შინაარსზე გადასვლა

ჰეკატეოს მილეტელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰეკატეოს მილეტელისეული მსოფლიოს გეოგრაფია

ჰეკატეოს მილეტელი (ძვ. ბერძნ. Ἑκαταῖος; დაახლ. დ. ძვ. წ. 550 — გ. ძვ. წ. 480) — ძველი ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი. მილეტის წარჩინებულთა ოჯახიდან იყო. ბევრს მოგზაურობდა და პირველი დაინტერესდა სხვა ქვეყნების ისტორიით, რის გამოც მას პირველ ისტორიოგრაფად მიიჩნევენ.

ავტორია 2 თხზულებისა. ერთია: „დედამიწის ირგვლივ“ („periodos, ges“, ერთ-ერთი პირველი გეოგრაფიული ნაწარმოები), რომელიც შედგებოდა 2 წიგნისაგან და შეიცავდა ევროპის, აზიის და ლიბიის აღწერილობას.

მე-2 თხზულებაში „გენეალოგია“ („genealogia“) მოცემული იყო ძველი მითებისა და ლეგენდების კრიტიკა, თუმცა ეს კრიტიკული მიდგომა პრაგმატულ ხასიათს ატარებდა. ჰეკატეოს მილეტელმა პირველმა შეადგინა ხმელეთის დასახლებული ნაწილის კარტოგრაფიული გამოსახულება. ეს რუკა აღმოჩენილი არ არის, მაგრამ ჰეროდოტეს და სხვა ავტორთა აღწერილობით შესაძლებელი ხდება მის შესახებ წარმოდგენის შექმნა.

ჰეკატეოს მილეტელის თხზულებიდან მხოლოდ 380 ნაწყვეტმა მოაღწია. წერდა იონიურ დიალექტზე, სადა ენით.