ამელია ორლეანელი
ამელია ორლეანელი | |
---|---|
დედოფალი ამელია 1905 წელს, პორტრეტი შესრულებულია ვიტორიო მატეო კორკოს მიერ | |
პორტუგალიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 19 ოქტომბერი, 1889 |
მმართ. დასასრული: | 1 თებერვალი, 1908 |
წინამორბედი: | მარია პია სავოიელი |
მემკვიდრე: | წოდება გაუქმდა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 28 სექტემბერი, 1865 |
დაბ. ადგილი: | ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
გარდ. თარიღი: | 25 ოქტომბერი, 1951, (86 წლის) |
გარდ. ადგილი: | იველინი, საფრანგეთი |
დაკრძ. ადგილი: | ლისაბონი, პორტუგალია |
მეუღლე: |
კარლუშ I, პორტუგალიის მეფე (ქ. 1886 - გარდ. 1908) |
შვილები: |
ლუიში, ბრაგანსის ჰერცოგი მანუელ II, პორტუგალიის მეფე |
სრული სახელი: | მარი ამელია ლუიზა ელენა დე ორლეანი |
დინასტია: | ორლეანელები |
მამა: | ფილიპი, პარიზის გრაფი |
დედა: | მარი იზაბელ ორლეანელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ამელია ორლეანელი (ფრანგ. Amélie d'Orléans, პორტ. Amélia de Orleães; დ. 28 სექტემბერი, 1865 — გ. 25 ოქტომბერი, 1951) — ორლეანელთა დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის ისტორიაში უკანასკნელი დედოფალი 1889-1908 წლებში როგორც მეფე კარლუშ I-ის მეუღლე. პორტუგალიის უკანასკნელი მეფის, მანუელ II-ის დედა.
დაბადება და ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამელია დაიბადა 1865 წლის 28 სექტემბერს ლონდონში, თვაისკენჰეიმის სასახლეში. იგი იყო პარიზის გრაფ ფილიპისა და მისი ცოლის, გრაფინია მარი იზაბელ ორლეანელის ქალიშვილი. მისი მშობლები და საგვარეულო 1848 წლის რევოლუციის შემდეგ დევნილები იყვნენ. მამის მხრიდან იგი საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპ I-ისა და ლუი XIII-ის შთამომავალი იყო, ხოლო მისი მხრიდან პაპა-ბებიად ერგებოდნენ ორლეანის ჰერცოგი ფერდინანდ ფილიპი და მისი ცოლი, ჰერცოგინია ელენა მეკლენბურგ-შვერინელი. დედის მხრიდან მისი პაპა-ბებია იყვნენ მონტესპიერის ჰერცოგი ანტუან ორლეანელი და მისი ცოლი, ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII-ის ასული და დედოფალ ისაბელ II-ის და, ინფანტა მარია ლუისა ესპანელი.
დედამისი და მამამისი ქორწინებისას ღვიძლი ბიძაშვილები იყვნენ, როგორც მეფე ლუი ფილიპ I-ისა და დედოფალ მარია ამალია ნეაპოლელის შვილიშვილები, თუმცა ეს ქორწინება მიმართული იყო ორლეანელთა დინასტიის ორლეანური და მონტესპიერის შტოების შერიგებისკენ.
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1886 წლის 22 მაისს ამელია დააქორწინეს პორტუგალიის მეფე ლუიშ I-ისა და დედოფალ მარია პია სავოიელის უფროს ვაჟზე, სამეფო პრინც კარლუშზე. ამის შემდეგ ამელია პორტუგალიის მომავალი დედოფალი გახდა. ამ დროს პატარძალი 21 წლის იყო, ხოლო სიძე 23-ის. პორტუგალიის ტახტის მემკვიდრის ქორწილი მეტად პომპეზური იყო და გარდა საკუთრივ ფრანგულ-პორტუგალიური დელეგაციებისა, მას დაესწრნენ ესპანეთისა და ავსტრიის სამეფო ოჯახის წევრებიც. თავდაპირველად ამელია პორტუგალიაში პოპულარული არ იყო, რადგან კარლუშის დედას, დედოფალ მარია პიას თავისი ვაჟისათვის სხვა რამდენიმე საცოლის ვარიანტი ჰქონდა, როგორებიცაა ერცჰერცოგინია მარია ვალერია ავსტრიელი, პრინცესა მატილდა საქსონიელი, პრინცესა ვიქტორია პრუსიელი და პრინცესა ვიქტორია უელსელი. ამის მიუხედავად, ამელია და კარლუში დიდხანს და ჰარმონიულად ცხოვრობდნენ ერთად. მათ ხანგრძლივ ქორწინებაში სულ სამი შვილი შეეძინათ, აქედან ორი ჯანმრთელი ვაჟი, ერთი გოგონა კი დაბადებისთანავე გარდაიცვალა.
დედოფლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1889 წელს, ლუიშ I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე კარლუშ I ავიდა, ამელია კი პორტუგალიის დედოფალი გახდა. როგორც დედოფალი, იგი მეტად აქტიურ როლს ასრულებდა. თავისი პირადი პოპულარობის წყალობით, რომლითაც ხალხში სარგებლობდა, მან მოახერხა შეემსუბუქებინა გავრცელებული ანტიმონარქისტული განწყობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავისი მფლანგველი ხასიათის გამო, იგი ხშირად ხდებოდა კრიტიკის ობიექტიც. იგი მონაწილეობდა უამრავ სოციალურ პროექტში, მაგალითად ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობისაკენ მიმართულ საქველმოქმედო ღონისძიებაში, ასევე სანატორიუმისა და აფთიაქების დაარსების საქმეში. იგი თავის დედამთილ მარია პიასთან შედარებით ნაკლებად ოფიციალური იყო. ამელიამ შესანიშნავად ისწავლა პორტუგალიური, მისი ხასიათი კი აღწერილია როგორც მშვიდი და რბილი. იგი დიდად ინტერესდებოდა ოპერით, თეატრით, ლიტერატურითა და ხატვით. 1895 წელს, ქმრის არ ყოფნისას იგი პორტუგალიას რეგენტის სტატუსით მართავდა. 1902 წელს დედოფალმა ხმელთაშუა ზღვაზე შექმნა საკრუიზო გზა, რაც დიდად იქნა გაკრიტიკებული, როგორც უმაღლესი ფუფუნების საგანი.
1892 წელს, რომის პაპმა ლეო XIII-მ თავისი დამსახურებებისათვის ამელიას ოქროს ვარდი უბოძა.
ამელიასა და მისი ქმრის ტახტზე ასვლისას პორტუგალიური მონარქია უკვე სავალალო მდგომარეობაში იყო. გაკოტრებული იყო ეკონომიკა, ირღვეოდა ინდუსტრია, ამას ერთვოდა მეფე-დედოფლის ექსტრავაგანტური ჩვევები, რაც განსაკუთრებით აღიზიანებდა სოციალისტებსა და რესპუბლიკელებს. ამის გამო, პრესა სამეფო ხელისუფლებას გამუდმებით კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებდა.
დევნილობა და გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1908 წლის 1 თებერვალს, სამეფო ოჯახი ვილა-ვიკოზადან ლისაბონში ბრუნდებოდა, რა დროსაც დედაქალაქში შესულ ბრაგანსებს ნესეზიდასეს მოედნიდან მოულოდნელად ესროლა რამდენიმე შეიარაღებულმა მამაკაცმა. სროლისას ადგილზევე გარდაიცვალა მეფე კარლუშ I, ტახტის მემკვიდრე, პრინცი ლუიშ ფილიპე სასიკვდილოდ დაიჭრა და სასახლეში გადაყვანის შემდეგ მალევე დაიღუპა, ინფანტი მანუელი კი მკლავში დაიჭრა. ამ სროლას სასწაულებრივად, სრულიად უვნებელი გადაურჩა ამელია, რომელიც მანუელს იცავდა. როგორც კი სროლა დაიწყო და დაინახა, რომ მისი ქმარი და ვაჟი დაიღუპნენ, ამელია მანუელს მაშინვე გადაეფარა და იმ თაიგულით დამალა, რომელიც ხელში ეჭირა.
რეციდივისტები სამეფო გვარდიამ ადგილზევე დახვრიტეს. როგორც შემდგომში გაირკვა, თავდამსხმელები პორტუგალიის რესპუბლიკური პარტიის და მათი მასონური მემარცხენე პარტიის, კარბონარიას წევრები იყვნენ. ლუიშ ფილიპე სროლიდან ოც წუთში გარდაიცვალა, ამიტომაც მეფედ სასწრაფოდ დასვეს მანუელ II. იგი პორტუგალიის ბოლო მეფე გახდა, ამელია კი ბოლო დედოფალი, რადგან მანუელი ამ დროს უცოლო იყო.
1910 წლის 5 ოქტომბერს, სამხედრო გადატრიალების შემდეგ მანუელ II ჩამოაგდეს და ბრაგანსების სამეფო ოჯახი პორტუგალიიდან გააძევეს. ამის შემდეგ შეიქმნა პორტუგალიის პირველი რესპუბლიკა. დედოფალი ამელია ოჯახთან ერთად ემიგრაციაში ბრიტანეთში წავიდა. სულ მალე მან დატოვა ბრიტანეთი და თავის ძირძველ სამშობლოში, საფრანგეთში დასახლდა, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება, მაგრამ მანუელმა ინგლისში დარჩენა არჩია. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, პორტუგალიის რესპუბლიკურმა მთავრობამ ამელია კვლავ მიიწვიეს, მაგრამ მან უარი განაცხადა იქ ჩასვლაზე. იგი 1945 წელს ბოლოჯერ ეწვია პორტუგალიას, რის შემდეგაც დაბრუნდა საფრანგეთში და იველინში დასახლდა. იგი სწორედ აქ, 1951 წლის 25 ოქტომბერს გარდაიცვალა, 86 წლის ასაკში.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლუიშ ფილიპე (დ. 21 მარტი, 1887 — გ. 1 თებერვალი, 1908), ბრაგანსის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- მარია ანა (დ./გ. 14 დეკემბერი, 1887), გარდაიცვალა დაბადებიდან რამდენიმე საათში;
- მანუელ II (დ. 15 ნოემბერი, 1889 — გ. 2 ივლისი, 1932), პორტუგალიის მეფე 1908-1910 წლებში. ჩამოგდების შემდეგ იქორწინა ავგუსტა ვიქტორია ფონ ჰოენცოლერნზე, თუმცა გარდაიცვალა უშვილოდ;
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Laurence Catinot-Crost: Amélie, princesse de France, reine de Portugal. 1865–1951. J & D, Biarritz 1996, ISBN 2-84127-064-5.
- Laurence Catinot-Crost: La Reine Amélie de Portugal. Atlantica, Biarritz 2000, ISBN 2-84394-212-8.
- Eduardo Nobre: Amélia, Rainha de Portugal. Quimera, Lissabon 2007, ISBN 978-972-589-177-3.
- Georges Poisson: Les Orléans, une famille en quête d’un trône. 3. Auflage. Perrin, Paris 1999, ISBN 2-262-01583-X.
|