შინაარსზე გადასვლა

მარია სოფია ნოიბურგელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
მარია სოფია ნოიბურგელი
პორტუგალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 11 აგვისტო 1687
მმართ. დასასრული: 4 აგვისტო 1699
წინამორბედი: მარია ფრანჩესკა სავოიელი
მემკვიდრე: მარია ანა ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 აგვისტო 1666
დაბ. ადგილი: დიუსელდორფი, კურპფალცი
გარდ. თარიღი: 4 აგვისტო 1699, (32 წლის)
გარდ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
მეუღლე: პედრუ II, პორტუგალიის მეფე
შვილები: ჟუან V, პორტუგალიის მეფე
ფრანცისშკუ, ბეჟას ჰერცოგი
ანტონიუ
მანუელი, ურემის გრაფი
ფრანცისკა ჟუზეფა
სრული სახელი: მარია სოფია ელიზაბეთი
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: ფილიპ ვილჰელმი, კურპფალცის კურფიურსტი
დედა: ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია სოფია ელიზაბეთ ნოიბურგელი (გერმ. Marie Sophie Elisabeth von der Pfalz, პორტ. Maria Sofia Isabel de Neuburgo; დ. 6 აგვისტო, 1666 — გ. 4 აგვისტო, 1699) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. კურპფალცის კურფიურსტ ფილიპ ვილჰელმისა და მისი ცოლის, ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელის ქალიშვილი. პორტუგალიის დედოფალი 1687-1699 წლებში როგორც პედრუ II-ის მეუღლე. იყო პოპულარული დედოფალი, თავისი კეთილშობილური ხასიათისა და ექსტრავაგანტულობით ცნობილი ჟუან V-ის დედობის გამო.

ბიოგრაფია

ადრეული ცხოვრება

მარია სოფია დაიბადა 1666 წლის 6 აგვისტოს, კურპფალცის ქალაქ დიუსელდორფში, თანამედროვე გერმანიაში. იგი იყო კურპფალცის კურფიურსტ ფილიპ ვილჰელმისა და მისი ცოლის, ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელის შუათანა ქალიშვილი. 1676 წელს მარია სოფიას უფროსი და, ელეონორ მაგდალენა დაქორწინდა საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ზე. მიუხედავად ორი ქორწინებისა ლეოპოლდს მამრობითი სქესის მემკვიდრე არ ჰყავდა, რის გამოც მესამედ მოუწია დაქორწინება. ელეონორ მაგდალენამ მალევე შეასრულა თავისი "მოვალეობა" და გააჩინა მომავალი ორი საღვთო რომის იმპერატორი (იოზეფ I და კარლ VI).

ანალოგიური მემკვიდრეობის კრიზისი იყო პორტუგალიაშიც, სადაც მეფე პედრუ II-ის ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა, იდგა ბრაგანსას დინასტიის სრული გაქრობის რეალური საფრთხე. პფალცელი პრინცესა ელეონორ მაგდალენას ნაყოფიერების შესახებ მალე გახდა ცნობილი მთელს ევროპაში. ამ მიზეზით პორტუგალიელებმა სასწრაფოდ ელჩი გააგზავნეს ჰაიდელბერგში, სადაც კურფიურსტ ფილიპ ვილჰელმს მეფე პედრუ მისი შუათანა ქალიშვილის - მარია სოფიას ხელს სთხოვდა. 1686 წლის 8 დეკემბერს ელჩები დადებითი პასუხით ლისაბონში დაბრუნდნენ, 1687 წლის 22 მაისს კი გაფორმდა საქორწინო ხელშეკრულება.

დედოფლობა

1687 წლის 2 ივლისს ჰაიდელბერგში შედგა მარია სოფიასა და პედრუ დე ბრაგანსას მარიონეტული ქორწინება, რის შემდეგაც მარია სოფიამ დიდი მზითვითა და ამალითურთ დატოვა მშობლიური გერმანია და პორტუგალიისაკენ გაემგზავრა. იგი გზას მდინარე რაინის გასწვრივ მიუყვებოდა. ახალი დედოფალი ლისაბონში 1687 წლის 12 აგვისტოს დიდი ზეიმით შევიდა. ამავე დღეს ლისაბონის არქიეპისკოპოსმა მეფე-დედოფალს ოფიციალურად დასწერათ ჯვარი. ამის შემდეგ საფრანგეთის მეფე ლუი XIV დიდად ნაწყენი დარჩა, რადგან პედრუმ ცოლად კურპფალცის პრინცესა შეირთო და არა საფრანგეთის, როგორც ამას თვითონ იმედოვნებდა.

მარია სოფიამ მალევე მოიგო თავისი გერის, იზაბელა ლუიზას გული, რომელიც დედინაცვალზე მხოლოდ სამი წლით იყო უმცროსი. მარია სოფიამ ასევე თავი შეაყვარა თავის ქმარს, რომელსაც ქორწინებიდან სულ 1 წელიწადში მემკვიდრე გაუჩინა, რის შემდეგაც მან კიდევ ოთხი ვაჟი და ორი ქალიშვილი გააჩინა. მოგვიანებით მარია სოფიას ვაჟმა, მეფე ჟუან V-მ ცოლად შეირთო მარია სოფიას დის, ელეონორ მაგდალენასა და ლეოპოლდ I-ის ქალიშვილი - მარია ანა ავსტრიელი.

მარია სოფია საოცრად ნაზი, მორჩილი, განათლებული და კეთილშობილი ქალი იყო. იგი თავის ინგლისის მეფის ქვრივ მულს, დედოფალ კატარინა ბრაგანსას მალევე დაუახლოვდა, რომელმაც იგი კათოლიციზმზე მოაქცია და გაარკვია პორტუგალიურ ეტიკეტში. იგი აღწერილია, როგორც პოპულარული დედოფალი, რაც მისი გულუხვობიდან გამომდინარეობს, იგი ხშირად ეხმარებოდა ლისაბონის გლახაკებს. დედოფალი ხშირად მონაწილეობდა საქველმოქმედო საქმიანობებში. მისი წყალობით ზრუნავდნენ ობლებზე, ქვრივებზე, მოხუცებსა და ხეიბრებზე, რომელთაც ახლა უკვე თავშესაფარი და მცირეოდენი საკვები ჰქონდათ. მას ძალიან ახლო და ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა თავის მოძღვარ - ბართოლომეო დო კენტალთან, რომელიც მალევე დაიღუპა. მან დააფინანსა ბეჟაში საჯარო სკოლის მშენებლობა და გახსნა. გარდაიცვალა 1699 წლის 4 აგვისტოს 32 წლის ასაკში.

შვილები

სურათი სახელი დაიბადა გარდაიცვალა გარდ. ასაკი მოკლე ბიოგრაფია
ჟაო 30 აგვისტო 1688 17 სექტემბერი 1688 18 დღის გარდაიცვალა ჩვილობაში
ჟუან V 22 ოქტომბერი 1689 31 ივლისი 1750 60 წლის პორტუგალიის, ალგარვისა და ბრაზილიის მეფე, ცოლად შეირთო მარია ანა

ავსტრიელი, ჰყავდა 10 შვილი

ფრანსისკო 25 მაისი 1691 21 ივლისი 1742 51 წლის ბეჟას ჰერცოგი, გარდაიცვალა უცოლო და უშვილო
ანტონიო 15 მარტი 1695 20 ოქტომბერი 1757 62 წლის გარდაიცვალა უცოლო და უშვილო
ტერეზა

მარია

24 თებერვალი 1696 16 თებერვალი 1704 7 წლის გარდაიცვალა ბავშვობაში
მანუელი 3 აგვისტო 1697 3 აგვისტო 1766 69 წლის ორემის გრაფი, გარდაიცვალა უცოლო და უშვილო
ფრანცისკა

ჟოზეფა

30 იანვარი 1699 15 ივლისი 1736 37 წლის გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო

ლიტერატურა

  • Triumpho Lusitano, applausos festivos, sumptuosidades regias nos augustissimos desposorios do inclito D. Pedro II com a serenissima Maria Sofia Izabel de Baviera, monarchas de Portugal, por Manuel de Leão; Bruxelas, 1688;
  • Heptaphonon, ou portico de sete vozes, consagrado à magestade defunta da senhora D. Maria Sophia Izabel de Neuburgo, por Pascoal Ribeiro Coutinho, Lisboa, 1699;
  • Sermão das exequias da Serenissima Rainha Nossa Senhora D. Maria Sophia Izabel, prégado na Villa de Santo Amaro das Grotas do Rio de Sergipe, por Frei António da Piedade, Lisboa, 1703;
  • Sentimento lamentavel, que a dor mais sentida em lagrimas tributa na intempestiva morte da Serenissima Rainha de Portugal D. Maria Sophia Izabel e Neuburgo, por Bernardino Botelho de Oliveira, Lisboa, 1699;
  • Oração funebre nas exequias da Rainha D. Maria Sophia Izabel, celebradas na Real Casa da Misericordia de Lisboa, por D. Diogo da Anunciação Justiniano, Lisboa, 1699.
  • Stephens, Henry Morse. Portugal. Putnam, 1903. The Story of the Nations. Google Books. Web. 27 May 2010.
  • Thomson, Mark Alméras., Ragnhild Marie Hatton, and J. S. Bromley. William III and Louis XIV: Essays 1680-1720. Toronto: University of Toronto, 1968.