ხერუსკები
ხერუსკები (გერმ. Cherusker; ლათ. Cherusci; ბერძ. οι Χηρούσκοι, Χαιρουσκοί) — ძველი ანტიკური გერმანული ტომი; სახლობდნენ მდინარე ზემო ვეზერის ორივე ნაპირზე, თანამედროვე აღმოსავლეთ ვესტფალიისა და ქვემო საქსონიის ტერიტორიაზე მდინარე ელბამდე. მათ შესახებ ისტორიაში მხოლოდ მცირე რაოდენობით ცნობებია დაცული.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიტყვა „ხერუსკის“ ან „ჰერუსკის“ ეტიმოლოგიური წარმომავლობა უცნობია. დაახლოებით მე-16 საუკუნეში კეთდებოდა თამამი განცხადებები იმის შესახებ, რომ „ჰერუსკი“ უკავშირდება ჰარცის მთიანეთს და ჰარცზე მცხოვრებს უნდა ნიშნავდეს[1]. ამ თეორიისა უკვე მარტინ ლუთერს სჯეროდა, როდესაც იგი არმინიუსზე საუბრისას აღნიშნავდა, რომ იგი ჰარციდან ან ჰარცის ქვეყნიდან უნდა ყოფილიყო[2].
XIX და XX საუკუნეების კვლევების შედეგად არაერთი განსხვავებული თეორია ჩამოყალიბდა. იაკობ გრიმი „ხერუსკს“ აკავშირებდა გუთურ სიტყვასთან hairus, ასევე ბერძნულ heoru-სთან, რაც მახვილს ნიშნავს[3][4]. სავარაუდო კავშირზე მიუთითებდნენ ასევე ძველ სკანდინავიურ სიტყვასთან horskr, რაც ბრძენს აღნიშნავს. სხვა მკვლევარები, მაგალითად რუდოლფ მუხი, ედვარდ შრედერი და ოტო ჰეფლერი, მიიჩნევდნენ, რომ ტომის სახელწოდება უფრო მეტად ტოტემისტური იყო და წარმოსდგებოდა საერთო ძველგერმანული ირმის აღმნიშვნელი სიტყვიდან herut. ეს მკვლევარები საკუთარ ვარაუდს ამყარებენ იმით, რომ ირემს ძველ გერმანულ სიმბოლიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს თეორია, რომელიც ეთნონიმს უშუალოდ გერმანიკულ წარმომავლობას უძებნის, დღეს ყველაზე მეტადაა აღიარებული[5][6]. ჰანს კუნს მიაჩნდა, რომ სუფიქსი -სკ გერმანული წარმოშობის არ უნდა იყოს; იგი „ჰერუსკში“ ხედავს რთულ შედგენილ სიტყვას, რომელიც წარმოშობით არც სუფთა რომანულია, არც გერმანული და უფრო მეტად უკავშირდება ჩრდილო-დასავლური ჯგუფის ინდოევროპულ ენებს[7][8].
განსახლების არეალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხერუსკები პირველად მოიხსენიებიან გაიუს იულიუს კეისრის ნაწარმოებში „ჩანაწერები გალიის ომზე“. აქ კეისარი მოგვითხრობს, რომ ხერუსკებსა და სვებებს ერთმანეთისაგან ჰყოფთ დიდი ტყე bacenis silva[9]. სხვა მინიშნებები ხერუსკების გეოგრაფიული საცხოვრებელი ადგილის შესახებ ძალიან მცირეა. სტრაბონი იუწყება, რომ ისინი ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი გერმანული ხალხია[10], პლინიუს უფროსი კი ხერუსკებს სვებებთან, ხატებთან და ჰერმუნდურებთან ერთად ჰერმინონის ხალხის სახელით აერთიანებს[11]. ტაციტუსი ხერუსკებს ხატებისა და ხაუკების მეზობლებად მიიჩნევს[12]. ყველაზე ზუსტ მონაცემებს იძლევა კაუდიუს პტოლემე, რომელიც აღნიშნავს, რომ ხერუსკები ცხოვრობდნენ ელბას ნაპირებზე მცხოვრები კალუკონების სამხრეთით და მათი მიწები ჰარცის მთებამდე აღწევდა[13]. აქედან მკვლევარებს ის დასკვნა გამოაქვთ, რომ ხერუსკები მდინარე ვეზერს, ელბასა და ჰარცის მთიანეთს შორის სახლობდნენ. თუმცა არსებობს რამდენიმე გადმოცემაც იმის შესახებ, რომ ეს ტერიტორია ვეზერის დასავლეთითაც ვრცელდებოდა[14]. ჩრდილოეთით ხერუსკებს ანგრივარიების ტომი ესაზღვრებოდა[15].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძვ. წ. 12 წლიდან ახ. წ. 16 წლამდე რომაელები ხერუსკების წინააღმდეგ ომებს აწარმოებდნენ დრუსუსის, ტიბერიუსის, ვარუსისა და გერმანიკუსის მეთაურობით. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 9 წელს გამართული ბრძოლა ტევტობურგის ტყეში, სადაც სამი რომაული ლეგიონი განადგურდა. ამ ბრძოლებში ხერუსკებთან გერმანულმა ტომებმა ბრუკტერებმა, უზიპეტებმა, ხატებმა, ხატუარებმა, ტუბანტებმა, ანგრივარიებმა, მატიაკებმა და ლანდებმა შექმნეს კოალიცია, რომლის სათავეშიც ხერუსკების ბელადი არმინიუსი იდგა[16]. 21 წელს არმინიუსის გარდაცვალების შემდეგ შიდა შუღლმა და მტრობამ იმსხვერპლა თითქმის მთელი დიდგვაროვნები ხერუსკებისა, ამიტომ 47 წელს მათ რომს სთხოვეს, მიეცათ მეფედ კურთხევის უფლება იტალიკუსისა, რომელიც არმინიუსის გვარიდან ერთადერთ გადარჩენილ პიროვნებას წარმოადგენდა. ამ უკანასკნელის წარმატებები მალე დასრულდა[17] და მისი ერთ-ერთი შთამომავალი, მეფე ხარიომერუსი, 88 წლისათვის ხატებმა დაიმორჩილეს. ხატების წინააღმდეგ დახმარება ხარიომერუსმა იმპერატორ დომიციანეს სთხოვა[18].
ხერუსკების შემდეგი პერიოდის ისტორია დიდწილად უცნობია. თუმცა ტაციტუსი იუწყება, რომ ხერუსკები ხატებმა დაიმორჩილეს, მაგრამ ისინი სხვა ისტორიკოსებთან უფრო გვიან პერიოდშიც არიან დამოწმებული[19]. IV საუკუნეში ხერუსკებმა სხვა რემდენიმე გერმანულ ტომთან გაერთიანების შედეგად ახალი საქსთა ტომი შექმნეს[20].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Max Ihm: Cherusci. In: Paulys Realencyclopädie der classischen Altertumswissenschaft (RE). ნაწილი III,2, შტუტგარტი, 1899, გვ. 2270–2272
- Ralf Günther Jahn: Der Römisch-Germanische Krieg (9–16 n. Chr.). Diss., ბონი, 2001
- Peter Kehne: Zur Lokalisierung, Organisation und Geschichte des Cheruskerstammes. In: Michael Zelle (Hrsg.): Terra incognita? Die nördlichen Mittelgebirge im Spannungsfeld römischer und germanischer Politik um Christi Geburt. Akten des Kolloquiums im Lippischen Landesmuseum Detmold vom 17. bis 19. Juni 2004. გამომცემლობა Philipp von Zabern, მაინცი 2008, ISBN 978-3-8053-3632-2, გვ. 9-29.
- Günter Neumann, Reinhard Wenskus, Rafael von Uslar: Cherusker. In: Reallexikon der Germanischen Altertumskunde (RGA). მე-2 გამოცემა. ნაწილი 4, Walter de Gruyter, ბერლინი/ნიუ-იორკი, 1981, გვ. 430–435
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Wilhelm Raabe, Karl Hoppe, Jost Schillemeit, Eberhard Rohse (Hrsg.): Sämtliche Werke, Das Odfeld. Der Lar, Bd. 17, Göttingen 1966, 2. Auflage 1981, გვ. 405.
- ↑ Rainer Kipper: Der Germanenmythos im Deutschen Kaiserreich: Formen und Funktionen, Göttingen 2002, გვ. 43.
- ↑ Jacob Grimm: Geschichte der Deutscheu Sprache, Bd.2, 2. Auflage, Leipzig 1853, გვ. 426.
- ↑ Friedrich Schmitthenner: Kurzes Deutsches Wörterbuch für Etymologie, Synonymik und Orthographie, Darmstadt 1834, გვ. 244.
- ↑ Günter Neumann:Cherusker, § 1 Namenkundliches, in: Reallexikon der germanischen Altertumskunde 4, 1981, გვ. 430 და შემდგომი
- ↑ Rudolf Much: Die Germania des Tacitus, 3. Auflage, Winter, Heidelberg 1967. გვ. 411 და შემდგომი.
- ↑ Hans Kuhn: Arminius. In: RGA, 1, 1973 გვ. 420−421
- ↑ Ders. In: Westfälische Forschungen 12, 1959, გვ. 36
- ↑ Gaius Iulius Caesar: De Bello Gallico 6,10.
- ↑ Strabon: Geographie 7,291.
- ↑ Plinius: Naturalis historia 4,100.
- ↑ Tacitus: Germania 36.
- ↑ Claudius Ptolemäus: Geographike Hyphegesis 2, 11, 10.
- ↑ მაგალითად Velleius Paterculus 2,105 და Cassius Dio 54,33.
- ↑ Tacitus: Annales 2,19
- ↑ Ralf Günter Jahn, Der Römisch-Germanische Krieg (9–16 n. Chr.), Bonn 2001, გვ. 117 და შემდგომი.
- ↑ Tacitus, Annales 11,16–17.
- ↑ Cassius Dio, epitome 67,5.
- ↑ არაერთი მაგალითი: Max Ihm, s. v. Cheruski, in: RE III,2, 1899, Sp. 2272.
- ↑ Oberst Streccius, s. v. Cherusker, in: Bernhard von Poten (Hrsg.), Handwörterbuch der gesamten Militärwissenschaften, Bd. 2, Bielefeld – Leipzig 1877, გვ. 235