შინაარსზე გადასვლა

ჯალალ ად-დინის მუზარადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ე. წ. ჯალალ ად-დინის მუზარადი.

„ჯალალ ად-დინის მუზარადი“ — შუა საუკუნეების აღმოსავლური მუზარადი, რომელიც დაცულია თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში (საქართველოს ეროვნული მუზეუმი).

მუზეუმის კოლექციაში მუზარადი XX საუკუნის დასაწყისში მრავალძალის ეკლესიიდან (ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი) მოხვდა. გადმოცემა, რომ მუზარადი ხვარაზმშაჰ ჯალალ ად-დინს ეკუთვნოდა, მომდინარეობს XV საუკუნის (დაახლ. 1407-1410) „ამირეჯიბთა გვაროვნობითი სიგელიდან“, რომლითაც ქუცნა ამირეჯიბი მას („თაჯი თჳთვან სულთნისა“) მრავალძალს სწირავს და ამტკიცებს, რომ მუზარადი მის საგვარეულოს რუსუდან მეფის ლაშქრის მიერ სულთნის დამარცხების შედეგად ნადავლად რგებია. ქართველებს თავად ჯალალ ად-დინი არასდროს დაუმარცხებიათ და, ამდენად, ეს გადმოცემა სინამდვილეს არ ასახავს.

მუზარადი დაზიანებული და დეფორმირებული სახითაა შემონახული. ის სფეროკონუსური ფორმის მთლიანჭედილი კონსტრუქციაა, რაც მას, გვირგვინისებურ დეკორთან და ზარადის დამაგრების ტიპთან (საკიდ კავებში გაყრილი ლითონის წნელი) ერთად, ე. წ. ვაველის ტიპის მუზარადებთან აახლოებს, თუმცა ვაველის ნიმუშთან შედარებით დეკორი უბრალო და მოუხეშავია. ამჟამინდელ მდგომარეობაში მუზარადის მასაა 964 გ, სიმაღლე — 13,8 სმ, დიამეტრი — 21 სმ. მუზარადის დამზადების ზუსტი პერიოდი უცნობია. ისტორიკოსი მამუკა წურწუმია მას ქართული მთლიანჭედილი სფეროკონუსური მუზარადების განვითარების ერთ-ერთ ეტაპად მიიჩნევს.

  • ბაქრაძე ი., ვაველის ტიპის მუზარადი ცაგერის ისტორიულ მუზეუმში, «ცაგერის ისტორიული მუზეუმის შრომები», ტ. I, 2014. — გვ. 134-150.
  • წურწუმია მ., მუზარადი ვაველის მუზეუმიდან და მისი ადგილი აღმოსავლური ზუჩების ევოლუციის პროცესში, კრ. საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები, თბ., 2013. — გვ. 47-80.
  • დაწერილი ქუცნა ამირეჯიბისა ულუმბის ღმრთისმშობლისადმი, ქართული ისტორიული საბუთები, XIV-XV საუკუნეები (შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს: თინათინ ენუქიძემ, ნინო თარხნიშვილმა და ბაბილინა ლომინაძემ, ტომის რედაქტორი — მზია სურგულაძე), თბ., 2013.