შინაარსზე გადასვლა

სიმონ ჩიქოვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩიქოვანი.
სიმონ ჩიქოვანი
დაბადების თარიღი 9 (22) იანვარი, 1903
დაბადების ადგილი ნაესაკოვო
გარდაცვალების თარიღი 24 აპრილი, 1966(1966-04-24)[1] [2] [3] (63 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი[1]
დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონი
საქმიანობა პოეტი, მთარგმნელი, მწერალი და პოლიტიკოსი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი ლექსი, narrative poetry და ესე
ჯილდოები სტალინური 1-ლი ხარისხის პრემია, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, მედალი „კავკასიის დაცვისათვის“, შრომის წითელი დროშის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი

სიმონ ივანეს ძე ჩიქოვანი (დ. 27 დეკემბერი, 1902 (9 იანვარი, 1903), სოფ. ნაესაკოვო, აბაშის რაიონი — გ. 24 აპრილი, 1966, თბილისი) — ქართველი პოეტი.

პოეტი და საზოგადო მოღვაწე სიმონ ჩიქოვანი დაიბადა 1902 წლის 27 დეკემბერს აბაშის რაიონის სოფელ ნაესაკოვოში. პოეტმა სწავლა ჯერ თავის სოფელში დაიწყო. პოეტის მამა – ივანე ჩიქოვანი განათლებული კაცი იყო. მისი ოცნება ყოფილა, შვილი სამთო ინჟინერი გამოსულიყო. დედა ჩიქოვანს დაბადების წელსვე გარდაეცვალა. დედისადმი მიძღვნილ ლექსებში ღრმა გულისტკივილი იგრძნობა. კიდევ უფრო ტრაგიკულად განიცადა პოეტმა დის ნაადრევი გარდაცვალება. ამიტომაცაა, რომ ბავშვობის დროინდელ მოგონებებს მის შემოქმედებაში ხშირად ახლავს ადამიანური სევდა და სამდურავი წუთისოფლისადმი: “სად დავიბადე, უნდო ბედმა რა გამატანა, სული მწყურვალი და მათარა ძლიერ პატარა”.

ნაადრევად დაობლებული პოეტის აღზრდის საქმეში დიდი როლი შეასრულეს ბებიამ და ძიძამ. ბავშვობის წლები მან ძირითადად მეზობელ სოფელ ტყვირში გაატარა, ბებიასთან, რომელიც კარგად იცნობდა ქართულ მწერლობას. თავის პოეტურ გატაცებას სიმონ ჩიქოვანი უპირველეს ყოვლისა უახლოეს წინაპართა ლიტერატურულ ინტერესებს უკავშირებდა “ჩემი გვარეულობა, – წერდა ერთგან იგი, – ცნობილი იყო ოჯახური პოეტებით – ბევრი ჩემი წინაპართაგანი ლექსად აწარმოებდა მიწერ-მოწერას და მე ვფიქრობ რომ პოეზიისადმი მიდრეკილება ჩამესახა ბავშვობაში, საკუთარ ოჯახში”.

1914 წელს სიმონი ქუთაისის რეალურ სასწავლებელში შედის. ხელმოკლეობის გამო, ზაფხულობით სოფელში ამუშავებდა მიწას და ასწავლიდა მეზობლის ბავშვებს. ასე აგროვებდა ფულს სწავლის გასაგრძელებლად. 1917 წელს სიმონ ჩიქოვანს მამა გარდაეცვალა.

მძიმე მატერიალური პირობების მიუხედავად, რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდგომ, 1921 წელს პოეტი თბილისის უნივერსიტეტში შედის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად იგი მუშაობდა წითელი არმიის ქართული ნაწილების პოლიტგანყოფილებაში, გაზეთის რედაქციასა და კლუბში. 1922 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, ჩიქოვანმა ჩამოაყალიბა ფუტურისტული ლიტერატურული ჯგუფი და გამოსცა ქართული ფუტურიზმის პირველი საპროგრამო მანიფესტი – “საქართველო – ფენიქსი”. 1924–1928 წლებში მისი აქტიური თანამონაწილეობითა და ხელმძღვანელობით გამოვიდა ქართული ავანგარდისტი მწერლების პერიოდული ორგანოები: “H2SO4″, “ლიტერატურა და სხვა”, “დროული”, და “მემარცხენეობა”. ჩიქოვანი მუშაობას იწყებს ახალდაარსებული ჟურნალის - ”მნათობის” რედაქციაში. 1928 წლიდან, ფუტურისტების ლიტერატურული ჯგუფის დაშლის დროიდან, ჩიქოვანი ებმება საქართველოს მწერალთა კავშირის საქმიანობაში და გარდაცვალებამდე მისი ხელმძღვანელი ორგანოების უცვლელი წევრი ხდება. 1932 წლიდან იგი ინიშნება გამომცემლობა “საბჭოთა მწერალის” მთავარ რედაქტორად. 1944–1951 წლებში. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე. 1954–1960 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ “მნათობს”. ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ჩიქოვანი დაჯილდოებული იყო ორდენებითა და პრემიებით. მათგან, პირველ ყოვლისა, უნდა გამოიყოს სახელმწიფო პრემია, რომელიც 1947 წელს მიენიჭა პოემისათვის “სიმღერა დავით გურამიშვილზე” და ლექსებისათვის; “ვინა სთქვა”, “ქართლის საღამოები”, “გამარჯვების ზეიმი” და “გორი”. ჩიქოვანი იყო ახალგაზრდა მწერალთა გზის გამკვალავი და აქტიური თანამდგომი. მისი ხელშეწყობითა და უშუალო მზრუნველობით არაერთი ნიჭიერი შემოქმედი გამოვიდა დიდ ლიტერატურულ ასპარეზზე.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ს. ჩიქოვანისა და მისი მეუღლის მარიკა ელიავას ურთიერთობა. მარიკა ელიავა თავისებური, დაუვიწყარი სილამაზისა იყო. ინტელიგენტურობა, განსწავლულობა ქართულ, რუსულ და ფრანგულ ლიტერატურაში – მისი ბუნების ამ თვისებებმა აქციეს მარიკა მისი შემოქმედებითი მიღწევების თანამონაწილედ. 1937 წელს დააპატიმრეს მარიკას მამა ნიკო ელიავა, ძმა ზურაბი და რძალი თინა. მათი ვაჟიშვილი ნიკა აღსაზრდელად მარიკამ და სიმონმა აიყვანეს. მათ ოფიციალურად გააფორმეს შვილად აყვანა.

1962 წლის აგვისტოში გარდაიცვალა მისი მეუღლე მარიკა ელიავა. დიაბეტით დაავადებული სიმონის მხედველობა კატასტროფულად გაუარესდა – პრაქტიკულად იგი დაბრმავდა. მაგრამ, ამისდა მიუხედავად, მისი შემოქმედებითი პოეტური სიმწიფის ახალ სტადიაში შევიდა. ამისი დადასტურებაა ის შესანიშნავი ნაწარმოებები, რომელიც ამ პერიოდში შექმნა პოეტმა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

განვლო რთული შემოქმედებითი გზა. იყო "ფუტურისტ-ლეფელების" ჯგუფის ლიდერთაგანი. ბგერწერით, "ორკესტრული ლექსალობით" გატაცება, მხატვრულ სახეთა ექსცენტრიულობა ერთგვარად აძნელებდა ჩიქოვანის ადრინდელი პოეზიის აღქმას, თუმცა მასში იმთავითვე იგრძნობოდა ეროვნული ტრადიციების სიმტკიცე (ბესიკის პოეტიკის გამოძახილი, მეგრული ფოლკლორის ელემენტების ათვისება და სხვა), ცოცხალი აზრი და მახვილი რეალისტური ხედვა. ფუტურისტული არსენალის ბევრი პოეტური ხერხი შემდეგში ბუნებრივად შეერწყა ჩიქოვანის გადახალისებულ მხატვრულ პალიტრას. პოეტის ადრინდელი ნოვატორული თუ ფორმალური ძიებანი აირეკლა მის პირველ კრებულებში "ფიქრები მტკვრის პირას" (1925) და "მხოლოდ ლექსები" (1930). ჩიქოვანის პოეტურ ფერისცვალებას, რომელიც დაახლოებით 1927 წლიდან დაიწყო, მყარი ნიადაგი შეუქმნა საქართველოს ყოფამ. ამ პერიოდში მიაღწია მან ფერწერულ ოსტატობას და რთული მეტაფორულ-ასოციაციური აზროვნების პოეტის სახელიც მოიპოვა. მის პოეზიაში ადგილი დაიმკვიდრა პატრიოტიზმმა, თანადროულმა თემატიკამ, შეხმიანებამ დიდ წინაპრებთან - ქართველ კლასიკოსებთან (ლექსთა ციკლები "მთაო გადმიშვი" 1929-1931; "შემოდგომის საღამოები კოლხეთში", 1933-1939; "წინაპრები", 1936-1940; "ქართლის სარამოები", 1946 და სხვა). ჩიქოვანი ქართული პოეზიის ერთ-ერთი გამოჩენილი ოსტატი გახდა. სკკპ-ის წევრი 1941 წლიდან. 1942 წელს გამოაქვეყნა პოეტური კრებული "გამარჯვება". ომის წლებშივე შექმნა პოემა "სიმღერა დავით გურამიშვილზე" (1942-1946; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1947), რომელშიც წარსულის დრამატული აღქმას ორგანულად დაუკავშირდა სადღეისო განცდები. ზნეობრივ-ფილოსოფიური პრობლემატიკის აქტუალურობა იგრძნობა ისტორიული წარსულით შთაგონებულ სხვა ლექსებშიც ("თეიმურაზ პირველი", 1935; "მიძღვნა ვარძიის ოსტატისადმი", 1936; "ნიკოლოზ ბარათაშვილის სავანეში", 1938; "ვაჟა-ფშაველას ბუხართან", 1940; "წიწამური", 1957 და სხვა).

პოეტის შემოქმედებაში ღრმად გაიდგა ფესვები ინტერნაციონალური სულისკვეთებამ (ლექსთა ციკლები უკრაინაზე, სომხეთზე, პოლონეთსა და გერმანიაზე). სიცოცხლის მიწურულს, ღრმად დაავადებულმა, თვალის ჩინს მოკლებულმა პოეტმა შექმნა ლირიკული ლექსების განსაკუთრებული დრამატიზმიძთ გამსჭვალული რამდენიმე ციკლი და ნიკოლოზ ბარათაშვილის აღსასრულისადმი მიძღვნილი ლირიკული პოემა "განჯის დღიური". პოეტის ფილოსოფიური და სოციალლური ოპტიმიზმი, ღრმა ფსიქოლოგიზმი გამოიხატა ლირიკულ-დრამატულ მონოლოგებში, რამაც განსაკუთრებული ელვარება შესძინა მისი ლექსის რიტმულ-ინტონაციურ სტრუქტურას.

ჩიქოვანს ეკუთვნის ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიები, თარგმანები და სხვა. მისი ლექსები თარგმნილია უცხო ენებზე. სსრკ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 3 შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

• ასათიანი გ., პოეზია და პოეტები, თბ., 1963;
• მარგველაშვილი გ., სიტყვა და საუკუნე, თბ., 1960;
• მისივე, პოეზიის ნათელი, თბ., 1976;

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1. 1.0 1.1 Чиковани Симон Иванович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.

2. SNAC — 2010.

3. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.