე ღლონტი აღფრთოვანებული წერდა:

ვიკიციტატა
„ვტოვებ სამტრედიას, დასავლეთ საქართველოს ამ გადახსნილ გულს, დიდებულ საგზაო-სამიმოსვლო კვანძს. მდორედ მოღელავს ჭაღარა ფაზის-მდინარე და გულში ალერსით იკრავს ოდესღანდელი არგონავტების მიერ შექებული ლეგენდარული აიეტის ნაიარევს.“

გალაკტიონ ტაბიძე სამტრედიაზე წერდა:

ვიკიციტატა
„შენთვის არავის უძღვნია ლექსი, რომ ვერ გამჩნევენ, ალბათ ბედია,

შენ ხომ სახელად ატარე დაბა თან მხოლოდ დაბა და სამტრედია.

წინათ ბორბლები დილიჟანსების გაიძახოდნენ: ტობა, საჩინო,

ახლა კი მინდა უზარმაზარი შენში ქალაქი აღმოვაჩინო.“

სამტრედია არის საავტომობილო და სარკინიგზო გზების კვანძი. ქალაქის სამხრეთით გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1. ასევე ქალაქიდან იწყება საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. სამტრედიიდან 10 კილომეტრში მდებარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

სამტრედიას ჰყავს საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“, რომელიც 1936 წელს არის დაარსებული. გუნდი თამაშობს ეროსი მანჯგალაძის სტადიონზე, რომელიც 15 ათას მაყურებელს იტევს. ამჟამად თამაშობს უმაღლეს ლიგაში.

სამტრედიაში მოქმედებს სპორტული სკოლა, სადაც ასწავლიან სპორტის 12 სახეობას, ირიცხება 720 მოსწავლე და 39 მწვრთნელი. მოქმედებს კიოკუშინკაი კარატეს კლუბი.

კახა კალაძე
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: