ტყის ბალბა (ლათ. Malva sylvestris) — 10-100 სმ სიმაღლის ერთ, ორ ან მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო დატოტვილია, სწორად მდგომი, შიშველია ან მეტ-ნაკლებად სქლად მოფენილი მარტივი ან ორკაპისებური ბეწვებით. ფოთლები გრძელყუნწიანია, მომრგვალოთირკმლისებური, 5-7 მრგვალკბილა ნაკვთებით. ყვავილები იღლიურია, 2-5 ერთად არის განლაგებული ღეროს ზედა ნაწილში. გვირგვინი იისფერია. იზრდება ტყის ქვედა და შუა სარტყლებში – ბუჩქნარებში, ნათელ ტყეებსა და რუდერალურ ადგილებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.