საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება
საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება | |
---|---|
აბრევიატურა | სგს |
შეიქმნა | 1924 წლის 22 იანვარი |
სტატუსი | მოქმედი |
ტიპი | სამეცნიერო საზოგადოება |
მდებარეობა | ლ. გუდიაშვილის ქ. 11 [1] |
წევრები | 2000 (1976 წლის შეფასება) |
ენა | ქართული |
ატარებს სახელს | ალექსანდრე ჯავახიშვილი |
ქვეყანა | საქართველო |
ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება (სგს) — ნებაყოფლობითი სამეცნიერო საზოგადოება; აერთიანებს გეოგრაფებსა და გეოგრაფიით დაინტერესებულ პირებს. შეიქმნა 1924 წლის 22 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიული კაბინეტისა და 1850 წელს თბილისში დაარსებული რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების ბაზაზე.[2] თავდაპირველად საზოგადოებაში იყო ანთროპოლოგიისა და ეთნოლოგიის და მთასვლა-მგზავროსნობის განყოფილებები, საექსკურსიო ბიურო და კარტოგრაფიული კაბინეტი. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების შემადგენლობაშია 4 განყოფილება (სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო-მეთოდური, სარედაქციო-საგამომცემლო და გეოგრაფიული ცოდნის გამავრცელებელი) 15 სექციით, 5 კომისია, 7 ფილიალი (სოხუმის, ბათუმის, ცხინვალის, ქუთაისის, გორის, გურჯაანის, ახალციხის) და 2000-ზე მეტი წევრი (1976 წლის შეფასება). უმაღლესი ორგანოა ყრილობა, რომელსაც იწვევენ 4 წელიწადში ერთხელ.[2]
საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პირველი პრეზიდენტი იყო გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი და ანთროპოლოგი ალექსანდრე ჯავახიშვილი.[3] საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება სამეცნიერო კოორდინაციას უწევს გეოგრაფიულ სამუშაოებს, ატარებს სამეცნიერო ხასიათის მოხსენებებსა და კონფერენციებს, კონსულტაციებსა და ექსპერტიზებს, ხელმძღვანელობს ნებაყოფლობით ფენოლოგიურ ქსელს, საუკეთესო სამეცნიერო-გეოგრაფიული ნაშრომებისათვის ანიჭებს ვახუშტისა და ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის პრემიებს. გამოსცემს სამეცნიერო პოპულარულ ლიტერატურას. გამოსულია საზოგადოების მოამბე (2 ტომი) და შრომები (13 ტომი) მონოგრაფიები და სხვა.[2] გამოსცემს აგრეთვე „კავკასიის გეოგრაფიულ ჟურნალს“,[4] სადაც იბეჭდება სტატიები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.[3]
საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება 1924-1947 წლებში შედიოდა განათლების სამინისტროში, 1947-1998 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში, 1998 წლის 3 ივნისიდან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა. 1996 წლიდან საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის სრულუფლებიანი და ამერიკის მეცნიერების ხელშემწყობ ასოციაციასთან არსებული საერთაშორისო კონსორციუმის წევრია.[5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება
- ↑ 2.0 2.1 2.2 ჯავრიშვილი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 72-73.
- ↑ 3.0 3.1 საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება
- ↑ საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა
- ↑ ქე. – თბილისი. – ენციკლოპედია. გვ. 380, თბილისი, 2002 წელი
|