საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 29 ივნისი, 2010 |
მინისტრი | ტარიელ ხეჩიკაშვილი |
უწყების ტიპი | სამინისტრო |
საიტი | |
msy.gov.ge |
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო 2010-2017 წლებში.
ისტორია
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი (შემდგომში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო) შეიქმნა 2004 წლის 17 თებერვალს “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. შეიმუშავებს ქვეყნის პოლიტიკას კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას. სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთ-ერთი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა სპორტის დეპარტამენტი. სპორტის სფეროში სამინისტროს ამოცანებია: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობის ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა, ერთიანი სპორტული კლასიფიკაციის შემუშავება, სპორტის სახეობების, პროფესიონალური და მოყვარულთა სპორტული კლუბებისა და ორგანიზაციების სტატუსის განსაზღვრა, სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მათი საქმიანობის კოორდინაცია, მასობრივ-გამაჯანსაღებელ და სპორტულ ღონისძიებათა ერთიანი კალენდარული გეგმის შემუშავება და სხვ.
საქართველოში ფიზიკური კულტურისა და სპორტის მართვის რესპუბლიკური და რეგიონული ორგანოები შეიქმნა საბჭოურ პერიოდში, 1920-იანი წლებიდან. პირველი ასეთი ორგანიზაცია იყო 1923 წლის დეკემბერში საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დეკრეტით ჩამოყალიბებული ფიზიკური კულტურის უმაღლესი საბჭო, რომლის პირველ თავმჯდომარედ დაინიშნა ბოლშევიკი ივანე სტურუა. 1930 წლიდან ამ საბჭოს ჯერ ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა, შემდეგ უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის მაღალჩინოსანი ვლადიმერ მილშტეინი. 1936 წლის ივნისში საქართველოს სახკომსაბჭოსთან შეიქმნა ფიზიკური კულტურისა და სპორტის საქმეთა კომიტეტი, რომელიც 1953 წლის მაისიდან ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გაèგებლობაში გადავიდა. ერთი წლის შემდეგ, 1954 წლის აპრილში შეიქმნა ახალი ორგანიზაცია საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტი, რომელმაც არაერთხელ შეიცვალა სახელწოდება, სტრუქტურა და სტატუსი: 1959 წლის მარტში ეწოდა სპორტულ საზოგადოებათა და ორგანიზაციათა კავშირი, 1968 წლის ივნისში კვლავ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტად გადაკეთდა, 1986 წლის აპრილიდან კი ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტი ეწოდებოდა. 1991 წლის თებერვალში შეიქმნა საქართველოს სპორტის დეპარტამენტი, რომელიც სამი თვის შემდეგ სპორტისა და ტურიზმის სამინისტროში გაერთიანდა. საქართველოს პარლამენტის 1992 წლის ნოემბრის დადგენილებით შეიქმნა სპორტის კომიტეტი, 1993 წლის სექტემბერში სპორტის დეპარტამენტი, რომელიც 1995 წლიდან სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტად გარდაიქმნა. 2004 წლის თებერვლიდან ეს დეპარტამენტი, როგორც სახელმწიფო ქვესაუწყებო ორგანიზაცია, გაერთიანდა საქართველოს სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.
საქართველოს სსრ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარეები
- ალექსანდრე ჭელიძე, 1936
- თედო სხირტლაძე, 1936 - 1946
- ალექსანდრე ფარულავა, 1946 - 1952
- ბორის კვინიხიძე, 1952 - 1954
- გიორგი სიხარულიძე, 1954 - 1973
- ფილიპე მახარაძე, 1973 - 1975
- დავით პერტენავა, 1975 - 1982
- რამაზ გოგლიძე, 1982 - 1986
- ნუგზარ ენდელაძე, 1986 - 1991
საქართველოს რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარეები
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრები
- ვლადიმერ ვარძელაშვილი, 29 ივნისი, 2010 - 25 ოქტომბერი, 2012
- ლევან ყიფიანი, 25 ოქტომბერი, 2012 - 29 აპრილი, 2015
- ტარიელ ხეჩიკაშვილი, 1 მაისი, 2015 - 15 დეკემბერი, 2017
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (2017 წლის 7 დეკემბერი #1620-რს) საქართველოს კანონის შესაბამისად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი შეუერთდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი შეუერთდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.