ჯოვანა ნეაპოლელი
ჯოვანა ნეაპოლელი | |
---|---|
ნეაპოლის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 26 ივლისი, 1496 |
მმართ. დასასრული: | 7 სექტემბერი, 1496 |
წინამორბედი: | ხუანა არაგონელი |
მემკვიდრე: | იზაბელა დელ ბალცო |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 15 აპრილი, 1479 |
დაბ. ადგილი: | ნეაპოლი, იტალია |
გარდ. თარიღი: | 27 აგვისტო, 1518, (40 წლის) |
გარდ. ადგილი: | ნეაპოლი, იტალია |
მეუღლე: |
ფერდინანდ II, ნეაპოლის მეფე (ქ. 1496 - გარდ. 1496) |
დინასტია: | ტრასტამარები |
მამა: | ფერდინანდ I, ნეაპოლის მეფე |
დედა: | ხუანა არაგონელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ჯოვანა ნეაპოლელი (იტალ. Giovanna di Napoli; დ. 15 აპრილი, 1479, ნეაპოლი, იტალია ― გ. 27 აგვისტო, 1518, ნეაპოლი, იტალია) ― ტრასტამარის დინასტიის წარმომადგენელი. ნეაპოლის მეფე ფერდინანდ I-ისა და დედოფალ ხუანა არაგონელის ქალიშვილი. ნეაპოლის დედოფალი 1496 წლის ივლისიდან სექტემბრამდე, როგორც თავისი ძმისწულის, ფერდინანდ II-ის ერთადერთი მეუღლე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯოვანა დაიბადა 1479 წლის 15 აპრილს ნეაპოლში. იგი იყო ნეაპოლის მეფე ფერდინანდ I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ხუანა არაგონელის პირველი საერთო შვილი. მამის პირველი ქორწინებიდან მისი დედმამიშვილები იყვნენ: ნეაპოლის მეფე ალფონსო II, ფერარისა და მოდენის ჰერცოგინია ელეონორა, ნეაპოლის მეფე ფედერიკო და უნგრეთისა და ბოჰემიის დედოფალი ბეატრიჩე.
მას შემდეგ, რაც 1494 წელს მამამისი, მეფე ფერდინანდი გარდაიცვალა, ტახტი ჯოვანას ნახევარ-ძმამ, ალფონსომ დაიკავა.
დედოფლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1495 წელს შექმნილი მძიმე ვითარების გამო, ნეაპოლის სამეფო ოჯახი იძულებული გახდა სიცილიაში გაქცეულიყო. მალევე მეფე ალფონსო ტახტიდან თავისი ვაჟის, ფერდინანდ II-ის სასარგებლოდ გადადგა. ვინაიდან ნეაპოლი ფრანგების მიერ იყო ოკუპირებული, დედოფალი ხუანა მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და როდესაც სამეფო ოჯახმა მოახერხა ხელისუფლების აღდგენა და დაბრუნება, ხუანამ გადაწყვიტა თავისი პოზიციების გასამტკიცებლად რაიმე ეღონა. ამის გამო მან მეფე ფერდინანდ II-ს შესთავაზა თავის ქალიშვილ ჯოვანაზე ქორწინება, რასაც იგი დათანხმდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ისინი ერთმანეთის მამიდა და ძმისწული იყვნენ.
1496 წლის 26 ივლისს 17 წლის ჯოვანა დააქორწინეს მის 27 წლის ძმისწულ ფერდინანდ II-ზე. ამით იგი ნეაპოლის დედოფალი გახდა, მაგრამ ეს დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რამეთუ იმავე წლის 7 სექტემბერს ფერდინანდი მალარიით გარდაიცვალა და ვინაიდან ჯოვანას მისგან შვილი არ დარჩენია, ტახტი მათმა ძმამ, მეფე ფედერიკომ დაიკავა.
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეფე ფედერიკოს არც ისე თბილი ურთიერთობა ჰქონდა ჯოვანასა და დედამისთან, რამეთუ ისინი ერთობ ამბიციური დედოფლები იყვნენ, ტახტზეც ჰქონდათ პრეტენზია და ძლიერი მოკავშირეებიც ჰყავდათ. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლს მანამდე უკვე ჰყავდა ორი დედოფალი ჯოვანა, ამიტომაც ხალხში მუსირებდა აზრი, რომ მასაც შეეძლო ტახტის დაკავება. ფედერიკოს ისიც აშინებდა, რომ ჯოვანა ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და მას თავისუფლად შეეძლო ვინმე ისეთზე ქორწინება, ვინც მხარს დაუჭერდა და მის დამხობაში დაეხმარებოდა.
პროტესტის ნიშნად ჯოვანამ დედასთან ერთად დატოვა სამეფო კარი. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი ხალხში მოწყენილი დედოფლის სახელით იყო ცნობილი და ისინი დოკუმენტებზე ხელსაც ასე აწერდნენ. 1499 წელს ხუანასგან წამოვიდა წინადადება, რომ ჯოვანა დაქორწინებულიყო ფედერიკოს ვაჟზე, კალაბრიის ჰერცოგ ფერდინანდზე, მაგრამ მოლაპარაკებები მალევე ჩაიშალა. იმავე წელს მათ იტალია დატოვეს და ესპანეთში ჩავიდნენ, სადაც ჯოვანა პირველად შეხვდა თავის ბიძას, არაგონის მეფე ფერდინანდ II-ს.
1501 წელს ჯოვანა პირველად შეხვდა თავის ნახევარ-დას, უნგრეთისა და ბოჰემიის დედოფალ ბეატრიჩე ნეაპოლელს, რომელიც დიდი ხნის შემდეგ, მეორე ქმართან განქორწინების გამო დაბრუნდა სამშობლოში.
დარჩენილი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1501 წელს ფრანგები კიდევ ერთხელ შეიჭრნენ ნეაპოლში. ამჯერად მეფე ლუი XII-მ მოახერხა ფედერიკოს ჩამოგდება და თავი ნეაპოლის მეფედ გამოაცხადა, რის გამოც ჯოვანასა და დედამისს ესპანეთში მოუწიათ ემიგრაციაში წასვლა. იქ ყოფნისას მან არაერთი საქორწინო წინადადება მიიღო.
1503 წელს, როდესაც ინგლისის დედოფალი ელისაბედ იორკელი გარდაიცვალა, ჯოვანას ბიცოლამ, დედოფალმა ისაბელ I-მა მის ქვრივს, მეფე ჰენრი VII-ს ჯოვანას თავი შესთავაზა საცოლედ, თუმცა მან 1505 წელს უარი თქვა ქორწინებაზე, რამეთუ ჰენრი დაინტერესებული იყო თავად ფერდინანდისა და ისაბელის ქალიშვილ კატალინაზე ქორწინებით, რომელიც, უნდა აღინიშნოს, რომ მისი ძის, პრინცი არტურის ქვრივი იყო.
უკვე 1504 წელს ფერდინანდ II არაგონელმა მოახერხა ფრანგების ნეაპოლიდან გაძევება და იქ თავად გამეფება, რის გამოც ჯოვანა დედასთან ერთად ბრუნდება ნეაპოლში. ისინი ერთად დასახლდნენ ჯოვანას ნახევარ-დასთან, ბეატრიჩესა და მათ ძმისწულთან, მილანის ჰერცოგის ქვრივ იზაბელასთან ერთად. დარჩენილი ცხოვრება ერთად გაატარეს და ხუანა არაგონელი 1517 წელს გარდაიცვალა, უცნობი დაავადებით. სულ ერთ წელიწადში, 1518 წლის 27 აგვისტოს, 40 წლის ჯოვანაც იმავე დაავადებით გარდაიცვალა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Schwarz, Arthur L., VIVAT REX! An Exhibition Commemorating the 500th Anniversary of the Accession of Henry VIII, The Grolier Club, 2009, p. 58: "Henry's Father Searches for a New Wife".
- Berzeviczy Albert: Beatrix magyar királyné (1457–1508), Athenaeum, Budapest, 1908. URL: Lásd Külső hivatkozások
- Doria, Piero. "Giovanna d'Aragona, regina di Napoli". L'enciclopedia italiana (in Italian)