შინაარსზე გადასვლა

Let It Be

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „Let It Be“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ Let It Be (მრავალმნიშვნელოვანი).
Let It Be
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 8 მაისი, 1970 (1970-05-08)
ჩაიწერა
  • 4, 8 თებერვალი, 1968
  • 24–31 იანვარი, 1969
  • 3, 4, 8 იანვარი, 1970
  • 1 აპრილი 1970
ადგილი Apple Corps-ის სახურავი, ლონდონი
სტუდია Apple, EMI და Olympic Sound, ლონდონი
ჟანრი
ხანგრძლივობა 35:10
ლეიბლი Apple
პროდიუსერი ფილ სპექტორი
The Beatles-ის სტუდიური ალბომები — ქრონოლოგია
Abbey Road
(1969)
Let It Be
(1970)
The Beatles' Christmas Album
(1970)
The Beatles-ის ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემების — ქრონოლოგია
Hey Jude
(1970)
Let It Be
(1970)
From Then to You
(1970)
სინგლები ალბომიდან Let It Be
  1. „Get Back“
    გამოცემის თარიღი: 11 აპრილი, 1969
  2. „Let It Be“
    გამოცემის თარიღი: 6 მარტი, 1970
  3. „The Long and Winding Road“
    გამოცემის თარიღი: 11 მაისი, 1970

Let It Beინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის უკანასკნელი სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1970 წლის 8 მაისს, ლეიბლზე Apple Records, ჯგუფის დაშლის შემდეგ. ისევე, როგორც ჯგუფის წინა ალბომების შემთხვევაში, იგი მრავალ ქვეყანაში, მათ შორის - აშშ-სა და ბრიტანეთში, ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა და გამოვიდა ფილმის თანხლებით.

თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო დისკი Get Back, დაბრუნება ჯგუფისთვის დამახასიათებელ ადრეულ სტილისტიკასთან. იგი იწერებოდა Abbey Road-ამდე, რის გამოც ბევრი კრიტიკოსი და ავტორი (მათ შორის - მარკ ლუისონი) თვლის, რომ სწორედ Abbey Road უნდა ითვლებოდეს უკანასკნელ ალბომად. ჩაწერამდე 1969 წლის იანვარში მიმდინარეობდა რეპეტიციები ტუიკენჰემის კინოსტუდიაში, ვინაიდან აგრეთვე ჩაფიქრებული იყო, რომ The Beatles საკონცერტო შემოქმედებასაც დაუბრუნდებოდა. პროექტი, რომლის ჩანაფიქრის ავტორი იყო პოლ მაკ-კარტნი, საბოლოო ჯამში, წარუმატებლად მიმდინარეობდა - რეპეტიციებზე მუსიკოსებს შორის ურთიერთობა დაძაბული იყო, ჯორჯ ჰარისონი კი კოლექტივიდან დროებით წავიდა. რათა გიტარისტი დაბრუნებულიყო, The Beatles-მა დანიშნა სესიები Apple Studio-ში, მიწვეული კლავიშისტ ბილი პრესტონის თანამონაწილეობით.

პროდიუსერ გლინ ჯოუნსის მიერ მომზადდა ალბომის რამდენიმე მიქსი, რომელიც არ მოეწონათ და საბოლოო ვარიანტში გამოიყენეს 1970 წლის მარტში-აპრილში ფილ სპექტორის მიერ მომზადებული ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ ალბომის სამი სიმღერა, „Get Back“/„Don't Let Me Down“ და „Let It Be“ უკვე გამოცემული იყო სინგლებზე, ალბომისთვის სპექტორმა ისინი სხვა სახით წარმოადგინა, ხოლო „Don't Let Me Down“ საერთოდ არ შეუტანიათ. 2003 წელს გამოვიდა Let It Be... Naked, ალბომის ალტერნატიული ვერსია, რომელშიც სპექტორის ვერსიები არ შესულა - განსხვავებული დუბლებით.

1968 წლის ბოლოსთვის, ჯგუფის საკონცერტო შემოქმედების შეწყვეტიდან ორზე მეტი წლის შემდეგ, პოლ მაკ-კარტნის კვლავ სურდა კოლექტივის კონცერტებისთვის შეკრება. იმ წელს გამოცემული The Beatles-ის (იგივე „თეთრი ალბომის“) სესიების დროს ჯგუფში მრავალი უთანხმოება წარმოიშვა.[3] მაკ-კარტნი გრძნობდა, რომ ჯგუფის ერთობლიობა იკარგებოდა საკონცერტო გამოსვლების გარეშე და იმის გამოც, რომ სტუდიას იყენებდნენ არა ანსამბლის სახით სამუშაოდ, არამედ რთული ჩანაწერებისთვის, რომლებიც იქმნებოდა მრავალი დუბლის შედეგად. იგი ფიქრობდა, რომ ურთიერთობები გამოსწორდებოდა, თუკი The Beatles სასწრაფოდ დაიწყებდა რეპეტიციებს („თეთრი ალბომის“ ჩაწერა დასრულდა 1968 წლის ოქტომბერში) და იმუშავებდა ალბომზე, რომელიც რთულ სტუდიურ ტექნოლოგიებს ნაკლებად გამოიყენებდა. ამით ჯგუფი დაუბრუნდებოდა თავის საწყისებს, როდესაც ნამდვილი ანსამბლის სახით მუშაობდა და ახალ ალბომს ჩაწერდა ერთ-ერთი საკონცერტო გამოსვლისას ან ტურნეს დროს. ასეთი იდეა ეხმაურებოდა მრავალი სხვა მუსიკოსის წარმოდგენას, როგორც რეაქცია ფსიქოდელიური და პროგრესული მუსიკის დომინირებისადმი. თავად კონცერტი უნდა გადაეღოთ მსოფლიო ტელეეთერისთვის, ხოლო ალბომი მის გამოსვლას დაემთხვეოდა.

მაკ-კარტნის მიწვევით სტუდიაში გამოჩნდა პროდიუსერი და ხმის ინჟინერი გლინ ჯოუნსი. თავდაპირველად მისი როლი არ იყო ნათელი, ვინაიდან პოლს სურდა ჯორჯ მარტინის შენარჩუნებაც. საბოლოოდ, ჯოუნსმაც არ იცოდა, იქნებოდა თუ არა ალბომის ძირითადი პროდიუსერი ან ინჟინერი - იგივე მდგომარეობაში იმყოფებოდა მარტინიც. როგორც გაირკვა, ჯოუნსს მიენიჭა ინჟინერის როლი, ხოლო მარტინის როლი შემოიფარგლა რჩევების შეთავაზებით.

პოლის გარდა სამი დარჩენილი წევრი ასეთ ჩანაფიქრს ნაკლებად ემხრობოდა. წინა ალბომზე ხუთთვიანი მუშაობა ახალი დასრულებული იყო და საკონცერტო გამოსვლების ჩანაფიქრს სკეპტიკურად უყურებდნენ. ტურნეს ჩანაფიქრი განსაკუთრებით ჯორჯ ჰარისონს არ მოსწონდა, ახსოვდა რა ბიტლომანიის პერიოდის სირთულეები.[4] თუმცა, მას მოეწონა ბობ დილანთან და The Band-თან ამერიკაში მუშაობა და დაუბრუნდა ანსამბლის სახით მუშაობის ხალისი, ამიტომ მაკ-კარტნის ჩანაფიქრი ასეთი სახით მუშაობაზე მისთვის მისაღები იყო. ჯონ ლენონსაც ასეთი ჩანაფიქრი მოსწონდა, ვინაიდან ისიც უკმაყოფილო იყო Revolver-იდან მოყოლებული ტექნოლოგიების ფართო გამოყენებით და ანსამბლის სახით მუშაობას დაუბრუნდა The Rolling Stones Rock and Roll Circus-ის გადაღებისას. გარდა ამისა, ჯგუფის ყველა წევრს მოსწონდა მის მიერ წინა ალბომისთვის დაწერილი „Happiness is a Warm Gun“, რომელიც არ იყო ტექნოლოგიურად დატვირთული და უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებდა სხვადასხვა სექციაზე და რიტმის ცვლაზე, რის გამოც The Beatles დაუბრუნდა აღნიშნული, ანსამბლის სახით მტკიცე მუშაობას, რათა მიეღო ძირითადი რიტმული ჩანაწერი. საბოლოო ჯამში, ყველა დათანხმდა, დაეწყო მუშაობა და 1969 წლის 1 იანვარს დაიწყო რეპეტიციები, თუმცა პროექტის კონკრეტული მიმართულება არ არსებობდა.

რეპეტიციებს და ჩაწერას მშვიდად არ ჩაუვლია. „თეთრი ალბომის“ დროს წარმოშობილმა სირთულეებმა კვლავ იჩინეს თავი. ჯგუფის წევრები, განსაკუთრებით ჯონი და პოლი ერთმანეთს ვეღარ ეწყობოდნენ. მაკ-კარტნი პროექტს გაუძღვა, ხოლო ლენონი, ნაკლებად დაინტერესებული, მუსიკას იწერდა მომავალ მეუღლე იოკო ონოსთან, რომელიც, ისევე, როგორც წინა დისკზე მუშაობისას, ამ შემთხვევაშიც სტუდიაში დიდ დროს ატარებდა. ასეთი ფაქტორების გამო ჯგუფში პრობლემები მატულობდა. ერთ დღეს ჰარისონმა სტუდიაც და ჯგუფიც დატოვა - მას შემდეგ, რაც ეკამათა პოლს და ეჩხუბა ჯონს - მისივე აზრით, პირველის სრულყოფილებისადმი წინსწრაფვის და უკანასკნელის ნაკლებად აქტიურობის გამო. თუმცა, ჯორჯი რამდენიმე დღის შემდეგ დააბრუნოს. ფილმი „დაე ასე იყოს“ ცნობილია სცენებით, რომლებიც ასახავენ ჯგუფის ამ რთულ პერიოდს. მას ხშირად უწოდებენ დოკუმენტურს, რომელსაც უნდა გადმოეცა ალბომის ჩაწერის პროცესი, მაგრამ ასახა მხოლოდ ჯგუფის დაშლა.[5]

რეპეტიციები ტუიკენჰემის კინოსტუდიებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვინაიდან ყველა რეპეტიციას იღებდა მაიკლ ლინდზი-ჰოგი თავის გუნდთან ერთად, გადაწყდა, რომ კინოსტუდიას გამოიყენებდნენ სარეპეტიციოდ. ამისთვის აირჩიეს ტუიკენჰემის კინოსტუდიები. ჯგუფი იქ განლაგდა 1969 წლის 2 იანვარს. ჩაწერა ფილმისთვის მიმდინარეობდა Nagra-ს მონო-ჩამწერებზე. პროფესიონალური მრავალფირიანი ჩანაწერები არ მომზადებულა, ვინაიდან დაგეგმილი იყო მასალის საკონცერტო გარემოში მოსმენა. ფილ სპექტორის მიერ მოგვიანებით ამ რეპეტიციების ნაწყვეტი გამოყენებული იქნა „For You Blue“-ს წინ - კერძოდ, ის მონაკვეთი, სადაც ლენონი აცხადებს: „დედოფალი გამოძიების ფედერალურ ბიუროს ეუბნება უარს მარიხუანის მოწევაზე“. ამჟამად არსებობს სესიების მრავალი ბუტლეგური ჩანაწერი, ხოლო დიალოგების და მუსიკის მცირე მონაკვეთები შევიდა Let It Be... Naked-ის მეორე დისკზე.

რეპეტიციები მალევე გადაიზარდა მოვლენად, რომელსაც ერთმა ბიოგრაფმა უწოდა „მტრული მოდუნებულობა“.[6] პირველივე დღეს ლენონი და ჰარისონი უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ადგილით, სადაც რეპეტიციები ტარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველივე სიმღერა, რომელზეც იმუშავეს, „I've Got a Feeling“, ჯონის და პოლის საავტორო იყო და დაიწერა რეპეტიციებამდე, თავად ლენონს იდეები მალე გამოელია და იგი პოლის და ჯორჯის მიერ შეთავაზებული სიმღერებით დაინტერესებული ნაკლებად იყო. ენთუზიაზმის თუ ყურადღების გარეშე, The Beatles-ის დაკვრის სტილი იყო ქაოტური და არაპროფესიონალური, რასაც არ შველიდა ის ფაქტიც, რომ ერთ დროს ისინი ანსამბლის სახით მუშაობდნენ. მაკ-კარტნი ცდილობდა სხვა წევრების დათანხმებას და ყოველივეს მოწესრიგებას, მაგრამ ჯგუფის შენარჩუნების მცდელობებს სხვები თვლიდნენ მართვის მცდელობად. 6 იანვარს მდგომარეობა საბოლოოდ დაიძაბა, როდესაც ჰარისონს „Two of Us“-ზე მუშაობისას პოლთან დაძაბული კამათი ჰქონდა - რაც ფილმის „დაე ასე იყოს“ ერთ-ერთ აღსანიშნავ ეპიზოდად იქცა. თუმცა, აღნიშნულ ფილმში არ შევიდა შემთხვევა, რომელიც მოხდა 10 იანვარს, უკვე ლენონის მონაწილეობით. ჯორჯი უკმაყოფილო ჩანდა იმით, რომ ჯონი შემოქმედებითად და ურთიერთობების მხრივ ჯგუფისგან მოწყვეტილი იყო და სამხარის დროს ორივემ კვლავ იკამათა. The Daily Sketch-ის ჟურნალისტ მაიკლ ჰაუსიგოს თანახმად, ორ წევრს შორის ამ შემთხვევამ გამოიწვია ფიზიკური დაპირისპირებაც, რაც შემდგომში, 16 იანვარს, Daily Express-თან საუბარში, ჯორჯმა უარყო: „ერთმანეთი არ გვიცემია, უბრალოდ ვიჩხუბეთ.“ სამხარის შემდეგ ჰარისონმა განაცხადა, რომ ჯგუფს ტოვებდა და სხვებს მიმართა, რომ „სადმე კლუბებში შეხვდებოდა.“[7] ცნობილია, რომ იგი ეშერში გაემგზავრა, კინფონსში, სადაც ჯგუფში არსებული უსიამოვნებები ასახა ახალ საავტორო სიმღერაში „Wah-Wah“.

განახლებული სესიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზური პიანისტი ბილი პრესტონი 1971 წელს. იგი მიიწვიეს ალბომზე სამუშაოდ, რათა ჯგუფში დაძაბულობას ეკლო.

ერთი კვირის შემდეგ ჯგუფი დათანხმდა ჰარისონის მიერ წაყენებულ დაბრუნების პირობებს და ტუიკენჰემის დატოვებას. სესიები 22 იანვარს, Apple Studio-ში, ლონდონის სევილ-როუს 3-ში მდებარე Apple Corps-ის სტუდიის პირობებში განახლდა. მრავალარხიანი ჩაწერა ამავე დღეს დაიწყო[8] და გაგრძელდა 31 იანვრამდე.[9] რათა არსებული დაძაბულობები კიდევ უფრო შეემსუბუქებინა და ჯგუფის ჟღერადობა გაემდიდრებინა, ჰარისონმა მიიწვია კლავიშისტი ბილი პრესტონი, რომელმაც The Beatles-თან მთელი დარჩენილი პერიოდი გაატარა.

ჯგუფში დაბრუნების კიდევ ერთ პირობად ჰარისონმა დაასახელა საკონცერტო გამოსვლებზე უარის თქმა. ამიერიდან გადაღებების დროს კამერა აფიქსირებდა მხოლოდ ალბომის ჩაწერას. საჯაროდ გამოსვლის ჩანაფიქრს The Beatles მაინც დაუბრუნდა ლინდზი-ჰოგის ფილმისთვის აუცილებელი დაბოლოების მისაღებად. 30 იანვარს მან პრესტონთან ერთად მცირე რაოდენობის მაყურებლის წინაშე დაუკრა Apple-ის სახურავზე. ამას მხოლოდ ჰარისონი ეწინააღმდეგებოდა და მცდელობას „სულელური“ უწოდა, თუმცა, ფილმის გამო ჩანაფიქრზე დათანხმდა. პოლიციელები ჩაერივნენ გამოსვლაში მას შემდეგ, რაც მათ ხმაურის შესახებ ამცნეს. წლების განმავლობაში სრული კონცერტი ბუტლეგერებს შორის ვრცელდებოდა. სახურავზე შესრულებული „Dig a Pony“, „I've Got a Feeling“ და „One After 909“ მოგვიანებით შევიდა ალბომში Let It Be, ხოლო სხვა სიმღერების შესავალში ან დაბოლოებისას ჟღერს გამოსვლის დროს ჯგუფის წევრების მიერ ნასროლი ფრაზები.

Get Back-ის/Let It Be-ს სესიებისას ასობით სიმღერა შესრულდა. გარდა იმ სიმღერების, რომლებიც Let It Be-შია წარმოდგენილი, სრულდებოდა Abbey Road-სთვის შემდგომში მომზადებული სიმღერების ადრეული ვერსიებიც. ესენია „Mean Mr. Mustard“, „She Came in Through the Bathroom Window“, „Sun King“, „Polythene Pam“, „Golden Slumbers“, „Carry That Weight“, „Something“, „Maxwell's Silver Hammer“, „Oh! Darling“, „Octopus's Garden“ და „I Want You (She's So Heavy)“. რამდენიმე სხვა ორიგინალური კომპოზიცია შემდგომში შევიდა ჯგუფის წევრების სოლო-ალბომებში - ლენონის „Jealous Guy“ (თავდაპირველად ცნობილი, როგორც „Child of Nature“, მომზადებული „თეთრი ალბომისთვის“) და „Gimme Some Truth“; ჰარისონის „All Things Must Pass“, „Isn't It a Pity“ (რომელიც 1966 წელს Revolver-ისთვის მომზადდა), „Let It Down“ და „Hear Me Lord“ და მაკ-კარტნის ოთხი სიმღერა - „Another Day“, „Teddy Boy“, „Junk“ (მომზადებული „თეთრი ალბომისთვის“) და „The Back Seat of My Car“. რეპეტიციების და ჩაწერის პერიოდში ყურადღება გადატანილი იქნა სხვა სიმღერების საკუთარი ვერსიების შესრულებაზე - ასეთი იყო 12 ტაქტიანი ბლუზი - ისევე, როგორც დროდადრო ახალ მცდელობებზე - მაგალითად, ლენონის „Madman“-ზე. ასრულებდნენ კლასიკურ ნაწარმოებსაც - სემიუელ ბარბერის „ადაჟიოს სიმებიანი ორკესტრისთვის“, ჯაზურ „Ain't She Sweet“-ს და როკ-ენ-როლური ადრეული პერიოდის სიმღერებს „Stand By Me“, „Words of Love“, „Lonely Sea“, „Bésame Mucho“ (კონსუელო ველასკესი) და „Blue Suede Shoes“. უკრავდნენ ბობ დილანის სიმღერებსაც - „Positively 4th Street“, „All Along the Watchtower“ და „I Shall Be Released“.[10] ასეთი შესრულებების მხოლოდ ნაწილი იყო სრული - უმეტესობა წარმოადგენდა ფრაგმენტებს, ერთი ან ორი სტროფით, რომლის ტექსტებიც არ ახსოვდათ.

ალბომზე წარმოდგენილი ორი სიმღერა 1969 წლის იანვარში არ ჩაწერილა. „Across the Universe“ 1968 წლის თებერვალში ები-როუდზე იწერებოდა, ხოლო „I Me Mine“ - 1970 წლის იანვარში, როდესაც ლენონმა განაცხადა, რომ The Beatles-ს ტოვებდა. ლუისონი უთითებს, რომ ოფიციალურ დაშლამდე ჯგუფის მიერ ჩაწერილი უკანასკნელი სიმღერა იყო სწორედ „I Me Mine“. სხვა სიმღერებისთვის ვოკალების და ინსტრუმენტული ნაწილების დამატება მიმდინარეობდა 1970 წლის აპრილში, ალბომის გამოსვლამდე.

Get Back-ის გარეკანის კონცეფცია, რომელიც იმეორებს Please Please Me-ზე ჯგუფის წევრების განლაგებას. ასეთი გარეკანის ჩანაფიქრის ავტორი ლენონი იყო.

მას შემდეგ, რაც ყოველ ალბომზე მუშაობისას დამატებითი დუბლების რაოდენობა უფრო იზრდებოდა, ყველა თანხმდებოდა, რომ კარგი იქნებოდა, ახალი ალბომი ჩაეწერათ პირდაპირი, „ცოცხალი“ შესრულებით. საკუთარ საწყისებთან დაბრუნების ჩანაფიქრის შესაბამისად, გარეკანიც უნდა ყოფილიყო სადებიუტო Please Please Me-ს მსგავსი. ჩანაფიქრით, მასზე ჯგუფი იხედებოდა მანჩესტერ-სკვერზე მდებარე EMI-ს მთავარი ოფისის სართულიდა და მისი წევრები იდგნენ იმავე პოზებში, რაც ორიგინალურ ალბომზე. ფოტოსურათი, რომელიც ამ სესიისთვის მომზადდა, საბოლოოდ გამოიყენეს კომპილაციაზე 1967–1970 (იგივე „ლურჯ ალბომზე“).

Apple-ში სესიების დასრულების მეორე დღეს გლინ ჯოუნსმა რამდენიმე სიმღერის აცეტატური დისკი შეადგინა, რათა ჯგუფს მიქსი მოესმინა. ასლი, მაგნიტურ ფირზე, გაიგზავნა ამერიკაში, სადაც ბაფალოში და ბოსტონში 1969 წლის სექტემბერში რადიოეთერში გაიჟღერა. 1969 წლის მარტში ლენონმა და მაკ-კარტნიმ ჯოუნსი მიიწვიეს ები-როუდზე და შესთავაზეს, საკუთარი გემოვნებით შეედგინა ალბომი Get Back-ის სესიებიდან.[11] Olympic Studios-ში 10-28 მაისს ჯოუნსმა დანიშნა სესიები, რათა მუშაობა დაესრულებინა და საბოლოო მიქსი 28 მაისს იქნა მიღებული. სახურავზე გამართული კონცერტიდან მან გამოიყენა მხოლოდ „One After 909“, ხოლო „I've Got a Feeling“ და „Dig a Pony“ (იმ პერიოდში ცნობილი, როგორც „All I Want Is You“) იყო სტუდიური ჩანაწერები, ჯოუნსს აგრეთვე მოსწონდა „Two of Us“-ის და „Let It Be“-ს ადრეული, უხეში ვერსიები და არა საბოლოო, 31 იანვრის დუბლები (საბოლოოდ შესული Let It Be-ში). აგრეთვე შეტანილი იყო იმპროვიზაციული „Rocker“, The Drifters-ის „Save the Last Dance for Me“-ს მოკლე ვერსია, ლენონის „Don't Let Me Down“ და „Dig It“-ის ხუთწუთიანი ვერსია.[12] ასეთი ჩანაფიქრის მიუხედავად, წევრები ვერ თანხმდებოდნენ, მოსწონდათ თუ არა შედეგი. ამასთან, ჯოუნსი იყენებდა ისეთ დუბლებს, სადაც შეცდომები იყო დაშვებული („I've Got A Feeling“ ნახევრად დასრულებული იყო და წყდებოდა ლენონის მიერ დაშვებული შეცდომის გამო.

Get Back-ის პირველი ვერსია, 1969 წლის მაისი:[12]

დაგეგმილი იყო ალბომ Get Back-ის 1969 წლის ივლისში გამოცემა, თუმცა იგი გადაიდო სექტემბრისთვის, რათა დამთხვეოდა სატელევიზიო გადაცემას და ფილმს ალბომის შექმნის შესახებ. სექტემბერში გამოსვლა გადაიდო დეკემბრამდე, ვინაიდან ჯგუფმა დაასრულა Abbey Road-ზე მუშაობა და სურდა ამ ალბომის გამოშვება. დეკემბერში კი Get Back, როგორც პროექტი, გაუქმდა.

15 დეკემბერს ჯოუნსს კვლავ სთხოვეს ალბომის შედგენა, მაგრამ ამჯერად გადაწყდა, რომ სიმღერები უნდა ყოფილიყო იგივე, რაც ჯერ დაუსრულებელ ფილმში Get Back. 1969 წლის 15 დეკემბრიდან შემდეგი წლის 8 იანვრამდე ახალი მიქსები მზადდებოდა. გლინ ჯოუნსის ახალ მიქსში „Teddy Boy“ არ მოხვდა, ვინაიდან იგი ფილმში არ იქნა შეტანილი. ალბომს დაემატა „Across the Universe“ (1968 წლის ვერსიის რემიქსი, ვინაიდან 1969 წლის იანვარში რეპეტიციები არ ჩაწერილა) და „I Me Mine“, რომელშიც უკრავენ მხოლოდ ჰარისონი, მაკ-კარტნი და რინგო სტარი. „I Me Mine“ ხელახლა ჩაიწერეს 1970 წლის 3 იანვარს, ვინაიდან იგი ასევე მოხვდა ფილმში და ჯერ არ იყო ხელმისაწვდომი მრავალფირიანი ჩანაწერის სახით. საბოლოო ჯამში, The Beatles-ს არ მოეწონა ალბომის მეორე ვარიანტიც.[13]

Get Back, ვერსია მეორე, 1970 წლის იანვარი:[13]

მუსიკალური ნაწყვეტები:

1970 წლის მარტში მენეჯერ ალენ კლაინის მიწვევით ალბომის მიქსზე მუშაობა ამერიკელმა პროდიუსერმა ფილ სპექტორმა დაიწყო. მან ყველა სიმღერის საკუთარი მიქსი შექმნა, სამ სიმღერას დაამატა გუნდის ხმები და ორკესტრი და დაასრულა ალბომი, რომელსაც სახელწოდება Let It Be მიენიჭა. ალბომიც და ფილმიც გამოვიდა 1970 წლის 8 მაისს, როდესაც ჯგუფი უკვე დაშლილი იყო. ფილმში გადმოცემულია ჯგუფში არსებული უკიდურესი დაძაბულობა და შეტანილია კადრები სახურავზე გამართული კონცერტიდან. ამ უკანასკნელის ფარგლებში საბოლოო სიმღერის „Get Back“ შემდეგ ლენონი აცხადებს: „მადლობა ჯგუფის და ჩვენი სახელით, იმედია, კონკურსი წარმატებით გავიარეთ“. ეს ხუმრობა დაემატა სიმღერის სტუდიურ ვერსიასაც.

მანამდე ჩატარებული სესიების რამდენიმე სიმღერა ოფიციალურად გამოიცა. „Get Back“/„Don't Let Me Down“ და „Let It Be“ 1969 და 1970 წელს სინგლებზე გამოვიდა[14]. რამდენიმე სიმღერა ალბომზე „ცოცხალი“ ჩანაწერია. „I've Got a Feeling“, „One After 909“ და „Dig a Pony“ აღებულია სახურავზე გამართული კონცერტიდან, ხოლო „Two of Us“, „Dig It“, „Get Back“ და „Maggie Mae“ – სტუდიური სესიებიდან. ორიგინალური ჩანაფიქრის საწინააღმდეგოდ, „For You Blue“, „I Me Mine“, „Let It Be“ და „The Long and Winding Road“ არის რედაქტირებული ან ახლავს დამატებული პარტიები. „Don't Let Me Down“, ჩაწერილი „ცოცხლად“ და მანამდე გამოსული სინგლზე „Get Back“, ალბომში არ შევიდა.[15] მესამე სიმღერა, „Across the Universe“, არის 1968 წლის ორიგინალური ჩანაწერის რედაქტირებული ვარიანტი, რომლის ტონალობა რე მინორიდან შეცვლილია ბემოლზე. მანამდე იგი მხოლოდ ერთხელ, ტუიკენჰემში დაუკრეს და 1969 წლის იანვრამდე მრავალარხიანი სახით არ ჩაწერილა.[16]

მაკ-კარტნის არ მოსწონდა სპექტორის რამდენიმე მიქსი, განსაკუთრებით „The Long and Winding Road“. ორიგინალური ჩანაფიქრით, იგი იყო მარტივი ბალადა, შეასრულებული პიანინოზე, მაგრამ ფილმა დაამატა ორკესტრი და გუნდი. პოლის მხრიდან ჩარევის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში სპექტორის ნამუშევარს აკრიტიკებდნენ, ლენონმა 1970 წელს Rolling Stone-თან საუბარში იგი დაიცვა: „ყველაზე საზიზღარი და ცუდად ჩაწერილი მასალა მიაწოდეს და მისგან რაღაც შექმნა“. როდესაც EMI-დან მარტინს შეატყობინეს, რომ საბოლოო ვერსია სპექტორმა მოამზადა და ამიტომ, მას არ აღნიშნავდნენ, როგორც პროდიუსერს, ჯორჯმა განაცხადა: „ორიგინალური ვერსიის პროდიუსერი მე ვიყავი და თქვენ უბრალოდ უნდა მიუთითოთ პროდიუსინგი - ჯორჯ მარტინი, გადაჭარბებული პროდიუსინგი - ფილ სპექტორი“.[17]

კრიტიკული შეფასებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic4.5/5 stars[18]
ბილბორდი4/5 stars[19]
რობერტ კრისტგოუA–[20]
Consequence of SoundC+[21]
The Daily Telegraph2/5 stars[2]
Encyclopedia of Popular Music3/5 stars[22]
MusicHound1/5[23]
Pitchfork Media9.1/10[24]
The Rolling Stone Album Guide3/5 stars[25]
Sputnikmusic4/5[26]

Let It Be მოხვდა აშშ-ის და ბრიტანეთის ჩარტების სათავეებში. სინგლები „Let It Be“ და „The Long and Winding Road“ ასევე აშშ-ის ჩარტის პირველ პოზიციაზე იმყოფებოდნენ. თუმცა, კომერციული წარმატების მიუხედავად, როგორც წიგნის „Beatles Diary“ ავტორი კით ბედმენი წერს, „მიმოხილვები სასიამოვნო არ ყოფილა“.[27] NME-ს კრიტიკოსი ალან სმითი: „თუკი Beatles-ის ახალი საუნდტრეკი მათი უკანასკნელია, მაშინ ეს იქნება იაფფასიანი ეპიტაფია, მუყაოს საფლავის ქვა, სამწუხარო და ქაოტური დასასრული მუსიკალური კავშირისთვის, რომელმაც შეცვალა და ხელახლა შექმნა პოპულარული მუსიკის სახე.“[28] მიმომხილველმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ალბომი „აბუჩად იგდებდა მომხმარებელს“ და „Beatles-მა უღალატა ყველა პრინციპს, რომელსაც მანამდე იცავდა.“[29] Rolling Stone-ისთვის მიმოხილვაში, ჯონ მენდელსონიც ალბომს კრიტიკულად განიხილავდა, აღნიშნავდა, რა სპექტორის სუსტ პროდიუსერულ ნამუშევარს. „მუსიკალურად, ბიჭებო, კონკურსი წარმატებით გაიარეთ. თუმცა, ზედმეტი პროდიუსინგის მხრივ - არა.“[25]

ამასთან, ჯონ გებრი High Fidelity-ში აღნიშნავდა, რომ ალბომი არ იყო „ისეთივე ცუდი, როგორიც ფილმი“ და იყო „დადებითად შესანიშნავი“ მაკ-კარტნის და სტარის სოლო-ალბომებთან შედარებით. მას მოეწონა „Let It Be“, „Get Back“ და „Two of Us“, თუმცა უარყოფითად შეაფასა „Long and Winding Road“ და „Across the Universe“, უწოდა რა უკანასკნელს „უზომო და თვითკმაყოფილი“.[30] The Times-ში უილიამ მენი განიხილავდა, დაიშლებოდა თუ არა ჯგუფი სამუდამოდ და Let It Be-ზე წერდა: „აღმოჩენა არ არის, თუ არ ჩავთვლით დაუმუშავებელ საკონცერტო ვერსიებს, მაგრამ ნამდვილად არის ალბომი, რომელიც ხანგრძლივ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ჯერჯერობით საკუთარი თავი არ ამოწურეს.“[31] დერეკ ჯუელი The Sunday Times-ში წერდა, რომ ალბომი იყო „ანდერძი და აღთქმა, დაწყებული შავი ფერის სამგლოვიარო შეფუთვით, დასრულებული მუსიკით. საბოლოოდ, ეს გადმოსცემს, თუ რას წარმოადგენდნენ The Beatles-ის წევრები შემსრულებლების სახით - შეუდარებლად დიდებულები, დაუდევრები და ეგოისტები“.[31]

წლების შემდეგ რიჩი უნტერბერგერი (AllMusic) Let It Be-ს აღწერდა, როგორც „Beatles-ის ერთადერთ ალბომს, რომელსაც ჰქონია უარყოფითი, მტრული შეფასებებიც კი“, მაგრამ აღნიშნავდა, რომ იგი „ძირითადად დაუფასებელი“ იყო. იგი აღნიშნავს „პირდაპირი ეპიზოდის კარგ მონაკვეთებს „I've Got a Feeling“-ში და „Dig a Pony“-ში და აღტაცებულია სიმღერებით „Let It Be“, „Get Back“ და ფოლკური „Two of Us“-ით, რომელშიც ჯონი და პოლი ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს“.[32] მიუხედავად გამოცემის დროისთვის Rolling Stone-ის მიერ არაერთგვაროვანი შეფასებებისა, 2003 წელს ჟურნალის „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის“ სიაში Let It Be-ს ეკავა 86-ე ადგილი, მაგრამ 2012 წელს გადაინაცვლა 392-ზე.[33]

ორიგინალური გამოცემა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანეთში და კანადაში ალბომი თავდაპირველად გამოვიდა Apple-ზე (EMI-ს დისტრიბუციით) დიდ ყუთში, რომელშიც ასევე შეტანილი იყო წიგნაკი ფილმის „დაე ასე იყოს“ კადრებით. რამდენიმე თვის შემდეგ ალბომი ხელახლა გამოიცა სტანდარტული გრამფირფიტის შეფუთვაში (რომელიც მანამდე ბოქს-სეტშიც შედიოდა). აშშ-ში Let It Be გამოვიდა გასაშლელ კონვერტში, წიგნის გარეშე.

ალბომის ორიგინალურ ამერიკულ გამოცემებს ახლდა Apple Records-ის მითითება, მაგრამ ვინაიდან ფილმის დისტრიბუტორი იყო United Artists, ამერიკაში ალბომის გრამფირფიტებზე გავრცელების უფლება United Artists Records-ს ჰქონდა (EMI-ს ფილიალი Capitol, რომელიც ჯგუფის აშშ კონტრაქტს ფლობდა, ასევე ჰქონდა უფლება ალბომზე წარმოდგენილ მუსიკაზე, რითაც ალბომის სიმღერების ადრეული ვერსიების გავრცელება შეეძლო, ისევე, როგორც სიმღერების სინგლებზე და კომპილაციურ ალბომებზე გამოშვება. თუმცა, Capitol-ს არ ჰქონია ალბომის გრამფირფიტაზე გამოშვების ან გავრცელების უფლება). ამერიკაში Apple-ის ლოგოზე ვაშლი შეიცვალა წითლით, რაც, თავისთავად, ალბომს გამოარჩევდა Capitol-ის სტანდარტული დისტრიბუციისგან.

1976 წლის დასაწყისში, როდესაც ამოიწურა ჯგუფის კონტრაქტი EMI-სთან, აშშ-ში არსებული კატალოგი Apple-ისგან Capitol-ს გადაეცა. Let It Be, ამასთან, ამერიკაში ტირაჟიდან სამი წლით გაქრა.[34] 1979 წელს Capitol-მა და EMI-მ შეიძინეს United Artists Records, რის შედეგადაც Capitol-ს გადაეცა უფლება, განეხორციელებინა აშშ-ში მანამდე United Artists-ის კუთვნილებაში არსებული ორი ალბომის დისტრიუცია - Let It Be-ს და A Hard Day's Night-ის (ვინაიდან A Hard Day's Night აშშ-ში Apple-ზე არ გამოცემულა, 1976 წლიდან, როდესაც Apple-ის კონტრაქტი ამოიწურა, იგი ამერიკაში ტირაჟში რჩებოდა, United Artists-ის მიერ გამოცემული). შეიძინა რა United Artists Records, Capitol-მა ხელახლა გამოსცა მის მიერ მანამდე დაბეჭდილი ალბომები.

CD-ზე ალბომი პირველად გამოვიდა 1987 წლის 19 ოქტომბერს. ისევე, როგორც სხვა ალბომების შემთხვევაში, 2009 წლის 9 სექტემბერს EMI-მ დისკი გამოსცა რემასტერის სახით, ხოლო 4 დეკემბერს – ელექტრონული ვერსია (24-ბიტიან FLAC და MP3 ფორმატებში, USB დისკzზე).

1970 წელს, ფილმში შეტანილი სიმღერებისთვის The Beatles-მა მიიღო ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის.[35]

იმავე დროს, როდესაც ცნობილი გახდა ფილმის ხელახი გამოშვების შესახებ, მაკ-კარტნიმ გამოაცხადა, რომ გამოვიდოდა ალბომის ვერსია, რომელიც უფრო ახლოს იქნებოდა მის ჩანაფიქრთან. ახალი ვარიანტი, Let It Be... Naked, გამოვიდა 2003 წლის 17 ნოემბერს, ორდისკიანი სახით, სადაც მეორე დისკი ეკავა ჯგუფის საუბრებს Get Back-ის სესიებიდან და სხვადასხვა სიმღერის ნაწყვეტს. ამ გამოცემისთვის მიქსი მომზადდა ორიგინალური მრავალარხიანი ფირებიდან. ალბომის ამ ვერსიაში არ შესულა მხიარული საუბრები და სპექტორის ორკესტრული დამატაბები. მიუხედავად იმისა, რომ გამოცემის შეფასებები არაერთგვაროვანი იყო, კრიტიკოსებს მოეწონათ მარტივი მიქსები, მაგრამ უარყოფითი შეფასებები ეხებოდა ორიგინალური Let It Be-ს იუმორის დაკარგვას.

ყველა სიმღერის ავტორი — ლენონი–მაკ-კარტნი, გარდა მითითებულისა.

მხარე 1
#სახელწოდებაწამყვანი ვოკალებიხანგრძლივობა
1.„Two of Us“მაკ-კარტნი და ლენონი3:37
2.„Dig a Pony“ლენონი3:55
3.„Across the Universe“ლენონი3:48
4.„I Me Mine“ (ჯორჯ ჰარისონი)ჰარისონი2:26
5.„Dig It“ (ლენონი, მაკ-კარტნი, ჰარისონი, რიჩარდ სტარკი)ლენონი0:50
6.„Let It Be“მაკ-კარტნი4:03
7.„Maggie Mae“ (ხალხ. არ. ლენონი, მაკ-კარტნი, ჰარისონი, სტარკი)ლენონი და მაკ-კარტნი0:40
მხარე 2
#სახელწოდებაწამყვანი ვოკალებიხანგრძლივობა
1.„I've Got a Feeling“მაკ-კარტნი და ლენონი3:38
2.„One After 909“ლენონი და მაკ-კარტნი2:54
3.„The Long and Winding Road“მაკ-კარტნი3:38
4.„For You Blue“ (ჰარისონი)ჰარისონი2:32
5.„Get Back“მაკ-კარტნი3:09

The Beatles

ტექნიკური პერსონალი

ალბომის სიმღერების საკუთარი ვერსიები შეასრულა მრავალმა შემსრულებელმა და ჯგუფმა, რომელთა შორის იყვნენ არეთა ფრანკლინი, ჯონ დენვერი, ბრუკ უაიტი, კეიტი სტივენსი, Boney M., ჯოან ბაეზი, ჯორჯ მაიკლი, უილი ნელსონი, Pearl Jam, დევიდ ბოუი, ფიონა ეპლი, ბილი ოუშენი, ბილ უიზერსი, ელვის პრესლი, Jackson 5, Status Quo, Seether, Soundgarden, Stereophonics, როდ სტიუარტი, ჯენიფერ ჰადსონი, B5 და Widespread Panic. გარდა ამისა, სლოვენური ჯგუფ Laibach-ის მიერ ჩაიწერა ალბომის ყველა სიმღერის ვერსია, გარდა სასათაუროსი.[36]

ჩარტები და სერტიფიცირებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. უნტერბერგერი, რიჩი. Review: Let It Be. Allmusic. ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი 2014.
  2. 2.0 2.1 მაკ-კორმიკი, ნილ (2009-09-08). „The Beatles – Let It Be (8th May, 1970), review“. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მაისი, 2017. ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  3. ლუისონი 1988, p. 137.
  4. სპიცი 2005, p. 636.
  5. მაკ-კარტნი 1995.
  6. Brown, Peter and Steven Gaines, The Love You Make: An Insider's Story of the Beatles. ISBN 9781440674075.
  7. შვაიგჰარდტი & სალპი 1999, p. 169.
  8. შვაიგჰარდტი & სალპი 1999, p. 205.
  9. შვაიგჰარდტი & სალპი 1999, p. 305.
  10. სალპი & შვაიგჰარდტი 1997.
  11. ლუისონი 1996.
  12. 12.0 12.1 ლუისონი 1988, p. 176.
  13. 13.0 13.1 ლუისონი 1988, p. 196.
  14. შვაიგჰარდტი & სალპი 1997, p. 314-315.
  15. შვაიგჰარდტი & სალპი 1997, p. 316.
  16. მაკდონალდი 2007, p. 277.
  17. Lewis, Michael; Spignesi, Stephen J. 100 Best Beatles Songs: A Passionate Fan's Guide (en). Hachette Books, გვ. 42. ISBN 9781603762656. 
  18. უნტერბერგერი, რიჩი. Let It Be – The Beatles – სიმღერები, მიმოხილვები, ავტორობა, ჯილდოები – AllMusic. AllMusic.
  19. Partridge, Kenneth (8 მაისი 2015). „The Beatles' 'Let It Be' at 45: Classic Track-by-Track Album Review“. billboard.com. ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2017. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  20. Robert Christgau: CG: The Beatles. robertchristgau.com. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი 2015.
  21. The Beatles – Let It Be [Remastered – Album Reviews – Consequence of Sound]. Consequence of Sound. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი 2015.
  22. ლარკინი, კოლინ (2006). Encyclopedia of Popular Music. Muze, გვ. 489. ISBN 0195313739. 
  23. გრაფი, გერი; დურხჰოლცი, დენიელ (რედ.) (1999) MusicHound Rock: The Essential Album Guide. Farmington Hills, MI: Visible Ink Press, გვ. 88. ISBN 1-57859-061-2. 
  24. The Beatles. Pitchfork. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი 2015.
  25. 25.0 25.1 მენდელსონი, ჯონ. (11 June 1970) The Beatles Let It Be Album Review. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 25 March 2015.
  26. The Beatles – Let It Be (album review 2) – Sputnikmusic. sputnikmusic.com. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი 2015.
  27. ბედმენი, კით (2001). The Beatles Diary Volume 2: After the Break-Up 1970–2001. London: Omnibus Press, გვ. 9. ISBN 978-0-7119-8307-6. 
  28. Smith, Alan (9 May 1970). „The Beatles: Let It Be (Apple)“. NME. p. 2. Available at Rock's Backpages (subscription required).
  29. Doggett, Peter (2011). You Never Give Me Your Money: The Beatles After the Breakup. New York, NY: It Books, გვ. 137. ISBN 978-0-06-177418-8. 
  30. გებრი, ჯონ (August 1970). „Review: The Beatles Let It Be; Paul McCartney McCartney; Ringo Starr Sentimental Journey“. High Fidelity: 110.
  31. 31.0 31.1 Harris, John (2003). „Let It Be: Can You Dig It?“, Mojo: The Beatles' Final Years Special Edition. London: Emap. 
  32. Unterberger 2009e.
  33. ვენერი, იან ს., რედ. (2012). Rolling Stone – Special Collectors Issue – The 500 Greatest Albums of All Time. USA: Wenner Media Specials. ISBN 978-7-09-893419-6
  34. (6 November 1976) Billboard – Google Books. Books.google.com. ციტირების თარიღი: 21 August 2011. 
  35. The 43rd Academy Awards, 1971 en. Academy of Motion Picture Arts and Sciences. ციტირების თარიღი: April 17, 2017.
  36. Gossling, Glenn (2003). რედ. Buckley, Peter: The rough guide to rock. Rough Guides, გვ. 576. ISBN 978-1-84353-105-0. 
  37. 37.0 37.1 კენტი, დევიდ (1993). Australian Chart Book 1970–1992. სენტ-აივზი, ახალი სამხრეთი უელსი: Australian Chart Book. ISBN 0-646-11917-6. 
  38. RPM – Library and Archives Canada. RPM. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  39. dutchcharts.nl The Beatles – Let It Be ჰოლანდიურად (ASP). Hung Medien, dutchcharts.nl. MegaCharts. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  40. 40.0 40.1 Yamachan Land (იაპონური ჩარტების არქივები) > Albums Chart Daijiten > The Beatles იაპონურად. Original Confidence. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  41. norwegiancharts.com The Beatles – Let It Be (ASP). ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  42. Swedish Charts 1969–1972 Swedish (PDF). Hitsallertijden. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  43. 43.0 43.1 The Beatles - Full official Chart History. ოფიციალური ჩარტები. ციტირების თარიღი: 13 მაისი 2016.
  44. The Beatles - Chart history. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-30. ციტირების თარიღი: 13 მაისი 2016.
  45. Album Search: The Beatles – Let It Be გერმანული (ASP). Media Control. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  46. austriancharts.at The Beatles – Let It Be გერმანულად (ASP). Hung Medien. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  47. ultratop.be The Beatles – Let It Be ჰოლანდიურად (ASP). Hung Medien. Ultratop. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  48. ultratop.be The Beatles – Let It Be ჰოლანდიურად (ASP). Hung Medien. Ultratop. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  49. danishcharts.com The Beatles – Let It Be (ASP). danishcharts.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-25. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  50. finnishcharts.com The Beatles – Let It Be (ASP). Hung Medien. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  51. Highest position and charting weeks of Let It Be (2009 Remaster) by The Beatles იაპონურად. oricon.co.jp. Oricon Style. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  52. mexicancharts.com The Beatles – Let It Be. mexicancharts.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-25. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  53. portuguesecharts.com The Beatles – Let It Be (ASP). Hung Medien. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  54. The Beatles – Let It Be (ASP). spanishcharts.com. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  55. swedishcharts.com The Beatles – Let It Be Swedish (ASP). ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  56. The Beatles – Let It Be – hitparade.ch გერმანულად (ASP). Hung Medien. Swiss Music Charts. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  57. charts.org.nz The Beatles – Let It Be (ASP). Hung Medien. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-08. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  58. Official Albums Chart Top 100 (13 სექტემბერი 2009 - 19 სექტემბერი 2009). Official Charts. ციტირების თარიღი: 14 მაისი 2016.
  59. 1970s Albums Chart Archive. everyhit.com. ოფიციალური ჩარტების კომპანია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2009. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  60. Billboard.BIZ – TOP POP ALBUMS OF 1970. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  61. 61.0 61.1 Top-ten of the Japanese Year-End Albums Charts 1970–1974 იაპონურად. Oricon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  62. (2006) Oricon Album Chart Book: Complete Edition 1970–2005. როპპონგი, ტოკიო: Oricon Entertainment. ISBN 4-87131-077-9. 
  63. ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2009 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  64. Canadian album certifications – The Beatles – Let It Be. Music Canada.
  65. French album certifications – The Beatles – Let It Be ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
  66. British album certifications – The Beatles – Let It Be. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Let It Be ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  67. American album certifications – The Beatles – Let It Be. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
  68. „Beatles albums finally go platinum“. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. BBC News. 2 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი 2013.
წყაროები
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Let_It_Be&oldid=4589848“-დან