ჰერთა აირტონი
ფიბი სარა ჰერთა აირტონი | |
---|---|
ეროვნება | ბრიტანელი |
განათლება | გირტონის კოლეჯი, კემბრიჯი |
ფიბი სარა ჰერთა აირტონი, ქალიშვილობის გვარი მარკსი (დ. 28 აპრილი, 1854 — გ. 23 აგვისტო, 1923) — ინგლისელი ინჟინერი, მათემატიკოსი და გამომგონებელი. იგი დაჯილდოებული იქნა ჰიუსის მედლით თავისი შრომისათვის ელექტრული რკალებისა და ქვიშისა და წყლის ჭავლების თემაზე.
ადრეული ცხოვრება და აღზრდა-განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰერთა აირტონი დაიბადა, როგორც ფიბი სარა მარკსი ინგლისში, ჰემფშირში, ქალაქ პორტსიში 1854 წლის 28 აპრილს. მისი მშობლები იყვნენ ელის ტერეზა, პროფესიით მკერავი და ლევი მარკსი[1], მესაათე და იუველირი. ცხრა წლის ასაკში სარა მიიწვიეს დეიდებმა, რომლებიც ფლობდნენ სკოლას ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, რათა მას ეცხოვრა თავის დეიდაშვილებთან და მიეღო სწავლა-განათლება მათთან ერთად. ასე, დეიდაშვილებთან ერთად იგი ეზიარა მეცნიერებას და მათემატიკას და 16 წლის ასაკში იგი უკვე სკოლის სასწავლო ნაწილად მუშაობდა. მან სწავლა გააგრძელა გირტონის კოლეჯში, კემბრიჯში, სადაც მისი მასწავლებელი იყო რიჩარდ გლეიზბრუკი. მას ეხმარებოდა ჯორჯ ელიოტი, რომელიც მაშინ დენიელ დერონდასთან მუშაობდა. ერთ-ერთი მისი ებრაელი გმირი, მინაი, როგორც ამბობენ, სარას პროტოტიპზე დაყრდნობით შეიქმნა[2]. კემბრიჯში მისი ყოფნის პერიოდში სარამ ააწყო სფიგმომანომეტრი (პულსჩამწერი), მიჰყავდა სასიმღერო გუნდი, დააარსა სახანძრო ბრიგადა და შარლოტ სკოტთან, გირტონის პირველ პოლემიკოსთან ერთად ჩამოაყალიბა მათემატიკური კლუბი. 1880 წელს სარამ გაიარა მათემატიკური ტრიპოსი (კემბრიჯული გამოცდა), მაგრამ არ მიენიჭა ხარისხი, რადგანაც იმ დროში კემბრიჯი ქალებს აძლევდა მხოლოდ სერტიფიკატებს და არა სამეცნიერო ხარისხებს. სამაგიეროდ, მან წარმატებით გაიარა კემბრიჯის გარე გამოცდა და მიიღო მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი ლონდონის უნივერსიტეტში 1881 წელს.[3]
მუშაობის დასაწყისი და ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლონდონში დაბრუნების შემდეგ ფიბი სარა მარკსი მასწავლებლობით და ქარგვით ირჩენდა თავს, მეთაურობდა მუშა გოგონების კლუბს და ზრუნავდა თავის ინვალიდ დაზე. მან თავისი მათემატიკური უნარებიც გამოიყენა _ ასწავლიდა ნოტინგ ჰილსა და იილინგის საშუალო სკოლაში, ადგენდა და ხსნიდა მათემატიკურ ამოცანებს, რომელთაგან ბევრი გამოქვეყნდა „მათემატიკურ კითხვებსა და მათ ამოხსნებში“, რომელიც გამოსცა „ედიუქეიშენელ თაიმსმა“. 1884 სარამ დააპატენტა ხაზგამყოფი, საინჟინრო მხაზველი ინსტრუმენტი, რომელსაც შეეძლო ხაზის დაყოფა თანაბარი ნაწილების ნებისმიერ რაოდენობად და ფიგურების გადიდება-დაპატარავება[4]. ხაზგამყოფი იყო მისი პირველი დიდი გამოგონება და თუმცა მისი პირველადი ფუნქცია მხატვრებისთვის ფიგურების გადიდება-დაპატარავებაში მდგომარეობდა, იგი ასევე სასარგებლო აღმოჩნდა არქიტექტორებისა და ინჟინრებისთვისაც. ფიბი სარა მარკსის საპატენტო განაცხადს ფინანსურად მხარი დაუჭირა ლეიდი გოლდსმიდმა და ფემინისტმა ბარბარა ბოდიშონმა, რომლებმაც მას ერთად შეუგროვეს საკმარისი თანხა პატენტების გამოსატანად; გამოგონება ნაჩვენები იქნა ქალთა ინდუსტრიულ გამოფენაზე და დიდი ყურადღებაც ერგო პრესისგან. სარამ პატივი მიაგო ბარბარა ბოდიშონს იმით, რომ თავის პირველ შვილს, გოგონას, რომელიც 1886 წ. დაიბადა, ბარბარა ბოდიშონ აირტონი დაარქვა (1886–1950). ფიბი სარა მარკსის 1884 წელს პატენტი მხოლოდ პირველი იყო შემდგომი ბევრი პატენტიდან, სიკვდილამდე ჰერთა აირტონმა 26 პატენტი დაარეგისტრირა: 5 მათემატიკურ გამყოფებზე, 13 _ ელექტრულ რკალოვან ლამფებსა და ელექტროდებზე, ხოლო დანარჩენი _ ჰაერის გადატუმბვაზე. პატენტები შეადგენენ აშკარა იურიდიულ პრეტენზიას ინტელექტუალურ საკუთრებაზე, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ქალისათვის, რომელიც უფრო ცნობილ მეცნიერზეა გათხოვილი.[5]
1884 ფიბი სარა მარკსი ესწრებოდა საღამოს ელექტრობის კურსებს ფინსბერის ტექნიკურ კოლეჯში, რომელსაც კითხულობდა პროფესორი უილიამ ედვარდ აირტონი, პიონერი ელექტრულ ინჟინერიაში, ფიზიკის განმანათლებელი და სამეფო საზოგადოების მკვლევარი. 1885 წლის 6 მაისს ფიბი და მისი ყოფილი მასწავლებელი დაქორწინდნენ, შემდეგ კი ერთმანეთს ეხმარებოდნენ ფიზიკაზე და ელექტრობაზე დადგმულ ექსპერიმენტებში. აირტონმა (უკვე მეუღლის გვარით) დაიწყო ელექტრული რკალის მახასიათებლების თავისი საკუთარი გამოკვლევა.
სამეცნიერო მუშაობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვიან მე-19 საუკუნეში ელექტრული რკალის განმუხტვები ფართოდ გამოიყენებოდა საჯარო ადგილების განათებისათვის. ელექტრული რკალი ხშირად ციმციმებდა და სისინებდა ან სხვა ხმაურს გამოსცემდა. 1895 ჰერთა აირტონმა დაწერა ჟურნალი "ელექტრიშენისთვის" რამდენიმე სტატია, სადაც ხსნიდა ამ ფენომენს იმით, რომ რკალის ნახშირის ღეროებთან ჰაერის ჟანგბადი შედიოდა რეაქციაში. 1899 წელს იგი გახდა პირველი ქალი, რომელმაც თავისი საკუთარი სტატია წაიკითხა ელექტრობის ინჟინერთა ინსტიტუტში.
მალევე ამ მოვლენიდან, აირტონი აირჩიეს ელექტრობის ინჟინერთა ინსტიტუტის პირველ ქალ წევრად; და ამგვარ უნიკალურ ქალად იგი რჩებოდა 1958 წლამდე, სანამ კიდევ ერთი ქალი არ იქნა არჩეული. იგი გახდა აგრეთვე პირველი ქალი, რომელმაც მოიგო პრიზი ამ ინსტიტუტისათვის, ჰიუსის მედალი, რომელიც მას გადაეცა 1906 თავისი კვლევისათვის ქვიშაში და წყალში ჭავლების მოძრაობის შესახებ და ნაშრომისათვის ელექტრული რკალის შესახებ. მე-19 საუკუნის ბოლოსკენ აირტონის შრომები ელექტრული ინჟინერიის სფეროში უფრო ფართოდ გახდა აღიარებული, როგორც შინ გაერთიანებულ სამეფოში, ისე გარეთაც, საერთაშორისო საზოგადოებაში. 1899 ქალთა საერთაშორისო კონგრესზე ლონდონში ჰერთა თავმჯდომარეობდა ფიზიკის მეცნიერებათა სექციას. აირტონმა აგრეთვე წაიკითხა სიტყვა ელექტრობის საერთაშორისო კონგრესზე პარიზში 1900 წელს. იქ მოპოვებულმა მისმა წარმატებამ აიძულა მეცნიერების წინსვლის ბრიტანული ასოციაცია, რომ ნება მიეცა ქალებისათვის, ემსახურათ საერთო და სასექციო კომიტეტებში.
1902 აირტონმა გამოაქვეყნა წიგნი „ელექტრული რკალი“, თავისი კვლევებისა და მუშაობის შეჯამება, რომლის ადრინდელი ნაწილები ქვეყნდებოდა ჟურნალ "ელექტრიშენში" 1895 და 1896 წლებში. თავისი ამ წიგნით მისი წვლილი ელექტრულ ინჟინერიაში უკვე სოლიდური გახდა. მიუხედავად ამისა, დასაწყისში მაინც აირტონი კარგად არ მიუღიათ პრესტიჟულ და ტრადიციულ სამეცნიერო საზოგადოებებს, მსგავსთ სამეფო საზოგადოებისა. როგორც შედეგი ამ წიგნის გამოქვეყნებისა, ცნობილმა ელექტროინჟინერმა ჯონ პერიმ 1902 ჰერთას სამეფო საზოგადოების მკვლევარის ადგილი შესთავაზა. მისი განცხადება საბოლოოდ მაინც უარყოფილი იქნა სამეფო საზოგადოების საბჭოს მიერ, რომელმაც გამოაცხადა, რომ გათხოვილი ქალი არ წარმოადგენდა ხელსაყრელ კანდიდატურას სამეფო საზოგადოების მკვლევარისათვის.
გვიანდელი ცხოვრება და მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად ამისა, 1904 აირტონმა წარადგინა სტატია გს სამეფო საზოგადოებაში ჭავლების მოძრაობის თაობაზე ქვიშასა და წყალზე. ალბათ არ დარჩა კმაყოფილი ყურადღებით და 1908 და 1911 წლებში მან კიდევ გაიმეორა იგივე პრეზენტაცია; აგრეთვე წარმოადგინა თავისი კვლევის შედეგები ბრიტანულ ასოციაციაში და ფიზიკოსთა საზოგადოებაში. აირტონის დაინტერესებამ წყალსა და ჰაერში გაჩენილი მორევებით შთააგონა იგი, რომ შეექმნა აირტონის მარაო ანუ ტკაცუნა, რომელსაც პირველ მსოფლიო ომში სანგრებში იყენებდნენ მომწამლავი აირის გასაფანტავად. აირტონი იბრძოდა თავისი გამოგონების დასანერგავად და მიაღწია 100 000 ტკაცუნის დამზადებას დასავლეთის ფრონტისათვის.
აირტონი ეხმარებოდა ქალთა უნივერსიტეტის საერთაშორისო ფედერაციის დაფუძნებას 1919 წ. და სამეცნიერო მუშაკთა კავშირის დაფუძნებას 1920 წ.
რელიგიური შეხედულებანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აირტონი აგნოსტიკოსი იყო, მაგრამ ინარჩუნებდა მჭიდრო კავშირებს ებრაულ თანასაზოგადოებასთან.[6] თავისი სტუდენტობის წლებში მან შეირქვა სახელი ჰერთა სუინბერნის პოემის თანამოსახელე გმირის მიხედვით, რომელიც აკრიტიკებდა ორგანიზებულ რელიგიას.[7]
ცხოვრების დასასრული და ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იგი გარდაიცვალა სისხლის მოწამლვით (სეფსისით, რომელიც მწერის ნაკბენის გართულებას მოყვა) 1923 წ. 26 აგვისტოს გს-ში, სასექსში, ჩრდ. ლანსინგში. პედინგტონში, ნორფოლკის სკვერის 41 ნომერში მის მოსაგონრად 2007 წ. გაიხსნა ლურჯი მრგვალი დაფა.[8]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Reminiscences of Hertha Ayrton by A. P. Trotter in CWP at UCLA
- Johnson, James (1909). „Women Inventors and Discoverers“. Cassier's Magazine: 548–553.
- Joan Mason (2006) "Hertha Ayrton" in OUT OF THE SHADOWS: Contributions of 20th Century Women to Physics Nina Byers and Gary Williams, ed., Cambridge University Press.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Mason, Joan. "Ayrton [née Marks, (Phoebe) Sarah [Hertha] (1854–1923), electrical engineer and suffragist"]. Oxford Dictionary of National Biography. Oxford University Press. Retrieved 19 October 2012.
- ↑ Archives Biographies: Hertha Ayrton". Institution of Engineering and Technology. Retrieved 2011-03-23.
- ↑ Riddle, Larry. "Hertha Marks Ayrton". Retrieved October 2012.
- ↑ Hirsch, Pam. "Hertha Ayrton : Biography". Spartacus Educational. Retrieved 19 October 2012.
- ↑ "Hertha Ayrton". Jewish Women's Archive. Retrieved 19 October 2012.
- ↑ Malley, Marjorie. "Hertha Marks Ayrton". Retrieved 2008-10-27.
- ↑ "Hertha Ayrton". Retrieved 2008-10-27.
- ↑ "AYRTON, HERTHA (1854–1923)". English Heritage. Retrieved 2012-08-18.